„ოცნებამ“ ივანიშვილის შენიშვნა გაიზიარა, პრეზიდენტი კი, მთავრობას არ ემორჩილება

„ოცნებამ“ ივანიშვილის შენიშვნა გაიზიარა, პრეზიდენტი კი, მთავრობას არ ემორჩილება

ავლაბრის რეზიდენცია მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ისევ განხეთქილების მიზეზი ხდება. მთავრობა გიორგი მარგველაშვილს ათონელის ქუჩაზე აშენებულ რეზიდენციაში გადასვლას სთხოვს, ოპოზიცია კი, ქვეყნის პირველ პირს მოუწოდებს აღმასრულებელი ხელისუფლების მოთხოვნა არ გაითვალისწინოს და საკუთარი ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს.

გიორგი მარგველაშვილი ათონელის ქუჩაზე არსებულ რეზიდენციაში გადასვლას არ აპირებს და მისი გუნდი საკითხის გააქტიურებას პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციად აფასებს. „ქართული ოცნების“ მიერ გაკიცხულ პრეზიდენტს კი, ოპოზიცია იცავს.

აღმასრულებელი ხელისუფლება ირწმუნება, რომ ათონელზე მდებარე რეზიდენციის გარემონტება პრეზიდენტის მოთხოვნების მიხედვით მოხდა, თუმცა, ვინაიდან, მარგველაშვილი შენობაში შესვლაზე უარს ამბობს, რეზიდენციის ბედზე მთავრობა იმსჯელებს.

მთავრობასანამ  რეზიდენციის ბედს გადაწყვეტს, მანამდე პრეზიდენტის გუნდი მთავრობისთვის 2014 წლის ივლისში გაგზავნილ წერილს ასაჯაროვებს და აცხადებს, რომ მთავრობამ ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენის შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილება იცოდა და ათონელზე მდებარე შენობის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანა ამიტომაც მოხდა.

პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ინტერესდება, ეს საკითხი კვლავ აქტუალური რატომ გახდა, როცა ერთი თვის წინ, ათონელზე მდებარე რეზიდენცია საპრივატიზაციო ნუსხაში იყო შეტანილი.

„მაღალი ალბათობით ვვარაუდობთ, რომ ამ საკითხის კვლავ გააქტიურება იმ სამწუხარო მოვლენას უკავშირდება, რასაც პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანია ჰქვია“, - აცხადებს კოჟორიძე, რომელიც როგორც ჩანს, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გულისხმობს, სადაც მან საკუთარ გუნდს უსაყვედურა, რომ ისინი კეკლუცობენ და ავლაბრის რეზიდენციაზე არ აქცენტირებენ, სადაც პრეზიდენტს თავისი ხასიათის მიხედვით 10 ათასი მეტრის შენობა აქვს დაკავებული, რომელიც რეალურად არ სჭირდება.

ავლაბრის რეზიდენციის გარშემო ატეხილ ახალ ვნებათაღელვაში ბიძინა ივანიშვილის კვალს ვერ ხედავს კონსერვატორი გიგა ბუკია, რომელიც for.ge-სთან საუბარში პრეზიდენტს შეცვლილი გადაწყვეტილებების გამო აკრიტიკებს. ბუკიას შეფასებით, ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა პოზიცია უკვე რამდენჯერმე შეიცვალა.

„თავდაპირველად მან თქვა, რომ რეზიდენციაში არ შევიდოდა, თუმცა, შევიდა. ამჟამად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე რეზიდენციის დაპროექტებაში მონაწილეობდა, სახელმწიფომ სერიოზული სახსრები დახარჯა და სამწუხაროდ, ახლა მათი პოზიცია გაუგებარია. ავლაბრის რეზიდენციის შენახვა 6 მილიონი ლარით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ათონელის რეზიდენცია და მარგველაშვილი მისთვის საკმარის რეზიდენციაში გადავიდოდა“, - აცხადებს ბუკია, რომელიც თემის გააქტიურებას ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის მშენებლობის დასრულებას უკავშირებს.

ბუკიას განცხადებით, სასურველია, ყველამ თავისი სიტყვა შეასრულოს.

„ამ შენობას რა გავუკეთოთ? ვინაიდან, ის პრეზიდენტზეა გათვლილი, მას ვინ იყიდის?! პრეზიდენტის იძულებას არავინ გეგმავს, რომ იქ გადავიდეს, მაგრამ იმ საკითხის ერთგულები უნდა ვიყოთ, რომელსაც ვაყენებთ. მითუმეტეს პრეზიდენტისგან ბევრად მეტი მოლოდინი არსებობს“, - დასძენს ბუკია, რომლის მსგავსად, for.ge-სთან საუბარში თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აქცენტს სახელმწიფო სახსრების შემცირებაზე აკეთებს.

