„სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ექსპერტიზის შედეგები დღემდე თვალით არავის უნახავს, არადა აუდიტორულმა კომპანიამ დასკვნა კარგა ხანია წარმოადგინა. „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მერიისგან ინფორმაციას ითხოვენ. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მერიამ მკაფიოდ უნდა დაადასტუროს, მუშავდება თუ არა ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების პროექტი.
„თბილისის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის 2007 წლის 7 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, უნდა დაიწყოს მსჯელობა არსებული კაბალური პირობების გაუქმების თაობაზე. მეორე მხრივ კი, უნდა დაჩქარდეს გამოძიება და დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იმ პირთა მიმართ, ვინც, თავის დროზე კომპანიასთან ხელშეკრულების კაბალურ პირობებს დაეთანხმა და „სითი პარკს“ ბუნებრივი მონოპოლისტის ფუნქცია მიანიჭა“, - ამბობს „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ჯაბა სირაბიძე.
ორგანიზაციის იურისტების აზრით, მოცემულ ეტაპზე დისკუსია უნდა გაიმართოს ხელშეკრულების მე-12 მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტის შედეგებს ეხება. ორგანიზაციის მიმართ თბილისის მერიის 2015 წლის 7 აპრილის წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თბილისის მთავრობასა და „სითი პარკს“ შორის 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში 2009 წლის 23 ივლისს შესული ცვლილებების შედეგად, საქმიანობის პირველ წელს, მეიჯარის მიერ მისაღები მინიმალური შემოსავლის 1 000 000 ლარის გადახდა განისაზღვრა შემდეგი გრაფიკით: 50 000 ლარი (31 მარტი, 2009), 50 000 ლარი (30 აპრილი, 2009) და 900 000 ლარი (30 დეკემბერი, 2019).
თბილისის მთავრობის 2011 წლის 28 მარტის დადგენილებით, ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა მესამე ცვლილება და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 31 დეკემბერი. თუ ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდება ხელშეკრულების დაწყებიდან 4 წლის შემდეგ, მეიჯარე ვალდებულია, მოიჯარეს აუნაზღაუროს შეწყვეტის ხარჯი, რომელიც ტოლია გასული 12 თვის განმავლობაში მეიჯარის მომსახურებიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი გაყოფილი 2-ზე (ორზე) და გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან მისი ვადის ბოლომდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე.
„ხელშეკრულება, რომელიც წინა მთავრობის მმართველობის პერიოდშია დადებული, შეიცავს სხვადასხვა კაბალურ პირობას, რასაც მოცემულ ეტაპზე, ყველაზე მეტად მოქალაქეების ინტერესები ეწირება. მნიშვნელოვანია კვლევა, თუ რა ფარული გარიგებები შეიძლება ყოფილიყო დედაქალაქის მერიასა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის. საკამათოა კომპანიის მხრიდან მძღოლების დაჯარიმების ფაქტების სამართლიანობაც. 2013 წლის 22 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა და გაუქმდა საჯარიმო ქვითარი. მიზეზი გახლდათ ის, რომ მესაკუთრეს ადგებოდა ფინანსური ზარალი და კომპანია ამით იღებდა შემოსავალს“, - განმარტავენ ორგანიზაციაში.
დედაქალაქის მერი კი აცხადებს, რომ „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტა მერიას 25 მლნ ლარი დაუჯდება. ეს ნიშნავს, რომ თბილისი ბიუჯეტი მნიშვნელოვან ზარალს მიიღებს. დავით ნარმანიას თქმით, მერიის მიერ დაქირავებულმა აუდიტორულმა კომპანია „ერნსტ ენდ იანგმა“ დაასრულა თბილისის მერიასა და „სითი პარკს“ შორის თავის დროზე გაფორმებული ხელშეკრულების ანალიზი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ „ხელშეკრულება კომპანიის სასარგებლოდ“ ცალმხრივად არის გადახრილი. ამიტომ მერიის ყოფილმა ხელმძღვანელებმა უნდა უპასუხონ შეკითხვას, თუ რატომ შეუქმნეს კომპანიას ასეთი სასათბურე პირობები ქალაქის საზიანოდ.
„დღეს რომ ჩვენ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება მოვშალოთ, 25 მილიონის გადახდის საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს მუნიციპალიტეტი, რაც ძალიან მძიმე პოლიტიკური საკითხია. ამაზე მსჯელობა, რა თქმა უნდა, იქნება, როცა ჩვენ კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გავმართავთ“, - განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, კვლავ ძალაშია 3 პირობა, რომლის შესრულებასაც მერია კომპანიისაგან ითხოვს: 1. უნდა შეიცვალოს ავტომობილების საჯარიმო ავტოსადგურებზე გადაყვანა და დაჯარიმება უნდა მოხდეს ადგილზე. 2. უნდა შეიცვალოს თანხების განაწილების საკითხი, რაც დღეს კომპანიის სასარგებლოდაა მოწყობილი. 3. ეტაპობრივად უნდა მოიშალოს ტროტუარებზე პარკირების პრაქტიკა.