ბიუჯეტი ახლო მომავალში არ შემცირდება

ბიუჯეტი ახლო მომავალში არ შემცირდება

საჭიროა თუ არა ბიუჯეტის შემცირება - ეს საკითხი კვლავ გაურკვეველია. საერთაშორისო ორგანიზაციები და ოპოზიცია ნეგატიურ პროგნოზს აკეთებენ, ამ დროს კი ბიუჯეტში გადაჭარბებაა. ფინანსთა სამინისტრომ პირველი კვარტლის შემდეგ ხაზინაში იმაზე მეტ თანხას მოუყარა თავი, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა. შესაბამისად, ბიუჯეტის შეკვეცა აღარ არის სასწრაფო და აუცილებელი.

ფინანსთა სამინისტრო დაუფარავად აცხადებს, რომ არ იჩქარებს და დინამიკას დააკვირდება. ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ხელისუფლება ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 2 თვის შემდეგ მიიღებს.

„ჩვენ ველოდებოდით პირველი კვარტლის მონაცემებს. გვინდოდა, ერთობლივად გვემუშავა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები გვაქვს, კიდევ დაველოდებით, სავარაუდოდ, 2 თვეს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ხადურმა.

ამჟამად საგადასახადო შემოსავლები, შარშანდელ საგადასახადო შემოსავლებთან შედარებით, დაახლოებით 15-16%-ით არის გაზრდილი. ბიუჯეტის კორექტირება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც საერთშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს მთავრობას ქვეყნის ეკონომიკური ზრდის 5-დან 2 პროცენტამდე შემცირების რეკომენდაციით მიმართეს.

უცხოელ ანალიტიკოსთან გათვლას იზიარებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. იგი ღრმად დარწმუნებულია, რომ მშპ-ს პროგნოზის 2%-მდე შემცირება გარდაუვალია.

„დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2 პროცენტამდე შესამცირებელია, თუმცა ბიუჯეტის პარამეტრების კორექტირება, ალბათ, მეორე კვარტლის ბოლოს უფრო უპრიანი იქნება“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის კორექტირება გარდაუვალია. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ზურაბ აბაშიძის აზრით, მთავრობა ცდილობს, რომ ეს პროცესები ხელოვნურად გააჭიანუროს. ამ დროს კი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წლის ბოლოს 2 პროცენტიც ვერ იქნება.

„არა მგონია, რომ 2-პროცენტიანი ზრდა მაინც მოხერხდეს. ღმერთმა ქნას გამოსწორდეს მდგომარეობა, მაგრამ ამ მათავრობის პირობებში ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ“, - განაცხადა აბაშიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი ბიუჯეტის კორექტირებაზე ჯერ არ საუბრობენ. დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკი კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, მთავრობა საკუთარ პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებს.

„როგორც კი შეჯამდება პირველი კვარტლის მონაცემები, გაანალიზდება, მთავრობა წარმოადგენს პოზიციას - საჭიროა თუ არა ბიუჯეტის შემცირება და რა კუთხით. ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება შეიძლება ისედაც მოხდეს, მაგრამ არ იყოს საჭირო ბიუჯეტის შეკვეცა“, - განაცხდა ტყემალაძემ.

ეკონომიკის ექსპერტთა უმეტემობა მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან მთავრობას ბიუჯეტის კორექტირება მაინც მოუწევს.

„ტენდენცია სწორედ ამაზე უნდა იყოს გადაწყობილი და ჩვენ უნდა მოვერგოთ იმ გამოწვევებს და იმ პრობლემებს, რაც არის და ოპტიმალურად შევეცადოთ მშპ-ს ზრდის 2%-იანი ზრდის ფარგლებში დავაკორექტიროთ ეკონომიკური პოლიტიკა. ბიუჯეტს კორექტირება მოუწევს, სულ უფრო აშკარაა.

მშპ-ს მაჩვენებლის გადახედვა რომ საჭიროა, ამის შესახებ ფინანასთა მინისტრმაც გააკეთა განცხადება. როცა ბიუჯეტი იგეგმება, იგი გარკვეულწილად ზრდის მაჩვენებელს ითვალისწინებს. თავიდან ეს იყო 5%, მაგრამ რადგან ვითარება შეიცვალა, ჩვენ ბიუჯეტის კორექტირება მოგვიწევს.

ჩემი ვარაუდით, ბიუჯეტის შესწორება და მისი 300-400 მილიონი ლარით შემცირება ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა. მთავარია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით არ მოხდეს ეკონომიის გაკეთება და მათი შემცირება. ეკონომიკური აქტივობა არ შეფერხდეს და ამ კუთხით არ შემცირდეს ბიუჯეტი“, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე.