მედიკამენტების მორიგი გაძვირება გარდაუვალია

მედიკამენტების მორიგი გაძვირება გარდაუვალია

უახლოეს მომავალში ფარმაცევტულ პროდუქციის გაძვირება იგეგმება. მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივმა მუშაობამ შედეგი ვერ გამოიღო, შესაბამისად, არც მათი დაპირება შესრულდა. ლარის კურსი ისევ ეცემა და ფარმაცევტებიც მორიგ გაძვირებას ადასტურებენ.

კომპანია „პეესპეს“ დამფუძნებლის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, თუკი ეროვნული ვალუტის კურსი არ დასტაბილურდება, მალე მედიკამენტებზე ფასის ზრდაა მოსალოდნელი. კომპანიებს რაც შეეძლოთ, აქამდე არეგულირებდნენ ფასს, მაგრამ ახლა ლარი ძალიან დაეშვა დაბლა, ამიტომაც მორიგი გაძვირება დღის წესრიგში დადგა.

„აქამდე ფარმაცევტულმა კომპანიებმა იმუშავეს მწარმოებელ კომპანიებთან და დამატებითი ფასდაკლებები მიიღეს. ბევრმა დაუწია ფასს, ბევრმაც არ დააკლო, მაგრამ რეალურად ეს პროცესი მიმდინარეობდა. ბოლო პერიოდში ევროს კურსი იყო სტაბილური, დაახლოებით, 2.30-ის ფარგლებში და აქედან გამომდინარე, ევროზონიდან შემოსული მედიკამენტებიც არ გაძვირებულა.

დღეს კი უკვე ევროსა და დოლარის კურსი ისეთ ზღვარზეა მისული, დაახლოებით, 2.55 და 2.33, როდესაც მედიკამენტებს შესაძლებელია შეეხოს გაძვირება. ეს გაძვირება იქნება დაახლოებით 5%-იანი და არა უფრო მეტი“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10 000 მედიკამენტი ბრუნავს საქართველოს ბაზარზე და მათგან გაძვირებულია დაახლოებით 400-500 დასახელება სხვადასხვა ნიშნულით - ზოგი 2%-ით, ზოგი 10%-ით. თუ რა როლი აკისრია სახელმწიფოს წამლების ფასის დარეგულირების საკითხში, ამაზე ოქრიაშვილს ცალსახა პასუხი არ აქვს.

„ვფიქრობ, რომ ფასების ზრდის შემთხვევაში სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს რეაგირება, არამედ უნდა გააკეთოს მონიტორინგი. თუ დაარეგულირებს ფასებს, რა მოხდება ამით, გაიაფდება მედიკამენტი?“ - კითხულობს „პეესპეს“ დამფუძნებელი.

ამ დროს კი ჯანდაცვის სამინისტრო სწორედაც აპირებს რაღაც დოზით და პროგრამით ჩაერიოს ფარმაცევტულ პროდუქციაზე ფასწარმოქმნის საქმეში. დავით სერგეენკოს უწყება უახლოესი თვეების განმავლობაში ე.წ. სოციალური წამლის პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც, სულ მცირე 200 დასახელების პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასი შემცირდება. სხვათა შორის, მინისტრს წამლების გაძვირების შესახებ ცოტა განსხვავებული მონაცემებიც მოჰყავს.

„დაახლოებით 450 დასახელების მედიკამენტზე, ფასების ზრდამ 15%-20% შეადგინა. ორმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ ძალიან კარგი სოციალური სოლიდარობის პროექტი გააკეთა, როცა რამდენიმე ათეულ მედიკამენტზე ფასი დაწია. მეორე მხრივ, ვადასტურებ, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ე.წ. სოციალური წამლის პროექტი განხორციელდება, როდესაც მინიმუმ 200 დასახელების პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასები შემცირდება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ზუსტად როდის ამოქმედდება, ეს პროექტი ჯერ ცნობილი არ არის.

ამასობაში კი ლარის კურსის გამოისობით და სამედიცინო ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, კერძო სადაზღვევო კომპანიის ნაწილმა პოლისები დაახლოებით 12-დან 17%-მდე გააძვირა. მზღვეველთა ნაწილი კი ჯერჯერობით ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს აკვირდება და გადაწყვეტილებას ამის შესაბამისად მიიღებს. გაძვირდა სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობები. ასეთი ტენდენციის გამო სადაზღვევო კომპანიებმა ჯანმრთელობის პაკეტი უკვე გააძვირეს. პოლისების გაძვირების მიზეზი მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების მატებაა.