„ლაფანყურის ოპერაციის მთავარი ფიგურანტები დღეს ისლამური ხალიფატის მარჯვენა დამრტყმელი ძალები არიან“

„ლაფანყურის ოპერაციის მთავარი ფიგურანტები დღეს ისლამური ხალიფატის მარჯვენა დამრტყმელი ძალები არიან“

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ლაფანყურის საქმის გამოძიების ბოლომდე დასრულებას მოითხოვს და აცხადებს, რომ ისლამური ხალიფატის კონტექსტში ლაფანყურის სპეცოპერაცია საქართველოსთვის დამოკლეს მახვილივით იქნება. For.ge ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.

ლაფანყურის ოპერაციას თქვენ ისლამური ხალიფატის ჭრილში ახსენებთ. ფიქრობთ, რომ ამ საქმის გამოძიება კავკასიაში რადიკალი ისლამისტების გააქტიურებას ხელს შეუშლის?

- ლაფანყურის საქმის მთავარი მოქმედი პირები, გადარჩენილი მებრძოლები, უკლებლივ ყველანი, არიან ისლამური ხალიფატის შემადგენლობაში ჩართულნი - ახმედ ჩატაევი, რომელიც დღეს არის ისლამური ხალიფატის წარმომადგენელი კავკასიაში, ასევე, მუსლიმ მარგოშვილი და სხვები. მთლიანობაში, ლაფანყურის ოპერაციის მთავარი ფიგურანტები ისლამური ხალიფატის მარჯვენა დამრტყმელ ძალას წარმოადგენენ. ისინი გადაყვანილ იქნენ თურქეთში და დღეს იბრძვიან ისლამური ხალიფატის რიგებში.

ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენს ძალოვან სტრუქტურებში დღესაც შემორჩენილნი არიან მაღალჩინოსნები, რომლებიც გონივრული ეჭვის საფუძველზე საეჭვო კორუფციულ გარიგებაში არიან ისლამისტურ დაჯგუფებებთან?! ამიტომ ჩვენმა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, როგორ მოხდა ჩატაევის გათავისუფლება, ვინ შეუწყო ამას ხელი, ვინ იყო საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი იმ პერიოდში, ვისი რეკომენდაციით მოხდა ჩატაევის გათავისუფლება. თუ ამ საქმის გამოძიება არ მოხდება, მანამდე ეს იქნება ჩვენთვის დამოკლეს მახვილი. ლაფანყურის საქმე რომ არ გამოვიძიეთ, მივიღეთ კიდეც პანკისში საშიში ტენდენციები. ჩვენმა კომისიამაც დადო დასკვნა ძალოვანი სტრუქტურების მიმართ, სულ მცირე, გამოიკვლიონ, ვინ იყო მაშინ საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი. ეს დიდი საქმეა.

როგორ გგონიათ, ახმედ ჩატაევი და ის ადამიანები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ქართულ სამყაროსთან იყვნენ დაკავშირებულნი, ცუდად გადაუხდიან საქართველოს?

- ამას არ აქვს მნიშვნელობა, გადაუხდიან თუ არა. მთავარია, რომ ჩატაევი წარმოადგენს ისლამურ ხალიფატს კავკასიაში და ეს სერიოზული ძალაა.

ჩეჩნეთის დევნილი პრემიერის - ახმედ ზაკაევის გაფრთხილების თაობაზეც მინდა გკითხოთ. ზაკაევი აცხადებს, რომ ისლამისტების ძალადობრივი იმპორტი საქართველოსაც დაემუქრება. პარალელურად, თქვენც აცხადებთ, რომ დაღესტნის ისლამისტი ლიდერის - ალიასხაბ კებეკოვის მკვლელობა ჩვენთვისაც საშიში იქნება, რადგან ისლამური ხალიფატი შეეცდება თავისი წარგზავნილის დასმას ამ ადგილზე და პრობლემები საქართველოსკენაც გადმოიწევს. დაღესტნელი ლიდერის მკვლელობაში ისლამური ხალიფატის ხელს ხედავთ?

- არ გამოვრიცხავ, რომ ისლამური ხალიფატის წევრებმა შეიძლება, ხელი შეუწყვეს ამ საქმეს, რადგან უნდათ, აქ თავიანთი ძალა დასვან. ჩემი ინფორმაციით, ლიკვიდირებულ იქნა კავკასიური ისლამური იმარატის ლიდერი აბუ მუჰამედ დაღესტნელი, ანუ იგივე ალიასხაბ კებეკოვი. თუ ეს დადასტურდა, უნდა მოველოდოთ ახალი მდგომარეობის განვითარებას ჩრდილო კავკასიაში და მისი რიკოშეტი შეიძლება იყოს აზერბაიჯანი და საქართველო.

