საწვავის ფასმა ლარის კურსის ვარდნას ვერ გაუძლო

საწვავის ფასმა ლარის კურსის ვარდნას ვერ გაუძლო

საქართველოში ყველა ტიპის საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა. ეს აპრილის განმავლობაში რიგით მეორე გაძვირებაა. აღდგომის დღესასწაულების წინ საწვავი ასევე 5 თეთრით გაძვირდა და მაშინდელმა ფასმა მხოლოდ 3 კვირა გასტანა.

ამჯერად “ლუკოილის” ქსელში ყველა პროდუქტი 5 თეთრით გაძვირდა, ასევე 5 თეთრით გაძვირდა ყველა პროდუქტი “სოკარის” ქსელშიც. “გალფის” ქსელში გაძვირება 4-დან 7 თეთრამდე მოხდა პროდუქტების მიხედვით, ხოლო “ვისოლის” ქსელში ნავთობპროდუქტების ღირებულება 4-დან 5 თეთრამდე გაიზარდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის პერმანენტული ზრდა ფიქსირდება. “პლატცის” მიხედვით, ბენზინის ღირებულება 1-ელ აპრილს იყო 587.75 დოლარი, 22 აპრილს კი - 639.25 დოლარი, ანუ გაზრდილია 1 ტონაზე 51,5 დოლარით.

რაც შეეხება დიზელს, 1-ელ აპრილს მისი ღირებულება 521.75 დოლარი იყო, 22 აპრილს კი - 562,75 დოლარი, შესაბამისად, თვის დასაწყისიდან 1 ტონა დიზელი 41 დოლარით გაძვირდა.

როგორც კომპანია “გალფის” წარმომადგენელი ადასტურებს ყველა ტიპის საწვავი 27 აპრილს კომპანიამ 5 თეთრით გააძვირა: “ფასი 5 თეთრით გავზარდეთ. ეს უკავშირდება ბოლო დროს ნავთობის ფასთან დაკავშირებულ განვითარებულ მოვლენებს. მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი გაიზარდა”, - აცხადებენ “გალფში”.

მარტში კომპანიები - “გალფი”, “ვისოლი” და “სოკარი” რეგულარის ტიპის საწვავს საცალო ქსელში 1,68 ლარად ჰყიდდნენ. ”რეგულარის” ტიპის საწვავს კი საცალო ქსელში “ლუკოილი” და “რომპერტოლი” 1,59 ლარად აფასებდნენ.

სულ ცოტა ხნის წინათ საცალო ქსელში “რეგულარის” საწვავი 1,55 ლარად გამოჰქონდა კომპანია “ფრეგოს”, რომელმაც საქართველოს ნავთოპროდუქტების ბაზარზე ოპერირება 2015 წლიდან დაიწყო. კომპანია თბილისში და რეგიონებში 13 ავტოგასამართ სადგურს ფლობს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ საწვავის ფასის ცვლილებაზე ორი ფაქტორი ახდენს გავლენას.

“ერთია ლარის გაცვლითი კურსი და მეორე - საერთაშორისო ფასები. ბოლო ერთი თვის განმავლობაში პლატცის მიხედვით 1 ტონა ბენზინის ღირებულება 60 დოლარით გაძვირდა, თუ უფრო ადრეულ პერიოდს ავიღებთ, მისი ფასი კიდევ უფრო გაზრდილია. ამასთანვე მოხდა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება დოლართან მიმართებაში და ბუნებრივია, საწვავზე ფასის შენარჩუნება შეუძლებელი გახდა. ამ შემთხვევაში ხაზგასასმელია ის, რომ საწვავი მხოლოდ 5 თეთრით გაძვირდა და არა ლარის გაუფასურების პროპორციულად”, - ამბობს ვანო მთვრალაშვილი და აღნიშნავს, რომ გარდა ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურებისა, საწვავზე ფასი გაზარდეს არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების მფლობელებმაც.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება, ამასთანავე საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა აღარ მოხდება, რაც ნავთობიმორტიორებს არსებული ფასის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს.