ქართული სინდრომი

ქართული სინდრომი

[ჯეიმს თრობი, Foreign Policy]
კატასტროფული ომიდან ორი წლის შემდეგ თბილისი სწრაფი ტემპით ვითარდება, მაგრამ ქართველები ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ისევ ზღვარზე არსებობენ: არ არიან დარწმუნებულები, რომ ისინი ბარაკ ობამას საკმარისად უყვარს.

ბოლო კვირის განმვლობაში, რუსეთი საქართველოსთან ომის მეორე წლისთავს ტრადიციულ სტილში აღნიშნავდა: პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სეპარატისტულ რეგიონს აფხაზეთს ესტუმრა, რომელსაც რუსეთი დღეს დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებს; და რუსმა გენერალმა განაცხადა, რომ გაურკვეველ ქართულ საფრთხეებთან გამკლავებისთვის, რუსულმა ავიაციამ აფხაზეთში მაღალტექნოლოგიური ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი S-300 განათავსა. ვიდრე ქართველებს, რომლებიც რუსეთის ყველა პროვოკაციულ აქტს აპოკალიფსის პრელუდიად აღიქვამენ, შეშფოთებული რეაქცია ჰქონდათ, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ამბავი არაფრად ჩააგდო და განაცხადა, რომ S-300–თან დაკავშირებული ამბავი ახალი არ არის. ბარაკ ობამას ადმინისტრაცია შეეცადა (ჯერ–ჯერობით წარმატებულად) მოეძებნა ბალანსი საქართველოს დაცვას და რუსეთთან „გადატვირთვის“ შენარჩუნებას შორის. მაგრამ რას გააკეთებს ის, თუკი რუსეთი უბრალოდ უარს იტყვის დატოვოს ტერიტორიები, რომლებიც მან უკანონო და უსამართლო ომში დაიკავა?

საქართველოს, რომელიც რუსეთის ხისტ ძალას უკიდურესად ჩამორჩება, რბილი ძალის გამოყენებაში, რუსეთთან შედარებით გამანადგურებელი უპირატესობა აქვს, რაც რუსეთს საგონებელშიც უნდა აგდებდეს და აცოფდეს კიდეც.

ისრაელის მსგავსად, საქართველო ქვეყანაა, რომელზეც ბევრი ამერიკელი რაციონალურად უბრალოდ ვერ ფიქრობს. ქვეყნის უმშვნიერესი და უძველესი დედაქალაქის თბილისის სტუმრები, უმალ ექცევიან ქართული სინდრომის გავლენის ქვეშ. ესაა, ნეტარი კაპიტულაცია გულზეხელდადებული სენტიმენტალიზმისადმი, ლოთური ნადიმები, ცენტრალური ევროპისათვის დამახასიათებელი ბულვარები და უსაზღვრო ერთგულება დასავლური ღირებულებების მიმართ – როგორც რეალური, ასევე წარმოსახვითი საფრთხეების პირისპირ. მეც თითქმის იმავეს ვგრძნობდი, მას შემდეგ, რაც New York Times–სთვის ომის დასაწყისზე დავწერე სტატია, რომელიც როგორც ჩანს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალზე დამაკმაყოფილებლად მიიჩნია. მეც ახლა თბილისში ვარ, მთავრობის მიწვევით, ლექციების წასაკითხად, თუმცა რეალურად აქ ჩემს ვაჟთან ჩამოვედი, რომელიც ფინანსთა სამინისტროში საზაფხულო პრაქტიკას გადის.

