მომხმარებელთა საჩივრები კომერციული ბანკების მიმართ, თებერვალთან შედარებით, მარტში გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მარტში 227 საჩივარი დაფიქისრდა, თებერვალში კი 212 საჩივარი იყო. საერთოდაც ბოლო წლებში ბანკების მიმართ უკმაყოფილება მიდმივად იზრდება.
სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მეტი, 68 საჩივარი მიმდინარე ანგარიშებს ეხება, 47 - საკრედიტო ბარათებს, 31 კი - მომენტალურ განვადებას. შინაარსობრივად მომხმარებელთა უმრავლესობას შენიშვნები ტრანზაქციებთან, ჯარიმა ვადაგადაცილებებთან და ადმინისტრაცია მომსახურებასთან დაკავშირებით აქვთ. 227 საჩივრიდან ეროვნულმა ბანკმა 126 უსაფუძვლოდ მიიჩნია, 55 საფუძვლიანი იყო ხოლო 46 განხილვა არ დასრულებულა.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც მას შემდეგ იწარმოება. თუმცა იმ პრეტენზიების ოდენობა, რომლებიც ბანკის მიერ საფუძვლიანად არის მიჩნეული, სულ უფრო და უფრო მცირდება. მაგალითად, 2013 წელს საფუძვლიანი პრეტენზიების წილმა მთლიან პრეტენზიებში 31% შეადგინა. მომხმარებლების მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიებიდან თითქმის ყველას განხილვა კომერციულ ბანკებს დასრულებული აქვთ.
თუმცა მომხმარებელი ამ სტატისტიკას სანდოდ სულაც არ მიიჩნევს. საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, დღესდღეობით კომერციული ბანკები მომხმარებლების როგორც ინტერესებს, ასევე მათ უფლებებს სულ უფრო ნაკლებად ითვალისწინებენ და იცავენ. ბანკები, რა თქმა უნდა, თავისი სიმართლის დამტკიცებას ცდილობენ, შესაბამისად, პრეტენზიების განხილვის პროცესში მომხმარებელთა საჩივრის დაკმაყოფილების პროცენტულობა მაღალი არ არის.
სხვათა შორის, საფინანსო ინსტიტუტებსა და მომხმარებელს შორის ჯანსაღი ურთიერთობა რომ არ არის, ამას ეროვნულ ბანკშიც მიუთითებენ. სებ-ის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ამ რამდენიმე ხნის წინ მომხმარებლებს ე.წ. საკრედიტო მახეების შესახებ აფრთხილებდა. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, მომხმარებლებმა სესხის აღებისას არა მხოლოდ კარგად წაიკითხონ ხელშეკრულებები, არამედ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ისეთი პროდუქტების მოხმარების დროს, როგორებიცაა განვადება, საკრედიტო ბარათი და სესხის გადაფარვა.
„ანალიზი ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვნად იზრდება საცალო დაკრედიტება სამომხმარებლო სექტორში. თუ ამას დავუმატებთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ლომბარდებს, მომენტალურ განვადებებს და სხვა, ვიღებთ სურათს, როცა ვალის მომსახურების ტვირთი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში არის საკმაოდ მაღალი და კიდევ უფრო გაზრდის შემთხვევაში, ის შეიძლება დიდ საფრთხეს შეიცავდეს. მინდა უშუალოდ მომხმარებლებს ვთხოვო, გავაფრთხილო, მოვუწოდო, რომ არა მარტო ხელშეკრულებები წაიკითხონ კარგად, არამედ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ისეთი პროდუქტების მოხმარების დროს, როგორიცაა განვადება, საკრედიტო ბარათები, სესხის გადაფარვა. ესენია ყველაზე ძვირი პროდუქტები საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში. ამიტომ, როცა ასეთი ძვირადღირებულ პროდუქტის მოხმარებას ვირჩევთ, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და კარგად დავგეგმოთ საკუთარი ფინანსები. ფუფუნების საგნების კრედიტით შეძენა რისკების შემცველია“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
საქართველოს ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ ბანკების მხრიდან საკრედიტო პოლიტიკის კლიენტის მოთხოვნილებებზე მაქსიმალურად მისადაგება უნდა მოხდეს.