2012 წლის ოქტომბრიდან, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რეგიონებში არა ერთი პროექტის განხორციელება დაიწყო. არ შეიძლება რეგიონების გადაქცევა სასაქონლო ბაზად.
სოფლად მცხოვრები გლეხის გაძლიერებაზეა დამოკიდებული ადგილობრივი კულტურის და მდიდარი ტრადიციების შენარჩუნება. ამ ყველაფერმა საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რეგიონებში ჩასვლას ვაპირებ და ადგილზე გავეცნობი, რომელ რეგიონს რისი პოტენციალი აქვს და რაც მთავარია, ადგილობრივი ბიზნესმენებისგან მოვისმენ პრობლემებსო, დიდი დრო არ გასულა. პრემიერის მიერ ინიცირებული პროექტი „ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის“ შეიძლება ითქვას, რომ სრული სვლით მიდის. პრემიერმა დანაპირები შეასრულა და არც თავად დაისვენა, არც რეგიონების ხელმძღვანელები დაასვენა და კარდაკარ იარა. შედეგი, რომელიც პრემიერის ვიზიტებს მოჰყვა, არამარტო საინტერესო, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია. მცირე თუ მსხვილ მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მთავრობის მეთაურს შეხვედროდნენ, პრობლემებზე ესაუბრათ, მათი გადაჭრის გზების მათეული ხედვა გაეცნოთ და რაც მთავარია, რეგიონების რეალურ პოტენციალზე პრემიერს სრული ინფორმაცია მიაწოდეს. თავის მხრივ, ღარიბაშვილმა იმ განხორციელებულ თუ განსახურციელებელ პროექტებზე გააკეთა აქცენტი, რომლებიც სახელმწიფომ განახორციელა და განსახორციელებელ სამუშაოებზე პასუხისმგებლობა აიღო. კახეთით დავიწყოთ.
ორი წლის განმავლობაში კახეთის რეგიონში 2000-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის - გზების რეაბილიტაციის 179 პროექტი. გარემონტდა და მუშა მდგომარეობაში მოვიდა 25 ხიდი. სერიოზული სამუშაოები ჩაუტარა სასმელი წყლის სისტემებს, რომელთა საერთო რაოდენობამ 152 შეადგინა. გარე განათება მოეწყო 45 ობიექტზე, ხოლო სანიაღვრე სისტემებში 61 პროექტი განხორციელდა. ნაპირსამაგრი სამუშაოების 41 პროექტი. კონკრეტულად თელავში, ლაგოდეხში, საგარეჯოსა და წნორში მოეწყო მუნიციპალური ნაგავსაყრელები, განხორციელდა სპორტული, საყოფაცხოვრებო, სარწყავი, საკანალიზაციო დანიშნულების ობიექტების რეაბილიტაციის 239 პროექტი.
რაც შეეხება საწარმოებს, ანუ თემას, რომელზეც ხელისუფლების ოპონენტები ყოველდღიურ რეჟიმში აპელირებენ. მხოლოდ კახეთის რეგიონში ბოლო ორი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით, გაიხსნა 36 ახალი საწარმო, ხოლო 267 საწარმო გადაიარაღდა. მართალია, მთელ რეგიონში გლეხებმა მხოლოდ 58 კოოპერატივი შექმნეს, თუმცა შეღავათიანი აგროკრედიტით გაიცა 10 122 სესხი. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში ჩართულია 99 591 ბენეფიციარი. ხელისუფლება ყურძნის წლევანდელ მოსავალზე ახლავე ზრუნავს და უკვე მიმდინარეობს სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მონტაჟი. უკვე დასრულდა მეტეოროლოგიური რადიოლოკატორის მონტაჟი. ცნობისათვის, გასულ, 2014 წელს გადამუშავდა 125 ათას ტონამდე ყურძენი, გლეხების შემოსავალმა 175 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
განათლების სამინისტროს მხარდაჭერით რეგიონში 143 სკოლა გარემონტდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 87 ბაღსა და 1 პროფესიული სასწავლებელს. ამას გარდა, მალე დასრულდება ლამბალოს სკოლის მშენებლობა, ხოლო 4 ახალი საბავშვო ბაღი უკვე აშენდა და ფუნქციონირებს. ფუნქციონირება დაიწყო საავიაციო უნივერსტეტის სასწავლო ცენტრმა. განათლების სამინისტრო ამაზე გაჩერებას არ აპირებს და უკვე წელს დაგეგმილია 49 სკოლის და 3 პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია, ასევე 2 სკოლის პროექტირება.
რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს, კახეთს გადაეცა სასწრაფო დახმარების 26 ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მანქანა, გაიხსნა 8 ახალი ამბულატორია, ხოლო დედოფლისწყაროში შენდება 25 ადგილიანი ახალი, თანამედროვე ტიპის საავადმყოფო. კახეთში 195 სოფლის ექიმი და 223 ექთანი იღებს გაზრდილ დაფინანსებას, ხოლო 19 275 ოჯახი იღებს სოციალურად დაუცველის საარსებო შემწეობას.
წინა ხელისუფლება მუდმივად იმას გაიძახოდა, ჩვენი მოსვლის შემდეგ გაზი და ელექტროენერგია ყველა სოფელში არისო. არადა, მარტო შარშან კახეთის რეგიონში ენერგეტიკის სამინისტროს ძალისხმევით, გამრიცხველიანდა 27 000 ოჯახი, გაზიფიცირდა 20 300 აბონენტი, ელექტრიფიცირდა 2 უშუქო სოფელი და ამავდროულად ექსპლუატაციაში შევიდა 4 ჰიდროელექტროსადგური.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგიონში ააშენა N5 სამმართველოს 4 ახალი სასაზღვრო სექტორი, ხოლო იუსტიციის სამინისტრომ გახსნა 3 საზოგადოებრივი ცენტრი, რის შედეგადაც მოსახლეობა სარგებლობს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. გაიხსნა კახეთის რეგიონული არქივის შენობა თელავში. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეგიონში სასჯელაღსრულების სამინისტროს ძალისხმევით, კახეთში 54 პრობაციონერი დასაქმდა.
რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სოფელ დართლოში საუკუნოვანი სახლების სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყო. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი 34 სახლი წელს გარემონტდება და ამ ეტაპზე უკვე დაიწყო 7 სახლის რეაბილიტაცია. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო სოფელ დუისში სპორტული დარბაზის რეაბილიტაციას ახორციელებს, ასევე, რეგიონში მოეწყო სპორტული სტადიონები. დამონტაჟდა სავარჯიშო მოწყობილობები.
არანაკლებ საინტერესოა შიდა ქართლში განხორციელებული პროექტები. იქ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ამ რეგიონს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ორი წლის განმავლობაში შესრულდა 1281 ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის, გზების რეაბილიტაციის 231 პროექტი, ნაპირსამაგრი სამუშაოები შესრულდა 27 ობიექტზე, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა 37 ხიდს, ხოლო 3 ხიდი ახლიდან აშენდა. სასმელი წყლის სისტემების 143 ობიექტი უკვე განხორციელდა და და მოეწყო 13 ახალი ჭაბურღილი, სარწყავი სისტემების 107 ობიექტი. გარე განათება მოეწყო 84 ობიექტზე. საყოფაცხოვრებო, სანიაღვრე-სადრენაჟე და სხვადანიშნულების რეაბილიტაცია განხორციელდა 570 ობიექტზე.
შიდა ქართლის რეგიონში ქონება გადაეცა და დაფინანსდა 18 ახალი საწარმო, ხოლო 62 საწარმო გადაიარაღდა. შეღავათიანი აგროკრედიტით გაიცა 2 911 სესხი, ხოლო ადგილობრივმა ფერმერებმა საერთო ჯამში 45 კოოპერატივი დააფუძნეს. რეგიონში გაიხსნა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ცენტრი. საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით 2015 წელს 75 490 ფერმერი ისარგებლებს.
რაც შეეხება განათლების სფეროს. 145 სკოლა და გორის სასწავლო უნივერსიტეტი გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. სოფელ ხოვლესა და აბანოში აშენდა 2 ახალი საჯარო სკოლა. მიმდინარე წელს დაგეგმილია 26 სკოლის და 60 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და 5 სკოლის პროექტირება.
მნიშვნელოვანი სიახლეებია ჯანდაცვის სფეროში. რეგიონს გადაეცა სასწრაფო დახმარების 14 ახალი მანქანა, გაიხსნა 22 ახალი ამბულატორია, ხოლო საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაზღვეულია 188 875 ადამიანი. შიდა ქართლში 133 ექიმს და 152 ექთანს გაეზარდა დაფინანსება. გაზრდილ სოციალურ დახმარებას იღებს 17 544 ოჯახი. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში 61-მა ოჯახმა მიიღო დახმარება. ჯანდაცვის უწყებამ უყურადღებოდ არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დატოვა, რომლებისთვისაც 255 ერთეული დამხმარე საშუალება გაიცა, ხოლო ფინანსური დახმარება 227 ბენეფიციარმა მიიღო.