რაღა თქმა უნდა, ასეთი მხოლოდ მე არა ვარ. როდესაც 2005 წელს აქ ჯორჯ ბუში ჩამოვიდა, ის ბედნიერებისგან აცეკვდა, რამაც ის აქ მყისიერად ნაციონალურ გმირად აქცია და თბილისში მისი სახელობის გამზირიც გაჩნდა. საქართველო უმალ გადაიქცა პრეზიდენტის არაოფიციალურ თილისმად მის ჯვაროსნულ ლაშქრობაში დემოკრატიისთვის; რუსეთის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად ბუში მხარს უჭერდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას (მაგრამ დამარცხდა). სენატორმა ჯონ მაკკეინმა პრეზიდენტი სააკაშვილი ნობელის პრემიაზე წარადგინა იმ ცენტრალური როლისთვის, რომელიც სააკაშვილმა „ვარდების რევოლუციაში“ ითამაშა და რამაც საქართველოში დემოკრატია, ხელისუფლებაში კი სააკაშვილი მოიყვანა. (ჰილარი კლინტონიც თანა–წარმდგენელი იყო.) მაკკეინი დღემდე საქართველოს გულწრფელ მხარდამჭერად რჩება: ახლახანს მან Washington Post –ში წერილი გამოქვეყნა, სადაც ის ობამას ადმინისტრაციას იმაში ადანაშაულებს, რომ „მეგობარი ქართული დემოკრატიის მხარდაჭერაზე მეტად, რომელიც აგრესიული მეზობლის ჩრდილში ცხოვრობს, ავტორიტარული რუსეთის დაშოშმინება სურს“. წერილის სრული ვერსია ადგილობრივმა Messenger–მა გამოაქვეყნა, საქართველოს ძალიან პრო–სამთავრობო ინგლისურენოვანმა გამოცემამ.

საქართველოს ლიდერთა შეხედულებები, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ, უფრო ოპტიმისტურია. საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრმა და სააკაშვილის ახლობელმა, რომელსაც მისი ბოსის ყველა ძირითადი თვისება ახასიათებს (ტოტალური თვითდაჯერებულობა, წინდაუხედავი გულახდილობა და სპონტანური მახვილგონიერება) მითხრა: „ჩვენ გვჯერა, რომ ობამას ადმინისტრაცია საქართველოს არ გაყიდის“. კანდიდატის ამპლუაში, ობამამ მკაცრად, თუმცა შესაძლოა ოდნავ დაგვიანებით, დაგმო ინტერვენცია და როგორც პრეზიდენტმაც, მან ცალსახად არ მიიღო რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის (სეპარატისტული რეგიონი, სადაც 2008 წლის ომი დაიწყო) ფაქტობრივი ანექსია. იაკობაშვილი და სხვები დიდწილად დამშვიდნენ გასულ თვეში, როდესაც ჰილარი კლინტონი თბილისს ეწვია და რუსეთის ყოფნა ამ ორ რეგიონში პირდაპირ „ოკუპაციად“ შეაფასა.

თუმცა საქართველოს ობამას მოჯადოების შესაძლებლობა ჯერ არ ჰქონია და ქართველები ნერვიულობენ, რომ ეს მიუკერძოებელი და უცხო ადამიანი არ არის ის ტიპი, რომელიც სინდრომს დამორჩილდება. საქმეში კარგად გარკვეული ადამიანები ღელავენ იმის გამო, რომ თუმცა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში რუსეთსა და ევრაზიაზე პასუხისმგებელი ჩინოვნიკი ქართველოფილი მაკლ მაკფოლია, (მაკფოლი ერთ დროს საქართველოში ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში მუშაობდა), მაგრამ ამავე დროს უსაფრთხოების საბჭოში მაკფოლის უფროსი, დენის მაკდონაფია, ობამას დიდი ხნის მრჩეველი და ცივი გონების რეალისტი. გარეშე პირები კითხულობენ, უარი ხომ არ თქვა ობამამ „ევროცენტრიზმის“ პრინციპზე, რაც „დასავლური ღირებულებების“ კოდექსად ითვლება, ან ხომ არ ემზადება იგი იმისთვის, რომ საქართველო რუსეთთან გადატვირთვას შესწიროს.

