„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბ ადეიშვილთან პოლიტიკური ომი წააგო

„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბ ადეიშვილთან პოლიტიკური ომი წააგო

ინტერპოლის ოფიციალური ინფორაციით, წითელი ცირკულარით სულ 249 ადამიანი იძებნება, მათგან 101 პიროვნებაზე ექსტრადირების მოთხოვნა საქართველოს მიერ არის გაგზავნილი. ძებნილთა უმრავლესობა შევრადნაძე-სააკაშვილის ხელისუფლების მაღლჩინოსნები არიან. ინტერპოლის სიაში არ ფიგურირებს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მიხიელ სააკაშვილი, მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ქვეყნის მთავარმა პროკურორმა, გიორგი ბადაშვილმა ვერ უზრუნველყო სააკაშვილის ინტერპოლის ძებნილთა სიაში ჩასმა და ეს ოცნება იმით აიხდინა, რომ მასზე შიდა ძებნა გამოაცხადა.

ძებნილთა სიაში იყო, თუმცა უკვე აღარ არის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი. მთავარი პროკურატურა ადეიშვილისთვის საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის მიზეზად „ერთ-ერთი სახელმწიფოსგან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას“ ასახელებს. ბადაშვილის უწყებაში განმარტავენ, რომ ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ შეიმუშავა და მიმდინარე წლის 18 თებერვალს წევრ-სახელმწიფოებში გაავრცელა ახალი ინსტრუქციები ლტოლვილის სტატუსის მქონე პირების მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ახალი რეგულაციების მხედველობაში მიღებით ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზურაბ ადეიშვილის მიმართ გააუქმა წითელი ცირკულარით გამოცხადებული საერთაშორისო ძებნა.

For.ge-ს კითხვაზე - ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მსგავსი მიდგომა რატომ გავრცელდა მხოლოდ ადეიშვილზე და არა სხვა მაღალჩინოსნებზე, რომლებსაც ასევე მინიჭებული აქვთ ლტოლვილის სტატუსი - მთავარ პროკურატურაში ასე უპასუხეს:

„ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმ წერილით, რომელიც მივიღეთ ინტერპოლის ბიუროდან“.

საერთშორისო სამართლის სპეციალისტები პროკურატურას მოუწოდებენ, რომ გამოაქვეყნონ ის დოკუმენტი, რომელიც ინტერპოლისგან მიიღეს. იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, დავით ჯანდიერი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ადეიშვილისთვის ლტოლვილის სტატუსი არა თუ ამსუბუქტებს ამ სიტუაციას, პირიქით, მას უფრო დრამატულს ხდის.

„გაეროს კონვენციის მიხედვით ლტოლვილის სტატუსის მინიჭება იმის დადასტურებაა, რომ რეალურად, პირის მიმართ ხორციელდება დევნა. ლტოლვილის სტატუსსა და პოლიტიკურ დევნას შორის სხვაობა ძალიან მცირეა. ლტოლვილის სტატუსი ადასტურებს იმას, რომ გარკვეული ნიშნით ხდებოდა პირის დევნა“, - აცხადებს დავით ჯანდიერი.

ლტოლვილი ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი, ოთარ კახიძე ამბობს, რომ ადეიშვილი ლტოლვილის სტატუსის გამო არ ამოუღიათ ინტერპოლის დევნილთა სიიდან. მისი თქმით, ინტერპოლის ძებნილთა სიიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის ამოღების მიზეზი პოლიტიკური დევნის მაღალი ალბათობა გახდა.

„მინდა ვუთხრა ბიძინას, რომ პროკურორები ატყუებენ. ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადებები კეთდება ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რომ დაამშვიდონ, რადგან გაბრაზებულია პროკურორებზე. ერეკლე კოდუას ლტოლვილის სტატუსი აქვს, მაგრამ ინტერპოლის დევნილთა სიიდან არ ამოუღიათ.

ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლის თანახმად, დაუშვებელია ინტერპოლის მექანიზმის გამოყენება პოლიტიკური მოტივაციის საქმეზე. ამ შემთხვევაში ზურაბ ადეიშვილის განმარტებაზე დადგინდა, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ დევნას. ჩვენი წერილები, რომელსაც ინტერპოლს ინტენსიურად ვაწვდიდით, სწორედ ამ საკითხს ეხებოდა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ოთარ კახიძემ.

