უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მისი მეუღლე, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თინა ხიდაშელი მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ, ქართულ მედიასივრცეშიც არანაკლებ პოპულარული გახდა. მოკლედ, ამ ჩანაწერის მიხედვით, გამოდის, რომ ალასანიასა და მარგველაშვილის შემდეგ რესპუბლიკელებიც მიშას „შეეკვრნენ“. ჩანაწერის თანახმად, მისი პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ, სააკაშვილი რესპუბლიკელებს ჯერ ფინანსურ თანადგომას ჰპირდება, შემდეგ - პოლიტიკურს (უსუფაშვილს - პარლამენტის თავმჯდომარეობას, ხიდაშელს - უზენაესი სასამართლოსი), თუკი რესპუბლიკელები გვედით დაუდგებიან და ამ ხელისუფლებას მათთან ერთად დაამხობენ.
საინტერესო დეტალი - „ფარულ“ ჩანაწერში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მარგველაშვილი უკვე მათიანია. ცხადია, რომ ჩანაწერი, რომელსაც თინა ხიდაშელი ბოდვას უწოდებს, შემთხვევით არ ვრცელდება, სავარაუდოდ, იმ კამპანიის ნაწილია, რომელიც პროდასავლური პოლიტიკური ძალების წინააღმდეგაა აგორებული. თუმცა, ცოტა გაუგებარია, რატომ მოყვნენ რესპუბლიკელები ამ ტალღაში მაინც და მაინც ახლა, როდესაც ივანიშვილისა და „ოცნებისთვის“ ერთგულების მტკიცების „სტიქიაში“ არიან და არა ცოტა ადრე, როცა კოალიციაში დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლებას ითხოვდნენ.
როგორც ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მალე, ალბათ, ძალიან ბევრ კითხვას გაეცემა მკაფიო პასუხი.
ბატონო სოსო, ამ დიალოგის ავთენტურობა საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს და არადამაჯერებლად გამოიყურება, მაგრამ საინტერესო სხვა რამ არის - ვის შეიძლება აწყობდეს ინფორმაციის გავრცელება რესპუბლიკელებისა და სააკაშვილის ალიანსის შესახებ?
- ის ტექსტი, რაც ვრცელდება, უფრო ოხუნჯობის მაგალითი შეიძლება იყოს - ბატონობით მიმართვა სააკაშვილისთვის მისი პრეზიდენტობის დროსაც არ მომხდარა უსუფაშვილის მხრიდან და თქვენობით არც არასოდეს საუბრობდნენ, გამომდინარე იმ კომუნიკაციიდან, რომელიც ჰქონდათ ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლამდე.
ვის შეიძლება აწყობდეს?- ალბათ მათ, ვისაც სურს, პრეზიდენტის, მისი ადმინისტრაციის და „თავისუფალი დემოკრატების“ დისკრედიტაცია მოახდინოს. ხშირად არის-ხოლმე საუბარი, რომ „რესპუბლიკური პარტიაც“ ვიღაცის მიერ აღიქმება „შენიღბულ ნაციონალებად“. ეს უფრო ავადმყოფური მიდრეკილებაა და ასეთი ცილისმწამებლური ნაბიჯებით დიდი პოლიტიკური დივიდენდის მიღება შეუძლებელი იქნება რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის, ვის ინტერესებშიც ეს შეიძლება შედიოდეს.
თავდაპირველად ხმები გავრცელდა „თავისუფალი დემოკრატებისა“ და ნაციონალების ფარულ ალიანსზე, შემდეგ მსგავსი ტალღა აგორდა პრეზიდენტ მაგრველაშვილის ირგვლივ, ახლა რესპუბლიკელები აღმოჩნდნენ ამ სიტუაციაში. თუ ეს არის ნაციონალების ინტერესი, იმ მიზნით, რომ როგორმე რეიტინგი აიმაღლონ ან მომავალ ხელისუფლებაში „შეპარვა“ მოახერხონ, ასეთ შემთხვევაში, თეორიულად, ნაციონალებს რამდენად შეიძლება აწყობდეთ ასეთი ალიანსი?
