„ჩვენკენ რა ნამუსით იშვერენ ხელს, როდესაც საკუთარი გუნდი შიხიაშვილებით სავსე ჰყავთ?“

„ჩვენკენ რა ნამუსით იშვერენ ხელს, როდესაც საკუთარი გუნდი შიხიაშვილებით სავსე ჰყავთ?“

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ სამთავრობო კარუსელი დატრიალდეს და პოსტის დატოვება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც მოუწიოს. დეპუტატის შეფასებით, ამჟამად, ბიძინა ივანიშვილის მზის ქვეშ ადგილის მოპოვებისთვის მმართველი გუნდის წევრებს შორის გააფთრებული ბრძოლა მიდის. კანონმდებელი თვლის, რომ ხელისუფლება ცაიტნოტშია და დრო მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს.

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე for.ge დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა:

დავით შავლიაშვილი პოსტიდან გადადგა და ამის ოფიციალურ მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელეს. ეს მოტივი თქვენთვის სარწმუნოა?

- თუკი შავლიაშვილს მართლაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მინდა მას სულიერი სიმხნევე და დიდი ხნის სიცოცხლე ვუსურვო. თუკი ეს ვერსია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ამ ფაქტორს ანგარიში უნდა გავუწიოთ, თუმცა ამ მოტივაციაში გარკვეული ეჭვი შემაქვს. შავლიაშვილს იმ დონეზე არ ვიცნობ, რომ მისი პირადი ცხოვრება ვიცოდე, მაგრამ ამ ადამიანის ავადმყოფობის თაობაზე არაფერი მსმენია. ქვეყანაში არაფორმალური მართვის სტილი ყველა ნაბიჯზე რომ მკვიდრდება, ეს თვალში საცემია და „თავისუფალი დემოკრატები“ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ.

მოქმედი პრემიერი - ღარიბაშვილი გვყავს, დე-ფაქტო კი - ივანიშვილია. ასევე შავლიაშვილი მოქმედი მინისტრი იყო, მას კი დე-ფაქტო მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილის სახით ჰყავდა. ამას გარდა, ჭიკაიძე შს მინისტრი იყო, დე-ფაქტო მინისტრი ღარიბაშვილი გახლდათ, რადგან ძალოვან უწყებაში მთელ სიტუაციას სწორედ ის მართავდა. ამ სიის გაგრძელება უსაშველოდ შემიძლია. ეს არის სენი, რომელიც ხელისუფლებას მოედო და ფართოდ გავრცელდა. ქვეყანას უწყებების ფორმალური ხელმძღვანელები ჰყავს, რომლებიც სამინისტროებში დამლაგებლის ან მძღოლის აყვანის გარდა, ვერაფერს წყვეტენ. სამინიტროებს ჩრდილში მყოფი თანამდებობის პირები მართავენ. ანუ, სახეზეა რეალური და ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

სანამ არაფორმალურ მმართველობაზე გკითხავთ, ისევ შავლიაშვილის თემას მივუბრუნდები. წინა ხელისუფლების პირობებში სასწავლებლად წასული მინისტრები გვახსოვს, მათ შორის იყო ნიკა გვარამიაც. ამ მთავრობის მართვის დროს კი, მინისტრი პოსტიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წავიდა, მაგრამ შავლიაშვილის საქმიანობის მიმართ კითხვები თავად ჯავახიშვილის მიერ ისმოდა, რომ არაფერი ვთქვათ, ნაციონალების ბრალდებებზე, რომლებიც ამბობდნენ, რომ შავლიაშვილი .. ჯანყარაშვილის კლანს წარმოადგენდა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გარკვეულ კორუფციულ გარიგებებს ჰქონდა ადგილი. მთავრობიდან შავლიაშვილის წასვლა, რას ნიშნავს, რომელიც ღარიბაშვილის გარემოცვას წარმოადგენდა?

