საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა. ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, თუკი პრეზიდენტი არ გამოვა ავლაბრის რეზიდენციიდან, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს მთავრობამ? ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ ამისთვის არსებობს საზოგადოება და საზოგადოება გამოიტანს დასკვნებს.
„მე არავისზე ზეწოლა არ განმიხორციელებია. გეკითხებით, როგორ ფიქრობთ, ნორმალურია, რომ დამატებითი 10 000 მეტრი ფართი გამოუყენებელი ჰქონდეს ვინმეს, ვინც არ უნდა იყოს ეს? თქვენ, როგორც მოქალაქეებმა უნდა გაანალიზოთ ყველაფერი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რამდენად სერიოზულია პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვება-არდატოვების საკითხი და რატომ დგას ხელისუფლების წინაშე ეს „დილემა“, ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
სოციალურ ქსელებს თუ გადავხედავთ, საზოგადოებას უჩნდება განცდა, თითქოს, ამ ხელისუფლებას სხვა პრობლემა და საქმე არ აქვს გარდა იმისა, სად დააბინავოს პრეზიდენტი. თქვენი შეფასებით რამდენად სწორად აღიქვამს საზოგადოება პრობლემის არსს?
- ჟამიდან ჟამზე პრეზიდენტისა და პრემიერის დაპირისპირების თემა წამოიწევს-ხოლმე და ახლა მორიგი მცდელობაა ამ საკითხის აქტუალიზაციის. თუმცა ის, რომ ეს საჯარო სივრცეში გაჟღერდა და შემდეგ საზოგადოების დისკუსიის საგანი გახდა, მეტყველებს იმაზე, როგორი პლიტიკურ-საზოგადოებრივი ელიტა გვყავს.
თითქოს ქვეყანაში სხვა საქმე არ იყოს, ყოვლად მეასეხარისხოვანი თემის აქტუალიზება ხდება.
როგორი შეფასება შეიძლება მოჰყვეს ამ სცენარს ჩვენი მტრების თუ მეგობრების მხრიდან, როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემაა, ეს სხვა საკითხია. ვიცი, რომ ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, ასეთი სასახლეები არ უნდა აშენებულიყო.
არასწორია, როდესაც პრაქტიკულად, ღატაკი ქვეყანა აშენებს ისეთ სასახლეებს როგორიცაა, გნებავთ, ავლაბრის და გნებავთ, ათონელის რეზიდენცია, მაგრამ ეს სასახლეეები უკვე აშენებულია და ახლა კვადრატულ მეტრებზე საუბარი ცოტა უხერხულია.
თავისუფლად შესაძლებელია რომელიმე სახელმწიფო უწყებისთვის რომელიმე ფლიგელის დათმობა და უფრო ეფექტურად გამოყენება. ეს არ არის შენობები, რომლებსაც რაღაც არქიტექტურული ღირებულება გააჩნია, ისინი აშენებულია უმაღლესი ხელისუფლებისათვის და სწორედ ეს დატვირთვა გააჩნია. არსებობს შესაბამისი კომუნიკაციებიც რომელმაც ამ შენობების ფასი გაზარდა და ახლა აქ მუზეუმების და უნივერსიტეტების განთავსება არანაკლები ფლანგვა იქნება სახელმწიფო სახსრებისა.
გასაგებია, რომ 500 მილიონიან სასახლეში არ უნდა იყოს პრეზიდენტი, მაგრამ თუ ვინმე ამ თანხის გადამხდელია, პირველი მე დავიწყებ ამ სასახლის პიკეტირებას. მოიძებნება ასეთი მყიდველი? რა თქმა უნდა, - არა და გარდა ამისა, ასეთ თემებზე საუბარი ძალიან ცუდად მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე.
როგორ აღიქვამს ასეთ ფაქტს უცხოეთი?
- ეს აღიქმება არა როგორც პრემიერისა და პრეზიდენტის დაპირისპირებად, არამედ არასახელმწიფოებრივ ქმედებად, რომელშიც ჩართულია მთელი პოლიტიკური ელიტა. ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ იმოქმედებს, თორემ გულწრფელად რომ გითხრათ, არც პრეზიდენტი მადარდებს და არც პრემიერი. სახელმწიფო ნამდვილად მადარდებს და როდესაც ასეთი თემების საჯარო სივრცეში განხილვა ხდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა ვერ აზროვნებს სახელმწიფოებრივად. ამას მეგობრები გაიგებენ და შეწუხდებიან, ხოლო მტრები გამოიყენებენ. რა სახელმწიფოებრიობასა და მამულიშვილობაზეა ლაპარაკი როდესაც იმაზე კამათობენ, ვინ რომელ ოფისში იცხოვრებს? - ეს არის დღევანდელი საქართველოს ეროვნული პრობლემა?!