სულ ახლახანს დაღესტნის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში მოხდა გამალებული შეტაკება ისლამისტურ დაჯგუფებასა და ფედერალურ ძალებს შორის და პირველად მოხდა, რომ გარღვევის ოპერაციაზე წავიდნენ ისლამისტები. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ სახლში იმალებოდა განსაკუთრებული ტიპის საველე მეთაური. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარღვევის ოპერაციებს არ ახორციელებენ ხოლმე ისლამისტები. კებეკოვის განადგურება ნიშნავს, რომ ისლამური კავკასიის ემირატის ყველა დაჯგუფება, მათ შორის, ჩეჩნეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ჩერქეზეთის, განსაკუთრებით, დაღესტნის შარიათის ჯამაათის ბრძოლისუნარიანი დაჯგუფება, შეიძლება პირდაპირ გადავიდეს ისლამური ხალიფატის დაქვემდებარებაში. ანუ კებეკოვის ლიკვიდაცია შეიძლება აწყობდა კიდეც ისლამური ხალიფატის მესვეურს. არ არის გამორიცხული, ისლამური ხალიფატის წარმომადგენლებმა შეგნებულად მიაწოდეს რუსეთის ფედერალურ სპეცსამსახურებს ინფორმაცია, რომ მოეხდინათ კებეკოვის ლიკვიდაცია. ამით ისლამისტებს სურდათ, ჩრდილო კავკასიაში პოზიციები გაემყარებინათ. ჩრდილო კავკასიაში ისლამური ხალიფატის დაჯგუფების გაძლიერება და მათი მხრიდან კავკასიური ჯიხადის განხორციელება, ფაქტობრივად, აქტიურ ფაზაშია და ჯიხადისთვის გამოყოფილია 50 მილიონი დოლარი. დაინიშნა კიდეც კოორდინატორი, ქართველებისთვის კარგად ცნობილი ახმედ ჩატაევი, გავლენიანი საველე მეთური. მოგეხსენებათ, ის გადავიდა ისლამური ხალიფატის მხარეს. ის, რომ პანკისის რეგიონიდან ინტენსიური ხასიათი მიიღო ახალგაზრდების ექსპორტმა, ეს ნიშნავს, რომ ხალიფატი აქტიურობს საქართველოს მიმართულებითაც.

ამ რამდენიმე წლის წინ არაბულ სამყაროში დასავლური კოალიციური ძალების ჩარევა და ადგილობრივი ლიდერების ძალადობრივი გზით დამხობა მუსლიმანთა ნაწილმა უარყოფითად აღიქვა. მაგალითად, სადამ ჰუსეინის ინფორმაციის მინისტრი ამერიკელებს ჯვაროსნებად მოიხსენიებდა, რომლებმაც მათი მიწა დაიპყრეს. მათ მიიჩნიეს, რომ ქრისტიანებმა შეუტიეს და ამერიკელები, ინგლისელები, ზოგადად, მთელი დასავლეთი ქრისტიან ჯვაროსნებად შერაცხეს, რომელთა წინააღმდეგ წმინდა ომი უნდა დაეწყოთ. არ არის გამორიცხული, რომ ისლამისტების მხრიდან ბავშვების განადგურება და ჩადენილი სისასტიკეები .. „რეაქტიული ძალადობის“, ანუ კოლექტიური ფსიქოზის შედეგი იყოს. აქედან გამომდინარე, რა იყო დასავლური ძალების მთავარი შეცდომა ისლამისტებთან ურთიერთობაში?

- დასავლურმა ძალებმა ჩათვალეს, რომ „ალ ქაიდას“ განადგურების მერე, რაც უკავშირდებოდა ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციას, „ალ ქაიდას“ ხანა დასრულდა და მათ ისლამისტების საკუთარ მხარეზე გადმობირების ტაქტიკა და სტრატეგია აირჩიეს. ეს ნიშნავდა მათ ჩართვას, ანუ მათი ინტერესების გადართვას საერთო მტრის წინააღმდეგ. ვგულისხმობ იმავე სირიაში მოქმედი ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ამ ძალების გადართვას. ეს გეგმა, ფაქტობრივად, ჩავარდა, რადგან ისლამური ხალიფატის რელიგიური ურთიერთობები ხელს შეუწყობდა ამერიკელების საწინააღმდეგო განწყობას. ამერიკელებს გააჩნიათ თავიანთი ამერიკული მიმართულება, მათი პოპულისტური იდეები, რომელიც ასეთ ფორმატში ჯდება - ჩვენ და დანარჩენები, ანუ ყველა ყველას წინააღმდეგ. ანუ „ალ ქაიდასთან“ დასრულდა წარმატებული ომი, ოსამა ბინ ლადენის პიროვნული განადგურების შემდეგ ეს ძალა შეიძლება ყოფილიყო მოთვინიერებული, მაგრამ პირიქით მოხდა, ამან გამოავლინა კიდევ სხვა, ჰიბრიდული ძალა.

ეს რომ არ მომხდარიყო, რადიკალი ისლამისტები არ იქნებოდნენ ასე აგრესიულები?

- რა თქმა უნდა, ასე არ იქნებოდნენ, ამან გამოიწვია მათი გაერთიანება, კონსოლიდაცია. მათ ჩათვალეს, რომ წარმოადგენენ გარკვეულ პოლიტიკურ ძალას და გაერთიანდნენ.

