ნოდარ ჯავახიშვილი უწყებაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი ამბობს, რომ ადამიანებმა შეიძლება მასთან მუშაობა არ ისურვონ. ახალ მინისტრთან მუშაობა არ ისურვა პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა. მინისტრს არ დაუკონკრეტებია ვინ იქნება მისი პირველი მოადგილე.
კულუარებში სულ უფრო აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია მოსალოდნელ საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის სავარძელს დაემშვიდობება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი, რომელიც საპარლამენტო კომიტეტის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს „თითიდან გამოწოვილს“ უწოდებს.
„ვფიქრობ, მათი პოზიცია თითიდან გამოწოვილია, ეს არის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე თამაში, რომელშიც ვერ ჩავერევი, რადგან ბევრი საქმე და პასუხისმგებლობა მაქვს. მე პიროვნულ დაპირისპირებაში არ შევდივარ. მინდა დაგარმწუნოთ, რომ ეს არის პიროვნული დაპირისპირება, პიროვნული პრობლემა და არა სახელმწიფოებრივი. ჩვენ ვიქცევით სახელმწიფოებრივად“, - განაცხადა ლევან ყიფიანმა.
ლევან ყიფიანის პარალელურად, აქტიურად განიხილება გარემოს დაცვის მინისტრის, ელგუჯა ხოკრიშვილის შეცვლის საკითხი. იმ შემთხვევაში, თუკი ხოკრიშვილი და ყიფიანი მინისტრთა კაბინეტს 21 წევრიან შემადგენლობას დაემშვიდობებიან, მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ნდობის საკითხი დადგება. პროცესში ერთვება პრეზიდენტი, რომელმაც პარლამენტს ერთი კვირის ვადაში მთავრობის განახლებული შემადგენობა უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ აუცილებელი არ არის მინისტრთა კაბინეტის კონსტიტუციური რისკის ქვეშ დაყენება. რადგან, მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, უმრავლესობას ახალი მთავრობის დამტკიცება შეიძლება გაუჭირდეს. აქედან გამომდინარე, პოლიტოლოგი თვლის, რომ ცლილებები უნდა გატარდეს უწყებების მეორე და მესამე სართულზე.
„საკადრო ცვლილებები მრავალსართულიანი მოვლენაა. ერთი მხრივ, ეს არიან მინისტრები, სადაც გარკვეული ზღვრის მერე ცვლილებები უნდა შეეხოს მთელ მინისტრთა კაბინეტს. მეორე მხრივ, არის შიდა საუწყებო ცვლილები, რომელიც ყველა მინისტრს შეუძლია განახორციელოს, რაც უფრო მეტ ცვლილებას განახორციელებენ, ალბათ, უფრო მოიგებს საზოგადოებაც და საქმეც.
აუცილებელი არ არის პირველი პირები შეიცვალონ. 2012 წლის შემდეგ პირველი პირები შეიცვალნენ, მაგრამ ვინაიდან ქვედა ვერტიკალში სიტუცია უცვლელი დარჩა, ეს გახდა საკამოდ დიდი პრობლემის მიზეზი. ამიტომაც, მიმაჩნია, რომ ცვლილებები შეიძლება გატარდეს უწყებების მეორე, მესამე სართულზე და ინახოს რა შედეგის მომტანი იქნება ეს ცვლილები. აუცილებელი არ არის კონსტიტუციური რისკის ქვეშ დადგეს მინისტრთა კაბინეტი. ალასანიას გუნდის წასვლის შემდეგ, უმრავლესობას ახალი მთავრობის დამტკიცება შეიძლება გაუჭირდეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ექსპერტი, გია ხუხაშვილი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ აქვს იმის პრობლემა, საჭირო სისტემური ცვლილებების შემთხვევაში მოიპოვოს პარლამენტის ნდობა, თუკი მთავრობის ახალი შემადგენლობა დაკომპექტებული იქნება ისეთი კადრებით, რომლებიც შეძლებენ უპასუხონ გამოწვევებს.
„ეს პრობლემა ჯერ კიდევ არ არის ისეთ ფაზაში შესული, როდესაც შესაძლებელი იქნება მთავრობის ნდობის მოპოვების დროს საპარლამენტო გადატრიალების მოწყობა. ჯერჯერობით ასეთი ტიპის რისკი არ დგას და ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლებამ ეს აუცილებელი გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს. მერე და მერე ძალიან ბევრი რისკი შეიძლება გაჩნდეს. ვითარების განვითარების დინამიკა სულაც არ არის ხელისუფლების სასარგებლოდ და ჩვენ ამას ვხედავთ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისივე თქმით, კოალიციაში უკვე არ არიან თანამოაზრეები და ამის დასტურია, ის პიროვნული დაპირისპირება, რომელიც საკმაოდ აგრესიული დისკუსიების ფონზე საჯაროდ მიმდინარეობს სპორტის მინისტრსა და კომიტეტის წევრებს შორის.
„როდესაც კომიტეტი უპირისპირდება მინისტრს და ამ დროს მინისტრი პოლიტიკურ საფუძველზე საუბრობს, მაშინ როდესაც მინისტრი და კომიტეტი წარმოადგენს ერთ პოლიტიკურ პარტიას, ეს ვითარება კიდევ უფრო გართულდება. ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ აუცილებელია აღმასრულებელი ხელისუფლების ცვილებები. ამიტომაც ვამბობს, რომ სამთავრობო ცვლილება გარდაუვალია და ჯობია, ეს დღეს მოხდეს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
შეეხება თუ არა ცვლილება პრემიერ-მინისტრს, პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით: „თუ გადაწყვეტილი აქვს ვინმეს, რომ ახალი მთავრობის ფორმირების აუაცილებლობა დადგეს პარალამენტის განხილვის საგნად, კი ბატონო, სრულიად თავისუფლად შეიძლება 7 მინისტრიც გამოცვალონ და 9 მინისტრიც. მაგრამ, შეეხება თუ არა ცვლილება პრემიერ-მინისტრს, ეს დამოკიდებული არ არის საქართველოს 4 მილიონიან მოსახლეზე, არამედ, ეს დამოკიდებულია ერთ მოქალაქეზე, რომელიც საზოგადოებაში აღიქმება როგორც პრემიერ-მინისტრის, პრემიერ-მინისტრი. რასაც იტყვის ასეთი თანამდებობის მომპოვებელი მოქალაქე, ისე იქნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.