„ლეგენდარულ საქართველოში“ ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება. ქვეყნის პოლიტიკურ და სასულიერო ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ, ალექსანდრე ლუკაშენკო ოფიციალურ სადილს დაესწრება, 24 აპრილს კი საქართველოს ზღვისპირა ქალაქს, ბათუმს ესტუმრება. მართალია, ბელარუსის პრეზიდენტს საქართველოს დედაქალაქში ავდარი დახვდა და სინოპტიკოსთა პროგნოზით დარი არც ბათუმშია მოსალოდნელი, მაგრამ ამინდს ლუკაშენკოსთვის ამ ეტაპზე არც ხასიათი და არც საქართველოს შესახებ წარმოდგენები შეუცვლია.
„ჩვენ დიდი ხნის წინ უნდა შევხვედროდით აქ, ამ ლეგენდარულ ქალაქში, ლეგენდარულ ქვეყანაში. ჩემდა სამარცხვინოდ, არასდროს ვყოფილვარ თბილისში და ფაქტობრივად, არ ვყოფილვარ საქართველოში, გარდა სოხუმისა, სადაც საბჭოთა პერიოდში გახლდით“, – ბელორუსის პრეზიდენტმა ეს ერთგვარი სინანულის სიტყვები ავლაბრის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს თქვა და აღნიშნა, რომ საქართველოს ლეგენდარულობის შესახებ, მან, როგორც ისტორიკოსმა, ბევრი რამ წიგნებიდან შეიტყო.
ავლაბრის სასახლეში ბელარუსისა და საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა პროტოკოლით გათვალისწინებული 45 წუთის ნაცვლად დაახლოებით საათნახევარის განმავლობაში გაგრძელდა. შემდეგ იყო ქართული და ბელარუსიის დელეგაციების მონაწილეობით გაფართოებული შეხვედრა და ოფიციალური პრესკონფერენცია, რომლის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ლუკაშენკო გმირთა მოედანზე მივიდა და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. პირველი გვირგვინი კი მან გმირების მემორიალთან საქართველოში ჩამოსვლის პირველ დღესვე მიიტანა – 22 აპრილს ბელორუსის პრეზიდენტი ვაკის პარკში შვილთან ერთად მივიდა და მეორე მსოფლიო ომის გმირები გაიხსენა.
23 აპრილს ავლაბრის სასახლეში გამართული ოფიციალური ღონისძიება საზეიმო მიღებით დაიწყო. ოფიციალურ ცერემონიაზე ბელარუსის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა პატივი საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს და წითელ ხალიჩასთან განლაგებულ საპატიო ყარაულის მწკრივს ჩაუარეს.
პრესკონფერენციამდე კი ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ურთიერთანამშრომლობის შესახებ ოფიციალური ხელშეკრულებები გააფორმეს. ვიზიტის ფარგლებში 10–ზე მეტი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას ეხება.
ერთ–ერთი განცხადება, რომელსაც ხელი საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტებმა მოაწერეს, 15–პუნქტიანია. მათგან ერთი პუნქტის მიხედვით, მხარეები სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში სუვერენიტეტის, მთლიანობის, საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის, ძალის გამოყენების და ძალით დამუქრების მიუღებლობას ადასტურებენ.
ის, რაც ქაღალდზე დაიწერა, ბელარუსიის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ოფიციალური სიტყვითაც დაადასტურა. ლუკაშენკოს განმარტებით, ბელარუსია ყოველთვის განიხილავს საქართველოს, როგორც მეგობრულ ქვეყანას და მასთან პოლიტიკური და ეკონომიკრი ურთიერთობის მეტად განვითარებისთვის მზადყოფნას ადასტურებს.
ბელარუსიის პრეზიდენტი საქართველო–ბელარუსიას შორის დღეს არსებული ეკონომიკური ურთიერთობის მაჩვენებლებით უკმაყოფილოა და ვიზიტის შემდეგ ქვეყნებს შორის არსებული ტვირთბრუნვის მაჩვენებლის 2014 წელს არსებული 65 მილიონი აშშ დოლარიდან 200 მილიონამდე გაზრდას ელის. ლუკაშენკომ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ დსთ–ის სივრციდან საქართველოს გასვლის მიუხედავად საქართველოსა და ბელარუსს შორის ვაჭრობის თავისუფალი რეჟიმი არსებობს.
„გონიერი ადამიანები ყოველთვის მოძებნიან თანამშრომლობის ფორმებს – ურთულეს პერიოდშიც კი“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ და აღნიშნა, რომ საქართველოს ან ბელარუსის ტერიტორიაზე ერთობლივი საწარმოები შეიქმნება და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები განვითარდეს.
„რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ ურთიერთობას, მინდა აღვნიშნო, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა ქვეყნებს შორის, ეს შეიძლება იყოს ეუთოს, აღმოსავლური პარტნიორობის ფორმატში, ასევე ვმუშაობთ პარლამენტებს შორის დიალოგის კუთხით. პრეზიდენტთან შეხვედრაზე ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოში ბელარუსიის წარმომადგენლობის შექმნაზე. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი შეთანხმებებისა და სწრაფვების განსახორციელებლად“, – განაცხადა ბელარუსიის პრეზიდენტმა.