- ჯავახიშვილი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა და მისი გზავნილები ვისაც ეკუთვნოდა, ის ამ უწყებას ფორმალურად ხელმძღვანელობდა. თუკი მინისტრის მიერ გატარებული პოლიტიკა არ მოგწონს, მის პირველ მოადგილედ რა გინდა? თუკი ერთ ნავში ისხდნენ, მაშინ, ჯავახიშვილი ხმამაღალ განცხადებებს რატომ აკეთებდა? ეს ყველაფერი ძალიან პრიმიტიული თამაშია, ჯავახიშვილსა და სხვებს ჰგონიათ, რომ ხალხი ამით „დაბოლდება“ და ყველაფერს გადაყლაპავს. მათი მცდელობაა, ხალხმა იფიქროს, მინისტრის მოადგილე რა პატიოსანი და წესიერი კაცია, ხოლო ეს მინისტრი რა გაფუჭებულიაო. მსგავსი რამ ბუნებაში არ ხდება და მათი ამ თამაშის არავის სჯერა. ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის ნიშნები იმდენად თვალსაცემია, რომ ეს პოლიტიკურ ცხოვრებაში დამკვიდრდა და ეს სამწუხაროა.

როდესაც „თავისუფალი დემოკრატებიარაფორმალურ მმართველობაზე საუბრობთ, უმრავლესობის წევრმა, თინა ხიდაშელმა მოგიწოდათ, დააკონკრეტოთ -არაფორმალური მმართველობის დროს, თქვენ როგორ იყავით მართვაში და ასევე თქვათ, ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა მას შემდეგ დაიწყო, რაცთავისუფალი დემოკრატებიკოალიციიდან გავიდნენ, თუ მაშინ, როცა პრემიერის პოსტიდან ივანიშვილი გადადგა?

- პატიმრობაში მყოფი ხუთ უდანაშაულო ადამიანზე ქალბატონი თინას ერთი სიტყვაც არ გამიგია. ჩვენს მიმართ ისრების სროლას თავი დაანებონ. ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერის პოსტიდან ივანიშვილი წავიდა და ეს პოლიტიკა სენად მთელ მთავრობას მოედო. ალასანია, პეტრიაშვილი და ფანჯიკიძე არაფორმალურ მმართველობას რომ ვერ შეეგუებოდნენ, ისინი ოპოზიციაში ამიტომ არიან.

ქალბატონო თინათინ! ჩვენ ხელისუფლების გარეთ ამიტომ ვართ, ხოლო თქვენ ისევ იქ ხართ, სადაც არაფორმალური მმართველობა ყვავის. ქალბატონო თინა, ჩვენს მიმართ ისრების გადმოტანა არ გინდათ და აღიარეთ, რომ ბატონი ბიძინას კარზე ბილიკი გაქვთ გაკვალული და მთელი უმრავლესობა დილიდან-საღამომდე იქ დადიხართ. ამას პირფერობა, რად უნდა? ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ქალბატონმა თინამ რაც უნდა ამტკიცოს, რომ ეს ასე არ არის, ეს ნამდვილად ასეა. არაფორმალური მმართველობის შედეგია დაპატიმრებული ადამიანები და ეს გადაწყვეტილება მიღებული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ იყო, ხოლო მითითება სავარაუდოდ, ივანიშვილის მხრიდან მოდიოდა. სამწუხაროდ, საუბარი ამაზე მიწევს და ეს არ მიხარია, რადგან ერთად ვიბრძოდით, რომ ხელისუფლებაში მოვსულიყავით. ჩვენ ყოველდღე უნდა გვაყვედრონ, რომ ხელისუფლებაში ვიყავით?

იგივე ხიდაშელი მიგიწოდებთ, რომ ნუ ჭორაობთ...

