„პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია - პოსტი არ არსებობს, რომელსაც უსუფაშვილი არ შეესაბამება“

„პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია - პოსტი არ არსებობს, რომელსაც უსუფაშვილი არ შეესაბამება“

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, თინა ხიდაშელს ევროპული ყაიდის პოლიტიკოსად მიიჩნევს და ამბობს, რომ ქართულ ჯარს „უპაგონო“ მინისტრი სჭირდება, რომელიც ძალიან მოძრავი იქნება და თვითმფრინავიდან არ ჩამოვა, რადგან ქართული ჯარის საკითხები ვაშინგტონსა და ბრიუსელში წყდება. დეპუტატი გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატ გიგლა აგულაშვილსაც აფასებს და აცხადებს, რომ ის საქმის ბოლომდე მიმყვანია.

მთავრობაში მიმდინარე პროცესებსა და უსუფაშვილის შესაძლო გაპრემიერებაზე, for.ge ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა:

სამი მინისტრის პოსტზე წარდგენილი კანდიდატებიდან, ორი რესპუბლიკელია. როგორი თავდაცვის მინისტრი იქნება თინა ხიდაშელი?

- ქალი მინისტრები განსაკუთრებით არაჩვეულებრივი მოვლენა უკვე არ არის, მაგრამ ეს ძლიერ ქვეყნებში ხდება. ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო, თუმცა, ჩვენ ამ ნაბიჯს პირველები ვდგამთ. თინა ხიდაშელი ევროპული ყაიდისა და ევროპული დონის ახალგაზრდა მოღვაწეა, რომელიც ძალიან ენერგიულია. ის უცხო ენებს ძალიან კარგად ფლობს და მას კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ის საქმეს ბოლომდე მიიყვანს და განსაკუთრებით დიდი წარმატება ნატოს მიმართულებით გვექნება. ქალი მინისტრი დემოკრატიის ნიშანია და ეს ქვეყანას დაეხმარება. ამავდროულად, ის კითხვა მოიხსნება, რომელიც დაკავშირებული იყო იმასთან, რომ თითქოს კურსი იცვლება და ა.შ.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის დანიშვნა მიზნად ირაკლი ალასანიას განეიტრალებას ხომ არ ემსახურება, რომელიც ძირითადად, თავდაცვის სფეროზე საუბრობს? მინდია ჯანელიძე ალასანიას კრიტიკის ძირითადი ობიექტი იყო, რომელსაც სუსტ მინისტრად მიიჩნევდა...

- მინდია ჯანელიძეს საშუალება არ მიეცა, ეჩვენებინა, ძლიერია თუ სუსტი. ის ამ პოსტზე ძალიან ცოტა ხანი იყო და ის ჩემზე ასეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. ჯანელიძე უფრო ჩაკეტილი კაცია, რომელიც უშიშროების სისტემაშია ნამუშავარი. ქართულ ჯარს „უპაგონო“ მინისტრი სჭირდება, რომელიც ძალიან მოძრავი იქნება და თვითმფრინავიდან არ ჩამოვა, რადგან ჩვენი ჯარის საკითხები ვაშინგტონსა და ბრიუსელში წყდება. რიგის სამიტის წინ, ეს ბრწყინვალე გზავნილია. რაც შეეხება ალასანიას, დარწმუნებული ვარ, რომ ის არსებულ ვითარებას მშვიდად და საღად შეაფასებს. ეჭვი არ მეპარება, რომ მას ხიდაშელის გამინისტრება გაუხარდება. მის ადგილზე ვიტყოდი, რომ მისმა კრიტიკამ შედეგი გამოიღო. ხიდაშელის დანიშვნა პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც მისთვის გამოწვევაა, რადგან ის ახალგაზრდაა.

როგორ ფიქრობთ, ხიდაშელი ამ გამოწვევებს თავს გაართმევს?

- ის ამ თანამდებობას არ დასთანხმდებოდა, რომ არ გრძნობდეს, რომ პასუხისმგებლობას თავს გაართმევს.

პოლიტიკურ კულუარებში საუბარი იყო, რომ თინა ხიდაშელის გამინისტრებას დავით უსუფაშვილი ეწინააღმდეგებოდა. მართალია?

- რა თქმა უნდა, არა! ეს აზრი მცდარია. როგორ ფიქრობთ, იდეას უსუფაშვილი ეწინააღმდეგებოდა და გადაწყვეტილება მაინც მივიღეთ? არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ცოლ-ქმარი პარტიის წევრები არიან. მღელვარება ყველას ჰქონდა, მათ შორის მეგობრებსაც და მეუღლესაც.