ზურაბ ადეიშვილსგან განსხვავებით არ გაუმართლათ: თავდაცვის ყოფილი მინისტრს დავით კეზერაშვილს, სოდ-ის ყოფილ უფროსს ირაკლი კოდუას, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს - დათა ახალაიას, მეგის ქარდავას, სოსო თოფურიძეს, ალეკო მუხაძეს იგივე ქილერას“, გია ალანიას და დავით ჭაკუას. ამ ადამიანების სახელს უკავშირდება ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში ჩადენილი უსასტიკესი დანაშაული, როგორიცაა - მკვლეობა, გაუპატირება, წამება, გატაცება, თვალთვალი, მოსმენა, სხვისი ქონების დასაკუთრება.

პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო სოდ-ს ყოფილმა უფროსმა, ერეკლე კოდუამ, თუმცა ის ინტერპოლის მიერ ისევ იძებნება, ისევე როგორც დავით კეზერაშვილი, რომელიც საფრანგეთში დააკავეს, თუმცა ფრანგულმა სასამართლომ საქართველოს მის ექსტრადირებაზე უარი უთხრა და პატიმრობიდანაც გაანთავისუფლა. პატიმრობიდან გაანთავისუფლეს და საქართველოში ექსტრადირებაზე უარი თქვეს დათა ახალაიას შემთხვევაშიც, რომელიც საბერძნეთში მაშინ დააკავეს, როდესაც ყალბი პირადობით იატალიაში გადადიოდა.

ახალი ხელისუფლების სამწლიანი მოღვაწეობის პერიოდში ქვეყანამ მხოლოდ კუდ-ის ორი მაღალჩინოსნის - ოლეგ მელნიკოვის და გია დგებუაძის ექსტრადირება უზრუვნელყო. ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მიიჩნევს, ადეიშვილის ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღება არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანის მიმართ კითხვები არ არსებობს, ან შესაბამისი ნივთმტკიცებულებები არ გააჩნია პროკურატურას. კალაძისგან განსხვავებით, პროკურატურას უმოქმედობაზე და არაპროფესიონალიზმზე საუბრობენ იურისტები.

For.ge-სთან საუბრისას საერეთაშორისო სამართლის სპეციალისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადეიშვილი კარგი იურისტია, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც საქმე მას ეხება. მისივე თქმით, ადეიშვილმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა ის ჩანაწერები, რომელიც ევროსაბჭოს რეზოლუციებში და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში კეთდებოდა ქვეყანაში პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება პროკურატურას, აქ ნაკლზე და ბრალეულობაზე საუბარი ძალიან რბილად ნათქვამია. ჯერ კიდევ დასაწყისში, როდესაც დაიწყეს პროცესუალური შეცდომების დაშვება მაღალჩინოსანთა დაკავების თუ გამოძიების საქმეებში, მაშინვე ვამბობდი, რომ ეს ყველაფერი დაგროვდებოდა და წინ დახვდებოდა სახელმწიფოს, როდესაც ის მოითხოვდა მსხვილი დამნაშავეების ექსტრადიციას და ეს ასრულდა კიდეც.

ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, პროკურატურა სრულიად შეგნებულად მოქმედებდა და უშვებდა ისეთ შეცდომებს, რომელიც არამც და არამც არ ეპატიებოდა. ამ ყველაფერს წავუყრუეთ, გამოძიება არ დაიწყო პროკურორების უკანონო ქმედებებზე და ამან მოიტანა ის შედეგი რაც დღეს გვაქვს ადეიშვილის შემთხვევაში.

იმედია, საქართველოს ოდესმე ეყოლება ისეთი პროკურატურა, რომელიც არ იქნება ასეთი შეთქმულების ნაწილი. ეს არაა უბრალო შეცდომა ან გადაცდომა, ეს არის კარგად დაგეგმილი სცენარი, რომელსაც პროკურატურაში დარჩენილი ადეიშვილის კადრები თანმიმდევრულად ასრულებენ. დღევანდელ დოყლაპია ხელისუფლებას ამის გააზრების და პრევენციის უნარი არც მაშინ ჰქონდა და არც ახლა აქვს“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.

