„უპასუხისმგებლო უმრავლესობა ასეთივე უპასუხისმგებლო მთავრობას დაამტკიცებს“

„უპასუხისმგებლო უმრავლესობა ასეთივე უპასუხისმგებლო მთავრობას დაამტკიცებს“

მმართველი გუნდი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას აპირებს, „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერი-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდს უნდობლობას უცხადებს, „თავისუფალი დემოკრატები“ კი, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებენ ქვეყნის არაფორმალურ მმართველობას თავი დაანებოს და ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

ოპოზიციის მსგავსად, მთავრობის ხელმძღვანელად ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას უმრავლესობის ნაწილიც მიესალმება, მეორე ნაწილი კი, ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ საქმიანობაზე აპელირებს და მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის დამტკიცებისთვის 76 დეპუტატის მობილიზაციას ახდენს.

პარლამენტი მინისტრობის კანდიდატებს როდის მოუსმენს, თარიღი არ კონკრეტდება, თუმცა, აღინიშნება, რომ შესაძლოა, მთავრობა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირის შაბათ-კვირას წარსდგეს.

დეპუტატებს საკუთარ გუნდს ირაკლი ღარიბაშვილი პირადად წარუდგენს და ის სამთავრობო პროგრამაზეც ისაუბრებს, თუმცა, მას ყველაზე მეტი პასუხი გასაცემი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე ექნება, რადგან ოპოზიცია ეკონომიკური გუნდის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს.

უმრავლესობა ირწმუნება, რომ პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური გუნდის გადახალისებას არ აპირებს და პირიქით, ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართავს, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს.

მთავრობის ხელმძღვანელი მთავრობის დამტკიცებას უახლოეს მომავალში ითხოვს და მიზეზად EBRD-ის შეხვედრას ასახელებს, ოპოზიცია კი, უმრავლესობას მოუწოდებს მინისტრთა კაბინეტი დაჩქარებული წესით არ დაამტკიცოს.

როგორც for.ge-სთან საუბარში ნაციონალი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, ქვეყანა ყველა მიმართულებით სერიოზულ უკუსვლას განიცდის და ამ ფონზე მთავრობის წევრების და პრემიერის თავმომწონე განცხადებები, რომ ყველაფერი კარგად არის, სასაცილოდ ჟღერს.

დეპუტატის შეფასებით, მთავრობა ცდილობს, რომ პრობლემებს თავი აარიდოს, ეკონომიკურ ვითარებაზე თვალი დახუჭოს და ყველაფერი ნათელ ფერებში წარმოაჩინოს, თუმცა, პრობლემები უფრო და უფრო მძიმდება.

„მინისტრები ნებისმიერ მიზეზს ეძებენ იმისათვის, რომ პოლიტიკური ფლანგიდან გაიპარონ. ისინი ხან ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებენ, ხან ოჯახთან ურთიერთობაზე საუბრობენ. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში სერიოზული სამთავრობო კრიზისია და ეს სამთავრობო კულუარებშიც იგრძნობდა. ამ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარია პრემიერის თხოვნა, რომ მთავრობის დამტკიცება სასწრაფოდ მოხდეს. რატომ ჩქარობენ? მთავრობამ ის მაინც უნდა განსაზღვროს, რომ პროგრამაში ცვლილებები შეიტანოს იმ რეალობების გათვალისწინებით, რაც ქვეყანაშია“, - აცხადებს ბეჟაშვილი, რომლის გუნდიც მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს.

თანაგუნდელის მსგავსად, მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი სერგო რატიანი, რომელიც for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ისეთი მდგომარეობაა, როდესაც უმრავლესობამ არსებული ვითარება არ უნდა აღიქვას როგორც მარცხი.

კანონმდებელის თქმით, უმრავლესობას იმის კომპლექსი არ უნდა ჰქონდეს, აღიაროს, რომ ის რასაც ნაციონალები ითხოვდნენ, შესრულდა.

„მათ ეს უნდა მიიღონ როგორც შესაძლებლობა, რადგან ეს ბერკეტია პარლამენტისთვის, რომ პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს და გაჯანსაღდეს. ორი წლის მანძილზე, სამარცხვინო ვითარება ჩამოყალიბდა, რადგან არაფორმალური მმართველი გვყავს. ეს დემოკრატიული ქვეყნისთვის სრული ეროზიაა, რაც საკმაოდ მძიმე შედეგებს მოიტანს. მაფიოზური-ოლიგარქიული მმართველობა ყველა სფეროს სერიოზულ პრობლემას უქმნის და ეს უნდა დავამთავროთ“, - აცხადებს რატიანი, რომლის მსგავსად, არაფორმალურ მმართველობაზე აქცენტირებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე.

for.ge-სთან საუბარში გოგუაძე აღნიშნავს, რომ მთავრობა ნდობის გამოცხადებას სწორედ იმიტომ ჩქარობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს არც პარლამენტი და არც მთავრობა.