ხიდაშელის გამინისტრება ბიძინა ივანიშვილის მისადმი განწყობას არ უკავშირდება? როგორც ვიცით, ხიდაშელი ყოფილი პრემიერის ფავორიტ დეპუტატებს შორის არის...

- არ შეიძლება, ეს კითხვა ჩემს მიმართ იყოს დასმული, რადგან საუბრებს არ შევსწრებივარ. ამ კითხვაზე თავად თინაც ვერ გიპასუხებთ, სჯობს, ბატონ ბიძინას მიმართოთ, რადგან ამ საკითხში ივანიშვილის მონაწილეობის ხარისხი როგორია, არ ვიცით.

ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ღარიბაშვილსა და უსუფაშვილს შორის გამართულ კონსულტაციებში ივანიშვილი არ იყო ჩართული?

- ამის შესახებ არაფერი ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ მინისტრობის კანდიდატები პრემიერმა დაასახელა.

თუკი ამ პროცესში ივანიშვილი არ იყო ჩართული, ანუ, ღარიბაშვილმა საკუთარი შეცდომა გამოასწორა? წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებულ მის სკანდალურ ჩანაწერებს ვგულისხმობ...

- საზოგადოება ასეთ ფარულ ჩანაწერებს არ უნდა ენდობოდეს, რადგან იქ რაც უნდა გავიგონოთ, ის დიდი სიმართლე არასოდეს არ არის, რადგან უსაყვარლეს ადამიანზე შეიძლება ისეთი რაიმე წამოგცდეს, რომელიც თავადაც არ გინდოდა.

რაც შეეხება გიგლა აგულაშვილს, მისი დათმობა არ გიჭირთ?

- მხოლოდ პარლამენტის წევრები რომ ვიყოთ, ამხელა დანაკლისს ვერ გადავიტანდით, მაგრამ ჩვენ პარტიის წევრებიც ვართ. პარლამენტის გარდა, სხვა პარტიული ურთიერთობა გვაქვს. იმის გამო, რომ პაატა ზაქარეიშვილი მთავრობაშია, ის არ დაგვიკარგავს, პირიქით, მასთან ხშირი ურთიერთობა გვაქვს. ალბათ, ხვდებით, ამ ცვლილებებით ყველაზე გახარებული ვინ არის. აგულაშვილის მთავრობაში გადასვლა პარლამენტისთვის დანაკარგია, მაგრამ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აგულაშვილი ახალ სფეროს ეჩვევა. ის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა და ის ამ პროფესიის არ არის, თუმცა, ის ვითარებაში მალე გაერკვა და ყველაფერს თავი გაართვა. ეს ის კაცია, რომელმაც ყველაფრის ბოლომდე მიყვანა იცის.

ვინაიდან, ამ ადამიანს აგრარულ სექტორში დიდი გამოცდილება აქვს, სოფლის მეურნეობის მინისტრად რატომ არ დაინიშნა?

- ევროპის ინტეგრაციის მიმართულებით გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა. გარემოს დაცვის თვალსაზრისით, უამრავი პრობლემა გვაქვს და აქ სერიოზული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. სხვათაშორის, ამ მიმართულებით ძალიან კარგი მინისტრები გვყავდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სფეროში აგულაშვილი სხვა მუხტს შეიტანს. როდესაც, ეროვნულ ბიბლიოთეკაში დირექტორად მივდიოდი, რომელიმე ბიბლიოთეკაში ნამუშევარი არ ვიყავი და ამიტომ ზოგიერთს ეგონა, რომ ვერ გავერკვეოდი, მაგრამ ვინაიდან საკუთარ თავში დარწმუნებუი ვიყავი, წავედი. საკუთარ შესაძლებლობებში აგულაშვილი დარწმუნებულია. ერთი წამითაც ეჭვი არ მეპარება, რომ ის ბრწყინვალე მინისტრი იქნება.

ხიდაშელისა და აგულაშვილის გამინისტრება, ვისი იდეა იყო?

