მოსახლეობამ ლარის მორიგი მკვეთრი დაცემის გამო კიდევ ერთი შოკი მიიღო. ეროვნული ვალუტის კურსი უკვე არნახულ სიმაღლეზეა და თანდათან ისტორიულ მაქსიმუმს (2,45) უახლოვდება. ამ დროს ეროვნული ბანკი ზედმეტად მშვიდადაა, სამაგიეროდ ხალხი ძალიან დაძაბულია, ხოლო მთავრობა კი მუდმივად დარტყმის ქვეშაა.
ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ხელისუფლებისგან პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს უმცირესობა და მას გადადგომას ურჩევს. „ნაციონალურ მოძრაობა“ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს კრიზისიდან გამოყვანის გეგმის წარდგენას სთხოვს.
ლარის გაუფასურების მორიგი ეტაპის დაწყებას, ქვეყანაში ინვესტიციების მკვეთრ შემცირებას უკავშირებენ „თავისუფალი დემოკრატები“. ისინი მთავრობის მხრიდან ეკონომიკაში მიმდინარე კრიზისული პროცესების საგარეო ფაქტორებზე გადაბრალებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებენ.
პრემიერ-მინისტრი კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაციის ტენდენცია საგარეო ფაქტორმა გამოიწვია და ის მალე დასტაბილურდება. „ლარის ვარდნა არის საგარეო ფაქტორებით განპირობებული. ეს არის რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და მასთან დაკავშირებული პროცესების ანარეკლი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეკონომიკური ზრდა. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვიმა.
დეპუტატები კი ეკონომიკური გუნდის კვლავ პარლამენტში დაბარების ინიციატივაზე იწყებენ მუშაობას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის თამაზ მეჭიაურის ინფორმაციით, ლარის კურსის საკითხზე საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში მომავალ კვირას გაიმართება.
„ბოლო პერიოდში ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არსებული ვითარება ლარის კურსის გაუარესების წინაპირობას არ იძლევა“, - აღნიშნა მეჭიაურმა და დასძინა, რომ საკომიტეტო სხდომაზე, რომელიც ლარის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში დაახლოებით ერთი თვის წინ გაიმართა, იყო პასუხგაუცემელი კითხვები, რაზეც ახლა უფრო სიღრმისეულად იმსჯელებენ.
„ბოლო პერიოდში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული ვითარება იმის წინაპირობას არ იძლევა, რომ ლარის კურსი უარესდებოდეს. უნდა გავერკვეთ, ის, რაც ხდება მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის არასაკმარისი კოორდინაციის გამოა თუ უფრო სხვა რამესთან გვაქვს საქმე. არ მინდა საბოტაჟის ნიშნებზე ვისაუბრო“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თამაზ მეჭიაურმა.
ჯერჯერობით ოფიციალური მიმართვა პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით, უმრავლესობას მთავრობისთვის არ გადაუგზავნია. მმართველი გუნდის ზეპირ განცხადებებს კი მინისტრები არ გამოხმაურებიან.
კურსის მკვეთრ ვარდნაზე ამახვილებს ყურადღებას ბინზესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე, რომელიც რეგიონში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას უსვამს ხაზს.
„მეზობლებთან საკმაოდ ცუდი ტენდენციებია და ამ შემთხვევაში ლარი რომ იყოს მყარი, ფაქტობრივად, შეუძლებელია. რასაკვირველია, რაც ლართან მიმართებაში ხდება, კარგი არ არის, ჩვენ არავის ეს არ მოგვწონს. იმედი გვქონდა ლარის დასტაბილურების, მაგრამ უკვე დღეს დარწმუნებული ვარ, რომ იმ ფაქტორების დიდი ნაწილი, რაც ლარის გაუფასურებასთან არის დაკავშირებული, ჩვენს სამეზობლოსთან არის დაკავშირებული. შეუძლებელია შენი ვალუტა იყოს მყარი და ამავდროულად თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვალუტა ხდებოდეს სუსტი. ამიტომ, სამწუხაროდ, დღეს ეს სიტუაციაა“, - განაცხადა ჭირაქაძემ.
ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად, ლარის კურსი შედარებით გამყარდება, მაგრამ ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის აქტიური ერთობლივი მუშაობა.
„ვერც ეროვნული ბანკი, ვერც ხელისუფლება დამოუკიდებლად ვერაფერს გააკეთებს - ეს შეუძლებელია. ყველას აქვს თავისი მექანიზმები. ჩემი აზრით, ისინი საკმარისად არ მუშაობენ ერთად და ჩვენ მოვუწოდებთ მათ, უფრო აქტიურად ითანამშრომლონ, იმუშაონ, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს“, - განაცხადა ჭირაქაძემ.
ახალგაზრდა ფინანსისიტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე კი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის ლარის კურსზე როგორც საგარეო, ისე საშინაო ფაქტორების ზეწოლა მკვეთრად არის შემსუბუქებული. „შესაბამისად, რამე კონკრეტულ მიზეზს, თუ რატომ შეიძლებოდა ერთ დღეში მკვეთრად გაუფასურებულიყო ლარი, ვერ ვხედავ“, - განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.
ჯერჯერობით ლარის კურსის დასტაბილურების რაიმე ნიშანწყალი არ ეტყობა. ეროვნული ბანკი ვითარებას მიზანმიმართულად ამძაფრებს, ხოლო მთავრობას სადავეები კარგა ხანია ხელიდან გაექცა.