„საოცარია ამდენი სპეკულაცია მედიაში. მესმის, რომ ასეთი სენსაციური ინფორმაცია უფრო გაინტერესებთ ჟურნალისტებს. მე ამ სენსაციას არ გპირდებით უახლოეს მომავალში“, - ეს განაცხადა პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ გააკეთა. მიუხედავად ამ განცხადებისა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ხელი მოაწერა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით შავლიაშვილის განცხადებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
31 წლის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა. შავლიაშვილმა ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით ახსნა. შესაბამისად, პრემიერმა, მოულოდნელად, ჯანმრთელობაგაუარესებული მინისტრის განცხადება დააკმაყოფილა და ახალი მინისტრიც დანიშნა. შავლიაშვილი მისმა მოადგილემ, ნოდარ ჯავახიშვილმა შეცვალა. ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ჯავახიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაცია გუნდში უკვე გაიარა.
„მინდა დავადასტურო, რომ დავით შავლიაშვილი რისკიანი და ეფექტური მენეჯერი იყო, რომელსაც არ უჭირდა გადაწყვეტილების, მათ შორის რთული გადაწყვეტილების მიღება. დავით შავლიაშვილის გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ მას დეკემბერში აღმოაჩნდა საკმაოდ სერიოზული დაავადება, როგორც ჩანს - თანდაყოლილი. მიუხედავად იმისა, რომ მე მეწყინა მისი გადაწყვეტილება, ვეღარ დავაძალებდი, რომ გაეგრძელებინა მუშაობა. როგორც ჩანს, ამ თვეების განმავლობაში მას გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ნოდარ ჯავახიშვილს, პრემიერ-მინისტრს არ უსაუბრია რა კრიტერიუმით შეარჩია ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც ღიად ლაპარაკობდა გზის ტენდერებთან დაკავშირებულ დარღვევებზე. მეტიც, ჯავახიშვილმა ფინანსური მაქინაციების სქემების გასაჯაროვებაც დაანონსა. საქმე ეხებოდა თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებულ სატენდერო დოკუმენტაციას.
„გზებთან დაკავშირებით ბევრ ზოგად ფაქტს მეუბნებიან, სადაც ფული გადახდილია და ასფალტი დაგებული არაა. მაგრამ, ამას თუ მეუბნები, ისიც მითხარი, კონკრეტულად, რომელ გზაზეა საუბარი. ისე, გზის ტენდერებიდან უამრავი თანხა ტყდება“, - აცხადებდა ნოდარ ჯავახიშვილი, რომელმაც „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა. მაშინ კეთდებოდა განცხადება, რომ ჯავახიშვილის ამ უწყებაში გადასვლა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით მოხდა და სწორედ, მისი დავალებით დაიწყო ჯავახიშვილმა უწყებაში განხორციელებული ტენდერების საკითხის შესწავლა.
დღესვე ყოფილმა პრემიერმა კომენტარი გააკეთა ნოდარ ჯავახიშვილის მინისტრად დანიშვნაზე და აღნიშნა, რომ ჯავახიშვილი პრინციპული და პროფესიონალი კადრია.
„ნოდარ ჯავახიშვილს ძალიან საინტერესო კადრია, საკუთარი ისტორია აქვს, ყოველგვარი ახალი ხელისუფლებისა და ივანიშვილის გარეშე. ჯავახიშვილი გახლდათ ეროვნული ბანკის მმართველი და იმ პერიოდის ხელისუფლებას თუ გაანალიზებთ, შეიძლება ყველაზე პრინციპულ პიროვნებადაც წარმოგვიჩნდეს. ის კარგი პროფესიონალი, ძალიან პრინციპული ადამიანია და თუ დაინიშნა მე პირადად მივესალმები“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
for.ge-ს ინფორმაციით, თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებულ სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლა დასრულდა, გამოვლენილია სერიოზული დარღვევებიც. დოკუმენტაცია რეაგირებისთვის პროკურატურაში გადაიგზავნება. „ქართული ოცნების“ წევრებს მიჩნიათ, რომ საქმეში დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სამართალდამცველებიც უნდა ჩაერთონ. მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ ელექტრონული ტენდერების ჩანაცვლების თემაც გადაიხედოს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში ხარვეზებით ჩატარებულ ტენდერებზე არასამთავრობო სექტორში მსჯელობდნენ. მათი მონაცემებით, ტენდერებს ძირითადად კომპანია „სერპანტინი“ იგებს, რომლის წილების უმეტესობის მფლობელი შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედა, თამარ ჯანყარაშვილია, რომლის კომპანიამ ბოლო წლების განმავლობაში, ყველა მსხვილი ტენდერი მოიგო.
აწ უკვე ყოფილი მინისტრი, დავით შავლიაშვილი პრემიერის ნათესავის, ზვიად ჯანყარაშვილის კადრია და სწორედ მისი რეკომენდაციით დაინიშნა მინისტრად, ისევე როგორც ჯანყარაშვილის რეკომენდაცია გახდა გადამწყვეტი საფუძველი იმისა, რომ გზების დეპარტამეტნს სათავეში ვაჟა ფანჩულიძე ჩადგომოდა. გავრცელებული ინფორმაციით, შავლიაშვილის ბედს გაიზიარებს ვაჟა ფანჩულიძეც.
შავლიაშვილის გადადგომა და მისი შემცვლელის დანიშვნა, მთავრობის ხელახალი ნდობის გამოცხადებას არ იწვევს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხის დასასმელად საჭიროა მთავრობის შემადგენლობაში 7 მინისტრის შეცვლა. ამ წუთისთვის მინისტრთა კაბინეტში შეიცვალნენ - შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრები. შავლიაშვილი რიგით მეხუთე მინისტრია, რომელმაც მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დატოვა.
თუმცა, როგორ ჩანს, სამთავრობო ცვილილებები ამით დასრულდება, რადგან წინ რამდენიმე საკადრო ცვლილება გველოდება. for.ge-ს ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას დაემშვიდობება გარემოს დაცვის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი და სპორტის მინისტრი, ლევან ყიფიანი. ამ ორი მინისტრის ცვლილების შემდეგ, კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის ნდობის საკითხი დგება. პრეზიდენტი ერთ კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად მთავრობის განახლებულ შემადგენლობას. კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ამ მთავრობამ თავისი ფუნქცია ამოწურა, შესაბამისად, მისი შეცვლის საკითხიც დადგა.
„მთავრობამ თავისი ფუნქცია შეასრულა. ახლა აუცილებელია მთავრობის განახლება, რადგან არჩევნებამდე დარჩენილია ცოტა დრო, იმისათვის, რომ მთავრობამ დაშვებული შეცდომები გამოასწოროს, აუცილებელია ცვლილება და კარგი იქნება თუ ეს ცვლილება ახლა განხორციელდება. ჩვენ გვაქვს სამთავრობო პროგრამა, წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც, სამწუხაროდ, ქაღალდად რჩება. ამიტომაც, საჭიროა ფუნდამენტური განახლება“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.