- რაც მტკივა, იმას ვამბობ და ჭორაობა რა არის, როცა ხუთ უდანაშაულო ადამიანს დილეგში გამოკეტავ და პირში წყალს ჩაიგუბებ? ამაზე საუბარი უკეთურობაა? უმრავლესობის წევრებო, ჭორაობა ის არის, ენები რომ დაგიგრძელებიათ, მასმედიის წარმომადგენლებს ერთმანეთზე რომ ელაპარაკებით და ეტლიკინებით. როცა სპორტის კომიტეტის წევრები სპორტის მინისტრს თავსხლაფს ასხამენ და შემდეგ ერთმანეთს ლანძღავენ, ესაა ჭორაობა. ქალბატონო თინათინ, ფაქტის კონსტანტაციაა, რომ თქვენმა ხელისუფლებამ ადამიანები დააკავა და გამომწყვდეული დილეგში ჰყავს. ბევრი ჩემი თანაგუნდელი არაფორმალურ მმართველობას რომ არ დაექვემდებარა, ამიტომ ვართ ოპოზიციაში, ხოლო ქალბატონი თინათინი ამას რომ დაექვემდებარა, ამიტომ არის ჩარჩენილი „ქართულ ოცნებაში“.

თქვენ ამბობთ, რომ არაფორმალური მმართველობის ნაწილირესპუბლიკური პარტიაცაა“?

- რა თქმა უნდა და ამაში ეჭვიც არ შეგეპაროთ. უმრავლესობის ნებისმიერი წევრი იმ პოლიტიკას იზიარებს, რომელსაც ქვეყანაში ივანიშვილი ატარებს. სითამამე და ვაჟკაცობა უნდა გვეყოს და ვთქვათ, რომ ბევრი რამე გაკეთდა მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში ჩვენც ვიყავით და მას შემდეგაც, რაც ჩვენ წამოვედით. როცა ქვეყანაში ცუდი რამე ხდება, ივანიშვილის კარზე გუნდრუკის კმევას ვერ დავიწყებ. ადამიანები, რომლებიც ალასანიას ადიდებდნენ, ახლა დგანან და მას გასამრჯელოს გამო ლანძღავენ. რაღაც უსაგნო და ყბედურ ბრალდებებს რომ არ ვპასუხობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამის თავი არ გვაქვს. არ გვსურს, რომ საზოგადოებაში დაპირისპირება გაღვივდეს.

თქვენ ბიძინა ივანიშვილს არაფორმალურ მმართველობაში ადანაშაულებთ, მან კი გისაყვედურათ, რომთავისუფალი დემოკრატებიალასანიას გარშემო ხართ გაერთიანებული და პარტია ერთი კაცის მმართველობაზეა დამოკიდებული...

- ამაზე მეღიმება, რადგან მთელი კოალიცია ივანიშვილის ნებისმიერ დაძახილზე „სმირნაზე“ დგას. დიახ, ირაკლი ალასანიას პატივს ვცემთ. თურმე, მეგობარს წიხლი უნდა დააჭირო, ბრძოლაში მიატოვო, ხელი შეახოცო, შემდეგ სხვათან მონურ მორჩილებაში დადგე და თქვა, რომ ირაკლი ალასანია წყალს წაუღია, თქვენ იყავით კარგადო. ამ ყაიდაზე მოწყობილი ადამიანი არ ვარ. პარტიებს იმის გამო ვიცვლიდი, რომ ვისთან ერთადაც ვიბრძოდი, პრინციპებს და ხალხს ღალატობდნენ. ამიტომ, გამოვდიოდი და ვამბობდი, რომ სიბინძურეში და ნაძირლობაში მონაწილეობას არ მივიღებდი. ქართველ კაცს მეგობრობის ფასი არ უნდა უკვირდეს. ჩვენ ერთგულების ფასი ვიცით და ალასანიას მიმართ ეს ფანატიკური დამოკიდებულება არ არის. პარტიის გამგეობა დაახლოებით 25 ადამიანისგან შედგება და ერთ დღეს შემიძლია, მეგზურობა გაგიწიოთ და ნახოთ, რა ხდება იქ, როგორი ვნებათარელვაა. 

