გარემოს დაცვის მინისტრის გადადგომა ერთგვარი სტიმული გახდა პოლიტიკური პროგნოზების გასაკეთებლად. განსაკუთრებით არასაპარლამენტო ოპოზიცია და ექსპერტები აქტიურობენ და სამომავლოდ პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომასაც ვარაუდობენ. ზოგი უფრო შორსაც მიდის და შემოდგომაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ელოდება. რამდენად არის შექმნილი შესაბამისი გარემო მსგავსი პოლიტიკური ცვლილებებისთვის, ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
ბატონო ვახტანგ თუ ქვეყანაში არსებულ, მათ შორის ეკონომიკურ მდგომარეობასაც გავითვალისწინებთ, რამდენად არის მომზადებული ფონი „გენერალური“ სამთავრობო ცვლილებებისთვის?
- ბუნებრივია, ჩვენთან როგორც წესი, მაღალი თანამდებობის პირის გადადგომას მოსდევს-ხოლმე მსგავსი თემების გააქტიურება - გადადგება თუ არა პრემიერი, ან დაინიშნება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო აჩევნები. ტექნიკურად, თუ პრემიერი გადადგა, ეს თავისთავად სვამს მთავრობის ნდობის საკითხს და მთლიანი კაბინეტის ცვლილებაზეა ლაპარაკი.
სიტუაცია არის საკმაოდ რთული, გამომდინარე თუნდაც იქიდან, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება გრძელდება და ხელისუფლება ვერ ახერხებს კურსის ვარდნის შეჩერებას. რაც მთავარია, ამან უკვე გამოიწვია საყოფაცხოვრებო სფეროს გაძვირება და აისახა საქართველოს მოსახლეობაზე - ამანაც გამოიწვია ხელისუფლების რეიტინგის შემცირება.
შესაძლოა, სხვაგვარად წასულიყო საქმე ცოტა აქტიურად ან სხვა მიმართულებით რომ ემუშვა მთავრობას, მაგრამ როგორც ჩანს, პრობლემა ვერ მოგვარდა და ამიტომ, საკმაოდ მძიმე სიტუაციაშია ხელისუფლება.
როდესაც ადრე იყო საუბარი პრემიერისა და მთავრობის გადადგომა-არგადადგომაზე, მაშინ ვთვლიდით, რომ თუ რეალურად იგეგმებოდა კაბინეტის ცვლილება, ეს უნდა განხორციელებულიყო მაის-ივნისში. ჩემი აზრით, დღეს ვითარება კიდევ უფრო რთულია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ, ამიტომ საკითხის განხილვა, რომ მთავრობის შეცვლა რამე ფუნდამენტურ ცვლილებებს გამოიწვევს, უკვე გამიჭირდება.
ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, თუ მმართველი გუნდი და ბიძინა ივანიშვილი მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ - თუ საუბარია გამოსავლის ძებნაზე - სხვა შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ საკმაოდ არასტაბილური პოლიტიკური გარემო. ალბათ, მაინც მზადდება მთავრობის ნდობის საკითხი, მაგრამ კარგი იქნება, თუ ამას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემაც მიებმება.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემა დიდი ხანია აიტაცა არასაპრლამენტო ოპოზიციამ, მაგრამ მათი სურვილები საკმარისია ამისათვის?
- თუ ქართულ პოლიტიკურ სირცეს, პოლიტიკურ პარტიებს, მათ რეიტინგებს და საზოგადოების დამოკიდებულებას გადავხედავთ, შეიძლება ვთქვათ, რომ დღესდღეობით შედარებით ჯანსაღი პოლიტიკური ძალა მაინც „ქართული ოცნებაა“, მაგრამ მისი რეიტინგი ისეთი აღარ არის როგორიც იყო ორი წლის წინ. გარდა ამისა, გამოჩნდნენ სხვა პოლიტიკური ძალებიც, რომლებსაც ვერ ვიტყვი, რომ მაღალი რეიტინგი აქვთ, მაგრამ გადალახეს 5%-იანი ბარიერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ეს ნიშნავს განაცხადს პოლტიკური მომავლის შესახებ. გარდა ამისა, მოსახლეობის მოლოდინები „ქართული ოცნების“ მხრიდან ვერ შესრულდა, ამიტომ ხელისუფლების მიმართ გაჩნდა სხვა მოთხოვნები. თუ ხელისუფლებას მოსახლეობის ნდობის შენარჩუნება სურს, პარლამემნტში უნდა მოხდეს იმ განწყობების ასახვა, რაც საზოგადოებაშია. ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები.
კიდევ ერთი მომენტი - „ქართული ოცნება“ არჩევნებშიც და არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნებს ლიდერობას, მაგრამ პარლამენტი აღარ იქნება ორპარტიული. ამის გარდა, მოხდება ოპოზიციური სპექტრის გაძლიერება და საპარლამემნტო ტრიბუნა არ იქნება ჩამოკდებული მხოლოდ ნაციონალებსა და ახლა უკვე „თავისუფალ დემოკრატებზე“. მაგრამ, მაინც მნიშვნელოვანია, რომ „ქუჩა“ დაიცალოს კრიზისული სიტუაციისგან და თუ ასეთი კრიზისული ატმოსფერო არსებობს, ის გადავიდეს პარლამენტში. ამას დაარეგულირებდა ვადამდელი არჩევნები, ამიტომ მგონია, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს.