იურისტ გელა ნიკოლეიშვილს კონკრეტული კითხვები აქვს.

„პროკურატურა აცხადებს, რომ რაღაცა ახალი წესები მიიღეს ინტერპოლში და სამ კრიტერიუმს ასახელებენ, რომლის მიხედვითაც ინტერპოლი აგრძელებს, ან წყვეტს ძებნას. მაშინ ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რატომ არ ვრცელდება ეს სხვა ძებნილებზე, როგორც ამბობენ 18 თებერვალს იქნა მიღებული ახლი წესი, თუ ჯერ ახალია და ადეიშვილი გახდა ერთ-ერთი პირველი, ვისზეც გამოიყენეს ეს წესი, მაშინ უნდა დაველოდოთ იგივე გავრცელდება თუ არა სხვა ძებნილებზე. თუ ასე არ მოხდა, მაშინ გამოვა, რომ მაღალი ალბათობით, ინტერპოლმა ჩათვალა, რომ ადეიშვილის შემთხვევაში ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გელა ნიკოლეიშვილი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომამდგენლებმა საერთაშორისო დონეზე პოლიტიკური ომი ყველგან წააგეს. მისი თქმით, ადვოკატების აქტიურობის ფონზე, საპირისპირო ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან არ იდგმებოდა.

„როდესაც პროკურატურა აპელირებს იმაზე, რომ ლტოლვილის სტატუსი ჰქონდაო, ეს მათ არ აძლევს თავის მართლების საშუალებას. ესეც პროკურატურის ხარვეზია. პოლიტიკური დევნილის სტატუსი, რომ მიიღო, ზუსტად ამაშია პრობლემა. დარწმუნებული ვარ, ინტერპოლს რომც დაეკავებინა ადეიშვილი, მას საქართველოს არ გადმოსცემდნენ. სამწუხაროდ, ასე უხარისხოდ შემუშავებული საქმის გამო, ვერც ერთი ჩინოვნიკის ექსტრადიცია ვერ მოხდა. თავი დავანებოთ ინტერპოლს, ნახეთ რა ხდება ქართულ სასამართლოზე, პანტა-პუნტად გამოდის გამამართლებელი განაჩენები. სწორედ ეს არის უსუსური სამართალდამცავი სისტემის ბრალი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

რაც შეეხება უმრავლესობის წევრის, დეპუტატი ეკა ბესელიას განცხადებას, რომ ადეიშვილისთვის თავშესაფრის მიცემა პირადი ურთიერთობების გათვალისწინებით მოხდა, არაკომპეტენტურს უწოდებს გია ხუხაშვილი.

„კარგით რა, ეს ხომ არასერიოზული განცხდებაა. რა შუაშია პირადი ნაცნობები. თუ ადეიშვილის პირადი ნაცნობობა მეტი ღირს, ვიდრე ქვეყნებს შორის ურთიერთობა... ნუ, ეს ძალიან არასერიოზული განაცხადია. როგორ შეიძლება ასეთი განცხადების გაკეთება, ან ეს რა არგუმენტია?! როდესაც დეპუტატი ამბობს, რომ მან ეს პირადი ნაცნობობით მოახერხა, ეს ხელისუფლების სისუსტეზე მეტყველებს - მისივე თავის საწინააღმდეგო განცხადებაა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ლია მუხაშავრია კი ეჭვობს, რომ ადეიშვილს არ ჰქონდა სერიოზული და დასაბუთებული ბრალდებები წარდგენილი, რაც აშკარად ხელის დაფარებაა.

„საკმარისად მძიმე ბრალდებები არ ჰქონდა ადეიშვილს წაყენებული, თორემ მერწმუნეთ, რომ არავინ მსოფლიოში მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირს და თუნდაც ეჭვმიტანილს, საკუთარ მოქალაქეობას არ მისცემას. არც ერთი სახელმწიფო და განსაკუთრებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა ამ საკითხს პირადი ნაცნობობით არ გადაწყვეტდა“, - ამბობს ლია მუხაშავრია.