შეიძლება საკითხს უფრო სერიოზულადაც შევხედოთ. ამაზე საუბარი პირველად ყოფილმა პრემიერმა, ივანიშვილმა დაიწყო, შემდეგ გააგრძელა ხელისუფლებამ და ეს პირველი თემა არ არის რომელიც ივანიშვილის შენიშვნის შემდეგ მთავრობამ აიტაცა... ეს ადასტურებს, რომ ივანიშვლი კულისებიდან მართავს თუ მთავრობა საკუთარი ინიციატივით ცდილობს ივანიშვილს თავი მოაწონოს?
- არც ერთია სასურველი და არც მეორე, მაგრამ არ მჯერა, რომ ივანიშვილი ყოველ წუთას ვიღაცას ურეკავს და დირექტივას აძლევს. პრობლემა სხვაა - გუნდი, რომელიც ხელისუფლებაშია, იქამდე, ვიდრე რაიმე პრობლემას გადაწყვეტს, პირველ რიგში, იმაზე ფიქრობს, ივანიშვილს რა რეაქცია ექნება.
რომ ურეკავდეს და თანხმდებოდნენ ან კამათობდნენ, ეს იმხელა პრობლემა არ იქნებოდა. მთავრობა მუდმივად გამოცანის გამოცნობის რეჟიმშია იმის ნაცვლად, რომ პრობლემის ეფექტურად გადაჭრაზე იფიქროს. ამიტომაა ლაპარაკი შემდეგ იმაზე, რომ რაღაც სწრაფად ვერ კეთდება, არაეფექტურად კეთდება და ა.შ.
მართვის ასეთი სტილის გამო, იქმნება შთაბეჭდილება, რომ წინსვლის ნაცვლად უკან მივდივართ?
- ვერ დაგეთანხმებით, რომ ქვეყანა უკან მიდის. მარტო ჯანდაცვის პროექტი ეყოფოდა ერთ ხელისუფლებას და ამას სოფლის მეურნეობის პროექტსაც თუ დავამატებთ, ამას უკანსვლას ნამდვილად ვერ დავარქმევდი. ყველა კუთხეზე, ყველა ადამიანზე ორიენტირებული მსგავსი პროექტები საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.
პრობლემები არის და იყო, განსხვავება ისაა, რომ ამ პრობლემებზე დღეს ძალიან ბევრი ლაპარაკობს, რადგან თამამად შეიძლება ლაპარაკი. მოსახლეობას რომ უფრო მეტი მოლოდინი ჰქონდა, ეს სხვა სკითხია.
ყოველ შემთხვევაში, არაეფექტური მართვა სახეზეა...
- ეს უკვე სხვა საკითხია - ანუ შეიძლებოდა საქმე გაცილებით უკეთ ყოფილიყო, ვიდრე დღესაა. მთავრობა უფრო მობილური და ქმედითუნარიანი უნდა იყოს და არა ისეთ საკითხებზე მობილიზებული, პრეზიდენტი რომელ სასახლეში იქნება - ეს არ არის მისი საქმე.
საინტერესოა კიდევ ერთი მომენტი - როდესაც ივანიშვილმა, შემდეგ ღარიბაშვილმა გააკეთეს განცხადებები, არგუმენტი იყოს ის, რომ დღეს საქართველო ღარიბი ქვეყანაა და თავს ვერ მისცემს უფლებას პრეზიდენტი ასეთ სასახლეში შეინახოს. თუმცა, პარალელურად, მუდმივი განხილვის საკითხია მთავრობის წევრების, მინისტრების მაღალი ხელფასები და პრემიები. თუ სიღატაკეზეა საუბარი, როგორ ფიქრობთ, პრემიებისა და სახელფასო დანამატების მიმართულებით რატომ არ არის რადიკალური მიდგომა? საზოგადოებაში დიდი ხანია დამკვიდრდა აზრი, რომ ესენი ხელისუფლებაში მხოლოდ ხელფასებისა და პრემიების მისაღებად არიან მოსული...
