ღარიბაშვილის პოლიტიკურ იღბალს ყიფიანის პორტფელის შენარჩუნება გადაწყვეტს

ღარიბაშვილის პოლიტიკურ იღბალს ყიფიანის პორტფელის შენარჩუნება გადაწყვეტს

სპორტის მინისტრის, ლევან ყიფიანის პოსტიდან გადაყენებას შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობა შეეწიროს. იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობის ხელმძღვანელი სპორტის მინისტრს წითელ ბარათს აჩვენებს, მინისტრთა კაბინეტი ნდობის გამოცხადებისთვის პარლამენტში შევა, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. საპარლამენტო ოპოზიციის გარდა, შესაძლოა, მთავრობას ნდობა თავად უმრავლესობის ზოგიერთმა წევრმა არ გამოუცხადოს.

დეპუტატები პრემიერის მიმართ უნდობლობაზე საჯაროდ არ საუბრობენ, თუმცა, for.ge-სთან კულუარულ საუბარში ღარიბაშვილის მიმართ ნეგატიურ განწყობებს არ მალავენ და ამბობენ, რომ ღარიბაშვილმა რა გუნდიც არ უნდა წარადგინოს, „შესაკრებთა გადანაცვლებით, ჯამი არ შეიცვლება, რადგან მართვის სათავეში ისევ ღარიბაშვილი იქნება“.

მთავრობის ხელმძღვანელი ლევან ყიფიანს პოსტიდან გაუშვებს და ამით ვა-ბანკზე წავა თუ არა, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ მას სპორტის მინისტრთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას სპორტსმენი დეპუტატები აიძულებენ.

სპორტის კომიტეტის წევრები მთავრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებიან, რომ სპორტის მინისტრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს პლენარულ სხდომაზე დასვამენ და მას პოსტიდან გაუშვებენ.

იქედან გამომდინარე, რომ ყიფიანის პოლიტიკურ დასჯას 76 დეპუტატის ხმა დასჭირდება, გაურკვეველი რჩება, ლერი ხაბელოვის კომიტეტის წევრები საკუთარი მუქარის აღსრულებას როგორ შეძლებენ, ვინაიდან, მმართველი გუნდის ნაწილი სპორტის მინისტრს ეჭვის თვალით არ უყურებს და პირიქით, მის დაცვასაც კი ცდილობს. საზოგადოებას ყიფიანის ქომაგთა რიგებში ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი მოევლინა, რომელმაც განაცხადა, რომ ლევან ყოფიანის მიმართ ფედერაციები და მათი ხელმძღვანელები კეთილგანწყობილნი არიან.

ბერძენიშვილი მთავრობაში იმ მეშვიდე მინისტრსაც ვერ ხედავს, რომელსაც პოსტის დატოვება მოუწევს. შესაბამისად, კანონმდებელი ამ ეტაპზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საჭიროებას ვერ ამჩნევს.

თანაგუნდელისგან განსხვავებით, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მთავრობის მოსალოდნელ გადახალისებას მიესალმება და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ არამარტო საკადრო ცვლილებები უნდა განხორციელდეს, არამედ თვისობრივი ცვლილებები უნდა გატარდეს და არსებული პრობლემები მოგვარდეს.

ხუნდაძის თქმით, მმართველ გუნდს საკადრო ცვლილებების განხორციელების არ უნდა ეშინოდეს, რადგან პარლამენტში იმის რესურსი არის, რომ მთავრობას ნდობა ხელახლა გამოუცხადონ.