მაია ფანჯიკიძე გამგეობის ახალი წევრია და რამდენჯერმე აღნიშნა - აქ რა ხმაურია, თავი გამისკდაო. ქალბატონი მაია გამგეობის ბობოქარ სხდომებს ახლა ეგუება. თუკი ჩვენ ერთობა შევინარჩუნეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კერპთაყვანისმცემლები ვართ. ვიღაცის გზა მეც არ მომწონს, მაგრამ მათ არ ვეუბნებით, რომ „ქართული ოცნება“ დატოვეთ და „თავისუფალ დემოკრატებში“ გადმოდით-თქო. მოღალატე ადამიანი პოლიტიკაში ფეხს ვერ გაიდგამს და ეს ივანიშვილმაც უნდა იცოდეს, რომელიც პოლიტიკიდან ისე წავიდა, რომ ამ მიმართულებით მისი პრინციპები კარგად ვერ გავიგეთ.

უცნაური ტენდენცია შეინიშნება. ივანიშვილის ფავორიტი ადამიანები იყვნენ ალასანიაც და გიორგი მარგველაშვილიც, მაგრამ ამჟამად, ყოფილი პრემიერი თუ ვინმეს აკრიტიკებს, სწორედ ეს ადამიანები არიან. მას სააკაშვილიც კი აღარ ახსოვს. ეს ყველაფერი რისი შედეგია?

- ვერ გეტყვით. ამ ყველაფერს უფრო მეტად პიროვნულ პრობლემებს დავაბრალებ. იქნებ, მან თავისი გადაცემის მეშვეობით განგვიმარტოს, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ რა დავაშავეთ, რა გავაფუჭეთ და სად შეგვეშალა. მაშინ შეგვეშალა, როცა ირაკლი ალასანია პარტიაში მოვიდა და იკითხა, პრეზიდენტობის კანდიდატი რომ ყოფილიყო, ჩვენ რას ვფიქრობდით?!

ანუ, ივანიშვილსა და ალასანიას შორის დაპირისპირების პირველი საბაბი ეს გახლდათ?

- ასე ვფიქრობ. ამ საკითხზე დიდი ხანიც კი არ გვისაუბრია, ალასანიამ იდეა მოგვაწოდა, ჩვენი ფრთხილი შეხედულებები ვუთხარით და წავიდა. ამის შემდეგ გვესმოდა, ალასანია პარტიაში რა უფლებით მოვიდა და ზურგს უკან როგორ ისაუბრაო. თუკი 1-ელ ოქტომბერს, თავი იმის გამო მოვიკალით, რომ მთელი საქართველო ერთ თარგზე იყოს გამოჭრილი, მაშინ ამ წარმატების არ მჯერა. ნაციონალები ვანკა-სტანკებივით იყვნენ და მათ უნდა დავემსგავსოთ? მათ რასაც არქიფო სეთური - სააკაშვილი ჩასძახებდა, იმას ამოძახებდნენ და ბოლოს „ნაციონალური მოძრაობა“ ქვევრად გადაიქცა. არ მინდა, რომ „ქართული ოცნებაც“ ქვევრს დაემსგავსოს. ბატონი ბიძინასგან და ღარიბაშვილისგან სხვა რაღაცეებს ველოდი და არა ასეთ დამოკიდებულებებს. რა გავაკეთოთ, რომ ჩვენ ერთ-ერთი ავტორიტეტული და ქარიზმატული ლიდერი გვყავს? ალასანია პარტიიდან გავრიცხოთ? პოლიტიკურ ფლანგზე ალასანიას რაც უფრო მეტი კონკურენტი გამოუჩნდება, მით უკეთესია ირაკლისთვის.

როდესაც, პოლიტიკური კვლევები ტარდებოდა, გვეშინოდა, რომ ალასანიას ღარიბაშვილსა და ივანიშვილზე მეტი რეიტინგი არ ჰქონოდა, რადგან როგორც კი, ალასანიას მეტი რეიტინგი ჰქონდა, ეჭვის თვალით გვიყურებდნენ. არსად წამსვლელები ჩვენ არ ვიყავით, კოალიციიდან გაგვაძევეს და გვითხრეს, მიბრძანდით, თქვენი ადგილი აქ არ არისო.