ისრაელელების მსგავსად, ქართველები შეპყრობილები არიან იმ მძიმე შფოთიანი განცდით, რომ მათი მოთხოვნები შეერთებული შტატებისადმი უფრო მორალური ხასიათისაა, ვიდრე სტრატეგიული. იაკობაშვილი გასაოცარ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ რუსეთის ყოფნა სამხრეთ კავკასიაში საფრთხეს უქმნის ნატოს ვალდებულებას შეაჩეროს ტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული და ბირთვული იარაღის ფარული გავრცელება, (მისი თქმით ოსებისთვის დაბეჭდილი რუსული პასპორტები ჩეჩენ სეპარატისტებს აღმოაჩნდათ), არადა, სიმართლე ისაა, რომ არსებული ჩიხი მადესტაბილიზებელ ფაქტორად რთული მისაჩნევია. როდესაც მე საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ირაკლი ფორჩხიძეს ვკითხე, რატომ უნდა მოსთხოვოს დასავლეთმა რუსეთს, აფხაზეთიდან და ოსეთიდან გასვლა, მან მიპასუხა: „რუსეთმა საზღვრების ურყეობის პრინციპი დაარღვია; რუსეთი ეთნიკურ წმენდებს ახორციელებს. ეს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი არ არის?“

პასუხი დიდწილად დადებითია. აღნიშნული ეთნიკური წმენდა ძირითადად 1990–იანი წლების დასაწყისში მიმდინარე ველური სამოქალაქო ომების დროს მოხდა, როდესაც ყველა მხარე სასტიკად იქცეოდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დავა ძირითადად იმაზე მიდის, თუ ვინ ისროლა პირველმა 2008 წელს, ომის დროს რუსეთმა ისევე სასტიკად და ერთმნიშვნელოვნად დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, როგორც ეს ერაყმა გააკეთა ქუვეიტში 1990 წელს. და მიუხედავად ხელმოწერილი საზავო შეთანხმებისა, რომელიც ორივე მხარეს ავალდებულებს დატოვონ სადაო რეგიონის ტერიტორია, რუსეთმა რეგიონში ათასობით სამხედრო განათავსა, ამ ტერიტორიებს დამორჩილებული ქვეყნების მდგომარეობაში ამყოფებს და საზავო შეთანხმებისადმი თავისი უპატივცემულობის დემონსტრირებას ისეთი ქმედებებით ახდენს, როგორიცაა განცხადება S-300–ს განთავსების შესახებ, რომელიც თავდაცვის არანაირ გონივრულ ზომას არ წარმოადგენს. „ჩვენ ავიაციაში სამნახევარი თვითმფრინავი გვყავს“, – ამბობს იაკობაშვილი. „ეგენი ვის ჩამოგდებას აპირებენ – უცხოპლანეტელების?“

საქართველო მართლაც უქმნის პრობლემას მის მეგობრებს. თბილისის მეზობლების უმრავლესობა პოსტ–საბჭოთა სივრციდან დანებდა რუსეთის მოთხოვნებს რეგიონალურ ჰეგემონიაზე. საქართველო, ამას დემონსტრაციულად არ აკეთებს. ისინი, ვინც ქართული სინდრომის ჯადოსურ ძალას მთლიანად არ დანებებულა, სააკაშვილს არწმუნებდნენ შეეწყვიტა რუსეთის და მისი მრისხანე პრემიერ–მინისტრის ვლადიმერ პუტინის დაცინვა; გადაედო ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფება; და ჩაეხშო მისი ხმამაღალი ნაციონალიზმი. ახლახანს Financial Times–ში გამოქვეყნებულ სტატიაში რეგიონალური ექსპერტი თომას დე ვაალი წერს, რომ რუსეთს შესაძლოა დასავლეთთან საკუთარი „გადატვირთვაც“ სურდეს და აქ საქართველოსთან შერიგებაც იგულისხმებოდეს, მაგრამ ვაალი დასძენს, რომ ასეთი ცვლილება შეუძლებელია მანამ, სანამ ხელისუფლებაში, მისი თქმით „მოსკოვის მოსისხლე მტერი“ სააკაშვილია (მის პრეზიდენტობას ვადა 2013 წელს ეწურება).

