„პრეზიდენტის საქმიანობა დამოუკიდებელია კერძო პირების ზეგავლენისგან“

„პრეზიდენტის საქმიანობა დამოუკიდებელია კერძო პირების ზეგავლენისგან“

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულება, რომლითაც განსაზღვრულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელი, პირდაპირ წერია, რომ ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია აბდუშელიშვილის ქ. 1. საფოსტო ინდექსი –0103. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს პარლამენტის დადგენილებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა ნორმატიული აქტების მიმართ. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ე.წ. ავლაბრის რეზიდენციიდან გამოყვანის, ან აღნიშნული შენობის სხვა სახელმწიფო სტუქტურისთვის გადაცემის თაობაზე, მთავრობის შესაძლო გადაწყვეტილება და შესაბამისი სამართლებრივი აქტი, სავარაუდოდ, უკანონო იქნება.

არსებობს თუ არა პრეზიდენტის ადმიანისტრაციიდან იძულებით გამოყვანის მექანიზმი და ვინ არის უფლებამოსილი მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება - მთავრობა თუ პარლამენტი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პრეზიდენტის მრჩეველს, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

ქართული ოცნებისგენერალური მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს არ აქვს თავისი ადგილმდებარეობის განსაზღვრის უფლება. ჩნდება კითხვა, საერთოდ რისი უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს?

- საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, პრეზიდენტი არის ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, ქვეყნის წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობაში და უმაღლესი მთავარსარდალი. შესაბამისად, ნებისმიერი ის აქტივობა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ამ კონსტიტუციის ფარგლებში ახორციელებს, ეს დაკავშირებულია ქვეყანასთან და ქვეყნის წარმოჩენასთან. ამიტომ, ჩვენ რეზიდენცია და მისი ადგილ-მდებარეობა უნდა განვიხილოთ სწორედ იმ პოლიტიკურ ჭრილში, თუ, რა ფუნქციებსაც ასრულებს ქვეყნის პრეზიდენტი. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, თუ ვის ემსახურება ეს რეზიდენცია? - ეს რეზიდენცია ემსახურება სახელმწიფოს.

ამიტომაც არის, რომ ყველა სახელმწიფოში, სახელმწიფოს მეთაუარის რეზიდენცია გამოირჩევა თავისი წარმომადგენლობითი ხასიათით. იმიტომ, რომ მას შესასრულებელი აქვს ის ფუნქციები, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის წარმოჩენას. ეს შენობა გათვალისწინებულია იმ საპროტოკოლო ღონისძიებების შესრულებისათვის, რომელიც ხაზს უსვამს ქვეყანას, მის პრესტიჟს და სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა და სიძლიერე შევინარჩუნოთ. თუ დავუშვით რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტის დაკნინება, ეს გამოიწვევს იმ ჯაჭვურ რექციას, რომელიც აუცილებლად გადაეცემა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს და ძალიან ნეგატიურად აისახება ქვეყნის იმიჯზე.

ისევ კობახიძის განცხადებიდან გამომდინარე მინდა გკითხოთ - ის ამბობს, რომ მთავრობა არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება პრეზიდენტის რეზიდენციის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გადავიდეს ათონელზე არსებულ რეზიდენციაში. თუკი მთავრობამ ათონელზე მიგიჩინათ ადგილი, როგორი იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი?

- როდესაც ლაპარაკია ადმინისტრაციის ჩართულობაზე, შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ (ეს მიმოწერაც არსებობს), პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია დაფიქსირდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინსტიტუტი რჩება იქ, სადაც დღეს არის განთავსებული. ასე რომ, ამ საკითხში კითხვის ნიშნები არ არსებობს.

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ნებისმიერ დემოკრატიულ და ნორმალურ სახელმწიფოში, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას და ქვეყნის განვითარებას, ერთობლივად მიიღება. ჩვენ თუ მართლა გვინდა, რომ რაღაცა ახალი საბინაო კომუნალური სტანდარტების დამკვიდრებით გავაკვირვოთ მსოფლიო, დამერწმუნეთ, ეს ნამდვილად არ აისახება ქვეყნის იმიჯზე. აქ საუბარი არაა პიროვნებაზე, აქ საუბარია სახელმწიფო ინსტიტუტზე.

თქვენ ვერ დამისახალებთ ვერც ერთი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურის ინსტიტუტს, რომელსაც არ აქვს ის შესაბამისი რეზიდენცია, რომელიც ხელს უწყობს მისი ფუნქციების შესრულებას. არ შეიძლება ეს გადაწყვეტილება ვინმეს კერძო სურვილიდან გამომდინარე იყოს მიღებული.

ყოფილი პრემიერის განცხადებით, ასეთი გაჭირვების პირობებში სახელმწიფო ზედმეტ ფართს არ უნდა ინახავდეს, რადგან ამის ფუფუნება ქვეყანას არ აქვს. ის ამბობს, რომ პრეზიენტი უნდა დაემორჩილოს თამაშის წესებს. ეს არ არის სახელმწიფოებრივი პოზიცია?

- თამაშის წესები კი არა, ქვეყანაში განმსაზღვრელი არის კონსტიტუცია, კანონმდებლობა და დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერე. რასთან მიმართებაში ვლაპარაკობთ ან სიძვირეს, ან სიჭარბეს, ან სიუხვეს? ჩვენ ხომ არ ვლაპარაკობთ რაღაცა კონკრეტული ფუფუნების საგნის შეძენაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ იმ სამუშაო პირობებზე, რომელიც აუცილებელია პრეზიდენტის ფუნქციების განხორციელებისათვის.

