ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ჟურნალისტებს საყვედურობს „მედიაში დაუზუსტებელი ინფორმაციის“ გავრცელებისთვის - თითქოს, მთავრობას უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვს და, რომ ქვეყნას პრემიერ-მინისტრი არ ჰყავს. როგორც კობახიძე აცხადებს, 2013 წლის საშემოდგომო სესიაზე კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, მთავრობის ერთი მესამედით განახლების შემთხვევაში პარლამენტმა ხელახლა გამოუცხადოს ნდობა მთავრობას, რომელიც არ ნიშნავს მთავრობის მეთაურის გადადგომას.
გაგრძელდება თუ არა სამთავრობო ცვლილება და რა შემთხვევაში გაიმართება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მანანა კობახიძეს ესაუბრა.
მთავრობის ერთი მესამედი შეიცვლა, ადასტურებს, რომ ეს არის სამთავრობო კრიზისი?
- სამწუხაროდ, მთელი დღეა არასწორ განმარტებებს ვისმენ. ალბათ, საჭიროა, რომ ამ შემთხვევაში, მედიის მხრიდანაც კითხვები სწორად იქნას დასმული და საზოგადოებას სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში ვიტყვი, რომ მთავრობის შემადგენლობის განახლება ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. მინისტრების ცვლილება ყველა დემოკრატულ ქვეყანაში ხდება და ამას არავითარი კავშირი არ აქვს სამთავრობო კრიზისთან. კრიზისია მაშინ, როდესაც მთავრობა კარგავს უმრავლესობას პარლამენტში, როდესაც მთავრობასა და პარლამეტს შორის არის დაპირისპირება და ა.შ. ასეთი ვითარება ქმნის საფუძველს ვისაუბროთ სამთავრობო კრიზისზე. როდესაც საკუთარი სურვილით მიდის მინისტრი, ან პრემიერი გადააყენებს, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია.
ყოველდღიურ რეჟიმში მინისტრების ცვლილება მიგაჩნიათ, რომ ნორმალური პროცესია?
- პრემიერს ჰქონდა უფლება, რომ ერთდროულად შეეცვალა მთავრობის ერთი მესამედი და ხელახლა მოემართა პარლამენტისთვის ნდობის მოპოვების მიზნით. შეიძლება ერთ დღეში მომხდარიყო ყველა ცვლილება. უბრალოდ, ამ ორი მინისტრის შემთხვევაში სხვა ვითარება შიქმნა. შავლიაშვილის შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო წინაპირობა, ხოკრიშვილის შემთხვევაში კი საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად ყოფნის სურვილი. რაც შეეხება ლევან ყიფიანს, გარკვეული წინააღმდეგობა იყო სპორტის კომიტეტსა და მინისტრს შორის, რისი დამალვა არავის უცდია. საუბარი იმაზე, რომ მთავრობა დაიშალა, მთავრობა გადადგა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
მთავრობის ერთი მესამედის შეცვლა, არ იწვევს მთავრობის გადაგომას?
- არა.
მაგრამ, არსებობს კონსტიტუცია, რომელიც ამბობს, რომ მთავრობის ერთი მესამედის შეცვლა, ავტომატურად იწვევს მთვარობის გადადგომას...
- გადადგა სამი მინისტრი, მაგრამ ვაკანსია არის მხოლოდ ორ შემთხვევაში. რადგან ინფრასტრუქტურის მინისტრი უკვე გვყავს, სხვა მინისტრები ადგილზე რჩებიან, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვეულებრივად ახორციელებს თავის უფლებამოსილებას. პრემიერ-მინისტრის შეცვლას არავინ აპირებს. მთავრობა მუშაობს და აქ არც მოვალეობის შესრულებაზე არ არის საუბარი, არამედ ისინი მთავრობის სრულუფლებიანი წევრები არიან. ვაკანტურია ორი თანამდებობა და პრემიერის ექსკლუზიური უფლებაა, რომ დანიშნოს ახალი მინისტრები და ამის შემდეგ, პრეზიდენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა ნდობის მისაღებად უნდა წარმოგვიდგინოს პარლამენტში.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ცვლილება, რომ მთავრობის ერთი მესამედით განახლების შემთხვევაში პარლამენტმა ხელახლა უნდა გამოუცხადოს ნდობა მთავრობას, ეს ცვლილება კონსტიტუციაში ჩვენ შევიტანეთ 2013 წლის საშემოდგომო სესიაზე და ეს არ ნიშნავს მთავრობის მეთაურის გადადგომას. ეს ცვლილება მიანიშნებს იმას, რომ დღევანდელი პარლამენტი განსხვავებულია წინა მოწვევის პარლამენტისგან. ნუ დავინახვათ ცუდს, პირიქით, დავინახოთ პროგრესი, რადგან ნებისმიერი განახლება უნდა ემსახურებოდეს პროგრესს, რომელიც მიმართული უნდა იყოს რეფორმების დაჩქარებისკენ.
ლარის კურსს თუ გადავხედავთ, ქვეყნის პროგრესისთვის რა უფრო მნიშვნელოვანი იყო სპროტის და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომა, თუ ეკონომუკური გუნდის?