თუ ყველაფერი 2016 წლამდე გაგრძელდა, შეიძლება მივიღოთ უფრო რთული სიტუაცია. „ქართული ოცნების“ რეიტინგმა შესაძლოა დაცემა გააგრძელოს, მაგრამ არ გვყავდეს ლიდერი პოლიტიკური ძალა. ეს შექმნის წინაპირობას, რომ შეიძლება მივიღოთ რამდენიმე თანაბარი რეიტინგის პოლიტიკური ძალა რომლებსაც არ ექნებათ მოსახლეობის მხარდაჭერა 20%-ის ზევით. მივიღებთ ისეთ არასტაბილურ გარემოს, რომ საკითხის გადაწყვეტის მცდელობა გაჩნდება არა საარჩევნო ყუთთან, არამედ ქუჩაში. თუ სიტუაცია ამ მიმართულებით წარიმართა, შესაძლოა ძალზე არასტაბილური გარემო შეიქმნას 2016 წლის არჩევნებისათვის.
ვადამდელი არჩევნები იმ ასპექტშიც მნიშვნელოვანია, რომ არ მივიღოთ 2012 წლის მსგავსი სიტუაცია, ანუ რევოლუციური განწყობიდან გავთავისუფლდეთ - სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ - „ანგელოზებით“ დაკომპლექტებული მთავრობაც რომ მოვიდეს, შეუძლებელია ეს პროცესი შეაჩეროს - ამ ხელისუფლების ნდობის კრედიტი უკვე საჭიროებს ახალ ნდობას.
აქამდე, გვახსოვს რიგგარეშე არჩევნები, რა სიტუაციაშიც დაინიშნა - ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ვგულისხმობ, მაშინ ამას წინ უძღოდა ოპოზიციის დარბევა, მომიტინგეების ტერორი. დღეს მსგავსი სიტუაცია არ არის და სავარაუდოდ, არც შეიქმნება. მართალია, ნაციონალები 26 მაისისთვის მოაწყობენ მორიგ საპროტესტო აქციას, მაგრამ ამ ხელისუფლების ხელწერიდან გამომდინარე, მათი დარბევის მოლოდინი არ არსებობს. ხელჩასაჭიდი საბაბი არ არის საჭირო ვადამდელი არჩევნების დასანიშნად?
- ისეთი სიტუაცია ნამდვილად არ არის როგორიც იყო 2008 წლის ნოემბერში ან იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც იპოდრომი ხალხით იყო გადაჭედილი, მაგრამ თუ პროცესები ისე წავიდა, როგორც ვისაუბრეთ, ასეთი პოლიტიკური სიტუაცია შეიძლება შეიქმნას 2016 წლისთვის, ოღონდ წარმმართველი პოლიტიკური ძალა არ იქნება.
თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა, ლიდერი პოლიტიკური ძალაც იარსებებს და არჩევნებიც მშვიდ გარემოში ჩატარდება, შეიქმნება რეალური კოალიციური მთავრობა და პარლამენტი - არა ისეთი, როგორიც დღეს არის - ჯერ კოალიცია შეიქმნა და შემდეგ გახდა ლიდერი. ასეთ შემთხვევაში, უკვე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალასთან ერთად მოუწევს „ქართულ ოცნებას“ შექმნას კოალიციური უმრავლესობა და შესაბამისად, მთავრობა. თვისობრივად სხვა დამოკიდებულება იქნება პარლამენტს შიგნითაც და პარლამენტსა და მთავრობას შორისაც.
კიდევ ერთი - სხვა საკითხია ვის სჯერა და ვის არა, მაგრამ მოსახლეობის 99% მიიჩნევს, რომ რეალურად ქვეყანას ივანიშვილი მართავს. ამასაც წერტილი დაესმება - ივანიშვილი ან დაბრუნდება პოლიტიკაში და სათავეში ჩაუდგება საკუთარ პოლიტიკურ ძალას, ან რეალურად ჩამოცილდება პოლიტიკურ პროცესს და საკმაოდ გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერად დარჩება. რაც მთავარია, მოსახლეობას არ დარჩება განცდა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ვიღაც კულუარებიდან მართავს. ეს ყველაფერი დალაგდება.
დღეს ჩვენ გვაქვს უმრავლესობა, მაგრამ დაულაგებელი პოლიტიკური გარემო. ამის მოწესრიგებას კიდევ ბევრი რამ სჭირდება, მაგრამ ეს ელემეტალური რამ თუ არ მოგვარდა, საზოგადოებაში ყოველთვის იქნება არასტაბილურობის განცდა, ხვალინდელი დღის შიში.