„თუკი ნდობის გამოცხადების საკითხი დადგა, მთავარია, სწორად შერჩეული კადრები იყოს და სამთავრობო გუნდი აბსოლუტურად ქმედუნარიანი იყოს შესაბამისი კომპეტენციით. მათ გადაწყვეტილების მიღების სურვილი, შესაძლებლობა და უნარიც უნდა ჰქონდეთ. საქმის გუნდურად გადაწყვეტა ყოველთვის სარგებლიანია და ამის ნათელი მაგალითია - ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს საქმიანობა. ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს სერგეენკოს კანდიდატურა მე შევთავაზე და მგონი, ამაში არ შემცდარვარ, რადგან მას მაღალი რეიტინგი აქვს“, - აცხადებს ხუნდაძე, რომელიც ლევან ყიფიანისა და სპორტსმენი დეპუტატების დაპირისპირებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ის დარგში ჩახედული არ არის, კითხვები მასაც უჩნდება, თუმცა, მას მინისტრთან საქმიანი ურთიერთობა რამდენჯერმე ჰქონდა, რა დროსაც, ყოფიანი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო.

ხუნდაძის მსგავსად, მინისტრისა და დეპუტატების კონფლიქტის თაობაზე დაწვრილებით ვერ საუბრობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი თამარ კორძაია, რომელიც for.ge-სთან საუბარში იმედს გამოთქვამს, რომ ყიფიანის შემთხვევაში, გარკვეული საკითხების გარკვევა მოხდება.

კორძაიას განცხადებით, მისთვის სპორტის კომიტეტის პოზიცია გასაგებია და თუკი საკითხი სესიაზე გავა, გამოჩნდება, მხარეების პოზიცია როგორი დასაბუთებული იქნება.

„ეს ჩვეულებრივი პროცესია. ხელისუფლების უპირატესობა ისაა, რომ ერთიანი გუნდის პირობებშიც კი, შესაძლებელია აზრთა სხვადასხვაობა იყოს და ვთქვათ, რომ ვიღაცის საქმიანობა არ მოგვწონს. ამ ყველაფრის მიზანი იმპიჩმენტი არ არის, არამედ საქმიანობის გამოსწორებაა და იმედი მაქვს, რომ ყიფიანის შემთხვევაში, გარკვეული საკითხების გარკვევა მოხდება“, - დასძენს კორძაია, რომლისგან განსხვავებით, ყიფიანის საქმიანობის შეფასებისას რადიკალურია დეპუტატი ლუკა კურტანიძე.

როგორც for.ge-ს კურტანიძემ განუცხადა, სპორტის კომიტეტი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ელოდება, რათა გადაწყვიტოს, როგორ იმოქმედოს. კურტანიძის მოსაზრებით, ლევან ყიფიანს დაკავებული თანამდებობა დიდი ხნის წინ უნდა დაეტოვებინა.

„მნიშვნელობა არ აქვს მეშვიდე მინისტრი ვინ იქნება, რადგან ყიფიანს გადაწყვეტილება აქამდე უნდა მიეღო. სპორტის სამინისტროს საქმიანობის თაობაზე კომიტეტმა უარყოფითი დასკვნა დადო, ყიფიანმა კი არაფერი გაიზიარა და მან გახარჯულ მილიონებსა და კომუნიკაციის ნაკლებობაზე არცერთი შენიშვნა არ მიიღო. მისი ადგილი რასაც სპორტი ჰქვია, არ არის და ახალი მინისტრის მოძიება უნდა მოხდეს“, - აღნიშნავს კურტანიძე, რომელიც კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებაზე აპელირებს და ამბობს, რომ მთავრობის მეთაურის დადებით ან უარყოფით პასუხს ელოდებიან, რის შემდეგაც კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

კურტანიძის პათოსს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი სოსო ჯაჭვლიანიც იზიარებს, რომელიც ყიფიანის მიმართ უმრავლესობის წევრების განწყობებს ეხმაურება და for.ge-ს მეშვეობით თანაგუნდელებს მოუწოდებს სპორტის კომიტეტში მივიდნენ და მოისმინონ, სპორტსმენ დეპუტატებს რა პრეტენზიები აქვთ. ჯაჭვლიანი სპორტის სამინისტროს მიერ სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე აპელირებს და უწყებაში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ნაკლეობაზე საუბრობს.

