ობამას ხუთი საგარეო–პოლიტიკური გამარჯვება

ობამას ხუთი საგარეო–პოლიტიკური გამარჯვება

[რობერტ კაგანი, The Washington Post]
ყველა ადმინისტრაციას საგარეო-პოლიტიკურ ფრონტზე ჰქონია როგორც აღმასვლა, ასევე დაღმასვლაც, ობამას ადმინისტრაცია ისეთი თვის ბოლოს, როგორიც ეს თვე იყო ქებას იმსახურებს.

ამ ხნის განმავლობაში პრეზიდენტ ობამას მთავარი სვლა, რა თქმა უნდა, ავღანეთში შეიარაღებული ძალების მეთაურად დევიდ პეტრიუსის დანიშვნა იყო. ეს გადაწყვეტილება ასახავს ობამას მზადყოფნას გაიმარჯვოს ავღანეთის ომში, მიუხედავად ყველა იმ ბრძენისა, რომლებიც ჩვენი ბრძენების მსგავსად, გუნდურად სთხოვენ მას უკან დახევას. რეგიონის იმ მოღვაწეთაგან, რომლებსაც 2011 წლის ივლისში სიტუაციისგან დამოუკიდებლად, ამერიკელების მხრიდან ქვეყნის დატოვების იმედი ჰქონდათ, შეუძლიათ საკუთარი გეგმები მომავლისთვის გადადონ. ეს თარიღი ხომ რეალური არც არასდროს ყოფილა და იმის შანსი, რომ პეტრიუსი ვადამდელ უკანდახევაზე დათანხმდება ან მას სიტუაციის გათვალისწინების გარეშე ამას უბრძანებენ, ძალიან მცირეა.

მეორე გამარჯვება გაერო-ს უშიშროების საბჭოს ირანთან დაკავშირებული რეზოლუციაა. რა თქმა უნდა, რეზოლუცია ძალიან მსუბუქია, ჩინეთმა და რუსეთმა ის ძალიან შეასუსტეს. რა თქმა უნდა, ადმინისტრაციამ შეალამაზა ის კომპრომისი, რომელზეც რუსეთი დათანხმდა, მაგრამ რეზოლუცია სახეზეა და დაგვიანებაც უმნიშვნელო გახლდათ, ხოლო ევროპელებმა და სხვებმა მისი მიღების შემდეგ საკუთარი, დამატებითი სანქციები შემოიღეს. შეუშლის თუ არა ეს ირანის მიერ ატომური ბომბის მომზადებას? ვერ შეუშლის, მაგრამ ახლა თეირანის რეჟიმი უფრო აქტიურ ზეწოლას განიცდის, რაც, შესაძლოა, ირანის იმ მცხოვრებლებს დაეხმაროს, რომლებიც მმართველობის ახალი ფორმისთვის ბრძოლას ბედავენ.

ხოლო ის, რომ თურქებმა და ბრაზილიელებმა ხმა სანქციების წინააღმდეგ მისცეს, მათი პრო-ირანული დიპლომატიური კურსის გამო, მსოფლიოს ნორმალური ქვეყნების თვალში მხოლოდ მათი მთავრობების დისკრედიტაციას ახდენს: რუსეთმა და ჩინეთმაც კი მხარი დაუჭირეს რეზოლუციას და მათ – არა. საუბარი იმის შესახებ, თითქოს მათი ქმედებები ამ ქვეყნების მსოფლიო სახელმწიფოების სიმაღლეზე ასვლას ნიშნავს, უბრალოდ, არასერიოზულია. თუკი რაიმე მართლაც შეიცვალა, მხოლოდ – უარესობისკენ. ისინი მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან პატივისცემას კიდევ უფრო დაშორდნენ. ბრაზილიელი ლუის ინასიო ლულა დე სილვა ბრიყვულად და არაკომპეტენტურად გამოიყურებოდა, ხოლო პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოღანმა უბრალოდ კიდევ უფრო დაგვარწმუნა იმაში, რომ თურქეთი ნატო-ს ერთადერთი სახელმწიფოა, რომლისთვისაც ირანი და სირია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი საკუთარი მოკავშირეები. ყოჩაღ, ვერაფერს იტყვი!