- ნაციონალებს საკუთარი თავი გასჭირვებიათ და არ მგონია, მათ მიმართ წლების განმავლობაში ნეგატიურად განწყობილ პოლიტიკურ ძალებს რამენაირად შეეძლოთ ნაციონალების თრევა. ნებისმიერ შემთხვევაში, გასაანალიზებელია შესაძლო სიკეთის მოლოდინი ამა თუ იმ კოალიციის შექმნისას - „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია უფრო მეტი რესურსი ვიდრე „რესპუბლიკელებს“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ ერთად აღებულთ და საეჭვოა, რომ ამ რესურსს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ აღიქვამდეს ან ალასანიას, ან უსუფაშვილის პოლიტიკური ძალები.
ეს თემა არის თითიდან გამოწოვილი და ვფიქრობ, ამ იდეის გამავრცელებლის ქმედებას სჭირდება არა ანალიზი, არამედ - დიაგნოზი, ეს კი უკვე სამედიცინო სამყაროს ველია.
დავუშვათ, აწყობს „ქართულ ოცნებას“. ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება მიიღოს ამით?
- „ქართულ ოცნებას“ არ უნდა აწყობდეს, როგორც კოალიციას. მაგრამ თუ პოლიტიკურ პარტია „ქართულ ოცნებას“ ასეთი სურვილი აღმოაჩნდა, ეს იქნება არა კონსოლიდაციის, არამედ დაშლის წინაპირობა ამ პოლიტიკური ძალისა, რადგან მის შემადგენლობაში არიან საღი გონების პოლიტიკოსებიც, რომელთა პოლიტიკური კარიერა არ დაწყებულა 2012 წლის ოქტომბერში, გააჩნიათ დიდი გამოცდილება, პერსონალური ბიოგრაფიაც, თავმოყვარეობაც და სულ ერთი არ არის, რა დამოკიდებულება ექნება მათ მიმართ ქართულ საზოგადოებას.
ვფიქრობ, სათქმელი დროზე უნდა ითქვას და ალბათ, დროა, ვიფიქროთ უფრო ახლო მომავალზე, ვიდრე იმ პერიოდზე, რასაც დღეს ეძახიან „20/30-ს“. ჯერ 20/16 უნდა გავიაროთ, რომ ვიოცნებოთ 20/30-ზე. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ძალიან ძნელად მისაღები ინფორმაცია ვრცელდება 20/30-ის სახელით.
რას გულისხმობთ?
- პიროვნულ შეუსაბამო ბრალდებებს როგორც „შენიღბულ ნაციონალობაზე“, ასევე სხვა ბრალდებებზე. და, თუკი, სადაც სუსტი წერტილი გვაქვს ყველას ამოქოლვა მხოლოდ სხვისი ცილისწამებით არის შესაძლებელი, რაც მალე განერიდება ასეთი აზროვნების პიროვნება პოლიტიკურ საქმიანობას, მით უფრო უკეთესი იქნება მისთვისაც და ქვეყნისთვისაც.
შეიძლება ვინმე ურჩევდეს ბიძინა ივანიშვილს, რომ ასეთი სტრატეგიაა საჭირო კოალიციის ყოფილ ან არსებულ წევრ პროდასავლურ ძალებთან მიმართებაში?
- ადამიანი თვითონ ირჩევს მრჩეველს. მრჩევლის არჩევაც ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მახასიათებელია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ურჩევენ. ეს შეიძლება ამ ორი-სამი წლის მანძილზე დამდგარი შედეგებით იქნას შეფასებული და უპირველეს ყოვლისა, მრჩეველს უნდა ენდობოდნენ, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს მჩეველთა ტყვეობაში ყოფნას. ძნელად დასაჯერებელია, რომ რაიმე, საზოგადოებისთვის მიუღებელი რჩევა კეთილგანწყობილმა მრჩეველმა იკისროს და შეცდომაში შეიყვანოს მათი დამქირავებელიც და მათ მიმართ ინტერესის მქონე სუბიექტებიც.
რეალურად თუ შევხედავთ, ყველაზე მეტად, „შენიღბული ნაციონალები“ აწყობს არასაპარტლამენტო ოპოზიციას, რადგან იზრდება მათი შანსი 2016 წელს პარლამენტში მოსახვედრად. მათ აქვთ რესურსები, რომ ასეთი პიარი აწარმოონ თანაც ამდენი ხნის განმავბლობაში? შეიძლება ხელისუფლებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთიან ინტერესებზე ვისაუბროთ?
