„შემდეგი კახი კალაძე იქნება“

„შემდეგი კახი კალაძე იქნება“

ექსპერტი, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ცვლილებები გაგრძელდება. მისივე თქმით, მეორე ეტაპზე სერიოზული პოლიტიკური წონის მქონე მინისტრები განთავისუფლდებიან, ხოლო მესამე ეტაპზე საკუთრივ პრემიერ-მინისტრს მოუწევს წასვლა თანამდებობიდან. მისივე თქმით, ეს არის პროცესის დასაწყისი, რომელიც ღარიბაშვილის განთავისუფლებით დასრულდება.

როდის დაიწყება მთავრობის ცვლილების მეორე ეტაპი, ვინ მონაწილეობდა მთავრობის დაკომპლექტების პროცესში და რა როლი ეკავა ამ პროცესში პრემიერ-მინისტრს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.

როგორც მთავარსარდალმა, მინდა დავსვა კითხვა - რა სიხშირით უნდა ვცვალოთ თავდაცვის მინისტრები“, - პრეზიდენტის ეს გზავნილი ადასტურებს, რომ ქვეყანაში გვაქვს ძალიან სერიოზული მართველობითი კრიზისი?

- ძალიან სწორი და ჯანსაღი განცხადებაა. არ მგონია, რომ თინა ხიდაშელის საწინააღმდეგო რამე ჰქონდეს პრეზიდენტს. გამომდინარე იმ პროცესიდან, რაც მიდიოდა, უფრო მეორე ეტაპზე ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება დაჩქარებული იქნა. რაც შეეხება პრეზიდენტის მთავარ გზავნილს, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყანაში ძალიან სერიოზული მმართველობითი კრიზისი და არაჯანსაღი გადაწყვეტილების მიღების პროცედურა გვაქვს. ამ დღეების განმავლობაში ორი მთავარი პრობლემა წარმოიშვა. პირველი - საზოგადოების აღქმაში დარჩა ასეთი შთაბეჭდილება, რომ პრემიერ-მინისტრს არა თუ არ მიუღია თავდაცვის მინისტრის მოხსნის გადაწყვეტილება, არამედ, საერთოდ ამ საკითხის განხილვაშიც არ მიუღია მონაწილეობა. მას უთხრეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება გაეხმაურებინა.

რეალურად ასე იყო?

- გამომდინარე იქიდან, რომ ხუთშაბათს ერთს ამბობდა, ბრიფინგიც დანიშნა, ხოლო რამდენიმე საათში ასეთი ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება გამოვიდა დღის სინათლეზე, კერძოდ - თავდაცვის მინისტრის გადადგომა, ეს არაა მარტივი საქმე. ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელსაც მინიმუმ, რამდენიმედღიანი გააზრება სჭირდება. ფაქტია, რომ ხუთშაბათ დილას ღარიბაშვილს საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ამ მიმართულებით რაღაცა კონსულტაციები მიდიოდა. კონსულტაციები მიდიოდა სადღაც გვერდზე და პრემიერ-მინისტრს უბრალოდ, ამ კონსულტაციების შედეგი გაახმოვანებინეს.

ანუ, თქვენც ადასტურებთ, რომ ახალი თავდაცვის მინისტრი პრემეირის მიერ არაა შერჩეული და დასახელებული?

- რასაკვირველია. ფაქტია, რომ პრემიერ-მინისტრი ამ კონსულტაციაში არ მონაწილეობდა.

თუ არა მთავრობის ხელმძღვანელი, მაშინ ვინ მონაწილეობდა ამ კონსულტაციებში და ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება?

- ბუნებრივია, რომ ამ გადაწყვეტილების ფორმირება მოხდა გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრში და ამ თემას დავუკავშირებდი აშშ-ის ელჩის რიჩარად ნორლანდის შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან. ეს ყველაფერი შეიძლება ერთ კონტექსტში მოვიაზროთ. თავისთავად, პოლიტიკურად ეს გადაწყვეტილება ძალიან პოზიტიურია და ტექნოლოგიურადაც საკამოდ სწორი და საინტერესო.

მაგრამაქტია, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში საუბრობს არა შინაარსზე, არამედ ფორმაზე, რა ფორმითაც მოხდა მთავრობის დაკომლექტება...

