საქართველოში 430 000 ადამიანი ღატაკია. სპეციალისტები რეალურად უფრო მაღალ მაჩვენებელს ვარაუდობენ. მათი აზრით, მონაცემები არასწორია. მთავრობის სოციალური პოლიტიკა ვითარებას მნიშვნელოვნად ვერ აუმჯობესებს.
ოფიციალური სტატისტიკით კი, ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი არ იცვლება. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოახლეობის რეგისტრირებული წილი 2011 წელს 9,2% იყო, ხოლო 2012–13 წლებში - 9,7%.
„საქსტატს“ 2014 წლის მონაცემები ჯერჯერობით არ აქვს. სტატისტიკოსი ექსპერტი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ საქართველოში ყოველი მეოთხე ღარიბი და ყოველი მეათე კი ღატაკია. 430 000–მდე ადამიანის ყოველთვიური შემოსავალი 150 ლარზე ნაკლებია.
სოციალური სამსახურის სტატისტიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, როგორც რეგისტრირებულის, ასევე ფარდობითი სიღარიბის 2014 წლის მონაცემები მაისში გამოქვეყნდება. რაც შეეხება მის მონაცემების სანდოობას გიორგი კილაკაშვილი მიიჩნევს, რომ გამოყენებული მეთოდოლოგია სწორი და უტყუარია.
„პრაქტიკულად, ანალოგიური მეთოდოლოგიაა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები იყენებენ, ოღონდ მცირე განსხვავებით. ევროკავშირის ქვეყნები იყენებენ სიღარიბის ზღვრის განსაზღვრისთვის შემოსავლებს, ჩვენ კი ვიყენებთ ხარჯებს. სიღარიბის ზღვარს ვადგენთ შემდეგი პირობის გათვალისიწნებით, სიღარიბე რეალურად არის მოსახლეობის ის წილი, რომლებიც რაღაც ზღვარზე ნაკლებს მოიხმარენ“, – აღნიშნა სოციალური სტატისტიკის სამსახურის უფროსმა კალაკაშვილმა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული 2015 წლის 20 იანვრით დათარიღებული კვლევის მონაცემების თანახმად, საქართველო რეგიონში ეკონომიკური უთანასწორობის რეიტინგში პირველ ადგილზეა.
საქართველო ეკონომიკის (შემოსავლების) უთანასწორობის რეიტინგში 2007 წელსაც იყო ლიდერი 40.6-იანი მაჩვენებლით, ხოლო 2012 წლიდან ეს მონაცემი კიდევ უფრო გაუარესდა და 42.1 შეადგინა.
„ჯინის“ ინდექსი გაიზარდა რეგიონის 9 ქვეყნიდან ექვსში. ეს განსაკუთრებით ჩანს ისეთ ქვეყნებში, სადაც ადრეც ფიქსირდებოდა შემოსავლების უთანასწორობა - საქართველოში, რუსეთში და თურქეთში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ ეს ქვეყნები, სიღარიბის შემცირებაში იყვნენ უფრო წარმატებულები. მაგალითისთვის, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდნენ, თურქეთში და საქართველოში 6%-ით შემცირდა, რუსეთში კი 3%-ით.
ამავე კვლევის თანახმად, 2007 წლის მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებელი პროცენტულად საქართველოში 20.1%-ს შეადგენდა, ხოლო 2012 წელს 14.8%-მდე ჩამოვიდა.
საქართველოს მთავრობას ბოლო პერიოდში კურსი სოციალური მიმართულებით აქვს აღებული. მათი მიზანი სიღარიბის შემცირებაა.
„მჯერა, დადგება დრო, როცა საქართველო თავადაც გახდება მოწინავე ქვეყანა სიღარიბის გარეშე, რომელსაც ექნება ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და ძლიერი ეკონომიკა“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მოსახლეობა ორ ათეულ წელზე მეტია ელის ასეთი დროის დადგომას, მაგრამ წლიდან წლამდე მათი ყოფა უმნიშვნელოდ იცვლება.