ენერგეტიკის სამინისტროს წვლილი რეგიონში `მოკრძალებულია~. ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟდა 218 628 აბონენტს, გაზიფიცირდა 12 950 აბონენტი, ხოლო მთლიანად ელექტრიფიცირდა 7 უშუქო სოფელი.
რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დევნილთა სამინისტროს საქმიანობას. შიდა ქართლში, 2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ბინები გადაეცა 249 და დაუკანონდა 300 დევნილ ოჯახს. გორში იწყება 480-ბინიანი კორპუსების მშენებლობა დევნილებისთვის. სოციალური პაკეტით ისარგებლა 8 195-მა დევნილმა ოჯახმა. იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით, სოფელ მეჯვრისხევში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა და მოსახლეობა სარგებლობს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით.
თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში პაციენტთა ახალი მისაღები ამოქმედდა, რომლის სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კარდიო-ქირურგიული განყოფილებები თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი. მიმდინარე წლისთვის შიდა ქართლში დაგეგმილია 659 ინფრასტრუქტურული პროექტი.
მოსახლეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთ რთულ რეგიონად ქვემო ქართლი ითვლება, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექგები საწუწუნოს არავის უტოცებს. ქვემო ქართლში დაიგო 353.51 კმ გზა, განხორციელდა 67 გზის მოხრეშვა-რეაბილიტაცია-მოასფალტება. გასუფთავდა და პრაქტიკულად ახლიდან გაკეთდა 51 სარწყავი არხი, განხორციელდა სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის 296 პროექტი. მოეწყო დასვენების 20 ობიექტი, გარემონტდა 19 ხიდი და განხორციელდა გარე განათების 98 პროექტი.
ყველასთვის ცნობილია, რომ ქვემო ქართლში ერთ-ერთი მთავარი რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობაა და აქცენტი მასზე გადატანილი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია დიდი დმანისი-დმანისი-გომარეთი-ბედიანის გზის 17კმ-26კმ მონაკვეთის და თბილისის შემოსასვლელი გზის 22კმ-34.3 კმ. მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც უკვე დაწყებულია. რაც შეეხება ზემოთქმულ ავტობანს, იგეგმება მისი წითელ ხიდამდე მიყვანა, რაც გაზრდის ქვემო ქართლის როლს მეზობელ სახელმწიფოებთან ვაჭრობის კუთხით. უახლოეს მომავალში განხორციელდება თეთრიწყარო-ალექსეევკის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. რეგიონში, ორი წლის განმავლობაში 28 ახალი საწარმო და 94 კოოპერატივი შეიქმნა, ხოლო 91 საწარმოში ახალი დანადგარები იქნა შეტანილი. შეღავათიანი აგროკრედიტით ქვემო ქართლში გაცემულია 5 488 სესხი, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით სარგებლობს 92 176 ფერმერი. აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში გაცემულია 207 პოლისი, მიმდინარეობს სამელიორაციო სისტემების 10 ობიექტის რეაბილიტაცია და ზემო სამგორის სარწყავი სისტემის სრული რეაბილიტაცია.
გარდაბანში მიმდინარეობს სასათბურე მეურნეობის მასშტაბური პროექტი - უკვე აშენდა 44 ათასი კვ.მ სასათბურე მეურნეობა, სადაც დასაქმდა 108 ადამიანი, ხოლო ინვესტიციამ 10 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. აღნიშნულ სათბურში მოყვანილი კიტრი და პომიდორი იმპორტის 30%-ს უკვე წელსვე ჩაანაცვლებს. 2015 წელს აშენდება დამატებით 85 ათასი კვ.მ სასათბურე მეურნეობა, დასაქმდება 200-ზე მეტი ადამიანი, განხორციელდება დამატებით 20 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია.
მარნეულში დასრულდა წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია; მიმდინარებს ბოლნისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება 18-24 საათიანი წყალმომარაგებით. ადგილობრივებს 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს წალკის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია; ხოლო, თეთრიწყაროს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის შედეგად, წყლის მიწოდების 4-6 საათიანი გრაფიკი, 12-14 საათიანი გრაფიკით შეიცვლება.