- სახელმწიფოს ასეთი რაღაცეები არ უხდება, ეს არაა თამაში. ფაქტიურად, ამ გადაწყვეტილებამ ქვეყანაში შეცვალა პოლიტიკური ლანდშაფტი. ასე სწრაფად და გაუგებარი კონსულტაციების საფუძველზე, ასეთი გადაწყვეტილება ქვეყანაში არ უნდა მიიღებოდეს. სწორიც, რომ იყოს, თვითონ გადაწყვეტილების ეს ფორმა არის სახიფათო სახელმწიფოსთვის. გიორგი მარგველაშვილი არის მთავარსარდალი, სწორია, როდესაც მთავარსარდალი ტელევიზორიდან იგებს ახალი თავდაცვის მინისტრის დანიშვნის შესახებ? რა თქმა უნდა - არა.

საბოლოო ჯამში, ეს არისმართველობის სისტემის კრიზისის პირდაპირი ანარეკლი?

- რასაკვირველია და ამიტომაც მისცა შესაბამისი რეაქცია, რაც აბსოლუტურად სწორი იყო. პრეზიდენტს შეუძლია შეცვალოს ეს გადაწყვეტილება. უბრალოდ, ის დროს აძლევს ყველას, რომ დაფიქრდნენ. რაც შეეხება შინაარსს - ხიდაშელის თემა ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია.

პოლიტიკურად რა სვლა არის ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა?

- კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლის შემდეგ, ძალიან დიდი ნიშა დარჩა შეუვსებელი, ანუ დასავლეთთან კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებად დარჩა „რესპუბლიკური პარტია“. საერთაშორისო არენაზე და ქვეყნის განვითარების ვექტორიდან გამომდინარე, ერთ-ერთი პოლიტიკური ძალაა „რესპუბლიკური პარტია“, რომელიც ამ თვალსაზრისით უკონკურენტოა პარლამენტში. პრაქტიკულად ერთადერთია კოალიციაში შემავალ პარტიებში, რომელსაც რაღაცა პოლიტიკური გამოცდილება აქვს. ეს მათ კარგად იგრძნეს და ამის შემდეგ დაიწყო პოლიტიკური ვაჭრობა. ამ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად ანგარიშობენ და ვაჭრობენ.

მაგალითად?

- მიმხვედრი მიხვდება. ეს პოლიტიკაში მიღებული წესია. როდესაც გრძნობ, რომ პოლიტიკაში შენი როლი იზრდება, შესაბამისად ითხოვ წილის გაფართოებას. დღეს, ფაქტიურად დაიწყო მთავრობის მმართველობითი კრიზისიდან გამოსვლის 3-პუნქტიანი გეგმის განხორციელება. პირველ ეტაპზე ჩვენ ვიხილავთ გადაჯგუფებას, როდესაც მთავრობა სკამს ისევ გაიგრძელებს, ანუ ნდობის მოპოვების შემდეგ, 6 სიცოცხლე ემატება, რის შემდეგაც დაიწყება მეორე ეტაპი, ანუ დაიწყება მთავრობიდან შედარებით მძიმეწონიანი მინისტრების გაყვანის პროცესი. რაღაცა პერიოდის შემდეგ ჩვენ ვიხილავთ საბოლოო და მთლიანად განახლებულ მთავრობას, ეს ყველაფერი მოხდება დღევანდელი პრემიერ-მინისტრის ხელით, ხოლო მესამე ეტაპზე, უკვე საკუთრივ პრემიერ-მინისტრი ჩამოშორდება ამ საქმიანობას. იმედი მაქვს, რომ უკეთეს სამსახურს იშოვის. ეს არის პროცესების განვითარების 3-ეტაპიანი გეგმა.

ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობამ მთლიანად შეცვალა ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტი. ამ ყველაფრიდან ერთადერთი მინუსი გახლავთ ის, რომ თინა ხიდაშელი და „რესპუბლიკური პარტია“ ქართული საზოგადოებისთვის და შიგნით კოალიციისთვის უცხო სხეულია, არავის არ უყვარს ისინი.

რესპუბლიკელების გაძლიერება დაძაბუალობას ხომ არ გამოიწვევს შიგნით კოალიციაში?

-რა თქმა უნდა, და არა მარტო კოალიციაში, არამედ საზოგადოებაში.

შესაძლებელია, რომ ამ პოლიტიკურმა სვლამ კოალიციის დაშლა გამოიწვიოს?

