„ლუკაშენკომ, მიუხედავად სერიოზული წნეხისა, ძალიან რთულ დროს მხარი დაუჭირა საქართველოს“

„ლუკაშენკომ, მიუხედავად სერიოზული წნეხისა, ძალიან რთულ დროს მხარი დაუჭირა საქართველოს“

დღეს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნის, ბელორუსიის პრეზიდენტი ეწვევა. ლექსანდრე ლუკაშენკო 23 აპრილს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. საქართველოსა და ბელორუსიის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება ერთობლივ დოკუმენტს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ლუკაშენკო შეხვდება კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-ბელორუსის ბიზნესფორუმი, რომელსაც ბელორუსის დელეგაციას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მიხეილ რუსი უხელმძღვანელებს. დაგეგმილია ბელორუსიის სასურსათო პროდუქციის დეგუსტაციის მოწყობა, რომელშიც 15-მდე ბელორუსული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. 24 აპრილს ალექსანდრე ლუკაშენკო ბათუმს ეწვევა, სადაც აჭარის ა-რ თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება, სადაც ხელი მოეწერება ბათუმისა და ქალაქ ბრესტის დაძმობილების ხელშეკრულებას.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და საბაჟო სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებებს მოეწერება ხელი. ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში ბელორუსიიდან ფართო წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩამოდის. 

„ამიტომ, ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით ფართო სპექტრის მოლაპარაკებები გვექნება, როგორც წარმოების ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ტურიზმის განვითარების კუთხით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოვაწერთ ხელს და ბიზნესფორუმი ჩატარდება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი კვირიკაშვილმა.

გარდა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებისა, ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტისას საუბარი შეეხება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტსაც. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშველოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან რიგ საკითხებთან დაკავშირებით, პოზიცია შეთანხმებული და შეჯერებული გვქონდეს.

როგორც ცნობილია, ბელორუსიის პირველი პირი საქართველოში, მისი ქართველი კოლეგის მოწვევით ჩამოდის. პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომბელორუსის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ამ ვიზიტს მართლაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, რადგანაც, ეს არის პირველი სახელმწიფო ვიზიტი, ამ დონის ოფიციალური სტუმარი ბელორუსიიდან საქართველოს არ ჰყოლია.

„თუ შეხედავთ დელეგაციის რაოდენობას, ხარისხობრივ წარმომადგენლობას, საკმაოდ მაღალი დონის და მრავალრიცხოვანი დელეგაცია ჩამოდის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მიმართ დიდ ინტერესზე და ასევე იმ დიდ რესურსზე, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს და რომელიც უნდა იქნას გამოყენებული.

პოლიტიკური თემებიდან, უპირველეს ყოვლისა, ხაზს გავუსვამდი იმ თემის მნიშვნელობას, რასაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და არაღიარების პოლიტიკა. რაც შეეხება ეკონომიკურ, სავაჭრო, ტურიზმის მიმართულებებს, ამ სფეროებში არაერთი შეთანხმება იქნება გაფორმებული. ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის შორის ურთიერთობების განვითარებას“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე, რომლის განცხადებით, ბელორუს და ქართველ ხალხს ბევრი რამ აკავშირებთ ერთმანეთთან და ეს რესურსი უნდა იქნას გამოყენებული.

ქართველი ექსპერტების განცხადებით, საინტერესოა, ბელორუსის პრეზიდენტი ჩამოდის როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერი, თუ როგორც უკვე ევრაზიის კავშირის წევრი ქვეყნის ლიდერი და ხომ არ ქმნის უხერხულობას ბელორუსიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი, მაშინ, როდესაც ბელორუსიის მიმართ დასავლელი პარტნიორების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით არაერთი შენიშვნა არსებობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, დავით კერესელიძე თვლის, რომ ვიზიტი უხერხულობას არ ქმნის პარტნიორ ქვეყნებთან.

„არა მგონია, რომ ეს ვიზიტი რამე უხერხულობას ქმნიდეს პარტნიორ ქვეყნებთან. პირველ რიგში, ეს არის ორმხრივი ურთიერთობის საქმე, რომელიც ჩვენი და მათი გადასაწყვეტია და მეორე, ჩვენ ძალიან ბვერ ფორმატში ვთანამშრომლობთ და მათ შორის არის აღმოსავლეთ პარტნიორობა და ა.შ. ამიტომ, არავითარი უხერხულობა ამ ვიზიტით არ არის. პირიქით, ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა ეს ვიზიტი და რასაკვირველია, ბელორუსი ხალხისთვის ძალიან საინტერესოა პრეზიდენტი იყოს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაცილებით კარგი და დინამიური ურთიერთობა აქვს დასავლეთთან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კერესელიძე.

ექსპერტი, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ ძალიან რთულ დროს დაუჭირა მხარი საქართველოს, მიუხედავად ძალიან დიდი სერიოზული წნეხისა, არ აღიარა ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მისივე თქმით, ბელორუსის პირველი პირი შეძლებისდაგვარად ცდილობდა საქართველოს ინტერესების დაცვას რუსეთთან ურთიერთობის ფარგლებში.

„ბელორუსი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს, ისევე, როგორც ბელორუსს სჭირდება ეს სავაჭრო ურთიერთობები იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო მეტად იქნას წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე. ამ თვალსაზრისით ყველანაირი ხელშეწყობა იყო. პრეზიდენტ მარგველაშვილსა და პრეზიდენტ ლუკაშენკოს შორის ჩამოყალიბდა ძალიან დადებითი დამოკიდებულება.

ლუკაშენკოს მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა მზაობა ჩამოსულიყო საქართველოში და შერჩეულიყო სწორი მომენტი, რომ ხაზი გაესვა მის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ასევე, თავისი წვლილი შეეტანა საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის გარკვეული სტაბილურობის შეტანაში“, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

მისივე თქმით, ბელორუსია, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია და ეს მომენტი მთავრობის მიერ მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული. როგორც მაჭავარიანი ამბობს, რუსეთთან რთული ურთიერთობის დარეგულირების თვალსაზრისით, არანაკლებ მნიშნელოვანია ლუკაშენკოს როლი, რომელსაც მიუხედავად სირთულეებისა, მაინც ეთქმის თავისი სიტყვა რუსეთთან ურთიერთობაში, როგორც ეს მოხდა 2008 წლის ომის შემდეგ.

„მას აქვს რესურსი, რომ მთელი რიგი თემები, როგორც ორ ქვეყანას შორის, ასევე, რუსეთთან მიმართებაში დაიძრას. შეუძლია მოამზადოს გარკვეული პოზიტიური ფონი პრეზიდენტებს შორის შეხვედრისა და გვქონდეს უფრო მეტი სარწმუნო ინფორმაცია - თუ რა განწყობაზე არის რუსეთი - ვიდრე გვაქვს აბაშიძე-კარასინი ფორმატიდან.

იქიდან მიღებული ინფორმაცია არის მინიმალური იმისი, რაც პირველი წყაროდან, ლუკაშენკოდან შეიძლება იქნას საქართველოსთვის გაზიარებული, თუ რა პერსპექტივები არსებობს საქართველო-რუსეთს შორის მთელ რიგ როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით, ეს ურთიერთოები უნდა გაღრმავდეს“, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.