ალექსანდრე ლუკაშენკოს პრესკონფერენციაზე პასუხის გაცემა საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხზე – რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების უღიარებლობის პოლიტიკაზეც მოუწია. ლუკაშენკოს განმარტებით, ამ საკითხზე ბელარუსის პოზიცია ურყევი და ურღვევია და ასე რომ არ იყოს, ის საქართველოში სტუმრად არც ჩამოვიდოდა. იგი საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტს პოლიტიკურ გაურკვევლობას უწოდებს და პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო გზების გამონახვის შესაძლებლობებსაც ხედავს.
„ვნახოთ, რა მოხდება ხვალ, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგეს ურთიერთობის ნორმალიზებისთვის საქართველო– ბელარუსს შორის და ამავდროულად რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში მოვძებნით სულ მცირე ერთ პასუხს მაინც ერთ შეკითხვაზე, თუ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ არა მხოლოდ შეწყდეს ეს რიტორიკა, არამედ, რაღაცნაირად დაახლოვდეს პოზიციები და ვიცხოვროთ ერთ ოჯახში... არ არის გაურკვეველი ურთიერთობები ბელარუს, ქართველ და რუს ხალხს შორის, არის გაუგებრობა მაღალ პოლიტიკურ დონეზე. რა თქმა უნდა, საჭიროა კონკრეტული ამოცანების დასახვა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ. ჯერ არ მაქვს უფლებამოსილება, ვისაუბრო ამ შეთანხმებებზე, მაგრამ უახლოეს მომავალში თქვენ შეიტყობთ ამის შესახებ“, – აცხადებს ალექსანდრე ლუკაშენკო.
ბელარუსის პრეზიდენტის მასპინძლობის დროს რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე ღიად არ უსაუბრია, მაგრამ საქართველო–ბელარუსიის ურთერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ვიზიტის შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობების მეტად გაღრმავებას ელის.
„ნება მიბოძეთ, გამოვხატო ის გრძნობები, რომლებიც შეესატყვისება თქვენ საქართველოში ჩამოსვლას. ეს ძალიან ნიშანდობლივი ვიზიტია ჩვენი ქვეყნებისთვის, ჩვენი ურთიერთობებისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ვიზიტი შედგა“, - ამ ფრაზით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, ბელარუს კოლეგას პირისპირ შეხვედრის დაწყებამდე.
პრესკონფერენციაზე კი აღნიშნა, რომ საქართველო–ბელარუსის ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს ის ფაქტორი, რომ საქართველო ევროკავშირისკენ ისწრაფვის, ბელარუსი კი საბაჟო კავშირის წევრია.
„ახალი კავშირები არის ახალი შესაძლებლობები და არა ახალი ბარიერები, ჩვენ მივისწრაფით ამისკენ და ეს სწრაფვა იყო გამოკვეთილი ჩვენი პირადი ურთიერთობების და ბიზნესწრეებთან შეხვედრის დროს“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
ბელაურისის პრეზიდენტის მიერ ნათქვამი ფრაზა – „ერთ ოჯახში დაბრუნება“, – ქართველ ჟურნალისტებს მოგვიანებით საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა განუმარტა. თენგიზ ფხალაძე აცხადებს რომ ლუკაშენკო ამ შემთხვევაში არა ქვეყნებს შორის, არამედ, ხალხებს შორის ურთიერთობებზე საუბრობდა და საბჭოთა კავშირის მსგავსი ერთი ოჯახი აქ არაფერ შუაშია.
„შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არავინ არსად დაბრუნებას არ აპირებს. საუბარი იყო სხვა რამეზე, რაც შემდეგ განმარტა ბელარუსის პრეზიდენტმა და თქვა, რომ ხალხებს შორის მტრობა არ არსებობს, რომ პრობლემა შექმნილია პოლიტიკურ ჭრილში, პოლიტიკოსების მიერ და შესაძლებელია, სწორედ, ხალხთა შორის ურთიერთობების რესურსი იქნას გამოყენებული პოლიტიკური პრობლემების მოსახსნელად“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ და აღნიშნა, რომ ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის მიზანი რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლობა არ არის.
თავად ბელარუსის პრეზიდენტი კი საქართველოში მის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და სტუმართმოყვარეობისთვის კოლეგასა და ქართველ ერს მადლობას უხდის და „სამაგიეროს“ გადახდასაც ჰპირდება.
„ჩვენ პასუხისმგებლიანი ადამიანები ვართ, კარგ განწყობას ყოველთვის სიკეთით ვუპასუხებთ და თქვენ ამას აუცილებლად იგრძნობთ მომავალში“.
პრეზიდენტის სახელით გამართულ ოფიციალურ სადილამდე ბელარუსელ მაღალი რანგის სტუმარს სადილი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაუმართა ოფიციალური სადილის დაწყებამდე, სტუმრებმა რამდენიმე სახეობის ქართული ღვინო დააგემოვნეს დაქართული ღვინის ისტორიის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ბელარუსის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილი ბელარუსში მიიწვია.
ალექსანდრე ლუკაშენკო ბათუმში აჭარის მთავრობის მეთაურს, არჩილ ხაბაძეს შეხვდება, შემდეგ ქობულეთში მოქმედ ადგილობრივ საწარმოს, მოგვიანებით კი ბოტანიკურ ბაღს დაათვალიერებს. ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალური სამდღიანი ვიზიტი ხვალ საღამოს დასრულდება.