მეხორბლეებს დღგ-ს გადახდას გადაუვადებენ

მეხორბლეებს დღგ-ს გადახდას გადაუვადებენ

ხორბლის იმპორტიორებს დღგ-ს თანხის გადახდის 30-დღიანი ვადა 45-დღემდე გაუხანგრძლივდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ გადახდისა და დეკლარირების ვადები ერთმანეთს დაემთხვევა და ხორბლის იმპორტიორები მხოლოდ მაშინ გადაიხდიან დღგ-ს, როცა ისინი პროდუქციის რეალიზაციას განახორციელებენ. მეხორბლეთა ასოციაციაში ხელშეწყობის პროგრამას დადებითად აფასებენ, თუმცა როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა განმარტავს ხელშეწყობის მიზნით, ვადის გახანგრძლივების ადეკვატური ვადა 5-6 თვით უნდა განსაზღვრულიყო.

დღგ-ს გადახდა მეხორბლეების შემთხვევაში, შემოტანილი პროდუქტის რეალიზაციის შემდეგ ხდებოდა, რაც საშუალებას იძლეოდა, რომ დღგ-ს გადახდა იმპორტირებული ხორბლის რეალიზაციის შემდეგ მომხდარიყო. თუმცა კანონში ცვლილება გასულ წელს შევიდა და მეხორბლეებს დღგ-ს გადახდა მყისიერად 30 დღის ვადაში უხდებოდათ.

„ჩვენ საშუალება გვეძლეოდა, იმ პერიოდში როდესაც ხორბლის ფასი მსოფლიო ბაზარზე იყო დაბალი, სწორედ მაშინ შეგვეძინა. წლის განმავლობაში კი გარკვეული რყევების დაბალანსება, ფასთან მიმართებაში შეძენილი მარაგებით ხდებოდა. ჩვენ მივესალმებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან ლარის დევალვაციის ზარალს დავაბალანსებთ შეძენილი მარაგებით. ეს ასახვას პოვებს ფქილის ფასზე და პურის ფასის სტაბილურობაზე“, – ლევან სილაგავა.

რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე ბაჟი რამდენიმე თვის წინ დააწესა, რის გამოც საქართველოში იმპორტირებული ხორბლის რაოდენობა შემცირდა. წისქვილკომბინანტების ნაწილმა აღნიშნული გამო მუშაობა შეაჩერა. თბილისში მუშაობა შეწყვეტილი აქვს, წისქვილკომბინატ „თბილისს“, „თიბითი ჯგუფის“ თბილისის კომბინატსა და შპს „ბარზოს“. ამის მიზეზი რუსეთიდან მოჭარბებული ფქვილის იმპორტია. საქართველოში რუსული ხორბლის შემოტანა კი ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა, რამაც ადგილობრივ წისქვილკომბინანტებს პრობლემა შეუქმნა. ამჟამად საქართველოში ფქვილი დემპინგურ ფასად - 1 ტომარა 20 ლარადაც იყიდება.

სილაგავა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება ხორბლის მარაგების შექმნას და ბაზარზე ფქვილისა და შესაბამისად, პურის ფასების დასტაბილურებას შეუწყობს ხელს. „მანამდე ამ ნორმას საბაჟოზე იმპორტის დროს დღგ-ს გადახდის წესი ეწოდებოდა და არა მხოლოდ ხორბალს, არამედ ყველა პროდუქტს ეხებოდა, ანუ ვინც „ოქროს სიაში“ იყო და 200 000 ლარზე მეტი ბრუნვა ჰქონდათ, მათ დღგ-ს გადახდა რეალიზაციის შემდეგ შეეძლოთ. ამ წესის გაუქმება მოტივირებული იყო იმით, ხომ არ იჩაგრება ადგილობრივი წარმოება იმპორტის განმახორციელებლებთან მიმართებაში. შესაძლოა, ვიღაც იჩაგრებოდა, მაგრამ საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-სგან, მათ შორის, ხორბლის მიწოდებაც, აქედან გამომდინარე, ჩვენს შემთხვევაში მიგვაჩნდა, რომ ეს მიზეზი სწორი არ იყო“, - განაცხადა სილაგავამ.

მისივე თქმით, ეს ნორმა საშუალებას იძლევა, როდესაც ხორბლის ფასი არის დაბალი, იმპორტიორებმა შემოიტანონ ხორბალი, დაასაწყობონ და დღგ გადაიხადონ მაშინ, როდესაც რეალიზაცია მოხდება.

„ეს ნორმა ხელს შეგვიწყობს იმაში, რომ ფასთან მიმართებაში კრიზისული პერიოდის დროს, ასევე ლარის კურსის დოლართან მიმართებაში რყევებისას, როდესაც ახალი შემოდინებები უფრო ძვირია, ძველი მარაგების ხარჯზე ახალი შემოდინებების ფასი დავაბალანსოთ. ეს ცვლილებები ხორბლის მარაგების შექმნას და ბაზარზე ფქვილისა და შესაბამისად, პურის ფასების დასტაბილურებას ნამდვილად შეუწყობს ხელს“, - განაცხადა სილაგავამ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილება, რის შემდეგაც პარლამენტს გადაეგზავნება.