„ქვეყანას სათავეში დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით გარდამავალი მთავრობა ჩაუდგება“

„ქვეყანას სათავეში დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით გარდამავალი მთავრობა ჩაუდგება“

ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას, ზვიად ჯანყარაშვილის კადრები მონატრებული ოჯახის და გართულებული ავადმყოფობის მიზეზით ტოვებენ. დღეს დილით, პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა მიმართა. პრემიერმა მისი განცხადება დააკმაყოფილა. 

„ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში მუშაობა, მაგრამ არის მომენტები, როდესაც რთული არჩევანია გასაკეთებელი. ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მაძლევს შესაძლებლობას განვიხილო საინტერესო შემოთავაზებები, რომელიც საშუალებას მომცემს გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა და ვიცხოვრო ჩემ შვილთან ერთად“, - აღნიშნულია ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებაში.

ხოკრიშვილი მეექვსე მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა. თუმცა, ხოკრიშვილის მიერ მინისტრის თანამდებობის დატოვება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადების აუცილებლობას არ იწვევს. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა პარლამენტში ნდობისთვის 1/3-ის შეცვლის შემდეგ შედის. თუკი მთავრობაში კიდევ ერთი მინისტრი, ანუ მეშვიდე მინისტრი შეიცვლება, მთავრობა პარლამენტში ნდობის მისაღებად შევა.

უმრავლესობის წევრები გამორიცხავენ მორიგ საკადრო ცვლილებას, თუმცა, უმცირესობის წევრი, დეპუტატი შალვა შავგულიძე არ გამორიცხავს, რომ მთავრობაში კიდევ ერთი მინისტრი შეიცვალოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მე-7 მინისტრი, რომელიც მთავრობას დატოვებს სპორტის მინისტრი, ლევან ყიფიანი იქნება, რაც ავტომატურად იწვევს ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ნდობის საკითხს.  გავრცელებული ინფორმაციით, პროცესები რომელიც მთავრობაში მიმდინარეობს, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომით დასრულდება და For.ge-ს ინფორმაციით,  ქვეყანას სათავეში დავით სერგიენკოს ხელმძღვანელობით გარდამავალი მთავრობა ჩაუდგება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გუნდის დაკომპლექტების შემდეგ, პრეზიდენტი, სწორედ, სერგეენკოს მთავრობას წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.

„გადაწყვეტილება სწრაფად არის მისაღები და პრემიერ-მინისტრის სავარძელს დავით სერგეენკო ჩაიბარებს, სანამ რეალურად შეძლებენ სერიოზული გუნდის ჩამოყალიბებას. გუნდის ჩამოყალიბების შემდეგ, სერგეენკო იქნება ის ადამიანი, რომელიც შეცვლის ირაკლი ღარიბაშვილს. ეს გადაწტვეყილება პრაქტიკულად მიღებულია გადაწყვეტილების მიმღების მიერ“, - აცხადებს ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრი გამომდინარე მისი წარმატებულობიდან და მაღალი რეიტინგიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ძალის გამწმენდი და გამრეცხავი მინისტრია. მისივე თქმით, რთული სათქმელია დათანხმდება თუ არა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დავით სერგეენკო.

„კარგად ვიცით რა, ვინ არის ჩვენ ქვეყანაში კადრთუხუცესი, მხოლოდ მას შეიძლება გააჩნდეს რაიმე კონკრეტული ხედვა, როგორ განვითარდება პროცესები. როგორც ჩანს, ადამიანი რომელსაც ორჯერ თქმა არ სჭირდება, მაინც სირთულეს წარმოადგენს, რადგან თქმაზე იხარჯება დრო. აი ნახევარი სიტყვით ვინც გაიგებს ყველაფერს, ალბათ, ასეთი პირია მოძიებული.

რაც შეეხება დავით სერგენკოს, ის არის მთლიანად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ძალის გამწმენდი და გამრეცხავი სუბიექტი, გამომდინარე მისი წარმატებულობიდან და მაღალი რეიტინგიდან. დათანხმდება თუ არა ასეთ განაჩენს ბატონი სერგენეკო, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილი არ არის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტი ღარიბაშვილის კადრებისგან თავისუფლდება და საზოგადოება მალე პრემიერ-მინისტრის გადადგომასაც იხილავს.

„მინისტრთა კაბინეტი თავისუფლდება ღარიბაშვილის კადრებისგან. ეს ნათელი იყო პირველი ტალღის დაწყებისთანავე, როდესაც ღარიბაშვილის გუნდის წევრების მოხსნა დაიწყეს სხვადასხვა სტრუქტურაში. მისი დანიშნული კადრები ერთბაშად გათავისუფლდა მისივე ეკონომიკური საბჭოდან. მაშინვე ვამბობდით, რომ ეს ღარიბაშილის დელეგიტიმაცია იყო, მას საკადრო საკითხებში თავიდანვე მიეცა კარტბლანში ბიძინა ივანიშვილისგან და როგორც ჩანს, მან იმედები ვერ გაამართლა. შესაბამისად, დღეს ჩვენ ღარიბაშვილის დელეგიტიმაციის ბოლო პროცესის მომსწრენი ვართ. ვეჭვობ, პრემიერ-მინისტრის გადადგომასაც მალე ვიხილავთ, ამ ეტაპისთვის რთული სათქმელია როგორ მოხდება, თუმცა ძნელი წარმოსადგენია ქვეყანას მართავდეს პრემიერ მინისტრი, რომელსაც ხელიდან გამოაცალეს ყველა კადრი“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

ყოფილი პრემიერის, ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ უკვე გარდაუვალი ხდება მთავრობის ნდობის საკითხის დაყენება. არა იმიტომ, რომ მინისტრები მიდიან, არამედ - სისტემური ცვლილების გარეშე, სახელმწიფო ძალიან სერიოზული რისკების ქვეშ დგას.

„სახელმწიფო თვითგადარჩენის პრინციპიდან გამომდინარე მოქმედებს. ხარვეზები, არაეფექტურობა, გლობალური და მასშტაბური გადაწყვეტილების მიღების უუნარობა, ძალიან მაღალ რისკებს აჩენს ყველა მიმართულებით. ახლა არის მომენტი, როდესაც ხელიუსუსფლებას ეძლევა კიდევ ერთი შანსი იმისთვის, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შემოატრიალოს. სამწუხაროდ, ირაკლი ღარიბაშვილი ვერ შედგა ნაციონალურ ლიდერად, როგორც ჩანს, ეს შანსი მას აღარც ექნება.

ღარიბაშვილი ვერ განვითარდა იმდენად, რომ რეალურად გამხდარიყო ნომერ პირველი გენერალური მენეჯერი სახელმწიოფოში. ეს პოზიცია მისთვის მძიმე ტვირთია, რომელიც არ არის ადვილი საზიდი. ღარიბაშვილის გადადგომა არაფრის გარანტიას არ იძლევა. ამის შემდეგ უნდა ვიხილოთ ერთიან გუნდი გრძლევადიანი პროგრამით, გუნდი, რომელიც იქნება მოწოდებული და ექნება უნარი, რომ მიიღოს სწრაფი და სისტემური გადაწყვეტილებები. ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს პოლიტიკურ მაგიდას, სადაც ინსტიტუტები მართავენ და არა პიროვნებები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.