ტედ ჯონასი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მასთან ინტერვიუს არაოფიციალური ნაწილი გამოიყენა, რომელიც მისი აზრით, ინტერვიუში არ უნდა შესულიყო
საუბარია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც ტედ ჯონასი ამბობს, რომ „1996 წლის შემდეგ საქართველოში ასეთი ცუდი ბიზნეს გარემო არ ყოფილა".
ამასთან დაკავშირებით, ამერიკის სავაჭრო პალატის საბჭოს წევრი საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აფიქსირებს, სადაც ის იურისტ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზაზა ბიბილაშვილთან პოლემიკაში შედის.
„ბოდიშს მოგახსენებთ, მეგობრებო, რომ ამ ინტერვიუსთან დაკავშირებულ საკითხს ნათელი მოვფინე. აი, როგორი განმარტება გავაკეთე დღეს ფადი ასლის გვერდზე: 1) აფსუს! უნდა ვაღიარო, რომ არ ვიცოდი, იმ მომენტში ინტევიუს თუ იწერდნენ (ინტერვიუ სხვა საკითხს ეხებოდა), და როდესაც ვთქვი „ბიზნესგარემო“, ვიგულისხმე ეკონომიკური ზრდის დონე და აქტიურობა და არა ბიზნესის საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ბაზა (რომლებიც ბევრად უარეს დღეში იყო 90-იანი წლების ბოლოს). მიუხედავად ამისა, თუკი გავითვალისწინებთ ეკონომიკური ზრდისა და აქტიურობის დღევანდელ დაბალ დონეს, დიახაც, ასეთი ცუდი მდგომარეობა 1996 წლის შემდეგ არ მინახავს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ბიზნესში. 2) გადაიკითხე მათ მიერ მოტანილი ციტატა ინტერვიუდან (იგივეა, რაც ფირზე). რასაკვირველია, მათ გამოიყენეს ის ნაწილი, რომელშიც მე ვაკრიტიკებ მთავრობის პოლიტიკას (თუ მის ნაკლებობას), თუმცა მანამდე მე ფართოდ მიმოვიხილე ფონი და ვთქვი, რომ საქმე გვაქვს ცუდ რეგიონულ ეკონომკურ მდგომარეობასთან, რაც გამოწვეულია მთავრობის კონტროლის მიღმა მყოფი ფაქტორებით - ნავთობის დაბალი ფასები, რაც საზიანოა რუსეთისა და აზერბაიჯანისთვის, სანქციები, რომლებიც კიდევ უფრო აფერხებს რუსეთის ეკონომიკას, უკრაინის ეკონომიკის სავალალო მდგომარეობა, რაც გამოწვეულია ომითა და არასტაბილურობით. სომხეთის ეკონომიკას ძირს ექაჩება რუსეთის ეკონომიკა - და ყოველივე ეს ამცირებს მოთხოვნას ქართულ ექსპორტზე და უკვე გამოიწვია რუსეთიდან და უკრაინიდან ფულადი გადმორიცხვების მკვეთრი ვარდნა (ჯამში 20 პროცენტით ყველა წყაროდან). შემდეგ ვთქვი, რომ ასეთ ცუდ სისტემურ გარემოში მთავრობა ახორციელებს არასწორ სტრატეგიებს - კერძოდ, აკანონებს ძალიან ბევრ რეგულაციას და დაბრკოლებას ბიზნესისთვის. ნაცვლად ამისა, მათ უნდა აღმოფხვრან ბიზნესის წინაშე მდგარი დაბრკოლებები და შეამცირონ გადასახადები, ანუ ის, რაც წაახალისებს ბიზნესსაქმიანობას ცუდ ეკონომიკურ პირობებში. გარდა ამისა, მათ ხელი უნდა შეუწყონ ზრდას ისეთ სტრატეგიულ სექტორებში, როგორებიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მსუბუქი მრეწველობა და ლოგისტიკური ცენტრების საქმიანობა, რისთვისაც უნდა შემოიღონ საგადასახადო ლგოტები და დაუღალავად იშრომონ მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო ბარიერების აღმოფხვრაზე. ასე რომ, დიახ, მე ვთქვი, რომ მთავრობა არასწორად მოქმედებს, ხოლო ის, რასაც აკეთებს სწორად, არასაკმარისია, თუმცა, გარდა ამისა, ვთქვი ისიც, რომ ზოგადად ცუდი ბიზნესგარემო (ზრდის დაბალი დონე) გამოწვეულია ფაქტორებით, რომელთა უმრავლესობაც მთავრობის კონტროლს არ ექვემდებარება. ეს განვმარტე, რათა ნათელი იყოს, ზუსტად რა ვთქვი! 