წულუკიანის ინტერესი ნაციონალებმა დააკმაყოფილეს

წულუკიანის ინტერესი ნაციონალებმა დააკმაყოფილეს

მმართველი გუნდის ნაწილი ინტერპოლის საძიებო სისტემიდან იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ამოღებას საერთაშირისო დონეზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დივიდენდებს უკავშირებს, „თავისუფალი დემოკრატები“ ფაქტს მთავარი პროკურატურის არაკვალიფიციური მუშაობით ხსნიან, ხოლო თავად ნაციონალები პოლიტიკურ დევნაზე და ბრალდებების უსაფუძვლობაზე აპელირებენ.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა არ იცის, მის წინამორბედს პოლიტიკური თავშესაფარი რომელმა ევროპულმა ქვეყანამ მისცა და ქართველი ხალხისთვის განმარტებას ითხოვს.

წულუკიანის განმარტებით, როდესაც, რომელიმე ქვეყანა ადამიანს თავშესაფარს აძლევს, მოცემულ ქვეყანაში ეს პროცედურა დაცულია და საჯარო არ არის. მინისტრის მტკიცებით, პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადეიშვილი წითელ ცირკულარში შეტანილი ყოფილიყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, არის ქვეყანა, ვინც თავშესაფარი გასცა და ინტერპოლს ადეიშვილი ძებნიდან მოახსნევინა.

„ამ ეტაპზე, არ ვიცით, ადეიშვილს თავშესაფარი რომელმა ქვეყანამ მისცა და დაიცვა ადამიანი, რომელსაც სავარაუდოდ, საქართველოში ძალიან ბევრი ცუდი აქვს გაკეთებული. ქართულ საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს, ადეიშვილმა თავშესაფარი სად მიიღო“, - აცხადებს წულუკიანი, რომელსაც for.ge-ს საშუალებით ნაციონალი ლევან ბეჟაშვილი განუმარტავს, რომ ადეიშვილი უნგრეთმა შეიფარა.

როგორც for.ge-სთან საუბარში ბეჟაშვილი აცხადებს, სამწუხაროდ, თეა წულუკიანს მისი უნიათობის სხვაზე გადაბრალება ჩვევად აქვს ქცეული. დეპუტატის თქმით, წულუკიანმა ვიზების რეგულაციებთან დაკავშირებით პრობლემები სხვას გადააბრალა და უტიფარი განცხადებები გააკეთა.

„თურმე, ეს პრობლემები იუსტიციის სამინისტროს ბრალი არ ყოფილა. ასევე, წულუკიანი ბრალს არ აღიარებდა მაშინ, როცა ყაჩაღობაში ბრალდებული ფარცხალაძე პროკურორად დანიშნა“, - აღნიშნავს დეპუტატი.

ბეჟაშვილის მოსაზრებით, ადეიშვილი ინტერპოლის სიიდან იმის გამო ამოიღეს, რომ საქართველოში ოპონენტების სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.

„ეს დამოკიდებულება გაჟღერდა არაერთ პოლიტიკურ დოკუმენტში. ეს იქნებოდა აშშ-ს განცხადებები, თუ ევროსაბჭოს რეზოლუცია. ინტერპოლმა ადეიშვილის ძებნის ვალდებულება მოხსნა, რაც იმ დამოკიდებულებებიდან გამომდინარეობს, რაც საერთაშორისო დონეზე არსებობს. მერწმუნეთ, რომ ისეთ გავლენიან ორგანოზე როგორც ინტერპოლია, პოლიტიკური ზემოქმედება შეუძლებელია. ამას არათუ „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, არამედ ამას სხვა ქვეყნის ლიდერებიც კი ვერ გაბედავენ. ინტერპოლმა დაადასტურა, რომ ამ პირის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა, რომელიც იმაზე აქცენტირებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძებნა გამოცხადებულია, მაგრამ ის საერთაშორისო პოლიტიკის მასშტაბით ერთ-ერთი ლიდერია და აქტიურ საქმიანობას ეწევა.

„ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, „თავისუფალი დემოკრატები“ მთავარი პორკურატურის არაკვალიფიციურ მუშაობაზე აპელირებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ კვალიფიციური კადრები შეარჩიონ. for.ge-სთან საუბარში შალვა შავგულიძე აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში საკადრო პოლიტიკაზე ზრუნვა უპირველესი გამოსავალი იქნება. მისი შეფასებით, პროკურატურის არაკვალიფიციური მუშაობის შედეგია ის, რომ უცხო ქვეყნებიდან საქართველოში ექსტრადრების რიცხვმა იკლო.