- დღეს არ მგონია, რადგან კოალიციაში შემავალ პარტიებს საკუთარი უსუსურობა არ მისცემს საშუალებას, რომ გამწვავებაზე წავიდნენ. თუმცა, ხვალ და ზეგ შეიძლება ეს სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, რამხელა ძალაც არ უნდა ჰქონდეთ მათ ხელისუფლების შიგნით, გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრს ნამდვილად არ აქვს იმის საფრთხე, რომ „რესპუბლიკური პარტია“ აუჯანყდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ არ აქვთ ხალხის ლეგიტიმაცია და არც არასოდეს არ ექნებათ. ეს რესპუბლიკელებმაც კარგად იციან. ამიტომ, მთელი ეს პოლიტიკური ანგარიში ხელისუფლების შიგნით იკეტება.

ამბობთ, რომ კოალიციაში არ უყვართ, ხალხის ნდობა არ აქვთ, მაშინ მათი გაძლიერების ლოგიკა რაში მდგომარეობს?

- ამ ეტაპაზე გადაწყვეტილების მიმღებმა ცენტრმა ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე მას სხვა ადამიანური რესურსი არ აქვს იმისათვის, რომ შექმნილ ვითარებაში ოპერატიულ გამოწვევებს უპასუხოს. დამერწმუნეთ, რომ ამაში არის ლოგიკა.

არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილების მიმღები ცენტრისთვის მიუღებელი აღმოჩნდესრესპუბლიკური პარტია“?

- როგორ არ შეიძლება, მით უმეტეს, რომ ჩვენ ამის მაგალითი გვაქვს „თავისუფალი დემოკრატების“ სახით. ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი აპელირებს ხალხზე, რადგან, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას იღებს ხალხი. ჩვენ კარგად გვახსოვს როგორი მძიმე დამოკიდებულება იყო რესპუბლიკელებსა და გადაწყვეტილების მიმღებ ცენტს შორის, მაგრამ პოლიტიკა ნაკლებად გულისხმობს ემოციებს. პროცესი გაჩვენებს, ვისთან რა პერიოდში, რა დამოკიდებულება უნდა გქონდეს.

მესამე ეტაპზე პროგნიზირებთ პრემიერ-მინისტრის შეცვლას. ვინ შეიძლება შეცვალოს ირაკლი ღარიბაშვილი?

- ხელისუფლებას ამ სისტემური და ძირეული ცვლილებისთვის არ აქვს დიდი დრო. გაზაფხულის ბოლოს, თუ ზაფხულში ეს პროცესი უნდა დასრულდეს. თუ პროცესი შემომდგომამდე გაწელეს და ვიღაცამ ჩათვალა, რომ შესაძლებელია პრემიერ-მინისტრის შენარჩუნება, რომელსაც ყოველ საათში უწვეს გადაწყვეტილების შეცვლა, მაშინ შეიძლება ისეთ კრიზისში შევიდეთ, როდესაც მისი გაშვებაც კი აღარ იქნება საკმარისი საზოგადოებისთვის. ხელისუფლებას არ აქვს დიდი დრო. მართალია მოქმედებს, მაგრამ დროის ლიმიტი აქვს ცოტა. ცვლილებების მეორე ეტაპს ველოდები მაისის ბოლომდე, შემოდგომაზე ჩვენ გვეყოლება ახალი მთავრობა.

ვინ არის მძიმეწონიანი მინისტრი, ვისი ცვლილებაც მეორე ეტაპზე მოხდება?

- შემდეგი იქნება კახი კალაძე. შემდეგი დარტყმა მოხდება კალაძეზე. ახლა, ნდობის მიღებამდე კალაძისთვის დარტყმა სწორი არ იყო, რადგან კალაძეს ჰყავს თავისი ლობი როგორც აღმასრულებელში, ასევე პარლამენტში. კალაძის გამოკლებით მთავრობის ნდობის საკითხის პარლამენტში გადატანა სარისკო იყო.

პრეზიდენტმა მთავრობის შემადგენლობას ხელი არ მოაწერა, თუმცა, დღის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ დანიშნული მინისტრები სრულფასოვანი მინისტრები არიან და შეუდგებიან საქმიანობას. ბატონო გია, რა მოხდა რეალურად, რა ფაქტორმა განაპირობა უსუფაშვილის ეს განცხადება?

- მარგველაშვილის განცხადება ვიღაცას ძალიან არ მოეწონა, იწივლა და მერე დაიწყეს იურიდიული ანალიზი, როგორ შეიძლება ამის გადალახვა. ეტყობა, რომ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრში მარგველაშვილის ამ განცხადებაზე იყო ძალიან მტკივნეული რეაქცია და რაღაცნაირად ცდილობენ გვერდი აუარონ მარგველაშვილის ამ ქმედებას.