- შეიძლება ვისაუბროთ ინტერესების დამთხვევაზე და არა ერთიან ინტერესებზე, რადგან ძნელი წარმოსადგენია ის ათიოდე არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალა, რომელთაც საერთო ინტერესები აქვთ, უპირველეს ყოვლისა, საარჩევნო სისტემის შეცვლის კუთხით გახდნენ ასეთი ფარული პარტნიორები „ქართული ოცნების“, თუ სხვა რომელიმე პლიტიკური მომდინარეობის.
ამდენად, შეიძლება ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდეს, მაგრამ ერთობლივი ქმედება შემიძლია გამოვრიცხო, რადგან „ქართულ ოცნებას“ ისე არ გასჭირვებია, რომ რაოდენობრივი ფასეულობა უფრო აუცილებელი გახდეს მისთვის, ვიდრე ხარისხობრივი.
საბოლოოდ, ვინ შეიძლება აღმოჩნდეს მოგებული ამ სტრატეგიით?
- გამარჯვებული თუ გამოვა ვინმე, არ მგონია, მაგრამ დამარცხებული უსათუოდ იქნება იმ ადამიანთა ჯგუფი, თუ პოლიტიკური პარტია, რომელიც თვლის, რომ მარგველაშვილი, ალასანია, უსუფაშვილი და და-ძმანი მათნი, არიან „შენიღბული ნაციონალები“. ეს ნიშნავს, რომ ამ იდეის ავტორს, თუ ეს გულწრფელი მოსაზრებაა და არა დაგეგმილი ცილისწამება, არ ჰქონია წვდომა ქართულ მედიასთან უკანასკნელი 10 წლის მანძილზე. არც ამ „ბრალდებულების“ საქმიანობა სცოდნიათ წლების განმავლობაში, არც მათი პოზიციების შესახებ სმენიათ რამე და მხოლოდ საკუთარ უმეცრებაზე მიუთითებენ ასეთი თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით.
ეს ხომ არ არის გაგრძელება ასე ვთქვათ, პროდასავლური ძალების საწინააღმდეგო კამპანიის?
- პროდასავლური ძალები თავად მოახერხებენ კონსოლიდაციას ყოველგვარი მიტმასნილი სუბიექტების გარეშე. ვინაიდან დასავლური პერსპექტივა ბევრად უფრო რეალისტურია და მისაღები ჩვენი საზოგადოებისთვის, ასეთ პოლიტიკურ ძალებს გაუადვილდებათ წარმატების მიღწვა, რადგან შეგნებული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მათი მხარდამჭერი იქნება.
შესაძლოა დღევანდელი „შავი პიარი“ არჩევნებისთვის დადებითად აისახოს ამ პოლიტიკურ ძალებზე?
- უსამართლობის მსხვერპლის მიმართ ქართულ საზოგადოებას მუდმივად, შეიძლება ითქვას, გენეტიკურად აქვს სიმპათია. დაჩაგრულთა მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების გამოხატვის უნარი სრულიად თვალსაჩინოა ჩვენი საზოგადოებისთვის. ვადევნოთ თვალი პრესას და დაკვირვებული მკითხველი მარტივად ამოიცნობს დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც ასეთი ბრალდებებისა და ცილისწამებებისა.
თქვენ ვინ გგონიათ დამკვეთი?
- ჯერ არ ვიცი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მეცოდინება.
როდის?
- როდესაც თავად „შენიღბულ ნაციონალებად“ მოაზრებული პოლიტიკური პარტიების ლიდერები გააკეთებენ განცხადებებს.
როგორ ფიქრობთ მათ უკვე იციან, ვინ უკვეთავს მათ საწინააღმდეგ პიარს?
- დარწმუნებული ვარ, ამ თემაზე საუბარი მოუწევთ ჯერ უფრო პრივატულ რეჟიმში და დადგება დრო, როდესაც ეს ყველაფერი გასაჯაროვდება და კითხვის ნიშნები აღარ დარჩება.