ენერგოსისტემა ტარიფის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს

ენერგოსისტემა ტარიფის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს

დენის ტარიფის კორექტირების საკითხი 10 სექტემბრამდე უნდა გადაწყდეს. „ენერგო პრო“ და კიდევ რამდენიმე გენერაციის ობიექტი გაძვირებას ითხოვს, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი კი ამბობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე ლაპარაკი ნაადრევია. ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები აქვთ ენერგეტიკოსებსაც. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება ტარიფის გაზრდის თაობაზე სავსებით ლოგიკურია.

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, რეზო არველაძე ტარიფების გაზრდის მიზეზებზე საუბრობს. „ენერგო-პრო ჯორჯია“ და სხვა კომპანიები ელექტროენერგიას დოლარში ყიდულობენ, მერე კი გადასახადის სახით მიღებული ლარი ისევ დოლარებად უნდა აქციონ. დოლარი გაძვირდა, რის გამოც ისინი უფრო ძვირს იხდიან, ამიტომ გახდა საჭირო ტარიფის გაზრდა. ელექტროგადაცემამაც გააძვირა ტარიფი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის აშენების შემდეგ. რამდენად გაიზრდება ტარიფი, ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ როცა გაიზრდება, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შევაფასოთ, რამდენად ობიექტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - აღნიშნა რეზო არველაძემ.

არველაძე არ გამორიცხავს, რომ სექტემბრამდე ლარის კურსი კიდევ შეიცვალოს და ტარიფის კორექტირების პროცესში მთავრობაც ჩაერიოს.

„მარეგულირებელ კომისიას 150-დღიანი ვადა აქვს მიცემული საკითხის განსახილველად. საბოლოო პასუხი სექტემბერში გვეცოდინება. ისიც არ არის გამორიცხული, რომ ლარის კურსი სექტემბრამდე კიდევ შეიცვლება, ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია. ნოდარ ხადურიც ამბობს, რომ ლარმა შეიძლება სტაბილიზაცია განიცადოს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ეს „სტაბილიზაცია“ - ლარი გამყარდება და ძველ ნიშნულს მიუახლოვდება, თუ ახლანდელ დონეზე გაჩერდება?! აშკარაა, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ სხვაობის სუბსიდირება მთავრობამ იკისროს, რომ გაზრდილი გადასახადი მოსახლეობას უფრო მძიმე ტვირთად არ დააწვეს“, - აღნიშნავს რეზო არველაძე.

ტარიფის ცვლილებას არ გამორიცხავენ ენერგეტიკის სამინისტროში, თუმცა თუკი ბუნებრივ აირთან დაკავშირებულ გუშინდელ გადაწყვეტილებას მივიღებთ მხედველობაში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კალაძის უწყება დენის ტარიფსაც კბილებით დაიჭერეს.

„მოსახლეობის მომსახურებას ახდენს რამდენიმე კერძო კომპანია, მათ აქვთ სრული უფლება, განაცხადი შეიტანონ მარეგულირებელში (სემეკი) ტარიფთან დაკავშირებით, ხოლო მარეგულირებელი კანონით ვალდებულია საჯარო განხილვა დაიწყოს.

შეგახსენებთ რომ, ქვეყანაში არსებული არცერთი მარეგულირებელი კომისია არ იმყოფება მთლიანობაში მთავრობის, ან რომელიმე უწყების ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში - ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მუშაობა, საჯაროობა კანონით არის რეგულირებული. ენერგეტიკის სამინისტრო მაქსიმალურად უზრუნველყოფს სექტორში არსებული ყველა კომპანიის, დეველოპერის, ინვესტორის სტაბილურ, თავისუფალ და უსაფრთხო საქმიანობას ქვეყანაში. შესაბამისად, თუ რომელიმე კომპანიამ ვალუტის კურსის ცვლილების გამო მიიღო ზარალი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და არა აჟიოტაჟის საფუძველი“, - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

სრულიად სხვაგვარად აფასებს სიტუაციას ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის მეცნიერებათა დოქტორი მირონ ფირცხელანი. მისი თქმით, ამ სფეროში თამაშის წესებს ორი კომპანია ადგენს. „რეგიონებს ელექტროენერგიით „ენერგო-პრო ჯორჯია“ ამარაგებს, ხოლო თბილისს - „თელასი“. ფასებსაც სწორედ ეს ორი კომპანია ადგენს. ამ სიტუაციაში გამოდის ენერგეტიკის მინისტრი და წინასწარ აკეთებს განცხადებას იმის შესახებ, რომ ტარიფი უნდა გაიზარდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობას ტარიფის გაზრდა უკვე გადაწყვეტილი აქვს.

ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ „ენერგო-პრო“ ადრეც ცდილობდა ტარიფი გაეძვირებინა. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რა გალაპარაკებთ, ტარიფი ჯერ მომატებული არ არისო, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკა, რომ გაძვირებას ხალხის აღშფოთება არ მოჰყვეს“, - ამბობს მირონ ფირცხელანი „ბიპიენთან“ საუბრისას.

ენერგეტიკული პრობლემების განხილვისას ურთულეს ზამთარს წინასწარმეტყველებს ნაცმოძრაობა. მათი ეკონომიკური მიმომხილველი, დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ კომპანია „ენერგო-პრო“ ბაზრიდან საერთოდ გავიდეს იმიტომ, რომ კომპანია უკვე თვეებია წაგებაზე მუშაობს. ასევე წაგებაზეა „თელასიც“. ჯაფარიძის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სამინისტროსთან მოლაპარაკებები, რათა გადაიხედოს გაფორმებული მემორანდუმი და ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალი დაკომპენსირდეს.

ელექტორენრგიის ტარიფის გაზრდა, ჯაფარიძის თქმით, გარდაუვალია, სხვა შემხთვევაში, მომავალ ზამთარში დენი გაითიშება.

სემეკის ყოფილი ხლმძრვანელი გურამ ჩალაგაშვილიც ადასტურებს, რომ საქართვლოს ენერგოსისტემაში პრობლემებია მოსლოდნელი. მისი თქმით, ლარის გაუფასურების გამო, ენრგოკომპანიებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ და თუ ისინი ტარიფს არ გაზრდიან, მაშინ თავად ენერგოსისტემის მუშაობას შეექმნება პრობლემა,

ან ენერგო სისტემა დაინგრევა და 1990-იანებში დავბრუნდებით, ან ტარიფი გაიზრდება. ვითარება ელექტროენერგიის კუთხით რეგიონებში უკვე დამძიმდა და შუქის გათიშვა ავარიებს არ უკავშირდება. ვფიქრობ, ტყუილად ვართ მშვიდად. რეგიონებში უკვე ძალიან დიდი პრობლემებია. კომპანიები ნაკლები ზარალის ნახვას ცდილობენ და ხშირად ითიშება ელექტროენერგია. არ არის გამორიცხული, რომ ზამთარი რეგიონებში უშუქობაში გაატარონ“, - აცხადებს ჩალაგაშვილი.