აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან იპოთეკით დაზარალებულები მიიჭრნენ, აქცია გამართეს, ლეიბები, სკამები, ჩაიდნები, ქვაბები და თეფშები შენობის წინ დაყარეს და ბოლოს ბიუროს შენობაში შეჭრაც სცადეს. მათ ამ ფორმით გამოსახლების პროცესი გააპროტესტეს და ხელისუფლებას 10-დღიანი ვადა მისცეს. დაზარალებული ადამიანების აქციას არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, აღსრულება, ხშირ შემთხვევაში, უსამართლოდ ხდება, რაც კანონის არასრულფასოვნების შედეგია.
„აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს 747-ე ბრძანების საფუძველზე. ჩვენ მოვითხოვთ, ამ ბრძანების გაუქმებას. ჩვენ გვსურს შეჩერდეს გამოსახლება, ასევე შეჩერდეს აუქციონები და გაიცეს გრძელვადიანი სესხები“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის წარმომადგენელი ალექსანდრე კობაიძე.
„ეს ნივთები იმის მანიშნებელია, რომ ზუსტად მსგავსი სახით გვიყრის აღსრულების ბიურო ჩვენს ნივთებს სახლებიდან. ჩვენ დღეს ამ აქციით ვაჩვენებთ თუ რამდენად უკანონოდ მოქმედებს აღსრულების ბიურო“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
იპოთეკური სესხებით დაზარალებულებმა პარალელური აქცია გამართეს აჭარის მთავრობის შენობასთანაც. მათი ინფორმაციით, აპრილის ბოლოდან მასობრივი გამოსახლება იწყება, რის შედეგადაც ათეულობით ოჯახი დარჩება სახლ-კარის გარეშე.
ისინი ხელისუფლებას 10-დღიან ვადას აძლევენ იმისთვის, რომ გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი კრედიტების გამოსაყოფად გადაწყვეტილება მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.
გუშინვე გაირკვა, რომ მთავრობა იპოთეკარების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, იპოთეკარებთან დაკავშირებით სახელმწიფომ კანონმდებლობის კუთხით ყველაფერი გააკეთა. ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობამ იპოთეკარების პრობლემაზე იუსტიციის სამინისტროსთან და კერძო ბანკებთან ბევრი იმუშავა, თუმცა სახელმწიფოს ყველა ამ პრობლემის მოგვარება არ შეუძლია.
„ჩვენ მართლაც ბევრი ვიმუშავეთ. იუსტიციის სამინისტრომ რაც შეეძლო გააკეთა იმისთვის, რომ აღსრულების ნაწილში მაქსიმალურად ხელი შეეწყო ამ ადამიანებისთვის. მათ ჰქონდათ საკმაო ვადა საკუთარი ბინების გამოსყიდვისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ანალოგიური სამუშაო ჩატარდა საბანკო სექტორთან იმისათვის, რომ ბანკების მხრიდანაც ყოფილიყო მაქსიმალური ხელშეწყობა. იპოთეკით დაზარალებულთა უმრავლესობას კერძო პირებისგან აქვთ ნასესხები ფული და პრობლემის მოგვარება ამიტომ არის რთული.
„უნდა ითქვას, რომ ამ პრობლემების უდიდესი ნაწილი მომდინარეობს კერძოდ პირებისგან ნასესხები თანხიდან. სამწუხაროდ, ყველა ამ პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს არ შეუძლია. კანონმდებლობის კუთხით რაც შეგვეძლო მაქსიმალურად გავაკეთეთ, სადაც საუბარი იყო საპროცენტო განაკვეთების შეზღუდვაზე, ზედა ზღვრის დაწესებაზე“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ორგანიზაცია „სამოქალაქო ალიანსი - თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ კერძო მევახშეობა საერთოდ უნდა აკრძალოს, ხოლო იუსტიციის სამინისტროში უნდა შეიქმნას მედიაციის სამსახური, რომელიც აღნიშნული დავის მოგვარებაში ჩაერთვება.
„უცხოეთში, როდესაც აღსრულება ხდება, უსახლკარო ადამიანები სოციალურ თავშესაფარში გადაჰყავთ. ჩვენთან კი ადამიანებს თავისი ნივთებიანად პირდაპირ ქუჩაში ყრიან. ამას აღარ დავუშვებთ. თუ არ მოგვისმენენ აღსრულებას ჩვენ თვითონ შევაჩერებთ“, - აღნიშნა ხარატიშვილმა.