სახელმწიფოს წვლილი ხუდონჰესის წილში

სახელმწიფოს წვლილი ხუდონჰესის წილში

სახელმწიფომ შეიძლება ხუდონჰესის წილი შეიძინოს, თუმცა ჰესის მშენებლობის პროცესს ეს ვერ დააჩქარებს. გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წელს ვერ დაიწყება. გაისად კი არჩევნებია და პოლიტიკური ციებ-ცხელების პერიოდში რამდენად ეცლებათ ხუდონისთვის, არავინ იცის.

სახელმწიფოს მიერ ხუდონჰესის წილის შეძენაზე გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახმაურდება. ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან, თუ როგორ არის შესაძლებელი წილობრივი მონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან.

„უახლოეს მომავალში ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებებს და შესაბამისად, ყველაფერი ცნობილი გახდება“, - განაცხადა კალაძემ.

მინისტრი არ მალავს, რომ ინვესტორ კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიასთან“ სახელმწიფოს კითხვები გააჩნია. პროცესი წინ ვერ მიდის, შეფერხებულია სამუშაოების დაწყება, თუმცა თავად ინვესტორს ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს და პრეტენზიისთვის არც სამინისტროსთვის მიუმართავს.

„არანაირი პრობლემა ჩვენთან არ დაუყენებიათ იმიტომ, რომ ეს მარტო ენერგეტიკის პრობლემა არ არის. ზოგადად ეს მათი პრობლემაც არის, სახელმწიფოს კითხვები აქვს მათ მიმართ“, - აღნიშნა კალაძემ.

ახალი ვადის მიხედვით, ხუდონჰესის მშენებლობა წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. მანამდე ინვესტორმა მთავრობის მოთხოვნით უნდა მოასწროს ოფშორული ზონიდან გამოსვლა, მოსახლეობის განსახლების გეგმის წარმოდგენა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საბოლოოდ მომზადება, მშენებლობის ნებართვის მიღება და ა.შ.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ირწმუნება, რომ ხუდონჰესის მშენებლობა წლის ბოლოს აუცილებლად დაიწყება. მისგან განსხვავებით მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ ელექტროსადგურის მშენებლობაზე საუბარი ნაადრევია.

„სამუშაოების დაწყებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან იქ ადგილობრივ მოსახლეობასთან პრობლემა არსებობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ.

„ტარნს ელექტრიკა ჯორჯიაში“ კი აცხადებენ, რომ კომპანია ყველა მიმართულებით აქტიურად მუშაობს. კომპანიის ტექნიკური ხელმძღვანელის დავით მირცხულავას ინფორმაციით, ინვესტორი კომპანია იურისდიქციას იცვლის და ოფშორულ ზონას ტოვებს. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

„ჩამოსულნი იყვნენ ინვესტორები. შეხვდნენ ქვეყნის ვიცე-პრემიერსა და ენერგეტიკის მინისტრს, ფაქტობრივად, მოხდა შეთანხმება. იქ ერთ-ერთი პუნქტია, რომ კომპანია ოფშორიდან გამოვა და დარეგისტრირდება. ენერგეტიკაში ინვესტიციის მოსურნე ყველა კომპანია უნდა გამოვიდეს ოფშორიდან. ჩვენ ეს უკვე განვაცხადეთ. მემორანდუმში გაწერილია პირობები და გადავა რომელიმე ევროპულ იურისდიქციაში, სადაც ორმაგ დაბეგვრას თავიდან ავიცილებთ“, - განაცხადა მირცხულვამ.

არასამთავრობოებს „ტრანს ელექტრიკას“ ხელმძღვანელების დაპირებებისა არ სჯერათ. ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს მთავრობას კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმებას სთხოვს, ხოლო ევროკომისიას მოუწოდებს, ევროპარლამენტის 2014 წლის 18 დეკემბრის რეზოლუციის შესაბამისად, საფუძვლიანი მონიტორინგი გაუწიოს ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადების პროცესს.