მთავრობა 2%-ზე შორს ვერ გადახტება

მთავრობა 2%-ზე შორს ვერ გადახტება

მთავრობის ვიცე-პრემიერი აღაირებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი წელს 2%-ის ფარგლებში იქნება და ამიტომ ოპტიმისტურად დაგეგმილი ბიუჯეტი შესაკვეცია. პირველი კვარტლის მონაცემები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროში უკვე ბოლომდე იგრძნეს პრობლემა. ახლა ჯერი ფინანსთა სამინისტროს მგრძნობელობაზეა.

სავალუტო ფონდმა საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 2%-მდე შეამცირა. ასეთი მონაცემები ფონდის ანგარიშში “მსოფლიოს ეკონომიკური პროგნოზი” არის მოყვანილი. სსფ-ის პროგნოზით, 2015 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3,5%-ით გაიზრდება, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა - 2,4%, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა - 4,3%-ით. სსფ-ის ექსპერტები ევროზონაში მიმდინარე წელს 1,5%-იან ზრდას ვარაუდობენ, რაც იანვრის პროგნოზთან შედარებით, 0,3%-ით მეტია.

სავალუტო ფონდი კარგა ხანია მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობამ მშპ-ს ზრდის მაჩვენებელს უნდა გადახედოს, მაგრამ ეკონომიკური გუნდი აქამდე ფეხს ითრევდა. ახლა კი ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციას დაეთანხმა და აღიარა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2 პროცენტამდეა შესამცირებელი. მისი აზრით, ბიუჯეტის პარამეტრების კორექტირება უმჯობესი მეორე კვარტლის ბოლოს იქნება.

“დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2 პროცენტამდე შესამცირებელია, თუმცა საბიუჯეტო პარამეტრების კორექტირება უფრო მოგვიანებით იქნება უპრიანი. ჩვენ თვენახევრის წინ განვაცხადეთ, რომ პროგნოზს ვამცირებთ 6 პროცენტიდან 2 პროცენტამდე და არა მგონია, რომ ამაში სიახლე იყოს.

მეორე კვარტლის ბოლოს გაცილებით უფრო ნათელი სურათი გვექნება და პროგნოზი უფრო მაღალი ალბათობით შეიძლება გაკეთდეს.  ამიტომ დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2 პროცენტამდეა შესამცირებელი ზრდის პროგნოზი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, დღეს უკვე ხარჯების კუთხით სერიოზული ოპტიმიზაცია უკვე გაკეთებულია. “თვითონ სამინისტროები და სახელმწიფო უწყებები, გაცილებით უფრო ეკონომიურად ხარჯავენ, განსაკუთრებით კი ადმინისტრაციული დანახარჯების კუთხით. რაც შეეხება კაპიტალდანახარჯებს და საინვესტიციო მიმართულებით ხარჯებს, აქ შემცირება არ გაგვიკეთებია”, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს ეკონომიკის ექსპერტებიც გამოეხმაურნენ. “საქართველოს ინფრსტრუქტურული პროექტების ინიციატივის” ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ თუ ეკონომიკური ზრდა 2-2.5%-ს არ გადააჭარბებს, ეს ბიუჯეტის შესრულებისა თუ საბიუჯეტო პროცესის სრულფასოვნად განხორციელების საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

“აქედან გამომდინარე, მთვრობის ეკონომიკურმა გუნდმა ეროვნულ ბანკთან ერთად იმ პარამეტრებსა და მოლოდინს, რაც 2015 წლის განმავლობაში არის გაწერილი, უნდა გადახედოს, შესაბამისად, მოარგოს იმ რეალობას, რის პროგნოზირებასაც საერთაშორისო ორგანიზაციების და მთავრობის ეკონომიკური გუნდი ერთობლივად მიაღწევენ”, - განაცხადა კალანდაძემ.

მშპ-ს პროგნოზის შემცირების საკითხში მთავარი სიტყვა მაინც ფინანსთა სამინისტრომ უნდა თქვას. ჯერჯერობით ხადურის უწყება დუმს. პირველი კვარტლის მონაცემები დამუშავების პროცესშია, წინასწარი ინფორმაცია 20 აპრილის შემდეგ იქნება ცნობილი. ნოდარ ხადური უწყება გადაწყვეტილებას სწორედ მას შემდეგ მიიღებს.