„განცხადებებს ჰაერზე ნუ აკეთებენ, როცა არ იციან, სამზარეულოში რა ხდება. თუკი ჩვენ ვცდებით, სოსო ჯაჭვლიანი ის ადამიანია, რომელსაც ბოდიშის მოხდა შეუძლია. გუნდურობას კი არ უნდა ამოეფარონ“, - აცხადებს ჯაჭვლიანი.

რაც შეეხება პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო წასვლას, for.ge სანდო წყაროზე დაყრდნობით ჯერ კიდევ გასული წლის 5 დეკემბერს წერდა, რომ მოსალოდნელი იყო, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა. მაშინ, მმართველი გუნდი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფდა, თუმცა, მალე ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. ღარიბაშვილის გუნდის პოლიტიკური განიარაღება დაიწყო და პირველი მსხვერპლი ზვიად ჯანყარაშვილი იყო, რომლის მიერ დატოვებულ კადრებს პოსტებს დღითიდღე ატოვებინებენ.

როგორც დეკემბერში, ასევე ახლაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი თვლის, რომ დღის წესრიგში პრემიერის პოსტიდან გადადგომის საკითხი არ დგას.

კახიანი for.ge-ს არწმუნებს, რომ ადგილი აქვს გადამეტებულ მოლოდინებს და შეფასებებს.

„როდესაც, მინისტრი იცვლება, კითხვები ჩნდება, სიახლე რაღაცას ხომ არ უკავშირდება და მოსალოდნელი ხომ არ არის პრემიერის გადადგომა?! ეს გადამეტებული მოლოდინია და ამის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ. თეორიულად, მეშვიდე მინისტრიც რომ შეიცვალოს, ახალი მთავრობის შემადგენლობას პარლამენტის მხრიდან ნდობის მიღება არ გაუჭირდება“, - ამბობს კახიანი, რომლის მსგავსად, ოპტიმისტურადაა განწყობილი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე.

for.ge-სთან საუბარში კვაჭანტირაძე აღნიშნავს, რომ ყველაფერი პრემიერ-მინისტრზეა დამოკიდებული.

„თუ მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საფუძველი დადგება, ამის პრობლემა არ შეიქმნება. მათ ნდობას გამოუცხადებენ, თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა კანდიდატურები იქნება წარმოდგენილი“, - დასძინა კვაჭანტირაძემ.

უმრავლესობისგან განსხვავებით, საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობის უუნარობაზე აქცენტირებს და სამთავრობო კარუსელს აანონებს.

როგორც for.ge-ს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, შალვა შავგულიძემ განუცხადა, შესაძლოა, პოსტი ღარიბაშვილმა დატოვოს, თუმცა, მის მემკვიდრეს ბიძინა ივანიშვილი შეარჩევს.

დეპუტატის შეფასებით, მინისტრები ისეთი ტემპით იცვლებიან, რომ მოსალოდნელია, პარლამენტში მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობა.

„ყველაზე უფრო ჩანს, რომ პოსტის დატოვება ყიფიანს მოუწევს, რომელიც თავისი თანაგუნდელების რაღაც შეტევებს იგეირებს. ამასთანავე, ღარიბაშვილის შეცვლას არ გამოვრიცხავ, მაგრამ მისი მემკვიდრე იქნება თუ არა სერგეენკო, ამას ვერ გეტყვით. პრემიერი ის იქნება, ვისაც ივანიშვილი გადაწყვეტს. მიუხედავად იმისა, რომ ის აღარ არის პოლიტიკაში, ის მოვლენებს აკონტროლებს“, - დასძენს შავგულიძე.

for.ge-სთან საუბარში ნაციონალი გიორგი კანდელაკი კი, ტრადიციისამებრ, მთავრობას უუნაროს უწოდებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური პრეფერენციების მიუხედავად, საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ მთავრობა უუნაროა, რომელიც გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება.

კანდელაკის თქმით, მთავრობას გეგმა არ გააჩნია, როგორ გაუმკლავდეს როგორც ეკონომიკურ პრობლემებს, ასევე საგარეო გამოწვევებს.