სამთავრობო ცვლილებები და დიდი საპარლამენტო აჟიოტაჟი - ღარიბაშვილმა მთავრობა სასწრაფოდ ვერ წარადგინა და სახელისუფლებო კულუარებში უკვე დიდ სამთავრობო ცვლილებებზე, მათ შორის, მთავრობის ხელმძღვანელის შეცვლაზეც მიდის ლაპარაკი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი, უახლოეს მომავალში გამოჩნდება, თუმცა, რეალურად რისი შეცვლაა შესაძლებელი მინისტრების გამოცვლით და 2016 წლის არჩევნებამდე შესაძლებელია თუ არა სიტუაციის რადიკალურად შემობრუნება, ძნელად პროგნოზირებადია. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ექსპერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.
ვაჟა ბერიძე: ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული პოლიტიკურ სივრცეში არაფერი ხდება იმდენად, რამდენადაც ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ერთობ არასახარბიელო ფონზე, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალისთვის, ისე მოსახლეობისთვის. ვგულისხმობ ლარის გაუფასურების პროცესსა და იმ სირთულეებს, რის წინაშეც ქვეყანა დგას.
მაინც მიმაჩნია, რომ ნდობის ახალ მანდატს, მთავრობა პრობლემების გარეშე მიიღებს, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ამ მთავრობამ, პრემიერმა ღარიბაშვილმა და მართვაში სერიოზული წვლილის მქონე ივანიშვილმა შეცდომა დაუშვეს, როდესაც საზოგადოებრივი აზრი და საინფორმაციო სივრცე გადართეს განახლებული მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებაზე.
გვახსოვს, რა თავგამოდებით ცდილობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომ როგორმე პარლამენტში მიეყვანათ ეკონომიკური გუნდის წევრები, რათა მათთვის ხელსაყრელი და სასურველი შოუ დაედგათ, ეფექტური სვლებით მორიგი პოლიტიკური ქულები დაეგროვებინათ. მაშინ მათ ეს ვერ შეძლეს, რადგან მმართველმა კოალიციამ ამას დაუპირისპირა საკომიტეტო განხილვები თბილისში.
დღეს კოალიციამ ხონჩით მიართვა ტრიბუნა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ სავალუტო კრიზისის ფონზე. იმ ფონზე, როდესაც პრემიერს ხელახლა სჭირდება თავისი სამოქმედო სტრატეგიის წარდგენა, ნაციონალებს უპრობლემოდ შეეძლებათ მათთვის სასურველი მასკარადების მოწყობა და საინფორმაციო სივრცის დაპყრობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ იმ ორი მინისტრის შეცვლა, რომელიც თითქოსდა, საკუთარი სურვილით გადადგნენ, სრულიად არ იყო საჭირო. მითუმეტეს, რომ ეს ორი კონკრეტული მინისტრი კარგ მენეჯერად მიმაჩნია.
მთელ ამ პროცესში კარგია ის, რომ მიუხედავად გაცხადებული ლიდერებისა, ეს ყველაფერი ხდება ანტიკორუფციული ტენდენციის გამყარების ფონზე - ვგულისხმობ, იმ რამდენიმე მინისტრის შეცვლას, რომელიც ასეთ ღონისძიებებს გადაყვნენ - მაგალითად, ნოდარ ჯავახიშვილის დანიშვნით ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე სხვა მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯსაც ნიშნავს, რადგან ამით ხაზი გაესვა, რომ კორუფციასთან მიმართებაში ურყევია მმართველი ძალის და ივანიშვილის ნება.
ფაქტია, რომ ეს არის ამ ხელისუფლების მანევრი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რა შედეგზეა გათვლილი? ნუთუ ეკონომიკური პრობლემებიდან ყურადღების გადართვის სხვა გზა არ მოიძებნა?
- თუ ეს მანევრია, არ ვფიქრობ, რომ ის კარგად გათვლილი და აწონილ-დაწონილია და შედეგზე ორიენტირებული. ის საპარლამენტო ორომტრიალი, რაც ამ სიტუაციას მოჰყვება, ვფიქრობ, რომ მმართველი გუნდისთვის პოლიტიკური სარგებლის მომტანი არ იქნება.