„ეს იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა ბრალდების საფუძველებს სათანადოდ ვერ ასაბუთებს და კითხვა ჩნდება იმაზე, ხომ არ არის პოლიტიკური დევნა და ა.შ. ადეიშვილს ძებნა თუ რატომ მოუხსნეს, სრული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში დევნილის სტატუსის მინიჭება საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას არ ნიშნავს. უცხოელი ექსპერტების მოწვევა და მათთვის მაღალი ანაზღაურების გადახდა საკმარისი არ არის. სხვა ქვეყნის სასამართლოები შეცდომაში არ შევლენ მხოლოდ იმიტომ, რომ პროკურატურასთან უცხოელი სპეციალისტები თანამშრომლობენ. საქართველოში საკმაო რაოდენობის იურისტები არიან, რომლებიც ბრალდების დასაბუთებას კვალიფიციურად შეძელებენ, სადაც ამის საფუძველი არსებობს“, - აცხადებს შავგულიძე, რომლის მსგავსად, ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ადეიშვილის ამოღების ვერსიებზე საუბრობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე.

კანონმდებელის განმარტებით, ინტერპოლის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ექსტრადირების მოთხოვნა დასაბუთებული კარგად არ არის, ან არასათანადო კვალიფიკაცია იყო იმ პირების, რომელთაც ექსტრადირებაზე მოთხოვნა შეადგინეს.

„ნაციონალების მიერ იმის აფიშირება ხდება, რომ მათ მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას. ის შემთხვევები გავიხსენოთ, როცა სასამართლოში ამა თუ იმ მაღალი თანამდებობის პირების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენები დადგა. სანამ ეს განაჩენი დადგებოდა, აზრის მუსირება სულ მიდიოდა, რომ ეს პირები სასამართლოში მიცემულები არიან პოლიტიკური ნიშნით. ასეთ ფონზე, კიდევ უფრო მყარი მტკიცებულებებია საჭირო, ვიდრე ჩვეულებრივ ვითარებაში. როგორც ჩანს, ამ სახის პრობლემა არსებობს“, - განაცხადა ხმალაძემ, რომლისგან განსხვავებით, საგამოძიებო ორგანოს მუშაობაში პრობლემას ვერ ხედავს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

როგორც for.ge-ს ბესელიამ განუცხადა, ადეიშვილის დაცვის მხარე ოფიციალურად არ ადასტურებს, რომ მან თავშესაფარი უნგრეთში მიიღო და ეს ინფორმაცია არც პროკურატურაში არ აქვთ. ბესელიას ვარაუდით, ადეიშვილისთვის თავშესაფრის მიცემა პირადი ურთიერთობების გათვალისწინებით მოხდა.

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა აქვს სააკაშვილთან. ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მისი განსაკუთრებული თბილი ურთიერთობა დიპლომატიურ და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ჩარჩოებს აშკარად გასცდა. აღნიშნულ პირებს შორის ძალიან პირადი და ფამილარული ურთიერთობის დემონსტრირება მოხდა, რაც ჩვეულებრივი რამ არ იყო. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ეჭვები იმის თაობაზე, რომ ადეიშვილის მიმართ განსაკუთრებული მფარველობა პირადი ურთიერთობებით მოხდა, უკვე ახსნადია“, - განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატის ინფორმაციით, ადეიშვილს ბრალი საკმაოდ მძიმე დანაშაულებში აქვს წაყენებული და მთავარმა პროკურატურამ ყველა ინფორმაცია ინტერპოლს მიაწოდა.

„ეს პროცესი წარმატებული იყო, რადგან მის მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. მოგვიანებით, საერთაშორისო ძებნის გამოცხადების სტანდარტი შეიცვალა და ძებნის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად პირისთვის თავშესაფრის სტატუსი გახდა. შესაძლოა, ინტერპოლის გადაწყვეტილებაზე ამან იმოქმედა. ადეიშვილს ამით არც ბრალი ეხსნება და არც მისი უდანაშაულობა მტკიცდება. ის წითელ ცირკულარში იქნება თუ არა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გამართლებულია. ის ბრალდებულად იქამდე დარჩება, სანამ სასამართლო არ იტყვის, რომ ის უდანაშუალო იყო“, - აცხადებს დეპუტატი.

ბესელია ინტერესდება, თუკი ადეიშვილი თავს უდანაშაულოდ თვლიდა, ის მისი მეგობარის კონსტანტინე კუბლაშვილის სასამართლოს თავმჯდომარეობის დროს საქართველოდან რატომ გაიქცა.

„თუკი ის მართლაც უდანაშაულო იყო, თავის მართლებას რატომ არ შეეცადა თუნდაც ისე, როგორც ეს ახალაიამ და მერაბიშვილმა გააკეთეს? ეს ხომ იმაზე მეტყველებს, რომ მის მიმართ სერიოზული სამხილები არსებობდა“, - დასძინა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ადეიშვილმა საქართველო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, რომელსაც სახელმწიფო ბანკი „ქართუს“ გაკოტრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, ციხეში პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ორგანიზებას ედავება.