მაგალითისთვის გეტყვით, ჩამოდის ბელორუსიის პრეზიდენტი, არსებობს კონკრეტული საპროტოკოლო ღონისძიებები, რომელიც რეგულირდება იმ წესებით, რომელიც მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკაში, სად უნდა ჩატარდეს ეს ყველაფრი? ამ ლოგიკით იაფია ერთოთახიანი ბინა, ვიქირავოთ და იქ ჩავატაროთ ეს ყველაფრი. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ეს ბევრია, ეს ცოტაა, მაშინ ჩნდება კითხვა რასთან მიმართებაში არის ბევრი, ან ცოტა? ეს ყველაფერი დაკავშირებულია სახელმწიფოსთან, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებასთან, ქვეყნის იმიჯთან და მათ შორის საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წარმოჩენასთან.

გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ რეზიდენცია არის მისი და ივანიშვილის პიროვნული დაპირისპირების თემა, რადგან ყოფილი პრემიერისთვის მიუღებელია პრეზიდენტის დამოუკიდებელი საქმიანობა. რეალურად, რა არის ამ დაპირისპირების მიზეზი, ავლაბრის რეზიდენცია, თუ პრეზიდენტის დამოუკიდებელი საქმიანობა?

- სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტის საქმიანობა კერძო პირების ზეგავლენისგან  დამოუკიდებელია. პრეზიდენტის საქმიანობა ხორციელდება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფარგლებში. მისი ვალდებულებაა, რომ კერძო ზეგავალენისგან თავისუფლად და კონსტიტუციის თანახმად შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა და საქართველოს დღევანდენი პრეზიდენტი ამ ვალდებულებას ასრულებს.

ანუ, პრეზიდენტი არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციის დაცლას?

-არა, რა თქმა უნდა.

თუკი პრეზიდენტი არ გადავა ახალ რეზიდენციაშ, ამ შემთხვევაში რა ბედი ეწვეა ათონელის ქუჩაზე განთავსებულ რეზიდენციას? ამ კითხვას სხვამენ უმრავლესობის წევრები და პრეზიდენტს ახსენებენ მისივე განცხადებას, რომ ის არ გადავიდოდა სააკაშვილის აშენებულ რეაზიდენციაში...

- ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. კი, ბატონო, პრეზიდენტის მხრიდან გაკეთდა ამ ტიპის განცხადება, რასაც საპასუხოდ მოჰყვა ის, რომ სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტისთვის გამოიყო მხოლოდ 2 ოთახი. იმ პერიოდში ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტის აპარატს ერთი წამითაც არ შეუწყვეტია ფუნქციობა. წარმოიშვა პოლიტიკური ტენდენცია, რომ ვიღაცას პრეზიდენტისთვის მიეჩინა თავისი ადგილი, არა კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით, არამედ თავისი შეხედულების მიხედვით. რაზედაც, პრეზიდენტმა გამოთქვა ის პოზიცია, რაც მას უნდა გამოეთქვა და გადავიდა იმ რეზიდენციაში, რომელიც მას აძლევდა მუშაობის საშუალებას.

როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები? პრეზიდენტმა ღიად თქვა, რომ არ აპირებს რეზიდენციიდან გადასვლას, მთავრობა, უმრავლესობა და ყოფილი პრემიერი აცხადებენ, რომ პრეზიდენტი უნდა გადავიდეს ათონელის რეზიდენციაში, რისთვისაც სახელმწიფომ დახარჯა 28 მილიონი...

- დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს ეყოფა იმის გამჭრიახობა და პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტების პრესტიჟი. იმიტომ, რომ ეს არაა ერთი პიროვნების მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის ქვეყნის პრესტიჟი. მოდით, დავუშვათ აღმასრულებელი მექანიზმი და წარმოვიდგინოთ, რომ პრეზიდენტი გამოაძევეს რეზიდენციიდან და იძულებით გადაიყვანეს რომელიმე სხვა შენობაში. თქვენ წარმოგიდგენიათ როგორი იქნება საქართველოს იმიჯი საერთაშორისო არენაზე?

თუ ასეთი გზით წავედით, მსოფლიოს გაოცებას არაერთხელ მოვახერხებთ. მეცნიერება იმ დონეზე ავიდა, რომ საბინაო–კომუნალური საკითხები უკვე გლობალურ მასშტაბებს იღებს. ჩვენ, დღეს მართლაც მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, გვაქვს უამრავი საერთაშორისო საკითხი, სადაც ერთიანობის დემონსტრირებას უნდა ვახდენდეთ. ამ დროს რაზე ვდაობთ? - იმაზე რაც სასაცილო არის ნებისმიერი ჩვენი პარტნიორისათვის. იმიტომ, რომ მსგავსი დამოკიდებულება სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ნებისმიერი ქვეყნისთვის. ქვეყანა, რომელიც, პატივს არ სცემს თავის თავს, ის ვერასოდეს ვერ დაიმსახურებს პატივსცემას საერთაშორისო არენაზე. ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი.

თუმცა, ეს გამორიცხავს, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი იძულების წესით გამოიყვანონ რეზიდენციიდან?

- ძალიან რთულად წარმოსადგენია მოვლენათა ასეთი განვითარება. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ხელისუფლების სათავეში არიან, კარგად ათვიცნობიერებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ აკისრიათ.

რამდენად უფლებამოსილია ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი განსაზღვროს სად განთავსდება პრეზიდენტის ადმინიტრაცია?

- ყველა მოქალაქე უფლებამოსილია გამოთქვას საკუთარი შეხედულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ, მაგრამ არავინ, გარდა ოფიციალური სტრუქტურებისა, უფლებამოსილი არ არის მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება.