„როგორც მთავარსარდალმა, მე მინდა დავსვა კითხვა - რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს? ამ რთული ვითარების ფონზე, მინდა მივცე შესაძლებლობა როგორც პრემიერს, ისე პარლამენტს, უფრო მშვიდ გარემოში განახორციელონ კონსულტაციები. ვიყენებ კონსტიტუციით მონიჭებულ ერთადერთ შესაძლებლობას და ერთი კვირის ვადით გადავდებ იმ ხელმოწერას, რომელიც უნდა დამესვა მთავრობის სიაზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო.
გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადებამდე, მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა - მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება: თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა და ნდობის მისაღებად ქუთაისში გასაფრენად მოემზადა. თუმცა, პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტის გადაწყვეტილება გზაში დააწიეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისული მთავრობის მეთაური მთავრობის ადმინისტრაციაში დაბრუნდა. for.ge-ს ინფორმაციით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება სიურპრიზი აღმოჩნდა ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს ვითარების სასწრაფო დარეგულირება მოსთხოვა.
მოგვიანებით, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტი მთავრობის ადმინისტრაციისგან დეპუტატების მინისტრებად დანიშვნაზე ბრძანებებს ელოდება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დანიშნული მინისტრები არიან სრულფასოვანი მინისტრები და შეუდგებიან საქმიანობას. უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგა თავდაცვის მინისტრი და პირველი შეხვედრა გაერთიანებული შტაბის უფროსთან, ვახტანგ კაპანაძესთან გამართა.
„მე თავდაცვის მინისტრი ვარ უკვე, როგორ გეკადრებათ, მე უკვე დანიშნული ვარ, როგორც თავდაცვის მინისტრი, არ სჭირდება პარლამენტის კენჭისყრა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრების დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოსცა. სამივე ბრძანება ინდივიდუალურადაა გამოცემული და ის 1-ელი მაისით თარიღდება. ბრძანებაში პრემიერი განმარტავს, რომ თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად, გიგლა აგულაშვილის გარემოს დაცვის მინისტრად და ტარიელ ხეჩიკაშვილის სპორტის მინისტრად დანიშვნა საქართველოს კონსტიტუციის 79-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განახორციელა.
კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ კონტიტუციის გათვალისწინებით, თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი არა თუ სრულფასოვანი მინისტრები, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლებიც კი არ არიან და არიან მხოლოდ მინისტრობის კანდიდატები.
„იმის მიუხედავად, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტი დიდწილად არსებულ მინისტრთა კაბინეტს ემთხვევა, ეს ორი კაბინეტი ცალ-ცალკე უნდა წარმოვიდგინოთ. ერთი არის ტექნიკური მთავრობა, რომელსაც ნდობა აქვს ამოწურული და ნდობის ხელახალ დადასტურებას საჭიროებს, ხოლო მეორე მხრივ, არის პრემიერობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებული მთავრობის შემადგენლობა, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ კვირას გავა პარლამენტის სხდომაზე ნდობის მისაღებად. არსებულ მთავრობას უფლებამოსილების განხორციელება შეუძლია და ის კანონიერი მთავრობაა, თუმცა მას ნდობის ლიმიტი აქვს ამოწურული. ნდობის ლიმიტი ამოწურული აქვს პრემიერსაც და ამიტომ ის ახალ მინისტრს ვერ დანიშნავს“, - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.
პროლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ადმინისტრაციას ისღა დარჩა იხულიგნოს, აბუჩად აიგდოს კანონიც და კონსტიტუციაც.
„ძალიან მარტივი ფორმულაა, არ შეიძლება, მაგრამ - მინდა. ადმინისტრაციას ისღა დარჩა იხულიგნოს, აბუჩად აიგდოს კანონიც და კონსტიტუციაც. როდესაც ბავშვს ტირილი გასდის, ის უფრო ხმამაღლა იწყებს ტირილს, ასეთ ვითარებაშია ჩვენი ახალგაზრდა მთავრობა და ალბათ, არაერთხელ მოუწევს ამ ვითარებაში ყოფნა, თუ კონსტიტუციური გზით ლეგიტიმაცია დროულად არ იქნა დადასტურებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას თინა ხიდაშელის კანდიდატურას უკავშირებს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ვანო მაჭავარიანი, რომლის განცხადებით, მთავარსარდალსა და თავდაცვის მინისტრს შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა უნდა არსებობდეს და ამავდროულად, იხსენებს თინა ხიდაშელის რთულ ურთიერთობებს როგორც პრემიერთან, ისე პრეზიდენტთან. მისივე თქმით, მას, როგორც თავდაცვის მინისტრს, როგორც პიროვნული, ისე პოლიტიკურ დონეზე ყველა შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ ითანამშრომლოს პრეზიდენტთან და პრემიერთან.
„თუ გავითვალისწინებთ ქალბატონი თინას მხრიდან ბოლო დროს გაკეთებულ არაკორექტულ თუ ზედმეტ განცხადებას პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, ამ ეტაპზე ეს ძნელად წარმოსადგენია. ქალბატონი ხიდაშელი ხელდასმულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. მისი და ღარიბაშვილის ურთიერთობიდან გამომდინარე, გამორიცხულია ღარიბაშვილს ის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაესახელებინა. ბოლო პერიოდში ქალბატონმა ხიდაშელმა თავი დადო ივანიშვილის ადვოკატობაზე და მის მიმართ ერთგულების დამტკიცებაზე. ამას აკეთებდა არა როგორც რესპუბლიკელი, არამედ, როგორც პოლიტიკოსი, რომლის სურვილია, რაც შეიძლება ახლოს იყოს არაფორმალურ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან“, - აცხადებს მაჭავარიანი.
მისივე განმარტებით, ხიდაშელის გამინისტრება მოულოდნელი იყო რესპუბლიკელებისთვისაც, რადგან, ისინი ხიდაშელს არ ამზადებდნენ როგორც თავდაცვის მინისტრს.
„ისინი ფაქტის წინაზე დადგენ. სულ ახლახანს ქალბატონმა ხიდაშელმა იბძოლა იმისთვის, რომ გამხდარიყო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და უკვე შერჩეული კანდიდატი ბატონი ზვიად კაჭანტირაძე გვერდზე გაწიეს. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და ბიძინა ივანიშვილმა ხიდაშელი ამ თანამდებობით დაასაჩუქრა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვანო მაჭავარიანი.
ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ეს არის ერთგვარი საპარლამენტო გადატრიალება, რომელიც რესპუბლიკელების მონაწილეობითა და შესრულებით განხორციელდა.
„ჩვენ მომსწრენი გავხდით ერთგვარი საპარლამენტო გადატრიალების, რომელიც რესპუბლიკელების მონაწილეობითა და შესრულებით ვიხილეთ. ფაქტია, რომ რაოდენობრივად ძალიან პატარა ფრაქციამ შეძლო პარლამენტის მართვის სადავეების ხელში აღება. ეს ძალიან კარგი ჭკუის სასწავლი უნდა იყოს იგივე „ქართული ოცნებისთვის“. ფაქტობრივად, დღეს გვაქვს რეალობა, როცა ხარისხმა აჯობა რაოდენობას. და, თუ ხელისუფლება მომავალ საპარლამენტო სიასაც ამ პრინციპით დააკომპლეტქებს, ანუ აქცენტს გააკეთებს მორჩილებზე და არა მოაზროვნეებზე, ის აუცილებლად მომავალი პარლამენტის არჩევისთანავე დაემშვიდობება ხელისუფლებას“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.