სააკაშვილი ფიცხი და თავზე ხელაღებული ფიგურაა, მაგრამ ქართველებს ის როგორც ჩანს ასეთი მოსწონთ. მან იმ ომში განცდილი ფიასკოს შემდეგ, რომელიც საქართველომ სწრაფად და ნამდვილად წააგო, თავისი პოპულარობის ნაწილი დაიბრუნა, თუმცა მხოლოდ ნაწილი, მისი ოპოზიცია კი უიმედოდ დაქსაქსულია. ქვეყანა სწრაფად ვითარდება და სააკაშვილი უზარმაზარ საჯარო პროექტებს ასხამს ხორცს, რათა განამტკიცოს მისი ის განცხადება რომლის თანახმადაც ის დავით აღმაშენებლის მეორედ (12–ე საუკუნის საქართველოს ლიდერი) მოსვლაა, აღმაშენებლისა, რომელთანაც პაექრობის პირობა აქვს დადებული. მან შესაძლოა პრემიერ–მინისტრობაც გადაწყვიტოს, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, როგორც ეს პუტინმა გააკეთა (შედარება, რომლის წახალისებაზეც სააკაშვილი არ უნდა ზრუნავდეს). გარდა ამისა, რთულია იმის აღმოჩენა, რომ რუსეთი, როგორც ამბობენ, შერბილდა თავისი მეზობლების მიმართ. პუტინის, თუ გნებავთ მედვედევის რუსეთს, როგორც ჩანს დათმობები უნდა და არა შერიგება. რუსეთის მიზანი რომ უბრალოდ ქართული უღლისგან აფხაზებისა და ოსების გათავისუფლება ყოფილიყო, რაღაც ტიპის გადაწყვეტილების, მათ შორის მტკიცე ავტონომიის გამოძებნა მშვენივრად შეიძლებოდა. მაგრამ თუ რუსეთის მიზანი საქართველოს დამორჩილებაა, ის დასავლეთის ზეწოლით არ გაიყვანს თავის ჯარს რეგიონიდან.

გამაღიზიანებელი აი ესაა. თუკი რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდება საქართველოსთან შეტაკებას, დასავლეთმა შეიძლება ირეაგიროს. მაგრამ თუკი მოსკოვს უბრალოდ მისი მიღწევების განმტკიცება სურს? საეჭვოა ევროპელმა ლიდერებმა, რომელთა უმრავლესობა რუსეთის ნავთობსა და ბუნებრივ გაზზეა დამოკიდებული, ეს ჩიხური მდგომარეობა საკმარისს მიზეზად მიიჩნიონ და თავისი ურთიერთობა რუსეთთან საფრთხის ქვეშ დააყენონ. შესაძლოა, მაკკეინის ადმინისტრაციას შეიარაღებაზე კონტროლი და ირანის პოლიტიკა ისეთი დიდი მიზნისთვის შეეწირა, როგორიც საქართველოს სუვერენული ტერიტორიული მთლიანობაა, მაგრამ არც ბარაკ ობამა და არც სხვა პრეზიდენტი, რომელიც ამ სინდრომით მოჯადოებული არაა, ამას არ გააკეთებდა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია ერთ–ერთი იმ დანაშაულთაგანია, რომელიც შეიძლება ვინმემ მიუღებლად მიიჩნიოს, მიუხედავად იმისა, რომ რეალობაში ვიღაც ამას ეთანხმება კიდეც და იმ მომენტს ელის, როდესაც კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელი გახდება.

ეს არის ის რეალობა, რასაც მაქსიმალისტური მოთხოვნებით გატაცებული საქართველოს ლიდერები მეგობრებისგან უნდა ისმენდნენ და არა მოწინააღმდეგეებისგან. „თბილისი მერიოტის“ ბარში საუბრის ბოლოს იაკობაშვილმა მითხრა ის, რაც მას ახლახანს ელჩმა უთხრა: „ჩვენ გვიყვარს საქართველო. მაგრამ ჩვენ არ გვეყვარებით თქვენ უპირობოდ“. [foreignpress.ge]