მაგრამ ჩვენ გვახსოვს, თუ რა უძღოდა ჯვაროსნულ ლაშქრობას, მუსლიმანებმა კარგად იცოდნენ იერუსალიმში სალოცავად მიმავალი პილიგრიმების მარშრუტი, დახვდნებობდნენ ქრისტიანებს გზაზე და კლავდნენ. იმ პერიოდში ათასობით პატარა ბიჭი და გოგონა რაინის ნაპირებიდან გაემართა ბავშვთა ჯვაროსნულ ლაშქრობაში იერუსალიმის გასათავისუფლებლად და მერე ეს ბავშვები ან მონად გაყიდეს, ან შიმშილით დაიხოცნენ. ამ შემთხვევაში, რაიმე რადიკალურად შეიცვალა შუა საუკუნეობრივ რადიკალ მუსლიმანებსა და დღევანდელ რადიკალ ისლამისტებს შორის? გასაგებია, რომ რელიგია ფუნდამენტურ პრინციპებს ეფუძნება, მაგრამ შუა საუკუნეობრივი აგრესიული აზროვნების დრო არ დამთავრდა?

- ახლა ხდება ისტორიის გარკვეული მონაკვეთის უკან დაბრუნება. არაბულ სამყაროში არის სოციალური ბალანსი დარღვეული - არიან ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები. ამან გამოიწვია რადიკალიზაცია. სუფისტურ სახელმწიფოებში გაჩნდა მოთხოვნა, თანასწორობის სოციალური უზრუნველყოფის იდეა, რაც სწორედ მოდიოდა სალაფიტის დოქტრინიდან.

ანუ ამერიკა რომ არ ჩარეულიყო მათ საქმეებში, ყველანაირად ჯობდა?

- ამერიკამ კიდევ უფრო კატალიზატორის როლი შეასრულა.

ჯერ კიდევ არის შანსი, რომ რადიკალური ისლამური ძალები შეჩერდეს? ბევრი პრეტენზია ისმის გაერთიანებული დასავლური ძალების მიმართ, მაგრამ არის კონტრარგუმენტიც, მეტი რა უნდა გააკეთონ დასავლურმა ძალებმა ისლამისტთა ძალადობის შესაჩერებლად?

- თავიდანვე რომ მომხდარიყო ასეთი ტიპის ოპერაცია ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ, იქნებოდა კარგი, ახლა ცოტა რთულია, რადგან ისლამურმა ხალიფატმა მეტი მომხრე მიიმხრო, აქ არიან რადიკალური ორგანიზაციები და ისინი მთელ მსოფლიოში არიან თავმოყრილნი - აფრიკის კონტინენტი, აზია, კავკასია, თვით ევროპაშიც კი. ამიტომ მათ წინააღმდეგ ბრძოლა იქნება რთული. დასავლეთის გაერთიანებული ძალები მათზე ლოკალურ იერიშებს კი მიიტანენ, მაგრამ ასეთი ცხელი წერტილები სხვა ადგილებშიც გაჩნდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ვუყუროთ ასირიელების ხოცვას. რადიკალ ისლამისტებზე უნდა მიიტანონ სამხედრო-პოლიტიკური-ეკონომიკური ხასიათის იერიში, ანუ ყველაფერი კომპლექსურად უნდა მოხდეს. ამას უფრო ფართო მასშტაბი სჭირდება.

ბოლო პერიოში ყურადღება გამახვილდა მაჰმადიანთა რაოდენობრივ ზრდაზეც, დაახლოებით 2050 წლისთვის ისინი რაოდენობრივად ქრისტიანებს მიუახლოვდებიან და შემდეგ ალბათ გადააჭრბებენ. რამდენად სუსტია ამ ფონზე დასავლეთი?

- აშკარად ჩანს, რომ ამ ეტაპზე ტაქტიკურად, ისლამური ხალიფატის ძალებს ძლიერი პოზიცია აქვთ. ისლამური ხალიფატი არის უკვე ბაღდადში, დამასკოში, თავხედურად აცხადებენ, რომ ჩვენ უკვე აქ ვართ, კავკასიაში. დაიწყო არეულობა მაღრიბში და ეთიოპელი ქრისტიანების მიმართ საშინელი წმენდა განხორციელდა ისლამური ხალიფატის მხრიდან. ეს ყველაფერი სისასტიკეების ერთიანი ჯაჭვია ახლო აღმოსავლეთში. ამას ემატება ასირიელი ქრისტიანების მასობრივი გენოციდის და ეთნოციდის ფაქტები. ისლამისტები გადავიდნენ ჯიჰადის მესამე სტადიაზე და აპირებენ მიაღწიონ დამასკოს და ბაღდადის აღებას. დაიწყო ინტენსიური ბრძოლები და ისლამურმა ხალიფატმა დაიკავა დამასკოს ერთ-ერთი გარეუბანი, ფაქტობრივად, შევიდა დამასკოშიც, ასევე, მიუახლოვდნენ ბაღდადს.