3) და ბოლოს, სტატიის ტექსტში ნათქვამია, რომ მე ვაკრიტიკებ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს. სინამდვილეში მე კონკრეტულად ეკონომიკური გუნდის წინააღმდეგ არავითარი კრიტიკა არ გამომითქვამს - მე მხოლოდ ვახსენე სიტყვა „მთავრობა“. საქმე ის არის, რომ ეკონომიკური გუნდის ზოგი წევრი მართლაც კარგია (კერძოდ, გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, რომელსაც ძალიან კარგად ესმის ბიზნესის საკითხები და ძალ-ღონეს არ იშურებს ამ მხრივ). ბიზნესსაზოგადოებას ჰქონდა მოლაპარაკებები გახარიასა და კვირიკაშვილთან (ეკონომიკის მინისტრი), რომლებიც ეხებოდა კომპრომისებს ერთ-ერთ ყველაზე ცუდ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ოდესმე შექმნილა ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში - კერძოდ, ლაპარაკია შეზღუდვებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მფლობელობაზე უცხოელთათვის და ხელისუფლების მიერ მიღებულ შემზღუდველ სავიზო პოლიტიკაზე. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ამ კომპრომისებს აფერხებენ ან სულაც აქარწყლებენ მთავრობის სხვა სტრუქტურები/პირები და/ან ზოგიერთი პარლამენტარი. ასე რომ, გახარიას შესახებ კარგის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ მთავრობა მთლიანობაში არასწორი მიმართულებით მიდის. გამოიყენა რა ცალკე მდგომი, კონტექსტიდან ამოღებული ციტატა მას შემდეგ, რაც ინტერვიუ დასრულდა, რუსთავი 2-მა, რასაკვირველია, ამჯობინა, არ გამოეყენებინა ამ „არაოფიციალური“ საუბრის დანარჩენი ნაწილი, რომელშიც მე ვთქვი, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა დაძალებასა და ზეწოლას ბიზნესზე და რომ, სხვა თუ არაფერი, ასეთი სახის მოქმედება მე ამ ხელისუფლების მხრიდან ნამდვილად არ შემიმჩნევია. ასე რომ, აი, ეს არის სრული სურათი“, - წერს ტედ ჯონასი ბიბილაშვილის „ფეისბუქ“ პოსტის კომენტარების ველში, სადაც ბიბილაშვილმა „რუსთავი 2“-ის მასალა გაიზიარა.
ჯონასი მიიჩნევს, რომ არაოფიციალური საუბრის ნაწილი ინტერვიუში არ უნდა შესულიყო. ამასთან, იგი ინტერესდება, რომ თუკი ჟურნალისტი „არაოფიციალური“ საუბრის ციტირებას აპირებდა, რატომ არ შეიტანა მან ინტერვიუში მეორე ნაწილიც. მისივე განცხადებით, იგი პასუხს აგებს იმაზე, რაც თქვა.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ამერიკის სავაჭრო პალატის წევრმა განაცხადა, რომ "1996 წლის შემდეგ საქართველოში ასეთი ცუდი ბიზნეს გარემო არ ყოფილა".
"მე საქართველოში 20 წელია, ვიმყოფები და ვმუშაობ, 1996 წლის შემდეგ საქართველოში ასეთი ცუდი ბიზნეს გარემო არ ყოფილა", - ტელეკომპანიის ცნობით, ეს განცხადება "კურიერთან" საუბრისას ამერიკის სავაჭრო პალატის ბორდის წევრმა ტედ ჯონასმა კააკეთა.
ტელეკომპანიის ცნობით, ჯონასი ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდს აკრიტიკებს და რჩევებს აძლევს.
"ბიზნეს გარემოს პრობლემა მაკრო ეკონომიკური პრობლემაა. ამ ვითარებაში ეკონომიკის კუთხით მთავრობამ უკეთესი მმართველობა უნდა აჩვენოს და დიდი რეგულაციები არ უნდა დააკისროს ბიზნესს. ახლა ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია. სახელმწიფომ სტრატეგიული პროექტებისთვის მეტი უნდა გააკეთოს. რაც ხელს შეუწყობს ინვესტორების შემოსვლას და სამუშაო ადგილების შექმნას,"- ციტირებს „რუსთავი 2“.