დიმიტრი ლორთქიფანიძე: ”პატიმრების ცემა-წამება ხელისუფლების ხელში ეფექტური იარაღია”

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ”პატიმრების ცემა-წამება ხელისუფლების ხელში ეფექტური იარაღია”

 

სამების საკათედრო ტაძარში, 16 აპრილს, ”საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის” მიერ დაგეგმილი ღონისძიების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რა ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს პარლამენტის ტრიბუნიდან სახალხო დამცველის მიერ ყოველწლიური ანგარიშის წაკითხვას, პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ვესაუბრეთ.

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ მდგომარეობას, საპატიმროებთან მიმართებაში, რასაც წინ უძღვოდა ქართული საზოგადოების აქტივობა?

დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველოს პარლამენტში საანგარიშო მოხსენების შემდეგ, ანგარიშზე რეაგირების სამართლებრივი ფორმა ითვალისწინებს დადგენილების პროექტის მიღებას, რომლითაც კონკრეტულ უწყებათა ხელმძღვანელების, პოლიტიკური თანამდებობის პირების და შესაბამისად, ამ უწყებებიდან იმ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა განისაზღვროს, რომელთაც უშუალოდ ეხებოდათ სახალხო დამცველის ანგარიშში აღწერილ საკითხებზე რეაგირება და შესაბამისად, პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ.

რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს პატიმრებთან დამოკიდებულება ადამიანური?

- დღეს შევხვდი გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სპეციალურ მომხსენებელს წამების საკითხში, მანფრედ ნოვაკს, რომელმაც ზუსტად ეს კითხვა დამისვა - როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ჩემი პასუხი ცალსახაა - საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში და სახალხო დამცველის არსებობის მანძილზე, პირველად უნდა მივიღოთ ისტორიული დადგენილება, რის შედეგადაც ყველა ის პასუხისმგებელი პირი უნდა გამოვკვეთოთ, ვისაც ვალდებულება აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წამება და არაადამიანური მოპყრობა არ დაუშვას.

როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებას ვახსენებთ, მხოლოდ სასჯელაღსრულების სამინისტროს და მის ხელმძღვანელობას არ ვგულისხმობთ, რადგან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ინფორმირებისას, სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორიც იგულისხმება, სადაც ხშირ შემთხვევაში იმ პატიმრების გადაყვანა ხდებოდა, რომელთა სიკვდილი იქვე ფიქსირდებოდა - სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოებში ნაცემი და ნაწამები პატიმრები გადაჰყავდათ.

გარდა ამისა, ზოგიერთ გარდაცვლილთან მიმართებაში ძალიან საგულისხმოა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს არაადეკვატური შეფასებები, ექსპერტიზის ჩატარების მცდელობის პერიოდში, რა დროსაც დასკვნა და აღწერილობითი ნაწილი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდებულია.

იქნებ მაგალითი დაასახელოთ.

- მაგალითად, აღწერილობით ნაწილში ერთ-ერთ პატიმარს ფუძის ძვლის მოტეხილება და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, რაზეც დასკვნაში მითითებულია, რომ თურმე აღნიშნული არ არის პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირში სიკვდილთან.

და რაც ყველაზე მთავარია, აუცილებლად უნდა დადგეს იუსტიციის სამინისტროში შემავალი მთავარი პროკურატურის შესაბამისი წარმოამდგენლების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან სახალხო დამცველის, არც ერთ რეკომენდაციაზე (დაწყებული 2009 წლის მეორე ნახევრიდან), არც ერთ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ლოგიკური შედეგი დამდგარი არ არის და კონკრეტული პირები პასუხისგებაში მიცემულნი არ არიან; ანუ არც ერთი გამოძიება დასრულებული არ არის.

მაგალითისთვის მოგიყვანთ 2009 წლის 21 სექტემბერს გარდაცვლილ უშანგი გოდელაძის სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც მისი გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით არაადეკვატური მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლი), სიცოცხლის გაუფრთხილეობლობით მოსპობის ფაქტზე აღიძრა, მაშინ, როდესაც თბილისის №7 საპყრობილიდან გოდელაძე უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს ჯერ სასჯელაღსრულების სამინისტროს სამკურნალო დაწესებულებაში, ხოლო იქიდან ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც მისი ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გოდელაძის სიკვდილი გამოიწვია ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად ფართო სისხლჩაქცევამ ტვინში. ამასთან, კეფიდან დაწყებული, წვივებით დამთავრებული გოდელაძეს ცოცხალი ადგილი არ აღენიშნებოდა - სასტიკად ნაცემი იყო და ამის დამადასტურებელი სასამართლო-სამედიცინო დასკვნა სახალხო დამცველს გამოქვეყნებული აქვს და ნებისმიერ ადამიანს მისი წაკითხვა შეუძლია.

2009 წლიდან დღემდე ძალიან დიდი დროა გასული იმისთვის, რომ კონკრეტული ბრალეული პირები გამოკვეთილიყვნენ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულიყვნენ.