რაც შეეხება მოტივს, საპარლამენტო მმართველობის ხიბლი იმაშიცაა, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას და უნდობლობას დააფიქსირებს, დაინიშნება ვადამდელი არჩევნები - ეს ყველაფერი სრულიად ჯდება დემოკრატიულობის ფარგლებში, რამდენმე წლის წინ გერმანიაშიც მოხდა მსგავსი რამ. ამ მხრივაც არ არის პრობლემა, სამაგიეროდ, მივიღებთ სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს. ასეთი სცენარით დაინტერესებული უნდა იყოს ყველა, ვისაც სიმშვიდე სურს ქვეყანაში - არასტაბილურობით ვინც არის დაინტერესებული, ყველას კარგად მოეხსენება.
ვიცით, რომ ნაციონალები გეგმავენ პერმანენტულ აქციებს. როგორ ფიქრობთ, საყოველთაო ეკონომიკური უკმაყოფილების ფონზე მოახერხებენ პროცესების ქუჩაში გატანას და მის მართვას?
- ვერ შეძლებენ. დარწმუნებული ვარ, რა განცხადებებიც არ უნდა აკეთონ და ანტიკორუფციული კომისიები შექმნან, ისინი ვერ შეძლებენ ქუჩაში პროცესების გატანას, მითუმეტეს, მართვას. საკუთარი მხარდამჭერების იქით მათი გავლენა აღარ ვრცელდება. ნაციონალების მხარდამჭერი ვერ იქნება ქართული საზოგადოება და არც არის. ნაციონალები ცდილობენ ამისი ილუზია შექმნან, თუმცა დარწმუნებული ვარ, საარჩევნო ბარიერის გადალახვას და პარლამენტში შესვლას მოახერხებენ. ვადამდელი არჩევნები მათთვისაც კარგია - დასრულდება ლაპარაკი მათ 9-წლიან მმართველობაზე, მათთან ფარულ ალიანსებზე და ა.შ. - შედარებით წესიერი პოლიტიკური გარემო შეიქმნება.
თქვენ თქვით, რომ საკმარისია საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება, მაგრამ ეს უმრავლსობას არ აწყობს პირველ რიგში, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი მათგანი ვეღარ მოხვება პარლამენტში და ეს კარგად იციან...
- უმრავლესობის უმრავლესობა ამას მშვიდად ნამდვილად ვერ მიიღებს, ასეთ შემთხვევაში, ალბათ, უნდა მოხდეს ზოგიერთი მოქალაქის გავლენის გამოყენება და ამას არ ვამბობ ცუდი გაგებით. მათ, ვისაც არ აქვთ პარლამენტში მოხვედრის შანსი ახლა, ერთი წლის შემდეგაც არ ექნებათ და ვფიქრობ, სიტუაციას რეალურად შეაფასებენ. ასე რომ, ვფიქრობ, თუკი ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, უმრავლესობის დარწმუნებასაც შეძლებენ.
სავარაუდოდ, ასეთი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ივანიშვილმა უნდა მიიღოს. როგორ ფიქრობთ, მას აქვს შესაბამისი მოტივაცია? გადადგამს ასეთ ნაბიჯს?
- ივანიშვილის ნაცვლად კომენტარის გაკეთება ნამდვილად გამიჭირდება, მაგრამ თუ დღევანდელი პოლიტიკური ელიტა რეალურად აფასებს პოლიტიკურ პროცესს, უნდა იცოდნენ, რომ მათი რეიტინგი ეცემა და ვითარების გამოსწორების შანსიც არ ჩანს. საქართველოს იმხელა პრობლემები აქვს, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებს ჭაობიდან მის ამოყვანას, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ცხოვრება გაუძვირდა, ვისაც მოლოდინები გაუცრუვდა - ის არ მივა არჩევნებზე ან სხვა პოლიტიკურ ძალას მოძებნის. პროცესი აქეთ მიდის და ამისი შემობრუნების შანსს ვერ ვხედავ.
თუ 2016 წლამდე გაგრძელდა რეიტინგის ვარდნის პროცესი, უკვე ხიფათს ვხედავ, რომ ვიღაცას ხელი არ წაცდეს და არჩევნები არ გააყალბოს. თუ ეს მოხდება და საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ არჩევნები ამათაც გააყალბეს, მაშინ მივიღებთ იმ სიტუაციას, რაც იყო 2008 წლის არჩევნების შემდეგ, 2012 წლამდე იმ განსხვავებით, რომ მაშინ ჯოხი, რეპრესია და ზონდერები მუშაობდნენ. ამ შემთხვევაში ესეც არ გვექნება, რაც პირდაპირი გზაა ქუჩის პერმანენტული აქციებისკენ. მაინც მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე 2016 წლის შემდეგ, ან სამოქალაქო დაპირისპირებამდე.
სამწუხარო პერსპექტივაა, მაგრამ მათთვის, ვინც ეს 20 წელი აკვირდებოდა პოლიტიკურ პროცესებს და რეალურად აფასებს მას, პროგნოზი ასეთია. თუ ვინმეს ეჩვენება, რომ ერთი ხელის მოსმით შეცვლის ამ ყველაფერს, არ ვიცი, მაგრამ რეალობა ასეთია.