„ღარიბაშვილის დელეგიტამაციის პროცესის დასასრული“

„ღარიბაშვილის დელეგიტამაციის პროცესის დასასრული“

„ამ პროცესის ბოლო წერტილი იქნება თავად ღარიბაშვილის გადაყნება პრემიერ-მინისტრის პოსტიდან. ეს, ალბათ, გარკვეულწილად მიბმული იქნება ლარის კურსთან - თუ ხელისუფლებამ ლარის კურსი ვერ შეაკავა, ლარი მოითხოვს მსხვერპლშეწირვას“, - აცხადებს ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე, რომლის განცხადებით, სახეზეა ღარიბაშვილის დელეგიტამაციის პროცესის დასასრული, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

ელოდება თუ არა ვადამდელ არჩევნებს, ვინ გახდება მომავალი პრემიერი და გახდა თუ არა პრეზიდენტი არაფორმალური ლიდერი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

ის არგუმენტები და მიზეზები, რის გამოც მთავრობა დატოვა სამმა მინისტრმა, რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის?

- მე მაქვს ჩემი ვერსია, ისევე როგორც, წინა მინისტრების შემთხვევაში. ეს არის ღარიბაშვილის დელეგიტამაციის პროცესის დასასრული, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როცა მის მიერ მთავრობაში მოყვანილი გუნდის განთავისუფლების პირველი ტალღის მომსწრენი გავხდით, დაწყებული შს მინისტრით და დამთავრებული ამავე უწყების ყველა წამყვანი დეპარტამენტის ხელმძღვანელით. ასევე, პირველ ტალღას შეეწირა კანცელარიის ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის წამყვანი ფიგურები. ეს პროცესი დაიწყო ზვიად ჯანყარაშვილის გაშვებით და მაშინვე ვთქვით, რომ მთავრობა სრულიად განთავისუფლდებოდა ღარიბაშვილის მიყვანილი კადრებისგან.

შეიცვალა მინისტრთა კაბინეტის ერთი მესამედი, რაც კანონით იწვევს მინსიტრთა კაბინეტის ნდობის საკითხის დაყენებას. მაგრამ პრემიერ-მინისტრი რჩება მთავრობის მეთაურად და თანამდებობას ინარჩუნებს ყველა სხვა მინისტრი. რა ხდება რეალურად?

- თავის დროზე, ივანიშვილმა სრული საკადრო კარტ-ბლანში მისცა ღარიბაშვილს იმისათვის, რომ მას არ ჰქონოდა საბაბი ეთქვა, რომ სხვის მიერ მოყვანილი კადრებით მიჭირს მართვაო, ამიტომ ძალიან ბევრი სტრუქტურის საკუთარ ნებაზე დაკომპლექტების საშუალება მისცა. ფაქტია და დღევანდელი რეალობა ამას გვიჩვენებს, რომ მთავრობამ თავი ვერ გაართვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი იმდეგაცრუებული დარჩა ღარიბაშვილის გუნდით. დღეს რასაც ვხედავთ არის ამისი შედეგი. ამ ფორმით ფაქტობრივად ხდება ოფიციალური პრემიერ-მინისტრის დელეგიტიმაცია, მისთვის ლეგიტიმურობის წართმევა.

როდესაც ღარიბიაშვილის არცერთი კადრი არ დატოვეს მთავრობაში, მართვის რა ბერკეტები უნდა ჰქონდეს ირაკლი ღარიბაშვილს?

- არც არანაირი. სწორედ ამიტომ ვთქვი - რასაც ვუყურებთ ეს არის ღარიბაშვილის დელეგიტიმაცია. მით უმეტეს, ღარიბაშვილის შემთხვევაში და ზოგადადაც ასეა, ფორმალურად ადამიანის დანიშვნა ამა თუ იმ პოზიციაზე, არ ნიშნავს, რომ ის რეალურად ლიდერი გახდება. ღარიბაშვილი ვერ გახდა ლიდერი, განსაკუთრებით მას მერე, რაც მისი კადრების მასობრივი განთავისუფლება დაიწყო მთავრობის სტრუქტურებიდან. ამ პროცესის ბოლო წერტილი იქნება თავად ღარიბაშვილის გადაყენება პრემიერ-მინისტრის პოსტიდან. ეს, ალბათ, გარკვეულწილად, მიბმული იქნება ლარის კურსთან - თუ ხელისუფლებამ ლარის კურსი ვერ შეაკავა, ლარი მოითხოვს მსხვერპლშეწირვას.