- იდეა იმ ვითარებაში გამოჩნდა, რაც პრემიერ-მინისტრმა შემოგვთავაზა. ხელისუფლებაში მონაწილეობის იდეა თავად „რესპუბლიკურ პარტიას“ გაუჩნდა, როდესაც ჩვენ განცხადება დავწერეთ და კოალიციას მივმართეთ, რომ მათთან ერთად მეტი პასუხისმგებლობის აღება გვსურდა. ეს არა მხოლოდ იმას გულისხმობდა, რომ არსად წასვლას არ ვაპირებდით, არამედ გვინდოდა, რომ ჩვენი რესურსი გამოყენებული ყოფილიყო. ხალხი იყო, რომლებიც ამბობდნენ, რომ თუ გვსურდა, კოალიციიდან წავსულიყავით, მაგრამ კოალიცია რატომ უნდა დაგვეტოვებინა? როდესაც მთავრობას ვეუბნებით, რომ ერთად ვართ, პასუხისმგებლობა იმასაც ნიშნავს, რომ რა კადრებიც გვაქვს, ის გამოვიყენოთ. „რესპუბლიკურ პარტიაზე“ კითხვას სვამენ, რა გვაერთიანებს და ერთად რატომ ვართ? - იდეა გვაერთიანებს, რომ ჩვენი რესურსი გამოყენებული იქნას.

რესპუბლიკელების გარშემო უამრავი ვერსია ვრცელდებოდა, მათ შორის თითქოს, თქვენ კოალიციიდან მიდიოდით, ან გიშვებდნენ და .. ვხედავთ, რომ ამჟამად, პირიქით, უფრო დაწინაურდით. ეს ყველაფერი ახლა რატომ მოხდა?

- „რესპუბლიკური პარტიის“ ძალა მაშინ გამოჩნდა, როცა ვაჩვენეთ, პარლამენტს როგორი თავმჯდომარე ჰყავს. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ამ პოსტზე დავით უსუფაშვილმა თავი ვერ წარმოაჩინა, მათ შევახსენებ, რომ ყველა გამოკითხვის თანახმად, კაცი რომელიც პოსტს შეესაბამება, უსუფაშვილია. ვახტანგ ხმალაძე რომ ბევრს მუშაობს, ეს ყოველთვის ჩანდა. რესპუბლიკელები ორგანიზებული ძალა ვართ და სხვა ყველა პარტიას პატივისცემა ეკუთვნის. ყველას თავისი რეიტინგი და ავტორიტეტი აქვს. ჩვენს პარტიას მიაჩნდა, რომ მეტი შეგვიძლია. პარტიული ამბიცია ნორმალურია. რაც შეეხება ალასანიას, პირიქით, იმის გამო გვაკრიტიკებდნენ, რომ მას არ დავუპირისპირდით.

როგორ ფიქრობთ, „თავისუფალი დემოკრატებიამ გადაწყვეტილებას გაგიგებენ?

- არ მგონია, რომ მათ მთავრობას ნდობა გამოუცხადონ, მაგრამ მათ პოსტზე ხიდაშელის დანიშვნა გულს არ ატკენთ. ისინი ოპოზიციაში არიან და ჩვენ ერთმანეთის პატივსიცემა უნდა ვისწავლოთ. მათ შორის ოპონენტების. ალასანიამ გაგვაკრიტიკა, რომ თურმე, ჩვენ საარჩევნო სისტემისთვის არ ვიბრძვით. პირიქით, ძალიან ვაქტიურობთ.

და ბოლოს, პოლიტიკურ კულუარებში ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელებთან საუბრისას აღნიშნა, კარგი იქნება თუკი პრემიერი - უსუფაშვილი იქნებაო...

- ეს ამერიკელებს უნდა ვკითხოთ, რადგან მე იქ არ ვყოფილვარ და ეს არ მომისმენია.

უსუფაშვილის გაპრემიერების შანსი არის?

- პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია, მაგრამ გეტყვით, რომ პოსტი არ არსებობს, რომელსაც უსუფაშვილი არ შეესაბამება. ეს ადამიანი უნივერსალური პოლიტიკური ფიგურაა და ამ მხრივ გამორიცხული არაფერია. დანარჩენი - ვინ, ვის რა უთხრა, არ ვიცი. მთავარია, 2016 წელს, ქართველი ხალხის არჩევანი რა იქნება და რომელი ძალა გაიმარჯვებს. იმედი მაქვს, რომ ერთად ვიქნებით და ჩვენ გავიმარჯვებთ. მინდა, ყველას გული მოვუკლა, ვინც ფიქრობდა, რომ ჩვენ კოალიციიდან წავიდოდით. წასვლა არ გვსურს, რადგან საქმის კეთება გვინდა. პარლამენტში ძალიან ბევრ ადამიანს გაუხარდა, რომ ჩვენს მიმართ ნდობა იქნა გამოხატული.

თუმცა, ხიდაშელი-აგულაშვილის გამინისტრება ბევრსაც ეწყინა...

- ცივ წყალზე ქართული ანდაზა, ხომ იცით?...