ყველაზე სენსიტიური თემა, სავარაუდოდ, ლარის კურსს დაუკავშირდება. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოახერხებს ეკონომიკური გუნდი დამტკიცოს, რომ ასეთი სიტუაცია მეზობელ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გაუფასურების შედეგია და არა მისი უნიათობის? სხვათა შორის, ეჭვები არსებობს ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკური მოსაზრებით სულაც საბოტაჟი ხომ არ მოაწყო?
- ეს თემა კარგა ხანია, საკმაოდ სერიოზული განსჯის საგანია. თითქმის აღარავინ აღარ დავობს, რომ პროცესი უპირატესად საგარო ფაქტორებით იყო გამოწვეული და ამაზე საქართველოს მთავრობას ზეგავლენის მოხდენა არ შეეძლო. თუმცა, ლარის გაუფასურების თემას საშინაო ასპექტიც გააჩნია და ის მომემნტები, რომელიც მთავრობის კომპეტენციას მიეკუთვნება - ინვესტიციები, ექსპორტის გაზრდა, ბიუჯეტის ხარჯების შემცირება და ა.შ. - ამ კუთხით მთავრობას ვერ ვუსაყვედურებთ, რადგან ის საკითხებია, რაც ერთ და ორ თვეში არ წყდება და მთავრობის ბრალეულობის ხაზგასმა გაზვიადებულია.
თუ ეროვნული ბანკის ფუნქციებს შევხედავთ, მიმაჩნია, რომ ეროვნული ბანკის და მთავრობის შეთანხმებულ მოქმედებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და თუ ბრალეულობის ხარისხზე ვისაუბრებთ, სადღაც 50/50-ზეა ეროვნული ბანკის და მთავრობის ბრალეულობა.
გარდა ამისა, საკმაოდ მნიშვნელოვანია პერსონალური ფაქტორიც - ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ვგულისხმობ. ის არის და როგორც ჩანს, დღემდე რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის წევრად - აქვს ისეთი პოზიციები, რომელიც ყველა რაკურსით „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს. მისი ქმედებები ყოველთვის დაგვიანებულია და შემდეგ თავის მართლებას ცდილობს - რეფინასირებისა განაკვეთის შეცვლა თუ ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების გამოყენება დაგვიანებით ხდება, რაც ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.
რამდენად არის ასეთი ქმედებები საბოტაჟის შემცველი, ამაზე საუბარი კონკრეტული ფაქტების გარეშე ძნელია, მაგრამ სერიოზული წანამძღვრები არსებობს ასეთი მსჯელობისთვის.
როდესაც ასეთი სერიოზული ეჭვები არსებობს და ამასთან, ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე - კულისებში, როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი - ანუ ამდენი პასუხისმგებელი პირია, არ უნდა აეღო საკუთარ თავზე ერთ-ერთ მათგანს მაინც, რომ მოეკვლიათ ეროვნული ბანკის საქმიანობა? თუ მისი ქმედებები ეჭვს აჩენს და ივანიშვილი მუდმივად საუბრობს ამაზე, ბოლოს და ბოლოს, იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება შეუძლებელი იყო?
- კოალიცია, რომელიც მართავს ქვეყანას, საკმაოდ სუსტი და მყიფე გაერთიანებაა - ისეთი პოლიტიკური სუბიექტები არიან შეკრებილი, რომელთაც ერთმანეთთან საერთო ბევრი არ აქვთ. აქედან გამომდინარე, უჭირთ მყისიერი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა. მეორე მხრივ, ისიც ცხადია, რომ შიდა კოალიციური მოქმედების რეჟიმი ჩამოყალიბებული არ არის. აბსოლუტურად გაუგებარია და რამდენადაც ვიცი, სრულიად არ არსებობს გადაწყვეტილების მიღების რაიმე სისტემა და ა.შ. რაც მთავრობის დაკომპლექტების წესზე, საპარლამეტო კონტოლის დამყარებაზე და სხვა მომენტებზე აისახება.
