„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ და ტექნიკური მთავრობის ფორმიერების აუცილებლობაზე საუბრობენ.
რატომ უცხადებენ უნდობლობას მთავრობას, რა მოთხოვნები დააყენეს რესპუბლიკელებმა და რას უწუნებენ ახალ თავდაცვის მინისტრს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ესაუბრა.
ცნობილია, რომ თქვენ მხრას არ დაუჭერთ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას. როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა აუცილებელი თავდაცვის მინისტრის შეცვლა?
– შიდა თამაშის და ბრძოლების საკითხია. როგორც ჩანს, რესპუბლიკელები მოძლიერდნენ კოალიციაში, მათ ხმებს დიდი ფასი დაედო და მოითხოვეს ახალი პოზიციებიც, სწორედ იმისთვის, რომ გაზარდონ თავიანთი პოლიტიკური გავლენა ხელისუფლებაში.
„ქართულ ოცნებას“ რატომ უნდა აწყობდეს რესპუბლიკელების გაძლიერება?
– „ქართულ ოცნებას“ სხვა გზა არ აქვს, რადგან მათ ხმებზეა დამოკიდებული უმრავლესობა. მთავარი საკითხი აქ სხვა არის. მთლიანად უნდა შეიცვალოს მთავრობა და შეიქმნას ტექნიკური მთავრობა. არანაირი აზრი არ აქვს ცალკე აღებული თავდაცვის მინისტრის და მით უმეტეს გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრების შეცვლას. საერთოდ გაუგებარია რა შუაშია ლარის გაუფასურებასთან და ეკონომიკურ პრობლემებთან ეს ცვლილება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, რომ ჯობია მთლიანად გადადგეს მთავრობა და მოვიდეს ტექნიკური მთავრობა.
რას ნიშნავს ტექნიკური მთავრობა?
– ეს ნიშნავს პროფესიულ მთავრობას. არა რომელიმე კონკრეტული ძალიდან, არამედ კონსენსუსის შედეგად შექმნილ დროებით მთავრობას, რომელიც შეაჩერებს ქვეყნის ნგრევას. სამწუხაროდ, ცალკეული მინისტრების გათავისუფლება არანაირ შედეგებს არ მოგვიტანს. საქართველოში უნდა დამთავრდეს ბიძინა ივანიშვილის მმართველობა, რადგან სასაცილოა უკვე ეს ვითარება. უხეშად რომ ვთქვათ, პირდაპირ დასცინის საზოგადოებას იმით, რასაც აკეთებს.
ამ არაფორმალური მმართველობის შედეგია ირაკლი ღარიბაშვილი, ისევე როგორც დავით ნარმანია, იგივე გიორგი მარგველაშვილი და ა.შ. არ შეიძლება ასეთ არაედეკვატურ ვითარებაში იყოს სახელმწიფო, ამან უკვე თავისი შედეგები მოიტანა, როგორიც არის უმუშევრობა, ეკონიმიკური კრიზისი, ინვესტიციები არ შემოდის ქვეყანაში, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?!
როგორც კოალიციის, ასევე ოპოზიციის მხრიდან მოვისმინე, რომ ივანიშვილი უნდა დაბრუნდესო, რას ნიშნავს დაბრუნდეს, პირიქით, უნდა წავიდეს და მაქსიმალურად დაშორდეს მთავრობას. მიხედოს თავის ბიზნესს, არავინ მას თავის ბიზნესში არ უვარდება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ შურისძიება და ანგარიშსწორება საქართველოში გამორიცხულია. იმისათვის, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია მოგვარდეს, ამას სჭირდება პროფესიონალი ადამიანები და არა შემთხვევით საიდანღაც გამოჩეკილი არაპროფესიონალი ხელის ბიჭები.
ვის გულისხმობთ შემთხვევით საიდანღაც გამოჩეკილ არაპროფესიონალ ხელის ბიჭებში?
– რა თქმა უნდა, პრემიერ ღარიბაშვილს, ეს არ არის ჩემი მოგონილი სიტყვა. ამას საზოგადოება ამბობს, ქუჩაში რომ გაიაროთ, არაერთი ადამიანი გეტყვით ამ საკითხზე თავის აზრს. საქართველოში ხომ ყველამ ყველაფერი იცის, არაფერი არ იმალება, აი ამ არადეკვატურმა ვითარებამ მიგვიყვანა სერიოზულ კრიზისამდე. წარმოიდგინეთ, რომ უკრაინაში გრივნა მყარდება, საქართველოში კი, ლარი ისევ და ისევ ვარდება, ინფლაცია მიდის და ეს ნორმალურია?
ამაზე მთავრობას აქვს თავისი პოზიცია, რომელსაც საგარეო ფაქტორით ხსნიან...
– საგარეო ფაქტორზე ლაპარაკი არის თავისმართლება. მაშინ, როდესაც, რეგიონში ყველა გამოდის კრიზისიდან, საქართველო კიდევ უფრო ღრმად შედის კრიზისში, რაც არადეკვატურია. უკრაინაზე უფრო უარესი ვითრებაა საქართველოში? ქვეყანა საომარ მდგომარებაშია და გრინვა მყარდება. ჩვენთან ლარი რა მდგომარეობაშია ყველა ვხედავთ, მეტი უფრო ცუდი რა შეიძლება ხდებოდეს?!