გოგუაძის მოსაზრებით, უმრავლესობა მთავრობას დაამტკიცებს, რადგან მათ ასეთი მითითება აქვთ მიღებული.

„მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე დაჩქარებული წესით მსჯელობა იმაზე მიუთითებს, რომ ამ მორჩილ უმრავლესობას არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს საკუთარი მოსახლეობის წინაშე. ისინი იმ ეკონომიკურ კრიზისს თვალს არ უსწორებენ, რომელშიც სახელმწიფოა ჩავარდნილი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს უპასუხისმგებლო უმრავლესობა ასეთივე უპასუხისმგებლო მთავრობას დაამტკიცებს“, - აცხადებს გოგუაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღოს და ქვეყნის ოფიციალური მმართველი გახდეს.

ოპოზიციისგან განსხვავებით, უმრავლესობა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის ნიშნებს ვერ ხედავს. for.ge-სთან საუბარში „კონსერვატორების“ წევრი გიგა ბუკია აცხადებს, რომ მისი გუნდი მთავრობას ნდობას გამოუცხადებს, ვინაიდან ხელისუფლება ერთგულია ყველა იმ დანაპირების, რაც წინასაარჩევნოდ „ქართულმა ოცნებამ“ გასცა.

ბუკიას განცხადებით, ღარიბაშვილი ნიჭიერი მენეჯერი და სწორი მმართველია, ხოლო ძლიერი მმართველის დრო ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა, როცა ქართველმა ხალხმა „ძლიერი მმართველი“ შეცვალა.

„თუკი როდესმე ალასანიას გუნდს საკუთარი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიუღია, გამოვიდნენ და თქვან. ვერცერთი მათგანი ვერცერთ ფაქტს ვერ დაასახელებს. ძალიან ცუდი ნიშანია, როდესაც ერთ ადგილას ხარ, კარგად იცი, როგორი რეალობაა და მოგვიანებით, სიცრუეს ამბობ. ეს სწორი პოლიტიკური ნაბიჯი არ არის. ლარის კურსი პრობლემაა, მაგრამ ეს გარე ფაქტორებიდან გამომდინარეა, რადგან მსოფლიოში ეკონომიკური მიწისძვრა მოხდა. საქართველო ცალკე ვერ დარჩებოდა“, - დასძენს ბუკია, რომლის მსგავსად, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებს გარე ფაქტორებს უკავშირებს.

როგორც for.ge-ს ტყემალაძემ განუცხადა, მმართველი გუნდი მინისტრთა კაბინეტს ნდობას გამოუცხადებს. მისი ინფორმაციით, პარლამენტს მინისტრების მოსმენისთვის ოთხი დღე ექნება.

„არავითარ არაფორმალურ მმართველობას ადგილი არ აქვს. ივანიშვილი მთავრობას სათავეში ჩაუდგება თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია. ამის საწინააღმდეგო არაფერი მექნებოდა. რაც შეეხება ღარიბაშვილს, ის სერიოზული პიროვნება გახლავთ და მიმაჩნია, რომ კარგი მმართველია. ეკონომიკური პრობლემები და ლარის კურსი ყველა ქვეყანაშია. ევრომ დოლართან პოზიციები დათმო და ე.ი. თქვენი ლოგიკით, ცუდი მმართველები ევროპაშიც ყოფილან. ამ საკითხზე ამის მიბმა არასწორია. ეკონომიკურ გუნდში ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ“, - დასძენს ტყემალაძე, რომლის მსგავსად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი მოადგილე გედევან ფოფხაძე აცხადებენ, რომ მთავრობას ნდობას გამოუცხადებენ.

for.ge-სთან საუბარში ბესელია ირწმუნება, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არ არის და თუკი ივანიშვილი დაბრუნდება, ამას მიესალმება. ფოფხაძე კი აღნიშნავს, რომ ქვეყანას პროფესიონალური მთავრობა ჰყავს.

ფოფხაძის განცხადებით, მას მინისტრთა გარკვეული ნაწილი გამოკვეთილ პიროვნებებად და ლიდერად მიაჩნია.

„ჩემი ფავორიტები მინისტრები მყავს, მაგრამ კმაყოფილი საკუთარი თავით არ ვარ და სხვისი მუშაობითაც ვერ ვიქნები. თვითკმაყოფილი ხალხი არ მიყვარს და კმაყოფილებაზე საუბარი უხერხულია“, - დასძინა ფოფხაძემ.

კონსტიტუციის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი განახლებულ მინისტთა კაბინეტს პრეზიდენტს წარუდგენს, ქვეყნის პირი მთავრობას დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს, საკანონმდებლო ორგანო კი, საკითხზე იმსჯელებს და მთავრობას ნდობას მინიმუმ 76 ხმით უცხადებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცედურები ვადამდელ არჩევნებემდე არის გაწერილი.