მსხვერპლშეწირვა საკმარისი არ იქნება ეკონიმიკური ბლოკის მინისტრების დონეზე?

- რა თქმა უნდა, საკმარისი არ იქნება ეკონომიკური ბლოკის მინისტრების მსხვერპლშეწირვა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს იქნება ირაკლი ღარიბაშვილი. ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის, რომ რამდენიმე დღის წინ თქვენთან for.ge-ზე გამოქვეყნდა უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის ინტერვიუ, სადაც პირველად, კოალიციის მოქმედი წევრისგან მოვისმინეთ სურვილი იმისა, რომ მთავრობას უნდა ხელმძღვანელობდეს უფრო გამოცდილი, კვალიფიციური და გაწონასწორებული კაცი.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ხიდაშელის ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილისგან მოდის? ძალიან ბევრს საუბრობდნენ რესპუბლიკელების და ივანიშვილის დაპირისპირებაზე, მაგრამ დღეს ჩანს, რომ მათ ეს პრობლემა დაძლიეს...

- შეუძლებელია არ აღვნიშნო რესპუბლიკელების ფილიგრანული პოლიტიკური ნაბიჯები იმ თვალსაზრით, რომ დეკემბრის ბოლოს, ფაქტობრივად, რესპუბლიკელებს კარისკენ მიუთითა ივანიშვილმა და უთხრა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ისინი ცალკე გავიდოდნენ. ამის შემდეგ, სულ რაღაცა 3-4 თვე დასჭირდა რესპუბლიკელების მხრიდან სიტუაციის შემოტრიალებას და დღეს ისინი კვლავ, ივანიშვილის ფავორიტების რიგებშიც კი ჩადგნენ. მათი ეს პოლიტიკური მოქნილობა ძალიან ნიშანდობლივია. დეკემბრიდან მათ შეძლეს, ნულიდან პოზიციების აქაჩვა ივანიშვილის კარზე, რაც თავისთავად ცუდი არ არის, თუმცა, თუ „ქართულმა ოცნებამ“ რადიკალური ცვლილებები არ განახორციელა, რესპუბლიკელებთან ერთად, თუ მათ გარეშე, მას ძალიან გაუჭირდება მეორე საპარლამენტო ვადის დასრულება.

ძალიან საინტერესოდ ვითარდება პროცესები პრეზიდენტის გარშემო. ღარიბაშვილის გვერდზე გაწევის პარალელურად, ძლიერდება მარგველაშვილი...

- მარგველაშვილი, როგორც პრეზიდენტი, ფაქტობრივად, ჩვენ „საჩუქრად“ გვერგო. მას ფორმალურად დაეკისრა ლიდერის როლი ისე, რომ როცა ამომორჩეველთა უმეტესობა საპრეზიდენტო არჩევნებზე მოვიდა, ამბობდა გიორგი მარგველაშვილს და გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილს. პრეზიდენტად არჩევის დღიდან, დღემდე მარგველაშვილმა უკვე, განვლო დანიშნულიდან არაფორმალურ ლიდერად ჩამოყალიბების გზა და ამაში, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უდიდესი წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს.

რომ არა, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მარგველაშვილის პერმანენტული კრიტიკა, მარგველაშვილი ამხელა პუპულარობას და რეიტინგს საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში ვერ აკრეფდა. ამ კრიტიკის საფუძველზე, როდესაც მარგველაშვილი იძულებული იყო თავდაცვის პოზაში ჩამდგარიყო, ამან მას შემატა საზოგადოებაში ცნობადობა, პოპულარობა. ხვალ და ზეგ შეიძლება რეალურად მარგველაშვილი ვიხილოთ სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური წრეების, ასევე ამომრჩევლის სოლიდური ნაწილის ერთგვარ მიზიდულობის ცენტრად, უფრო ზუსტად - პროცესების ერთგვარ ეპიცენტრად.