სესიაშვილის მტკიცებით, ის საზოგადოებრივ კრიტიკას მიესალმება, რომელიც მიზანმიმართულია, რომ ხელისუფლებამ საბიუჯეტო სახსრები რაციონალურად და ადეკვატურად ხარჯოს. დეპუტატის მოსაზრებით, რეზიდენციის საკითხი უნდა გადაწყდეს არა ისე, ვის რას სურს, არამედ ქვეყანას რა სჭირდება.

„პრეზიდენტმაც იცოდა, რომ ეს შენობა ათონელის ქუჩაზე შენდებოდა. როგორც ვიცი, მშენებლობის პროცესში მისი ადმინისტრაციაც მონაწილეობდა და მნიშვნელოვანი თანხები დაიხარჯა. აქ ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია და მოვლენებს რაციონალური კუთხიდან გამომდინარე უნდა შევხედოთ“, - აღნიშნავს სესიაშვილი, რომლის პათოსს იზიარებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე.

როგორც for.ge-ს ტყემალაძემ განუცხადა, იმის მოწმეა, რომ პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის დაგეგმვაში მონაწილეობას ღებულობდა.

„პირიქით, ის იძახდა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში არ შევალო და მასთან შეთანხმებით, პროექტთან მიმართებაში მთელი რიგი კორექტირებები გააკეთეს. მგონია, რომ პრეზიდენტი ახალ რეზიდენციაში უნდა გადავიდეს“, - დასძენს ტყემალაძე, რომლისგან განსხვავებით, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი იქ უნდა იყოს, სადაც თავად სურს. for.ge-სთან საუბარში ჩიქოვანი ამბობს, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს, საკუთარი პოზიცია შეცვალოს.

„თუკი პრეზიდენტს ახალი რეზიდენციის დაკავება არ სურს, ამას ვერც ვერავინ ვაიძულებთ. ხელისუფლებამ საპრივატიზაციო ნუსხა გამოაცხადა და სჯობს, ამაზე იზრუნონ და კონკრეტულ ობიექტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღონ, რათა ქვეყანაში უცხოური ვალუტის ინვესტირება მოხდეს, რაც ლარის კურსს გაამყარებს“, - აღნიშნავს ჩიქოვანი.

„თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად, პრეზიდენტს იცავენ ნაციონალებიც. for.ge-სთან საუბარში ოპოზიციონერი დეპუტატი გიგი წერეთლის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ამ რთულ ვითარებაში ხელისუფლება იმის გარკვევაშია, ვინ რომელ რეზიდენციაში შევიდეს. დეპუტატის მოსაზრებით, მთავარია, ინსტიტუტები თავის მოვალეობას ასრულებდნენ და ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფონზე, არავითარი საჭიროება არ არის იმის, რომ ვინმესთვის დამატებითი კომფორტი შეიქმნას.

„თუკი ავლაბრის რეზიდენცია მარგველაშვილს მოსწონს და იქ კომფორტულად მუშაობს, მთავრობას რა უნდა?“, - ინტერესდება წერეთელი, რომელის პათოსს მისი თანაგუნდელი მიხიელ მაჭავარიანიც იზიარებს.

როგორც for.ge-ს მაჭავარიანმა განუცხადა, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი ჰყავს და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სად უნდა ყოფნა. მაჭავარიანის განცხადებით, ავლაბრის რეზიდენცია სააკაშვილის არ იყო და ის ქვეყნის პრეზიდენტს ეკუთვნის.

„პრეზიდენტის სარგებელს იმის მიხედვით არ ვთვლი, ის თუ რამდენ კილომეტრს დაიკავებს და რამდენია მისი სარგო. ის საპრეზიდენტო რეზიდენციაში იმყოფება და მას უნდა ჰკითხოთ, იქ მოსწონს თუ არა. თუ პრეზიდენტს უნდა, ინგოროყვას ქუჩაზე დაჯდეს, სადაც გაიზარდა“, - დასძინა მაჭავარიანმა.

სამართლებრივი კუთხით, მთავრობას პრეზიდენტისთვის ავლაბრის რეზიდენციის ჩამორთმევა გაუჭირდება, მაგრამ მთავრობა ათონელის რეზიდენციის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას აპირებს, რომლის ბედსაც უწყება თავად გადაწყვეტს.