- ასე ნუ დავაკავშირებთ ერთმანეთს. ადამიანები წავიდნენ თავისი სურვილით. ისინი პრემიერს არ გადაუყენებია იმიტომ, რომ მოვალეობას არ ასრულებდნენ. ბუნებრივია, ლარის კურსი და ეკონომიკა კავშირში არ არის სპორტთან და გარემოს დაცვასთან, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს გადადგომები მოხდა საკუთარი სურვილით. მე ზოგადად ვამბობ, რომ ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. ნებისმიერი ცვლილება მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ რეფორმები გაგრძელდეს შესაბამის ფარგლებში.
მთავრობას ტოვებენ ის ადამიანები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრებად მოიზრებიან, ეს არ არის ღარიბაშილის შესუსტების მცდელობა?
- ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა, რომლესაც სამწუხაროდ, ექსპერტები იმეორებენ და ზოგჯერ ჟურნალისტებიც ავრცელებენ.
რა კავშირშია ნაციონალების რიტორიკა ამ ფაქტთან, როდესაც ეს პროცესი დაიწყო ზვიად ჯანყარაშვილით, მას მოჰყვა შს მინისტრი, შეიცვალა უწყების თითქმის ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის შეიცვალა ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობა, განთავისუფლდა ყველა ის მაღალჩინოსანი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ იყო მოყვანილი...
- რადგან ჯანყარაშვილი ახსენეთ, ზუსტად, ჯანყარაშვილის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანია პირდაპირ ემსახურება პრემიერ-მინისტრის, მთავრობის და ხელისუფლების დისკრედიტაციას, ეს არის სწორედ ნაციონალების დღის წესრიგი. მიმდინარეობს ამ ადამიანის დისკრედიტაცია და რაღაცა აბსურდული ბრალდების წაყენება, ამიტომ მიმართა მან პროკურატურას და სასამართლოს. ეს ადამიანი ითხოვს დაიდოს ფაქტები. ყველაფრის ჯანყარაშვილთან დაკავშირება ეს არის ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მცდელობა, რაც არის კონკრეტული ძალის მიზანი.
თურმე მთავრობა აღარა ჰყავს ქვეყანას, თურმე დაიშალა ეს მთავრობა, ვინც ამას ამბობს და წერს, ვურჩევ წაიკითხოს კონსტიტუცია, ეს არასწორი ინტერპრეტაციაა, რომელიც აბნევს საზოგადოებას. გარდა ამისა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ აღიქვამენ ასეთი სახის მესიჯებს უცხოეთში ჩვენი მოკეთეები თუ არააკეთილმოსურნეები. რატომ უნდა შექმნა რაღაცა დესტაბილიზაციის ფონი, რომ თურმე ქვეყანაში რაღაცა აირ-დაირია?!
არ თვლით, რომ თვითონ მთავრობა უწყობს ხელს ამგვარ პროცესებს, ამ ყოველდღიური გადადგომებით და განცხადებებით?
- როდესაც მედია ავრცელებს ასეთ ინფორმაციას, რომ მთავრობა დაიშალა და ქვეყნას მთავრობა არ ჰყავს, რას ნიშნავს ეს? ყველაზე უფრო დემოკრატიულ ქვეყანაში, შვედეთში საპარლამენტო არჩევნები 4 თვის განმავლობაში 2-ჯერ ჩაატარეს. ვინმე იტყვის, რომ შვედეთში ქვეყანა ინგრევა და მთავრობა არ ჰყავს ამ ქვეყანას? ასეთი პროცესები მიდის ყველა ქვეყანაში, ვიღაცა ავადმყოფობის გამო გადადგა, ვიღაცა ოჯახური პრობლემის გამო, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს იმად, რომ მთავრობა დაიშალა.
მიმდინარე პროცესები გამორიცხავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების გამართვას? შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა არ გამორიცხა ამის შესაძლებლობა...
- ზოგადად, ცხოვრებაში არაფერი გამორიცხული არ არის და მით უმეტეს პოლიტიკაში, მაგრამ არანაირი ვადამდელი არჩევნები არ იგეგმება. ჩვენ არ გავქვს იმის ფუფუნება, რომ სამ წელიწადში ერთხელ ვატაროთ არჩევნები, ამას თავისი ვადები და წესები აქვს. თუ ვინმეს გონია, რომ არჩევნების ჩატარებით ლარის კურსი გამყარდება, ეს სრულიად არასწორი მიდგომაა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ორ ახალ მინისტრს დაამტკიცებს პარლამენტი და ნდობას გამოუცხადებს მთვარობას, უკვე განახლებული მთავრობის შემადგენლობის დატოვება მოუწევს თავდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, მათ შორის საუბარია საგარეო საქმეთა მინისტრზე. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
- მე ვისურვედი, რომ საკადრო ცვლილება ამით ამოიწუროს, რადგან ასეთი ცვლილება გარკვეული დესტაბილიზაციის განცდას უჩენს ჩვენს საზოგადოებას. ბუნებრივია, ვისურვებდი, რომ ნდობაგამოცხადებული მთავრობა დარჩეს არჩევნებამდე.