„ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არის ჩუმი შეთანხმება - პასუხისმგებლობა აკიდონ ივანიშვილს“

„ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არის ჩუმი შეთანხმება - პასუხისმგებლობა აკიდონ ივანიშვილს“

ყოფილი პრემიერი „გაოცებულია“, რომ მისი თანაგუნდელებიდან არავინ გამოეხმაურა ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარი პრობლემაა. ყოფილი პრემიერის, ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც მათ დანაშაულზე ოპოზიციისა და საზოგადოების მხრიდან მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს.

რატომ დუმს ხელისუფლება და რატომ ვერ გაუწევს ალასანია კონკურენციას „ნაციონალურ მოძრაობას“? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.

გუნდის არც ერთი წევრი არ გამოსულა და არ უთქვამს, ეთანხმებიან თუ არა ალასანიას თავის შეფასებაში ივანიშვილთან დაკავშირებით, რის გამოც გუნდი გააკრიტიკა ივანიშვილმა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ეს მთავრობის პასუხისმგებლობის მიზეზიც გახდეს?

- აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაცია გარდაუვალია. ხელისუფლება თუ გაჯიუტდა და იმუშავა იმაზე, რომ ეს მთავრობა ამ შემადგენლობით შეინარჩუნოს, დამერწმუნეთ, რომ არჩვენებზე ძალიან ცუდ მდგომარებაში აღმოჩნდება. მათივე ინტერესშია აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაცია.

რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, ეს არ იყო კრიტიკულად ნათქვამი. ეს იყო გულდაწყვეტილი პოზიციიდან ნათქვამი, რასაც აბსოლუტურად ვიზიარებ. დიაგნოზი ძალიან მარტივია – დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც იღებენ გადაწყვეტილებებს, ძალიან ხშირად უშვებენ შეცდომებს და ამ ყველაფერზე საზოგადოება პასუხისმგებლობას აკისრებს ბიძინა ივანიშვილს. მათ იგრძნეს ეს კომფორტი და შეიძლება არც სწყინთ, რომ მათ მიერ დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ბრალდება. ძალიან არაკეთილსინდისიერად იქცევიან ბიძინა ივანიშვილთან დამოკიდებულებაში. ეს ყოვლად წარმოუდგენელი უმადური საქციელია. დღეს, ყველაზე მეტად ივანიშვილის მიმართ უმადურობას ავლენს თვითონ ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც ყველას აკრიტიკებს. ის თავის მოსაზრებას ამბობს პირდაპირ. ვიღაცა ამას ეთანხმება, ვიღაცა არა.

თუმცა, ფაქტია, რომ „თავისუფალ დემოკრატების“ კრიტიკაში მთავრობა მას არ გაყვა, როგორც ეს პრეზიდენტის შემთხვევაში მოხდა...

– „თავისუფალი დემოკრატები“ ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილთან კი არ არიან, ოპოზიციაში არიან მთლიანად ხელისუფლებასთან. როდესაც ეს ოპოზიციური პოლიტიკური ძალა გამოდის და ამბობს, რომ ყველაფერში ერთი ადამიანია დამნაშავე, ამ დროს ხელისუფლება, რომელიც ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს, არ ცდილობს აკრიტიკოს ალასანია, რადგან ეს კრიტიკა გულზე არ ხვდებათ. თვლიან, რომ ეს კრიტიკა მათთან არ არის კავშირში, რადგან ხელს ივანიშვილისკენ იშვერენ. შენ აშავებდნე და პასუხისმგებელი სხვა იყოს, ნამდვილად კომფორტია.

ივანიშვილის ამ განცხადების შედეგ შეიძლება ფორმალურად მაინც ამოიღონ ხმა, მაგრამ ამას უკვე დიდი დატვირთვა არ ექნება. პირდაპირ ვამბობ, რომ ძალიან სახიფათო სიტუაციია, როდესაც ივანიშვილზე პასუხისმგებლობის აკიდების ინტერესი აქვს არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ ხელისუფლებას, რაც ძალიან ცუდი სიტუაციაა. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც უნდა უფლებები, მინისტრის კაბინეტში ჯდომა, შავი ჯიპები, დაცვით სიარული, მაგრამ პასუხიგმებლობის აღება არ უნდა.

ანუ, ხელისუფლება ცდილობს პასუხისმგებლობა მთლიანად ბიძინა ივანიშვილს აჰკიდოს?

- ბუნებრივია. ნახეთ დღეს რა სიტუაციაა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის გადაწყვეტილების მიმღები და შესაბამისად, ის არის ყველაფერზე პასუხისმგებელი. ხელისუფლება ამას არ აპროტესტებს, დასკვნა ძალიან მარტივია – არის არა პირდაპირი გარიგება, არამედ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არის ჩუმი შეთანხმება, რომ პასუხიმგებლობა აკიდონ ივანიშვილს.