- არანაირი გამართლება იმ კატასტროფულ პრემიებსა და ხელფასებს, რომელიც მთავრობას ჰქონდა, არ აქვს, თუმცა ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება, რომელიც ზომიერების ფარგლებში ჩაჯდება. მაგრამ, აქ კიდევ უფრო სხვა პრობლემაა - ვერ მოხერხდა ერთიანი სისტემის შექმნა, რომელიც დაარეგულირებს საჯარო მოხელის ანაზღაურებას. ასეთი სისტემა რომ არსებობდეს, მაშინ ყველაფერი წინასწარ გარკვეული იქნებოდა და არც მოსახლეობის გაღიზიანებას გამოიწვევდა.
და მაინც, ეს სკანდალი უფრო პიროვნული მიუღებლობით ხომ არ არის გამოწვეული?
- თუ პრემიერსა და პრეზიდენტზეა საუბარი, არ მგონია იმდენად დაძაბული პიროვნული ურთიერთობა ჰქონდეთ, რომ ეს ფაქტორი მუშაობდეს.
ივანიშვილთან?
- ვერ გეტყვით - პრინციპში, ორივე ზომიერ განცხადებებს აკეთებს. თუმცა, მგონია, რომ არა პრეზიდენტის, არამედ კონკრეტულად მარგველაშვილის საკითხი წამოწია თავად ივანიშვილმა, როდესაც გააკრიტიკა არა მხოლოდ სასახლეში გადასვლისთვის, არამედ კონკრეტული კანონპროექტისთვის ვეტოს დადება რომ მოინდომა.
სხვაა რამდენად ეთანხმები ერთს ან მეორეს, მაგრამ თუ კრიტიკა მიმართულია უშუალოდ მარგველაშვილის მიმართ, აღიქმება ისე, რომ პრეზიდენტს აკრიტიკებენ და სახელისუფლებო შტოებს შორისაა დაპირისპირება. თუ მოხდება მარგველაშვილის ფიგურისა და პრეზიდენტის გამიჯვნა, მაშინ გასაგები იქნება ეს დაპირისპირება და ამაში საგანგაშო არაფერია. როდესაც სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირებად აღიქმება, ეს აზიანებს ქვეყნის იმიჯს და ძალიან ცუდია.
გამოდის რომ პიროვნული ფაქტორი მაინც მუშაობს?
- როგორც ჩანს, ივანიშვილის შემთხვევაში ეს ფაქტორი მუშაობდა. თავიდან ის აღფრთოვანებული იყო მარგველაშვილით, მაგრამ შემდეგ როგორც თვითონ აღნიშნა, მოლოდინები გაუცრუვდა და დაიწყო პრობლემა. დარწმუნებული ვარ, თავის დროზე, ეს პრობლემა ივანიშვილს რომ არ გამოეტანა საჯარო სივრცეში და უფრო კორექტული ყოფილიყო, პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით (ვეტყოს ვგულისხმობ), ალბათ, ამ დონემდე არ მივიდოდა ყველაფერი.
გარდა ამისა, თავდაპირველად, როდესაც „ოცნებაც“ და მარგველაშვილიც აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტი ამ სასახლეში არ შევიდოდა, ესეც არასწორი და არასახელმწიფოებრივი მიდგომა იყო, რადგან ეს სასახლე სპეციალურად პრეზიდენტისთვის აშენდა და სხვა დატვირთვა და ღირებულება მას არ გააჩნია.
ასეთი არასერიოზული თემების წამოწევა იმიტომ ხომ არ ხდება, რომ სხვა პრობლემები გადაიფაროს? მაგალითად, ლარის გამო ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად დამძიმდა...
- ეს თემაც და ეკონომიკური პრობლემების თემაც, ორივე ხელისუფლების იმიჯს ურტყამს და მის რეიტინგზე მოქმედებს ცუდად. ამიტომ, რაშია ხელისუფლების ინტერესი, რომ ერთი წამგებიანი თემა მეორით გადაფაროს, არ ვიცი. წამგებიანი კი არა, უბრალოდ, არასერიოზული თემაა.
ან, ამ საკითხის სახელმწიფოებრივი აღქმა არ არსებობს, ან ვიღაცის ახირებაა, რომ მარგველაშვილი იყოს ამ სასახლეში. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ ახირებას ეწირება ქვეყნის იმიჯი.
როდესაც ვეტოს დადებაზე იწყება კამათი, ეს სერიოზული თემაა, მაგრამ როდესაც იმაზე იწყება კამათი, რომელ ოფისში უნდა იჯდეს პრეზიდენტი, ეს არასერიოზულია და არასერიოზულად გამოიყურება ყველა (მათ შორის ჩვენც), ვინც ამ თემაზე ამდენ დროსა და ენერგიას ვხარჯავთ.