თუმცა, კოალიციიდან თქვენს წასვლასრესპუბლიკური პარტიაეწინააღმდეგებოდა და ახლა, ერთმანეთის კრიტიკა რატომ დაიწყეთ? ამასთანავე, გეტყვით, რომ ხუთ დაპატიმრებულ ადამიანთან დაკავშირებით, for.ge- ხიდაშელმა განუცხადა, რომ მან თავდებობის დოკუმენტს ხელი ორჯერ მოაწერა...

- რესპუბლიკლებთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს, მათ შორის ქალბატონ თინათინთან. პოლიტიკაში სიმართლე და გულწრფელობა მნიშვნელოვანია. ხიდაშელმა ამ დოკუმენტს ხელი ნამდვილად მოაწერა და მადლობა მას. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ ქვეყანაში ყველა დონეზე არაფორმალური მმართველობაა.

მათ შორის, არაფორმალური მმართველობის მონაწილე დავით უსუფაშილიც არის?

- დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის შეხედულებებს ისიც უდიდესს ანგარიშს უწევს, რადგან სხვანაირად ვერ იქნება. თუკი არაფორმალურ მმართველობას პრემიერ ექვემდებარება, პარლამენტი გამონაკლისი იქნება? რესპუბლიკელებს რომ უთხრან, დავით უსუფაშვილს გაემიჯნეთო, მაინტერესებს ისინი რას იზამენ?! თუკი რესპუბლიკელები სიმართლეს არ იტყვიან, ადრე თუ გვიან, მათი ლიდერის მიმართ ბრძოლა დაიწყება. ამ ადამიანებთან დიდი ხნის ურთიერთობას ანგარიშს ვუწევ, ჩვენ რთული პერიოდებიც გამოვიარეთ და ჩვენს შორის განსხვავებიც იყო, რომელიც მოგვიანებით გადაილახა და 1-ელ ოქტომბერს ერთად ვიყავით.

რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, მოლოდინი გაქვთ, რომ კარუსელი დატრიალდება?

- მოლოდინი მაქვს, რომ სამთავრობო კარუსელი დატრიალდება, რადგან კრიზისი მძაფრდება. ზოგიერთი საუბრობს, რომ მინისტრებს ღარიბაშვილსაც მიაყოლებენ. ივანიშვილის მზის ქვეშ ადგილის მოპოვებისთვის გააფთრებული ბრძოლა მიდის. ცვლილებებისთვის დრო ნელ-ნელა მწიფდება. ღარიბაშვილის კლანი იყო და ივანიშვილმა თავად თქვა, რომ ღარიბაშილს რამდენჯერმე ვუთხარი, ნათესავები მოიშორეო. თუკი ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არ არის, ყოფილმა პრემიერმა ეს მოქმედ პრემიერს როგორ უთხრა?! ასევე ივანიშვილმა ე.წ. კაბელების საქმის ყველა დეტალი საიდან იცოდა? - შემთხვევით, მან წინა დღეებში, პროკურორებს ხომ არ დაუძახა და ტყავი გააძრო? ინფორმაცია გვაქვს, რომ მას ე.წ. კაბელების საქმის პროკურორებთან მუდმივი ურთიერთობა აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ ახალი პრემიერი დაინიშნოს.

გაპრემიერების შანსი დავით სერგეენკოს აქვს?

- ვერ გეტყვით, თუმცა, დრო ხელისუფლებისთვის არ მუშაობს და ისინი ცაიტნოტში არიან, რადგან უამრავი დანაპირები ჩაფლავდა და ვერ განხორციელდა. ქვეყანაში საშინელი ეკონომიკური კრიზისია, უმუშევრობის დონე მატულობს. როდესაც ქვეყანას ბევრი პრობლემა აქვს, ხალხს პრემიერად პერსონალური ბანკირი არ უნდა შესთავაზო. ამომრჩეველს ოქროს მთებს რომ დაჰპირდა, ამ ადამიანებს პატარა ოქროს გორაკი მაინც უნდა შესთავაზოს. ჩვენკენ რა ნამუსით იშვერენ ხელს, როდესაც საკუთარი გუნდი შიხიაშვილებით სავსე ჰყავთ?