ბიძინა ივანიშვილი დღემდე აკრიტიკებს მარგველაშვილს, რამაც მარგველაშვილის რეიტინგი გაზარდა და ეს კვლევებმაც დაადასტურა, იგივე ხდება ალასანიასთან მიმართებაში. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის მხრიდან ალასანიას ასეთი კრიტიკა ხომ არ ემსახურება იმ მიზანს, რომ ალასანია ოპოზიციაში ცენტრალურ ფიგურად იქცეს?

- არ მგონია. რაც შეეხება პრეზიდენტს, ჩვენ ვსაუბრობთ საპრეზიდენტო ინსტიტუტზე, ანუ ძალაუფლების შტოზე. პრინციპში, ამ შემთხვევაში სახელმწიფოებრივად ივანიშვილი თავისი კრიტიკით ძალიან სწორია. ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებს იმით, რომ პრეზიდენტის დამოუკიდებელი ინსტიტუტის არსებობას ხაზს უსვამს.

თქვენ თვლით, რომ კრიტიკის მიზანია პრეზიდენტის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტისთვის ხაზგასმა?

- შეიძლება მიზანი ეს არ არის, მაგრამ შედეგი არის ძალიან პოზიტიური. გარდა ამისა, გიორგი მარგველაშვილი არ არის პოლიტიკური მოთამაშე და არც აპირებს პოლიტიკაში თამაშს, მას არ აქვს გრძელვადიანი გეგმები. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, ქართულ პოლიტიკაში მისი ადგილი ძალიან ბუნდოვანია. თუ ჩვენ ელექტორატს სამ ნაწილად გავყობთ – პირველი სეგმენტი, ეს არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, მეორე იმედგაცრუებული ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ არც მოქმედი და არც ყოფილი ხელისუფლება, მიაჩნიათ, რომ ჩვენ გვყავს ცუდი ხელისუფლება, მაგრამ გვყავს კიდევ უარესი ოპოზიცია. მესამე სეგმენტი, ეს არის აშკარად ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი, რომელიც ოპოზიციაში აკეთებს გარკვეულ არჩევანს.

რაც შეეხება ოპოზიციურად განწობილ სეგმენტს, რომლებიც თვლიან, რომ ჩვენ გვყავს ცუდი ხელისუფლება, მაგრამ უარესი ოპოზიცია, სწორედ ამ სეგმენტს აღიზიანებს ალასანია თავისი ქმედებებით, მათთვის ალასანია მისივე რიტორიკიდან გამომდინარე უფრო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს არის, ვირდე ხელისუფლების. ანუ, ალასანია ვერ ახერხებს ცენტრალური პოზიციის დაჭერას, ის იმეორებს „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას და ბიძინა ივანიშვილის ფიგურაზე აკეთებს მთლიანად აქცენტებს. ჩემი აზრით, ეს არის მისი შეცდომა, რადგან მას აქვს ოპოზიური ელექტორატზე პრეტენზია, მაგრამ ამ სიგმენტზე „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკურენციას ვერ გაუწევს. „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი რესურსებით ალასანიას ჩაყლაპავს და შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ირაკლი ალასანია მოახერხებს ამ მასის მისკენ შემოტრიალებას.

ნაციონალური მასშტაბის ლიდერობას, მითუმტეს იმ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ გავქვს ორი მძლავრი პოლუსი ხელიუფლების და ძალიან გამოცდილი ოპოზიციის სახით, აქ ბევრად უფრო ქარიზმატული და მძიმეწონიანი ფიგურაა საჭირო, რომელიც ყველა მეთოდით იბრძოლებს თავისი ადგილის დასაკავებლად. გარდა ამისა, ალასანიას აქვს კიდევ სხვა ხარვეზი, რასაც მისი აშკარად გამოკვეთილი პროამერიკელობა ჰქვია.

პროამერიკელობა არის ხარვეზი?

- კი, ხარვეზია. თუმცა, ბევრად უფრო დიდი ხარვეზია პრორუსულობა. მაგრამ, თუ ელექტორატი თვლის, რომ შენ იმართები სხვა ქვეყნიდან, შენ ხარ სხვა ქვეყნის ხელის ბიჭი, შენ არ ხარ ლიდერი, ეს არაა კარგი და სასარგებლო. მართული ლიდერი არავის უნდა. ჩვენ გვინდა ლიდერები, რომლებიც თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას.

შეგიძლიათ დამისახელოთ პოლიტიკური ძალა, რომელიც თვითონ იღებს გადაწყვეტილებას?

- ძალიან სავალალო მდგომარეობაშია პოლიტიკური მოზაიკა, პლუს ლიდერების დეფიციტია. თუმცა, მაინც მაქვს იმედი, რომ ვაკუუმი ამ კუთხით დიდხანს ვერ გაგარძელედება. საზოგადოება თვითონ გამოკვეთავს ასეთ ლიდერებს, რომელიც სჭირდება. დღეს ასეთი ლიდერები, სამწუხაროდ, არ არსებობენ.