მიგრაციის კანონზე იყო საუბარი და გუშინ, იუსტიციის მინისტრი ისევ ევროპელებს აბრალებდა. თქვენ ადეკვატურად მიგაჩნიათ რომელიმე ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ მოითხოვოს, რომ ჩემს მოქალაქეს გაურთულე საქართველოში შესვლაო. ეს რა ლოგიკაში ჯდება? იუსტიციის მინისტრი დღემდე ამტკიცებს, რომ ევროკვაშირმა მოითხოვაო, ეს ხომ ტყულია. დაბოღმილმა პოლიტიკამ და არაპროფესიონალურმა მმართველობამ მიგვიყვანა ამ ვითარებამდე. „ქართული ოცნება“ არის არშემდგარი პოლიტიკური ძალა და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ ვითარებაში, როდესაც სამი კინკილა რესპუბლიკელი ატრიალებს ყველაფერს.
რესპუბლიკლების გაძლიერება ერთგვარად უკავშირდება კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გამოსვლას? არის ასეთი მოსაზება, რომ დასავლეთთან ურთიერთობის ფრთა, რომელიც ალასანიას გუნდს ეკავა, რესპუბლოკელებმა უნდა შეავსონ...
– ყველაფრის მცდელობა შეიძლება იყოს, მაგრამ არც „თავისუფალი დემოკრატები“ გამოირჩეოდნენ საოცარი საგარეო პოლიტიკით და არც რესპუბლიკელები გამოირჩევიან. პარლამენტის სახელით დადიოდა თინა ხიდაშელი, ხან ამერიკაში იყო და ხანაც ბრიუსელში, მაგრამ რაღაცა ვერ ვხედავთ, რომ საქართველოს პოზიციები დაცული და გამყარებული იყოს დასავლეთში. იგივე მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით ერთი რეზოლუციაც არ მიუღია ევროსაბჭოს. 10 დღის წინ ვიყავი ვაშინგტონში, სრული იმედგაცრუებაა საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში, დაწყებული ხიდაშელით, გაგრძელებული უსუფაშვილით და დამთავრებული ბიძინა ივანიშვილით.
რაც შეეხება იგივე თავდაცვის მინისტრს და მის მიმართ არსებულ კრიტიკას, ამას ვერც ბიძინა ივანიშვილი და ვერც ხელისუფლება ვერ აიტანდა. აბსოლუტური უნდობლობა იყო ამ ადამიანის მიმართ, შესაბამისად, ძალიან კარგია, რომ მოხდა მისი ჩანაცვლება, ერთი პლუსი მაინც არის, მაგრამ ვისით ანაცვლებ? ეს შეცვლის კი ზოგადად სიტუაციას, - რა თქმა უნდა არ შეცვლის.
რას უწუნებთ თინა ხიდაშელს, რომლიც საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია?
– არ ვიცი, თინა ხიდაშელის სამხედრო გამოცდილებაზე და პროფესიონალიზმზე არ მსმენია და იმედია, რაღაცას გავიგებთ ამ კუთხით.
როგორია თქვენი მოლოდინი, საკადრო ცვლილებები გაგრძელდება, ელოდებით პრემიერის შეცვლას?
– ღარიბაშვილი რომ შეიცვლება ამას უკვე ლაპარაკიც არ უნდა. ღარიბაშვილი, რომ პრემიერი არ არის, ეს ძალიან კარგად ჩანს. არავინ არაფერს არ ეკითხება, რასაც დაუწერენ, იმას წაიკითხავს. როდის მოხდება ეს ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხის მოთმინება ივსება. რამდენად აცდიან ბიძინა ივანიშვილს თავის გრძელვადიან ანალიზების შედეგად გაკეთებულ არჩევანს, ეს კიდევ სხვა საქმეა. საზოგადოება ძალიან ნეგატიურად და კრიტიკულად არის განწყობილი მთავრობის მიმართ. თუ უმრავლესობა მთავრობის ამ შემადგენლობას დაამტკიცებს, გეომეტრიული სისწრაფით გაიზრდება ნეგატიური დამოკიდებულება მთავრობასთან მიმართებაში და ეს რა შედეგებს მოგვიტანს არავინ იცის. ძნელია მშიერი ადამიანის გაჩერება. ამ ხელისუფლების მოქმედებიდან გამომდინარე ძალიან ბევრ ადამიანს შია.
ამიტომაც არის ჩვენი მოთხოვა, რომ მთავრობა გადადგეს. საზოგადოების მხრიდან სულ უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს ამ აზრს, ამიტომ დარწმუნებული ვარ,რომ ამას სწრაფად მივაღწევთ. პირადად მომხრე ვარ, რომ კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდეს არჩევნები, მაგრამ როცა ქვეყნის ნგრევა ასეთი სისწრაფით მიდის, ნამდვილად ძნელია იფიქრო საკონსტიტუციო ვადებზე. „ქართული ოცნება“ არის არშემდაგარი პოლიტიკური ძალა და შესაბამისად, ძალიან მალე დასრულდება. მთავარი კითხვა არის ვინ იქნება შემდეგი.
თვლით, რომ თქვენ იქნებით?
– ვნახოთ, ბევრია ჩვენზე დამოკიდებული. არ მაქვს იმის ილუზია, რომ აბსოლუტური მხარდაჭერა გვაქვს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ დასავლეთი ხელისუფლებისგან ითხოვს ქვეყნაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას. აწარმოებთ დასავლეთთან ამ სახის კონსულტაციებს?
– დასავლეთი, ამერიკა და ევროპა სძულს ირმა ინაშვილს და ამას არც მალავს. შესაბამისად, მისი მხრიდან ნებისმიერი განცხადება შეიძლება მოვისმინოთ. გარწმუნებთ, რომ ირმა ინაშვილი ვერ იქნება შემდეგი ხელისუფლებაში. არ მგონია, რომ საქართველოს მოსახლეობას ასე ჰქონდეს დაკარგული ადეკვატურობის აღქმა, თუ ვინ, ვინ არის. დანარჩენს შევხედოთ.