პრეზიდენტთან გაიმართა საარჩევნო ჯგუფის ფართო შეხვედრა, რომელშიც შედის თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია გარდა კოალიცია „ქართული ოცნებაში“ შემავალი პარტიებისა. ამ ჯგუფის მოთხოვნაა, მუშაობა დაიწყოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე, გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა.

ამ სპექტრის არაფორმალური ლიდერი ხდება გიორგი მარგველაშვილი?

- ჯერჯერობით, ფაქტია, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით მთელი პოლიტიკური სპექტრი, თუ აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანები დგებიან ერთ მხარეს პრეზიდენტთან ერთად, ხოლო ცალკე რჩება „ქართული ოცნება“. ძალიან საინტერესოა, რომ ბიძინა ივანიშვილმა არა მარტო ფორმალური ლიდერობა შესძინა მარგველაშვილს, არამედ არაფორმალური ძალაუფლებითაც შეავსო მისი, როგორც პრეზიდენტის მოღვაწეობა. თუმცა, არც ის იქნება გასაკვირი, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არაორდინალური გადაწყვეტილებებით ხასიათდება, თავად ჩაუდგეს საარჩევნო რეფორმის გატარებას სათავეში.

თავისთავად ძალაინ მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას მხარს არ უჭერს ქართული ოცნება“. ამ ფონზე, რატომ არის ვალდებული პრეზიდენტი, რომ ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღოს?

- იმიტომ, რომ პრეზიდენტად არჩეული იქნა როგორც იმ პოლიტიკური ძალის მიერ წამოყენებული კანდიდატი, რომელიც საზოგადოებას პირდებოდა, რომ ხელს შეუწყობდა პოლიტიკური სისტემის იმგვარ ცვლილებას, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყანაში ძლიერი მრავალპარტიული სპექტრის მშენებლობას. თუ მთავრობაში და პარლამენტში დარჩენილი შტო მოკლე მეხსიერებით ხასიათდება და თავისი დაპირების შესრულებას არ აპირებს, პრეზიდენტი, როგორც ამ გუნდის წარმომადგენელი და ამ გუნდის სახელით მოსული ხელისუფლებაში, ვალდებულია, რომ არ დაივიწყოს ეს დაპირება. ამ დაპირების გზაზე უმნიშვნელოვანესია საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება მომავალი პრემიერი, გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი პრემიერი იქნება დავით სერგეენკო, მაგრამ რამდენად შეძლებს ის, რომ იყოს დამოუკიდებელი?

- ამ კონფიგურაციაში ვინც არ უნდა იყოს პრემიერი, ის მაინც ჭიპლარით იქნება მიბმული ბიძინა ივანიშვილთან იმიტომ, რომ ისევე, როგორც მისი წინამორბედის შემთხვევაში, ამჯერადაც პრემიერის კანდიდატურის შერჩევის გადაწყვტილებას ბიძინა ივანიშვილი მიიღებს. აქ თავად გადაწყვეტილების მიღების პრინციპია საინტერესო, თუ რა პრინციპით შეირჩევა მომავალი პრემიერი - მორჩილების პრინციპით, თუ იმ პრინციპით, რომ მომავალი პრემიერი უნდა იყოს პოპულარული და მოთხოვნადი საზოგადოებაში და რაც მთავარია, მისი პერსონა უნდა აღძრავდეს დადებით მოლოდინს და იმედებს ამომრჩეველში, თუნდაც ის არ იყოს იოლად სამართავი, როგორც მისი წინამორბედი.

