სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით ბოლო წლებში ძალიან რთული ვითარება შეიქმნა. მკვეთრად დაბალი ფასის შეთავაზების გამო, კომპანიები ვერ ასრულებენ ვალდებულებებს და შემდეგ ე.წ. პირამიდის პრინციპით მუშაობენ. კომპანია იგებს სხვა ტენდერს და მეორე ტენდერის თანხით წინა ტენდერის ვალდებულებებს ასრულებს. ამიტომაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტენდერებში მონაწილე კომპანიებს დამატებითი ვალდებულებები დაუწესა
2015 წლის 6 აპრილის ბრძანებით ცვლილებები შევიდა „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს თავმჯდომარის №9 ბრძანებაში. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიისთვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დოკუმენტის წარმოდგენა აუცილებელი ხდება. მომსახურების ღირებულების დასაბუთება კომპანიას იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ მის მიერ შეთავაზებული საბოლოო ფასი 20%-ით (ან მეტით) დაბალია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე.
ცვლილებების შეტანა საჭირო გახდა იმიტომ, რომ მიმწოდებლების მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში აღნიშნული საბოლოო ფასი ზოგჯერ ბევრად დაბალი იყო შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ სავარაუდო ღირებულებაზე. ცვლილებები გავრცელდება მხოლოდ ახალ გამოცხადებულ ტენდერებზე.
ცვლილებებს სავსებით გამართლებულად მიიჩნევს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თემურ მაისურაძე. მისი შეფასებით, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე სუბიექტებს შეიძლება საქმე გაურთულდეთ, მაგრამ როდესაც კომპანია ცდილობს ტენდერში დაბალი ფასი გადაიხადოს, მისი ქმედება მართლაც საეჭვო ხდება.
„ასეთ დროს ჩნდება კითხვა - ეს დაბალი ფასი საიდან მოდის? თუ ტენდერის მონაწილე ხართ და მეუბნებით, რომ ამ სამუშაოს იაფად შეასრულებთ, ხომ უნდა დამისაბუთოთ - საიდან ან როგორ? ჩემი აზრით, ეს ცვლილებები პირველ რიგში დამკვეთისთვისაა სიმშვიდის მომტანი. ეს იმ სირთულეებისაგან დაიცავს ქვეყნის ბიუჯეტს, რაც გასულ წელს შეუსრულებელი ტენდერების გამო შეექმნა“, - აღნიშნა თემურ მაისურაძემ, რომელიც თვლის, რომ 20 პროცენტი რეალური ზღვარია, რადგან ამაზე უფრო დაბალი ფასი უკვე საფრთხის შემცველია:
ტენდერების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირავლობა - საქართველოს“ წარმომადგენელი მიხეილ კუკავა, ადასტურებს, რომ დაბალი ფასების გამო კომპანიების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის პრობლემა დღის წესრიგში მწვავედ იდგა. ხშირი იყო შემთხვევები, როცა შემსყიდველი სამშენებლო სამუშაოების შესრულებას მილიონ ლარად მოიაზრებდა, კონკრეტული კომპანია კი სატენდერო წინადადებაში დებდა, რომ ვალდებულებას 600 ათას ლარად შეასრულებდა. კომპანია იმარჯვებდა ტენდერში, საბოლოო ჯამში კი ვერ ასრულებდა ვალდებულებას და აუცილებელი ხდებოდა ხარჯთარიცხვის გადახედვა.
მისივე თქმით, ზოგიერთ ტენდერში დღესაც დევს ვალდებულება, რომ ხარჯთაღიცხვა იყოს წარდგენილი და დამოწმებული სამხარაულის ექსპერტიზის მიერ, თუმცა, ამ მიმართულებითაც არსებობს პრობლემა.
„კანონში ზუსტად ხომ ვერ ჩაწერ როგორი უნდა იყოს ხარჯთაღრიცხვა? უბრალოდ, შემიძლია ჩავწერო რას უნდა მოიცავდეს აუცილებლად. სწორედ ასეთ დონეზეა რეგლამინტირებული სხვაგან ხარჯთაღიცხვები და ჩვენთანაც ასე უნდა იყოს“, - აცხადებს კუკავა.
ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე კი მიიჩნევს, რომ ეს საჭირო გადაწყვეტილებაა და მსგავსი რეგულაცია უფრო ადრე უნდა შემოეღოთ.
„უმჯობესია წინასწარ იყოს განსაზღვრული ტენდერის პირობები, მონაწილეთა ვალდებულებები და ხარჯთაღრიცხვა, რომლითაც შემდეგ ეს პირობები უნდა შესრულდეს. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში „ცხელ კვალზე“ იღებდნენ მონაწილეობას და ცდილობდნენ არაკეთილსინდისიერი გზით მიეღწიათ წარმატებისთვის. შედეგად, სამუშაოს დასამთავრებლად ან თანხა არ ჰყოფნიდათ, ან უხარისხოდ ასრულებდნენ, ან დროში ვერ ეტეოდნენ, რის გამოც ხშირი იყო ტენდერის გაუქმება, გადადება ან ჩავარდნა. ბოლოს კი, სახელმწიფო ზარალდებოდა. მით უმეტეს, ეს სამუშაოები ხშირად სრულდებოდა სახელმწიფოს მიერ აღებული ვალებით. ამიტომაც არის აუცილებელი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დოკუმენტის შემოღება. ეს ტენდერის მონაწილე კომპანიების პასუხისმგებლობას აამაღლებს.
რაც შეეხება 20 პროცენტს, თუ კომპანია უფრო დაბალ ფასად აპირებს სამუშაოს შესრულებას, მაშინ უნდა წარმოადგინოს დასაბუთება წარმოების რომელი კომპონენტის ხარჯზე შეძლებს ასეთ ეკონომიას. პრინციპი, „მიზანი ამართლებს საშუალებას“, ბოლო წლებში ჩვენს ეკონომიკას მასობრივად მოედო და ერთგვარი პანდემიის სახე მიიღო. ამიტომ, ეს იქნება ფილტრი, რომ ავანტიურისტული სულისკვეთების მქონე კომპანიებმა არ დაჯაბნონ ბაზრის ღირსეული მოთამაშეები“, - აცხადებს სოსო არჩვაძე „ბიპიენთან“ საუბრისას.