„არაკომპეტენტური მსჯელობაა, ისინი დღეს მინისტრებად ითვლებიან თუ არა“

„არაკომპეტენტური მსჯელობაა, ისინი დღეს მინისტრებად ითვლებიან თუ არა“

პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება. თავდაცვის მინისტრი - თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი - გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ტარიელ ხეჩიკაშვილი. კაბინეტის დანარჩენ წევრეთა შემადგენლობა უცვლელია.

კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს გადაეგზავნება, შემდეგ კი პარლამენტს.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით შეცვლის შემთვევაში ხელახალი ნდობის მიღება სჭირდება.

მართალია, პრემიერი ახალი მთავრობის დამტკიცებას დაჩქარებული წესით ითხოვდა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო, რადგან მიიჩნია, რომ მთავრობა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობს.

„როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში ვნახეთ მინისტრების მყისიერი ცვლილება, როდესაც ვხედავდით, რომ ერთ-ერთ მინისტრი ამბობს, რომ არ მიდის პოსტიდან და მერე წავიდა, როდესაც ვიცოდით, რომ მხოლოდ 2 მინისტრი იცვლება და შეიცვალა სამი, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ცოტა ფორსმაჟორის რეჟიმში მუშაობს“.

როგორც ჩანს, პრეზიდენტს თავდაცვის მინისტრის ცვლილება არ მოეწონა, მაგრამ კონსტიტუცია მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის წარდგენის ვადის ერთი კვირით გადაწევის უფლებას აძლევს მას.

„მინდა ყველას გაგახსენოთ, რომ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. როგორც მთავარსარდალმა, მე მინდა დავსვა კითხვა - რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს? ამ რთული ვითარების ფონზე, მინდა მივცე შესაძლებლობა როგორც პრემიერს, ისე პარლამენტს, უფრო მშვიდ გარემოში განახორციელონ კონსულტაციები. ვიყენებ კონსტიტუციით მონიჭებულ ერთადერთ შესაძლებლობას და ერთი კვირის ვადით გადავდებ იმ ხელმოწერას, რომელიც უნდა დამესვა მთავრობის სიაზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის პოზიციის მიუხედავად პრემიერმა ღარიბაშვილმა ახალი მინისტრები უკვე დანიშნა, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის განმარტებით, ვიდრე პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს ახალ მთავრობას მას სრული იურიდიული უფლება გააჩნია, შეცვალოს მინისტრები.

„როგორც ჩანს, კონსტიტუცია სხვაგვარადაც იკითხება - კონტიტუციის გათვალისწინებით, თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი არა თუ სრულფასოვანი მინისტრები, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლებიც კი არ არიან და არიან მხოლოდ მინისტრობის კანდიდატები“, - აღნიშნულ განმარტებას საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე აკეთებს.

მისი არგუმენტია, რომ პრემიერი, რომელსაც მოცემულ სიტუაციაში ნდობის ლიმიტი აქვს ამოწურული, ახალ მინისტრს ვერ დანიშნავს, ხოლო თუკი ასეთი დანიშვნები არსებობს, მაშინ კონსტიტუციიდან აცდენასთან გვაქვს საქმე.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განმარტა, რომ პრემიერის მიერ დანიშნული მინისტრები სრულფასოვანი მინისტრები არიან და შეუძლიათ, საქმიანობის განხორციელებას შეუდგნენ.

უსუფაშვილის ცნობით, ის მთავრობის ადმინიტრაციის ხელმძღვანელს პარლამენტისთვის თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის მინისტრებად დანიშვნის აქტების გადმოგზავნის თაობაზე ესაუბრა, რათა პარლამენტმა მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურა დროულად დაიწყოს.

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ასისტენტ-პროფესორი, დავით ზედელაშვილიც მიიჩნევს, რომ თუკი აღნიშნული (პრემიერის ბრძანებები მინისტრების დანიშვნის შესახებ) აქტები საკანონსტიტუციო სასამართლოში სადავო გახდება, სასამართლო ცხადად იტყვის, რომ პრემიერ-მინისტრს ამგვარი ბრძანებების გამოცემის სამართლებრივი უფლებამოსილება არ ჰქონდა, რადგან საჭირო ნდობა პარლამენტის მხრიდან აღარ გააჩნია.

„პრემიერ-მინისტრს ახალი მინისტრების დანიშვნის არანაიარი კონსტიტუციური უფლებამოსილება არ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც დადგა ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა 1/3-ზე მეტით განახლდა, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება შეწყდა და არსებული მთავრობა მოვალეობის შემსრულებელი გახდა“, - მიიჩნევს ზედელაშვილი.

თუმცა კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, კონსტიტუციაში არსად წერია, რომ პრემიერსა და მთავრობას უფლებამოსილება უწყდება და ისინი მოვალეობის შემსრულებლები არიან.

ავთანდილ დემეტრაშვილის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის ბრძანება იქნება ეს, თუ სხვა აქტი, მას აქვს იურიდიული ძალა მანამ, სანამ ვინმე არ გააუქმებს მას - საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ეს, თუ ჩვეულებრივი, საერთო სასამართლო. ამიტომ, არაკომპეტენტური მსჯელობაა, ისინი დღეს მინისტრებად ითვლებიან თუ არა.

„რაც შეეხება პრემიერს, მას ამისთვის სრული კონსტიტუციური უფლება აქვს. მას გააჩნის უფლებამოსილება ლეგიტიმაცია, შეიძლება ნაკლები ლეგიტიმაცია, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში, მაგრამ მას აქვს უფლება დანიშნოს მინისტრები, ვიდრე მათ პრეზიდენტი არ წარადგენს პარლამენტში ნდობის მისაღებად“,- აცხადებს დემეტრაშვილი.

თუ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტიდან რომელიმე არ მოეწონება პარლამენტს, მას კონკრეტული მინისტრის კანდიდატურის ჩაგდების უფლება არ გააჩნია.

ავთანდილ დემეტრაშვილი: „პარლამენტს შეუძლია, პრემიერ-მინისტრის წინაშე დააყენოს საკითხი კონკრეტული მინისტრის აცილების თაობაზე, მაგრამ ამას სავალდებულო ძალა არ ექნება. პარლამენტს ერთადერთი შესაძლებლობა აქვს - მთლიანად მთავრობას ნდობა არ გამოუცხადოს. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, ეს მთავრობა დარჩება, მაგრამ დაიწყება ახალი მთავრობის ფორმირება. ძველი მთავრობა იქნება უკვე მოვალეობის შემსრულებელი.

პრეზიდენტი ამ 7 დღის განმავლობაში წარადგენს მთავრობას, თუ ნდობა არ გამოუცხადა პარლამენტმა, კიდევ ერთხელ, 30 დღის განმავლობაში პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს იგივე, ან განახლებულ შემადგენლობას. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ მიიღო მთავრობამ ნდობა, იწყება უკვე ახალი მთავრობის ფორმირება. პარლამენტის ყველაზე დიდი ფრაქცია წარუდგენს პრეზიდენტს პრემიერობის კანდიდატს, პრეზიდენტი დაავალებს მას მთავრობის შექმნას და პრემიერ-მინისტრი მიდის პარლამენტში ნდობის მისაღებად. თუ ამ შემთხვევაშიც არ მიიღო ნდობა, შემდეგ უკვე პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს“.

სავარაუდოდ, შექმნილი აჟიოტაჟის მიუხედავად საქმე ნდობის გამოუცხადებლობასა და რიგგარეშე არჩევნებამდე არ მივა, როგორც ავთანდილ დემეტრაშვილი ვარაუდობს, პრეზიდენტი იმ სიას წარადგენს, რომელიც მას პრემიერმა მიაწოდა, პარლამენტში იქნება კითხვები და დებატები, მაგრამ საკანონმდებლო ორგანო მაინც გამოუცხადებს ნდობას ახალ მთავრობას და ამით დამთავრდება ყველაფერი.