„ქართული ოცნების“ წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი პრემიერი იყოს ისეთი, რომელიც მომავლის იმედს გააჩნეს საზოგადოებაში. სხვაგვარად, ამ კრიტიკული სიტუაციის შემოტრიალება, რომელიც მმართველი კოალიციის გარშემოა შექმნილი, წარმოუდგენელად რთული იქნება. უფრო მეტსაც ვიტყვი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნების“ საპარლამენტო სია მორჩილებით გამორჩეული ადამიანებით კი არ უნდა დაკომპლექტდეს, არამედ ერთგვარი ინტელექტუალური „გლადიატორებით“. გლადიატორებში ვგულისხმობ არა ფიზიკური ძალის მქონე ადამიანებს, ასეთები დღესაც ბლომად ჰყავს „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო დეპუტაციაში, არამედ მათ, ვინც მომავალ პარლამენტში ინტელექტუალურ და პოლიტიკურ ბრძოლებს მოიგებენ. უნდა თუ არა ეს დღევანდელ ხელისუფლებას, მომავალი პარლამენტი აუცილებლად იქნება მრავალპარტიული.

შესაძლებელია გავხდეთ რეალური საპარლამენტო რესპუბლიკა?

- რეალურად შეიძლება შევიდეთ საპარლამენტო რესპუბლიკის ხანაში მრავალპარტიული პარლამენტით. თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა მომავალშიც შეინარჩუნოს მმართველი პოლიტიკური ძალის, ან სამთავრობო კოალიციაში შემავალი წამყვანი პოლიტიკური ძალის სტატუსი, ხარისხობრივად გაცილებით სხვა დეპუტაცია სჭირდება. მომავალ პარლამენტში მარტო რაოდენობას არ ექნება მნიშვნელობა, უფრო მეტად აუცილებელი იქნება დეპუტაციის მაღალი ხარისხი, რომ შეძლონ ძალიან მძიმე პოლიტიკურ ბრძოლაში შეინარჩუნონ საკუთარი პოზიცები და ხალხისთვის მისაღებ პოლიტიკურ ძალად დარჩნენ.

არის თუ არა სამთავრობო კრიზისი? ღარიბაშვილი მედიას მოუწოდებს ნუ შექმნიან არასტაბილურობის განცდას...

- პირდაპირ ვიტყვი, რომ გასაოცარია ეს მოწოდებები. არასტაბილურობის განცდას ქმნის დღევანდელი ხელისუფლება, რაც დიაგნოზის სახით პირდაპირ აისახება ლარის კურსში. როდესაც ღარიბაშვილის კადრების პირველი ეშელონი მოიხსნა, ხელისუფლება თავგამოდებული ამტკიცებდა, რომ ამით დამთავრდა საკადრო ცვლილებებიო. საბოლოო ჯამში, მათი გამონათქვამები და პროგნოზები აღმოჩნდა არარეალური და საქილიკო, რაც მოხდა და -არაერთხელ. მათთვისვე ჯობს ნუ ჩაიყენებენ თავს სასაცილო მდგომარეობაში. მართლა მაინტერესებს ვისკენ იშვერენ ხელს, ვის რას აბრალებენ, როცა ლარის კურსს ვეღარ მართავენ?!

ლარის დევალვაციას ღარიბაშვილი ისევ საგარეო ფაქტორით ხსნის...

- როცა ლარის კურსმა ვარდნა დაიწყო, რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი პირველი მე ვიყავი, რომელიც ვამბობდი, რომ ლარის კურსის ვარდნა სწორედ საგარეო ფაქტორების ზემოქმედებამ გამოიწვია: რუსული რუბლის დევალვაციამ, ნავთობის ფასის ვარდნამ, უკრაინის ომმა და ა.შ. და ამას ვერ გადაურჩა ჩვენზე გაცილებით ძლიერი ეკონომიკებიც. მაგრამ, რომელ საგარეო ფაქტორებს ახოცავენ ხელს, საინტერესოა?! რუბლი გამყარდა, ნავთობის ფასი ზემოთ წავიდა და ქვეყანათა უმრავლესობაში ეროვნული ვალუტის კურსი დასტაბილურდა. მართლა ჩალით ხომ არაა ეს ქვეყანა დახურული. მე რომც არაფერი ვთქვა, ან რომელიმე ჩემმა კოლეგამ, ლარის კურსი ხომ ყველაზე მეტად მეტყველებს ამ ხელისუფლების შედეგიანობაზე?!