გარდა ამისა ივანიშვილი, რომელმაც დიდი როლი უკვე შეასრულა ქვეყნის ცხოვრებაში, ერთგულია თავისი მრწამსის და მიაჩნია, რომ მხოლოდ დემოკრატიული მეთოდებით უნდა იმართებოდეს ქვეყანა - ინსტიტუტების გამოყენება სასურველი პოლიტიკური შედეგის მისაღებად დაუშვებელია - დიდი ხნის განმავლობაში სასამართლოს ხელმძღვანელობდა სააკაშვილის მეგობარი, თანამებრძოლი, ფიქტიურად უპარტიო კოტე კუბლაშვილი და მას მიცა საშუალება დაესრულებინა თავისი ვადა. ამან დასავლელი მეგობრების მოწონება გამოიწვია და მგონია, რომ მსგავსი პოზიცია არსებობს ეროვნულ ბანკთან მიმართებაშიც.
საინტერესოა, თუ ლარი ისე გაიქცა, რომ სავალუტო რეზერვების გამოტანამაც არ უშველა, რა უფრო უარესი შედეგის მომტანი იქნება, ქადაგიძის გაშვება თუ არგაშვება?
- მმართველ კოალიციას აქვს შესაბამისი ბერკეტები, რომ მიაღწიოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაყენებას, ამისათვის არსებობს როგორც ფაქტობრივი მასალა, ისე პოლიტიკური მოტივები, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებული ბერკეტების გამოყენება ამ შემადგენლობის პარლამენტს გაუჭირდება სასურველი შედეგის მისაღებად.
როდესაც ამდენი მინისტრი შეიცვალა, ეკონომიკური მდგომარეობა არასახარბიელოა და პერსპექტივაც ნაკლებად ჩანს, შეიძლება ითქვას, რომ მთავრობამ ცუდად იმუშავა? როგორ ფიქრობთ უმტკივნეულოდ ჩაივლის ახალი მთავრობის დამტკიცების საკითხი?
- მთავრობას აქვს თავისი პასუხისმგებლობის საკითხები, აქედან გამომდინარე, იქნება მის მიმართ პრეტენზიები, კრიტიკა, შენიშვნები როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასე ოპოზიციის მხრიდან - ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებაში ასეთი მოლოდინები არსებობს.
როდესაც რადიკალურად იცვლება ავტორიტარული რეჟიმი, დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობის პირობებში ძალიან ძნელია მართვის ახალ მოდელზე გადასვლა, ახალი პოლიტიკური ძალისათვის, მითუმეტეს, როდესაც სახელისუფლებო კოალიციაც მყარი არ არის.
სააკაშვილის მემკვიდრეობის შედეგს ვიმკით, როდესაც საპრეზიდენტო მმართველობიდან მართვის გაურკვეველ მოდელზე გადაგვიყვანა - საპარლამენტო მმართველობაც არის, ძლიერი პრემიერიც (ამ პოსტს თავისთვის იმზადებდა) და ხალხის მიერ არჩეული, ფაქტობრივად, უფუნქციო პრეზიდენტიც. ასეთ სიტუაციაში ძალიან ძნელია, ეფექტური მთავრობა დააკომპლექტო, რომელიც თავს გაართმევს იმ სიძნელეებს, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას. ეს არის პრობლემა და არა პერსონალიები.
აბა რატომ შეცვალეს ამდენი მინისტრი, რისთვის იყო ეს საჭირო?
- ადრე უფრო ხშირად იცვლებოდნენ მინისტრები. ახლა ეს პროცესი შედარებით შენელებულია და სიმართლე გითხრათ, არც არის სასურველი. როდესაც ადამიანს გარკვეული სფეროს მართვას ანდობ, დროც უნდა მისცე საქმის გასაკეთებლად - ორი-სამი წელი მაინც არის საჭირო. ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ მყისიერად შეცვალოს ყველაფერი.
მომავალ კვირაში დაგეგმილია საკმაოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებები. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ასეთი ცვლილებები სწორედ ახლა, კონკრეტული, საკმაოდ არგუმენტირებული მიზეზი არ უნდა არსებობდეს?
- ერთი მხრივ, შეცდომად მივიჩნევ მთავრობისთვის ხელახალი ნდობის დაყენების საკითხს, მაგრამ რეალური მიზეზი ვფიქრობ, მხოლოდ ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა იციან. რეალურად კი მგონია, რომ ასეთი ცვლილებებით სერიოზულ დივიდენდებს ვერავინ მიიღებს.