„რიგის სამიტთან დაკავშირებით, მოლოდინი გაზვიადებული იყო“

„რიგის სამიტთან დაკავშირებით, მოლოდინი გაზვიადებული იყო“

რიგის სამიტამდე ცოტა დრო რჩება, ქართული მხარის ნაწილი ევროპელი ლიდერებისგან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას ელოდება, მეორე ნაწილი კი, გაზვიადებულ მოლოდინზე აპელირებს.

პოლიტიკურ დღის წესრიგში რიგის სამიტის თემა „რადიო თავისუფლების“ სტატიამ გაააქტიურა, რომელსაც პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. „რადიო თავისუფლება“ იუწყება, რომ რიგის სამიტმა შესაძლოა, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას იმედი გაუცრუოს, უმრავლესობა კი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციის პროექტი, რომელიც რიგის სამიტისთვის მომზადდა, ყოველ დღე იცვლება.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ძალიან ცოტა კარგ ამბავს მოიცავს და ის სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას უკვე დაეგზავნა.

„ეს სამი ქვეყანა, რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმეს, იმედოვნებდნენ, რომ რიგის სამიტზე ევროპა მათ მისწრაფებებს ერთ დღეს ბლოკში გაწევრიანების შესახებ აღიარებდა, თუმცა, დოკუმენტში ძალიან მცირე მინიშნებაა იმისა, რომ ეს მოხდება“, - აღნიშნულია „რადიო თავისუფლების“ სტატიაში, რომელსაც პარლამენტის ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი გამოეხმაურა.

როგორც for.ge-ს ხიდაშელმა განუცხადა, მან არ იცის, ვინ რა ტექსტზე საუბრობს, თუმცა, როგორც ჩანს, საუბარია ტექსტის თავდაპირველ ვერსიაზე.

დეპუტატის ინფორმაციით, მას უკვე ორი ტექსტი აქვს ნანახი და ის ყოველ დღე იცვლება.

„გუშინ საღამოს, კონსულტაციების შედეგად იმ ტექსტში ბევრი რამ შეიცვალა. მომავალ კვირას, ჩვენი მთავრობის წევრები ევროპაში მიემგზავრებიან, დავით ბაქრაძე კი, თვითმფრინავიდან არ ჩამოსულა და რამდენიმე ქვეყანაში თავის კოლეგებთან კონსულტაციებს მართავს. მთავარია, ამ პროექტებშიც ბოლომდე იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან არანაირი პრეტენზია, შენიშვნა და წინააღმდეგობა არ აქვთ. საუბარია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე და უიმედოდ არ ვარ განწყობილი. პირიქით, ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - აცხადებს ხიდაშელი.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ ქართული მხარე რიგის სამიტზე მიიღებს იმას, რის მიღებასაც ქვეყანას ჰპირდებოდნენ.

ჯაფარიძის პროგნოზით, სამიტზე მიღებული არ იქნება რაღაც მოულოდნელი, გარღვევის დონის გადაწყვეტილება.

„იქ იქნება ის შეფასება, რაც ამ სამიტზეა დაგეგმილი. ის იქნება ტექნიკური ხასიათის სამიტი, სადაც იმ პროგრესის დაფიქსირება და შეფასება მოხდება, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია და ამაზე ყველა საუბრობს. დაფიქსირდება ის, რომ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველომ პირველი-მეორე ფაზა გაიარა, რომელიც დასრულებულია. იქნება გაკეთებული ტექნიკური შეფასებები“, - განუცხადა for.ge-ს ჯაფარიძემ, რომელიც ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე რუსეთის მხრიდან განხორიელებულ ზეწოლას გამორიცხავს.

კანონმდებელის შეფასებით, რიგის სამიტის მოსალოდნელ შედეგებს საშინაო პოლიტიკის, ან პოლიტიკანობის ელფერი გადაკრავს.

„მოლოდინი გაზვიადებული იყო და ამაში გარკვეული წვლილი ჩვენი ხელისუფლების წევრებს მიუძღვით, რომლებიც ამაში ჩართულები არიან. ეტყობა, საზოგადოებისთვის უფრო მარტივ ენაზე უნდა აგვეხსნა - თუ რას ველოდებოდით, რა მოხდებოდა. გაზვიადებული საუბრები იყო, რადგან რიგაში მივიღებთ იმას, რის მიღებასაც ვაპირებდით და შემდეგ გავაგრძლეებთ სვლას ევროპისაკენ“, - დასძინა ჯაფარიძემ, რომლის მსგავსად, ნაციონალი დავით დარჩიაშვილი გამორიცხავს, რომ ევროპელებზე გავლენა რუსეთმა მოახდინოს.

დარჩიაშვილის მოსაზრებით, საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მიცემის ვადებთან დაკავშირებით, თვითონ ევროსტრუქტურებში არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული აზრი, ხოლო ჩვენმა მთავრობამ მუშაობა დააკლო.

„რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობას 24 საათიან რეჟიმში უნდა ემუშავა არა მარტო ბრუსიელში, არამედ ყველა დედაქალაქში, რომ მკაფიო გზავნილი ყოფილიყო ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გაკეთებული, რაც არ მომხდარა“, - განუცხადა for.ge-ს დარჩიაშვილმა.

„თავისუფალი დემოკრატები“ მთავრობას გააქტიურებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ქართულმა მხარემ დედაქალაქებთან მუშაობა აქტიურად უნდა გააგრძელოს. როგორც for.ge-სთან საუბარში დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, მისი გუნდი იმ პროცესს დეტალურად უყურებს, რომელიც რიგის სამიტს წინ უსწრებს.

ჩიქოვანის განმარტებით, საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაცია რომ მიიღოს, საფინალო რეზოლუციაში უნდა იყოს აღწერილი და მითითებული საქართველოს ევროპული პერსპექტივა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, გავრცელებული ინფორმაციები და სხვადასხვა წყაროები მიუთითებენ იმაზე, რომ შესაძლებელია, რიგის სამიტის შედეგები შეზღუდული იყოს და ისეთი მოცულობითი არ იყოს, როგორსაც ქართული მხარე ელოდებოდა.

„ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი ნორმალურად წავა, მაგრამ შედეგებს დაველოდებით და ხელისუფლების საქმიანობაზე კომენტარს შემდგომ გავაკეთებთ. მთავრობას მოვუწოდებთ, რომ დედაქალაქებთან მუშაობა აქტიურად გააგრძელოს და ევროპელ პარტნირებთან იმუშაოს. როდესაც ლარის კურსთან დაკავშირებით, არანაირი სტრატეგია არ გაქვს, შესაძლებელია, რიგის სამიტზეც არ იყოს სტრატეგია“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ რიგის სამიტი 21-22 მაისს გაიმართება და ქართული მხარე აცხადებდა, რომ საქართველო ვიზა-ლიბერალიაზციას მიიღებდა.