თბილისში უამრავი ძველი და ექსპლოატაციიდან გასული შენობაა, რომელთა დიდი ნაწილი სულ მალე ავარიული გახდება. 5-სართულიან ე.წ. ხრუშჩოვკებსაც, პრაქტიკულად, ამოწურული აქვს თავისი ვადა. ძველი საცხოვრებელი კორპუსების ახლით ჩანაცვლება სამშენებლო სექტორის გააქტიურების ხარჯზე უნდა მოხდეს, მაგრამ პრობლემა სწორედ ის არის, რომ ბიზნესის ეს მიმართულება, აგვისტოს ომის შემდეგ, ვერაფრით დადგა ფეხზე. სახელმწიფო ამჯერად კიდევ ერთხელ ცდილობს დეველოპერთა დახმარებას.
სპეციელისტების ნაწილი აღნიშნავს, რომ ძველი, კომუნისტების დროს აშენებული შენობების მდგომარეობა ყველგან ერთნაირად საგანგაშო არ არის. მაგალითად, ზოგიერთი „ხრუშჩოვკა“ უფრო მყარია, ვიდრე მაგალითად, 15 წლის წინ აშენებული სახლი.
„სახლის ტექნიკურ მდგომარეობას მხოლოდ პროექტი არ განსაზღვრავს. ავარიულობის მიზეზი შეიძლება მშენებლობის, მასალის ხარისხი, გეოლოგიური პრობლემები თუ სხვა მიზეზები იყოს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძველ ქალაქში გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე „ხრუშჩოვკების“ მიკრორაიონებში. მაგალითისთვის ახლაც სადგურის მოედანზე, რკინიგზელთა სახლი უაღრესად ავარიულ მდგომარეობაშია. კედლები გაპობილია, დაბზარულია. იქ არის აივნები, რომელიც შეიძლება ჩამოიშალოს და მსხვერპლიც მოჰყვეს. მართალია, ტერიტორია შემოღობილია, თუმცა, ჯერჯერობით ხალხი ტროტუარზე დადის და სარისკოა.
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესწავლა და ამა თუ იმ სახლის ტექნიკური მდგომარეობის საკითხის გადაწყვეტაა აუცილებელი. ამიტომაც მერიამ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უნდა მიხედოს“, - ამბობს არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე.
არქიტექტორი და ურბანისტი გიგა ბათიაშვილი კი აცხადებს, რომ ე.წ. ხრუშჩოვკები ძირითადად საქარხნო წარმოების შენობებია, რომლებიც უკვე სოციალურად ვარგისები აღარ არის. ამ საცხოვრებელი შენობების ვადად 25-30 წელი იყო განსაზღვრული, რაც ასევე სოციალური ფაქტორებით იყო განპირობებული. ახლა კი მათი დემონტაჟის დრო მოვიდა.
ძველი კორპუსების ახლით ჩანაცვლება კი ასე მარტივი არ აღმოჩნდა. ჯერჯერობით დედაქალაქს არც ერთი ასეთი მნიშვნელოვანი წამოწყება არ ახსოვს. მიზეზი ისაა, რომ სამშენებლო სექტორი ძალიან სუსტია ამგვარი პროცესების წარმართვისათვის. დეველოპერთა პრობლემა კი აგვისტოს ომს და ფინანსურ კრიზისს უკავშირდება.
სახელმწიფო ამჟამად კიდევ ერთხელ ცდილობს დაეხმაროს მშენებლებს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული კომპანიები სახელმწიფოს მიმართ არსებული ცალკეული ფინანსური დავალიანებებისგან გათავისუფლებიან. საუბარია ე.წ. „კა 2”-ის მოსაკრებელსა და დამატებული ღირებულების გადასახადზე.
ახალი ინიციატივის თანახმად, რომელიც ამჟამად პარლამენტშია შესული, მოსაკრებლისგან განთავისუფლდება არა მარტო ის შეჩერებული მშენებლობები, რომლებზეც ნებართვა არსებობდა, არამედ ისინიც, რომლებზეც არსებობდა შეთანხმება, მაგრამ არა დოკუმენტურად ნებართვა.
ჯამში, ამ ორი მართულებით საუბარია ათეულობით მილიონი ლარის ფინანსური ტვირთისგან კომპანიების გათავისუფლებაზე. ეს ორი შეღავათი ერთად ბიძგს მისცემს შეჩერებული მშენებლობების განახლებას, რასაც ათასობით ოჯახი დიდი ხანია ელოდება. აგრეთვე, შეღავათებით ისარგებლებენ სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ვალდებულებას აიღებენ, რომ დღემდე შეჩერებულ მშენებლობას 3 წელიწადში, 2018 წლის 1-ელ იანვრამდე დაასრულებენ.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პროექტის ცვლილებები უკვე განიხილა, თუმცა ამ საკითხის პლენარულ სხდომას არ უმსჯელია, რადგან კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სავარაუდოდ, მისი განხილვა უახლოეს სასესიო კვირას მოხდება.