სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის გადადგომა მთავრობის დაშლას, პარლამენტის მიერ მთავრობის განახლებული შემადენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადებას იწვევს.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, როდესაც მინისტრთა შემადგენლობის 1/3 იცვლება, არანაკლებ 5 მინისტრისა, დგება მთავრობის ნდობის საკითხი - ერთი კვირის ვადაში პრეზიდენტს მთავრობაში შეაქვს მთავრობის ნდობის საკითხი და კონსტიტუციით განსაზღვრული პროცედურა ჩვეულებრივ ხორციელდება.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას პარლამენტისგან ხელახალი ნდობის მიღება მისი თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით შეცვლის შემთვევაში სჭირდება.
მინისტრთა კაბინეტი პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, 20 წევრით არის წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ პრემიერს ჰქონდა შესაძლებლობა მთავრობაში ექვსი მინისტრი საკუთარი გადაწყვეტილებთ შეეცვალა, მეშვიდე მინისტრის ცვლილებების შემთხვევაში კი, კაბინეტი იშლება და მისი ნდობის საკითხი პარლამენტში დგება. შეგახსენებთ, რომ ლევან ყიფიანი მთავრობიდან წასული მეშვიდე მინისტრია.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ერთი კვირის ვადაში წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. თავის მხრივ, პრეზიდენტისთვის პრემიერის კანდიდატურა წარდგენილი უნდა იყოს უმრავლესობის მიერ (არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ), ხოლო მინისტრობის კანდიდატურები - პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის მიერ, რაც ერთი კვირის ვადაში უნდა მოესწროს.
საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში - მთავრობის სხვა წევრებს.
თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება.
კონსტიტუციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობას პარლამენტში ნდობის გამოცხადების მხრივ პრობლემა შეექმნება და კონსტიტუციით გაწერილი ყველა პროცედურა და ვადა დაირღვევა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. როგორც ჩანს, ასეთი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგან უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე დარწმუნებულია, რომ ყველა პროცედურა მომავალ კვირამდე დასრულდება და შაბათ-კვირას პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაც არ არის პრობლემა.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტს და პარლამენტს თხოვნით მიმართავს, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს, რადგან უახლოესი პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები.
„ამ გარემოებების გათვალისწინებით, მინდა, მივმართო თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს საქართველოს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება და უკვე, ამ კვირაში, თუ ეს შესაძლებელი გახდება, დასრულდეს შესაბამისი პროცედურები, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად“, -აცხადებს ღარიბაშვილი.
კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განმარტებით, დღეიდან აითვლება ის ერთკვიარინი ვადა, როცა პრეზიდენტმა პარლამენტს ნდობისთვის მთავრობის განახლებული შემადგენლობა უნდა წარუდგინოს.
„ამის შემდეგ იწყება პროცედურა, როცა პარლამენტს აქვს ერთი კვირის ვადა იმისთვის, ნდობა გამოუცხადოს მთავრობას. თუკი პარლამენტი ნდობას ვერ გამოუცხადებს, მაშინ მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში 30 დღეში კიდევ იქნება წარდგენილი და, თუ მთავრობა კიდევ ვერ მიიღებს ნდობას, ამის შემდეგ, შვიდ დღეში, პრეზიდენტმა პარლამენტის 2/5-ის მიერ შეთავაზებული კანდიდატურა უნდა წარადგინოს. თუკი ამ შემთხვევაშიც ვერ მოხდება ნდობის გამოცხადება, მაშინ პრეზიდენტი ვალდებული იქნება სამი დღის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი“, - განმარტავს ვახუშტი მენაბდე.
საპარლამენტო ოპოზიციას როგორც ჩანს, არ მოსწონს საკითხის ასე მარტივად მოგვარება და ისევ ძველ კონსტიტუციას მისტირის. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა საპარლამენტო ტრიბუნიდან - „როგორც არ უნდა ვთქვათ, მთავრობა გადადგა. მთავრობას დასჭირდება ახალი მანდატი, შესაბამისად ის ფაქტობრივად არის გადამგარი“.
კონსტიტუციის მიხედვით, თუკი პარლამენტს თვითდათხოვნა სურს, უმრავლესობას შეუძლია, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა საერთოდ არ წარადგინოს და თუ პარლამენტში ის 2/5-იც ვერ მოგროვდება, ვინც პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს, მაშინ პრეზიდენტს დღიდან ორ კვირაში პარლამენტის გაშვება შეეძლება.
ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, კონსტიტუცია არ ითვალისწინებს მთავრობის და მისი ხელმძღვანელის გადადგომას.
„რაც შეეხება ნაციონალების განცხადებებს, ერთადერთი რაღაცის თქმა შემიძლია, ისე კითხულობენ კონსტიტუციას, როგორც სურთ და სამწუხაროდ, ჩვენი კონსტიტუცია ისევ სხვადასხვანაირად იკითხება სხვადასხვა მხარის მიერ“.
ექსპერტ, რამაზ საყვარელიძის განმარტებით, თუ ხალხის ნებით აღჭურვილი ორგანო ჩათვლის, რომ მთავრობა ნდობას არ იმსახურებს, მაშინ პრემიერ მინისტრიანად და პარლამენტიანად დადგება ხელისუფლების ხელახალი ფორმირების საკითხი.
პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა.
„მოქმედი კონსტიტუციით მთავრობა უფლებამოსილია და პარლამენტის ნდობით აღჭურვილია იმ წამამდე, სანამ პარლამენტი სხვა მთავრობას არ დაამტკიცებს. ის პროცესი, რომელიც დაწყებულია ახლა, არის კონსტიტუციური პროცესი. მთავრობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში მთავრობის მიერ ნდობის ხელახლა მოპოვების ვალდებულება ჩვენ, ამ პარლამენტმა დავადგინეთ კონსტიტუციით. მანამდე მემკვიდრეობით გვერგო ვერსია, როდესაც მთავრობა სრულად შეიძლებოდა განახლებულიყო და პარლამენტს ამას არავინ მოჰკითხავდა. მთავრობის საქმიანობის შეფასება ყველა თქვენგანის საქმეა და უფლებაა, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის ნაწილში ჩვენი ტრიბუნიდან გთხოვთ, რაიმე ეჭვის საფუძველი არ გაუჩინოთ ვინმეს. მთავრობა არის ლეგიტიმური, ნდობით აღჭურვილი და თავის საქმიანობას აგრძელებს იმ წამამდე, სანამ ჩვენ სხვა მთავრობას არ შევქმნით, თუ სხვას შევქმნით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილმა კონსტიტუციურ პროცედურებთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტებები: პრემიერ-მინისტრს აქვს ექსკლუზიური უფლება, ვაკანტურ თანამდებობეზე დანიშნოს მინისტრები. დანიშვნის შემდგომ, რაც მთავრობა განახლებულ სახეს მიიღებს, საქმეში პარლამენტი ერთვება.
„ჩვენი კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრს ორკვირიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი მინისტრები შეარჩიოს. მთავრობა განახლებულად ითვლება, როცა ახალი მინისტრები თანამდებობებზე დაინიშნებიან. განახლებულ მთავრობას უკვე პრეზიდენტი წარმოუდგენს პარლამენტს. ჩვენს გვაქვს 7-დღიანი ვადა ამ საკითზე ჩამოსაყალიბებლად და გადაწყეტილების მისაღებად“, - აცხადებს უსუფაშვილი.
უსუფაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადების ვალდებულება კონსტიტუციაში მოქმედი პარლამენტის გადაწყვეტილებით აღდგა, რადგან მანამდე კონსტიტუცია ითვალისწინებდა, რომ მინისტერები დაუსრულებლად შეიძლებოდა შეცვლილიყო და პარლამენტს პირველი ნდობის გაცემის შემდეგ არაფერი ეკითხებოდა.
„კონსტიტუციაში ჩვენს მიერ დაბრუნებული ეს დემოკრატიული მექანიზმი ამ დღეებში ამუშავდება, რაც ძალიან კარგია“, - დასძინა დავით უსუფაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, ყველაფერი ასე მარტივად არ უნდა დასრულდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, დღეს მთელი საზოგადოებისთვის ნათელია, რომ მთავრობა უუნაროა და ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა.
„სამწუხაროდ, მთავრობას არ ეყო გამბედაობა, რომ ეღიარებინა ეს კრიზისი და გადამდგარიყო. როგორც ამბობენ, „ჭირი თავს არ დამალავსო“ და ღარიბაშვილის მთავრობა დაიშალა. მთავრობის ეს დაშლა გვიჩვენებს არა მარტო ღარიბაშვილის უუნარობას, არამედ ოლიგარქ ივანიშვილის კულისებიდან მართვის სისტემურ კრახს. ახლა საქართველოს პარლამენტის ამოცანაა შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა და არ დაამტკიცოს ივანიშვილის მორიგი მარიონეტული მთავრობა. გამოვიდეს ოლიგარქის ჩრდილიდან და შეძლოს ტექნიკური ტიპის მთავრობის დაკომპლექტება, რომელიც შეაჩერებს ეკონომიკურ ნგრევას და სწრაფი საკანონდებლო ცვლილებებით ქვეყანას არჩევნებამდე მოამზადებს“,- აცხადებს გაბაშვილი.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შემთხვევაშიც აჭარბებს. რამაზ საყვარელიძის განმარტებით, რაც შეეხება იმას, რომ თუ 7 წევრი არ ვარგა დანარჩენი მთავრობაც არ ვარგა, ძნელი სათქმელია.
„თუ სპორტისა და გარემოს დაცვის მინისტრი არ ვარგა, ეს ნიშნავს თუ არა მთელი მთავრობის უვარგისობას, შორიდან ცოტა ძნელია ამისი განსაზღვრა“.
რაც შეეხება ქვეყნის მდგომარეობას რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ძირითადი პრობლემაა სამუშაო ადგილები, რაც 20-25 წელიწადია პრობლემაა. ამჟამად ახალია ლარის კურსის პრობლემა და ეს ვისი ბრალია, მთავრობის თუ სხვა გარემოებების უფრო კომპეტენტური და საქმეში ჩახედული ადამიანების გადასაწყვეტია.
ასე რომ, საპარლამეტო ოპოზიციის სურვილების მიუხედავად ახალი მთავრობის დამტკიცება სავარაუდოდ, ექსცესების გარეშე ჩაივლის და მომავალ კვირში განახლებულ მთავრობას კვლავ ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.