თქვენ გაქვთ ვინმეს დასჯის იმედი? თორემ, კონკრეტული პირების გამოკვეთა და თანამდებობებიდან გათავისუფლება ”სიპიტის” ანგარიშის შემდეგაც მოხდა, მაგრამ დასჯით არავინ დაუსჯიათ.

- პატიმრების ცემა-წამება სამართლებრივი შეფასების საკითხს სცილდება -  დღევანდელი ხელისუფლების ხელში ეს არის ეფექტური იარაღი. სრულიად კანონზომიერია არა მხოლოდ სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნა, არამედ, მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

თანამდებობიდან გათავისუფლების თუ პასუხისგებაში მიცემის?

- პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და აქედან გამომდინარე, შემდგომ უკვე სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა უნდა მოხდეს. პირველი ნაბიჯი გახლავთ პოლიტიკური თანამდებობის პირის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ეს არის მოქმედების ელემენტარული დასაწყისი, როდესაც პარლამენტმა თავისი დადგენილებით ადეკვატური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

თუ პარლამენტმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ავტომატურად დგება უკვე იგივე პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და მათთან ერთად, პასუხისგება მოუწევთ მათ ქვეშევრდომებს.

ასიდან რამდენი პროცენტი გაქვთ იმის იმედი, რომ კონკრეტულ თანამდებობის პირებს და მათ ქვეშევრდომებს პასუხისგებაში მისცემენ?

- მე რასაც ვუყურებ, ხელისუფლება კომენტარებისგან თავს იკავებს, რისი ნათელი დადასტურებაა არა მხოლოდ ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ აკეთებს კონკრეტულ ფაქტებზე რაიმე განცხადებას, არამედ ისიც, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და მათ შორის, სასჯელაღსრულების სამინისტროდან, არც ერთი თანამდებობის პირი არ აკეთებს სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებას.

ამ კუთხით ერთადერთი გამოხმაურება იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწის, ტატო ქელბაქიანის არაადეკვატური კომენტარები, მაშინ, როცა აი, ასეთი სტატისტიკური მონაცემები არსებობს - 142 გარდაცვლილი პატიმრიდან ყოველ მესამეს ფიზიკური ზემოქმედების კვალი აღენიშნებოდა, რომელიც სამედიცინო მანიპულაციასთან დაკავშირებული არ იყო. ეს ფაქტი უკვე იმაზე მეტყველებს, რომ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება გარდაუვალია.

სასჯელაღსრულოების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და მისი არც ერთი მოადგილე კომენტარს არ აკეთებენ. საპატიმროებში შექმნილ მდგომარეობას თითქოს ზვარაკად შესწირეს მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა სულაბერიძე, რომელიც სამინისტროში ჯანდაცვის სფეროს კურირებდა, რაც იმის საბრალო მცდელობაა, რომ მინისტრს პასუხისმგებლობა ასცდეს.

თუკი სახალხო დამცველის ანგარიშის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობა ადეკვატური არ იქნება, ეს შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკური ბრძოლის განახლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - მთელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდირების საშუალება, ადამიანის ფუნდამენტური უფლების - სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტებზე, რისი ტესტიც 2011 წლის 16 აპრილს ჩატარდება.

რას ელოდებით  და რა მნიშვნელობას ანიჭებთ 16 აპრილს, სამების საკათედრო ტაძარში დაგეგმილ ღონისძიებას?

- ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. უპირველესად, ამ ყველაფრის სულიერი მხარეა უმნიშვნელოვანესი, რომ თბილისელები და არა მარტო ისინი, ქართული საზოგადოება მობრძანდეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც სოლიდარობის აქტის გამოცხადება მოხდება, იმ ჭირისუფლების მიმართ, რომლებიც გარდაცვლილების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე იქნებიან.

16 აპრილს, 12 საათზე მისი უწმინდესობა საპატიმროებში გარდაცვლილების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს  გადაიხდის, რის შემდეგაც ვაპირებთ: იქვე, ახალგაზრდულ ცენტრში შევიკრიბოთ, მოვიწვიოთ ყველა დაინტერესებული, საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ორგანიზაცია, შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ გავაცნოთ და ერთიანი მემორანდუმი შევიმუშავოთ, რომელზე ხელმომწერებიც დაადასტურებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის ძირითადი უფლების - სიცოცხლის უფლების ხელყოფის გახშირებულ ფაქტებს. ეს დღე კონსოლიდაციის მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება გახდეს.

ვისი ინიციატივაა პანაშვიდის შემდეგ ახალგაზრდულ ცენტრში  შეკრება?

- თავის დროზე პირადად მე მქონდა ასეთი ინიციატივა, რასაც ”საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობამ” მხარი დაუჭირა და რის შემდეგაც ეს ჩვენი ერთობლივი ინიციატივა გახდა.