მაგრამ ჩვენმა ადმინისტრაციამ თავი აქაც კარგად წარმოაჩინა. ჯიმი კარტერი, ალბათ, თურქებს და ბრაზილიელებს აპლოდისმენტებით შეხვდებოდა. ისეთ ადმინისტრაციას, რომლისთვისაც ირანთან კონფლიქტის თავიდან აცილება მთავარი იქნებოდა, შეიძლება მათი პოზიციისთვის ჩუმად მხარიც კი დაეჭირა, მაგრამ ჩვენმა ადმინისტრაციამ, ჰილარი კლინტონის მეთაურობით, მათ საკადრისი პასუხი გასცა. ასე რომ, ისინი მიხვდნენ – დიდების თამაშში ჩრთვა თამაში ჯერ ნაადრევია. მეტიც – თურქეთის საქციელი, აშშ-სთან და მის ალიანსელ მოკავშირეებთან ურთიერთობისთვის საზიანოდ შეფასდა.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ფილიპ გორდონმა გასულ კვირას გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ თურქეთის ქმედებებმა მისი „ორიენტაცია“ ეჭვქვეშ დააყენა და „შეერთებული შტატების მხრიდან ართულებს ისეთი ინიციატივის მხარდაჭერას, რომელსაც თურქეთი მოისურვებდა, რომ ჩვენ მხარი დაგვეჭირა“ და ეს აბსოლუტურად მართალია.

იაპონიის მიმართ ადმინისტრაციის დამოკიდებულებას კეთილგანწყობილს ვერ დავარქმევთ, სამაგიეროდ, ის ქმედითია. ივნისში იაპონიის პრემიერ-მინისტრის, იუკიო ჰატოიამას გადადგომა, ოკინავაზე ამერიკული ბაზის ირგვლივ დისკუსიაში არასწორი პოზიციის დაკავებას მოჰყვა და ასევე, ზოგადად მის მცდელობას, კურსი აეღო არა მხოლოდ აშშ-ზე, არამედ თანაბარწილად – ჩინეთზეც. ობამას ადმინისტრაცია შეუპოვარი, მაგრამ დიალოგისთვის ღია გახლდათ, რის შედეგადაც იაპონელებმა აშშ-სთან თავიანთი კავშირისადმი ერთგულება ხელახლა დაადასტურეს. პირველ რიგში ეს იმას უკავშირდება, რომ იაპონელებს ჩინელების ეშინიათ, მაგრამ ადმინისტრაციას მადლობა უნდა ვუთხრათ იმისთვის, რომ იაპონელებს ის სწორი მიმართულების არჩევაში დაეხმარა.

შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ ხელახლა დაადასტურა სამხრეთ-კორეასთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების გაფორმებისთვის მზადყოფნა. მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციამ არაერთხელ წარმოთქვა ცარიელი სიტყვები აშშ-ს აზიაში „დაბრუნების“ შესახებ, ეს ამ მხრივ პირველ რეალურ საქმედ უნდა იქცეს. თუკი მოხერხდება კონგრესის იმაში დარწმუნება, რომ მან დოკუმენტის რატიფიკაცია უნდა მოახდინოც (ხოლო მთავარ დაბრკოლებას ამ გზაზე ის პარტია წარმოადგენს, რომლის წევრიც ობამაა), ეს ერთგვარი კომპენსაცია გახდება ადმინისტრაციის დიდწილად გადამეტებული და უნაყოფო მცდელობებისა – ჩინეთი აზიაში აშშ-ს პოლიტიკის ქვაკუთხედად ექცია.

და ბოლოს, რაც შეეხება იმ საკითხს, რომელშიც ადმინისტრაციამ ყველაზე მეტი სისუსტე გამოავლინა. წინსვლის ნიშნები აქაც იგრძნობა. გასული კვირის ჰამბურგერებისა და მხიარული საუბრის მიუხედავად, ადმინისტრაციამ მკაფიოდ გამოხატა პოზიცია, რომ არსებობს ერთი სფერო, რომელშიც აშშ-ს და რუსეთს შორის გადაულახავი წინააღმდეგობაა და ეს სფერო საქართველოა.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ და დღეს უკვე საკმაოდ პოპულარულ დოკუმენტში “გადატვირთვის სტატისტიკა“ ნათქვამია, რომ „ობამას ადმინისტრაციას საქართველოს გამო რუსეთის მთავრობასთან ძველებურად სერიოზული უთანხმოება აქვს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის ოკუპაცია“.

სიტყვა „ოკუპაცია“ გამოყენება მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციას ეს საკითხი თაროზე სულაც არ შემოუდია. შესაძლოა ობამას ესმის, რომ მის მიერ ჩაფიქრებული „გადატვირთვა“ ვერასდროს გახდება მისთვის წარმატებული, ვიდრე რუსეთის არმია განაგრძობს მეზობლების ოკუპაციას.

ბევრია კი საგარეო და თავდაცვით პოლიტიკაში ისეთი საკითხი, რისთვისაც ადმინისტრაცია კრიტიკის ღირსია? რა თქმა უნდა, და მომავალშიც ასე იქნება, მაგრამ თვე კარგი გამოდგა. ჯერ-ჯერობით ადმინისტრაცია მილოცვებს იმსახურებს იმისთვის, რომ მან შესძლო ბევრი საკითხის სწორად გადაწყვეტა.
[foreignpress.ge]