რაც შეეხება დევნილთა მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს, საცხოვრებელი ფართი გადაეცა 263 და დაუკანონდა 538 დევნილ ოჯახს. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში შეძენილია 47 სახლი დევნილი ოჯახებისთვის, ხოლო სოციალური პაკეტით ისარგებლა 10 108 ოჯახმა. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ჯანდაცვის მიმართულებით. რეგიონს გადაეცა 25 ახალი სასწრაფო სამედიცინო მანქანა; გაიხსნა 6 ახალი ამბულატორია, სახელმწიფომ გამოისყიდა წალკისა და თეთრიწყაროს სამედიცინო ცენტრები, სოციალურ დახმარებას იღებს 27 454 ადამიანი, ანუ სულ 9 172 ოჯახი.
რაც შეეხება განათლების სფეროს. ქვემო ქართლში 119 საჯარო სკოლა და ერთი პროფესიული სასწავლებელი სრულად გარემონტდა. 77 სკოლის 1271 მოსწავლეს ემსახურება უფასო სასკოლო ტრანსპორტი. თეთრიწყაროში, სოფელ სამღერეთში აშენდა 144 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა, ხოლო გარდაბანში, სოფელ ვაზიანში დასრულდა 2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, გაზიფიცირდა 11 საბავშვო ბაგა-ბაღი, გარემონტდა 53 ბაღი, აშენდა ერთი და უკვე მიმდინარე წელს გაიხსნება ორი ახალი საბავშვო ბაღი.
2015 წელს აშენდება ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა. დაგეგმილია 40 სკოლის რეაბილიტაცია, მარნეულის პირველი სკოლის ახალი შენობის პროექტირება და სამედიცინო კაბინეტის მოწყობა 14 სკოლაში.
გარდაბანსა და თეთრიწყაროში აშენდა ახალი ელექტროგადამცემი ხაზები, წელიწადში ორჯერ ყველა ქვესადგურს უტარდება რეაბილიტაცია. მოხდა 1 უშუქო სოფლის ელექტრიფიცირება. 2013-2014 წლებში ელეტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდა 106 სოფლის 16 000-ზე მეტ აბონენტს. გაზიფიცირდა 15 000 ოჯახი. გარდაბანში დაიწყო 230 მგვტ. სიმძლავრის თბოსადგურის მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარია. გარდა ამისა, იგეგმება ბუნებრივი აირის სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოება; „დებედა ჰესის" და „თრიალეთი ჰესის" მშენებლობა.
რაც შეეხება რეგიონში თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებს, აღსანიშნავია, რომ მარნეულის საავიაციო ბრიგადაში აშენდა ლაზარეთი, შტაბის შენობა და ერთი ყაზარმა. გაიხსნა საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის 1 სასაზღვრო სექტორი და საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის 2 სასაზღვრო სექტორი. გარდა ამისა, სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელშეწყობით, გარემონტდა და მოეწყო პრობაციის ბიუროს წალკის ოფისი და დასაქმდა 17 პრობაციონერი. რეგიონში მოქმედებს იუსტიციის სამინისტროს 3 საზოგადოებრივი ცენტრი, 2015 წელს დაგეგმილია ახალი საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მარტყოფში, რომელზეც მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია და სამუშაოები 10 მაისიდან დაიწყება. მიმდინარეობს არქივის შენობის მშენებლობა რუსთავში.
რეგიონში არაერთ პროექტს ახორციელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 სპორტულ მოედანს. რუსთავში მიმდინარეობს ბავშვთა ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ 6 სავარჯიშო მოედანს, ადმინისტრაციულ შენობას, კორტების მოედანს და საცურაო კომპლექსს მოიცავს. დმანისსა და თეთრიწყაროში დამონტაჟდა ქუჩის გამაჯანსაღებელი მოწყობილობები. 2015 წელს სავარჯიშოები მოეწყობა რუსთავში მარნეულსა და გარდაბანში. შექმნილია ელექტრონული კურსი, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანელებს ქართული ენის შესწავლა უფასოდ შეუძლიათ. ამ პროგრამით ასაკი შეზღუდული არ არის და ქართული ენის შესწავლა ნებისმიერს შეუძლია. ბოლნისის სოფელ ხატისსოფელში ჭიდაობის დარბაზის მშენებლობა. ბოლნისის ცენტრალური სტადიონის და მინი სტადიონების რეაბილიტაცია, წალკაში სამი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენება.
რაც შეეხება კულტურის სფეროს - განხორციელდა ბეთანიის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი. ბოლნისში, ელიას მთაზე აშენდა წმინდა პეტრე-პავლეს ტაძარი, მიმდინარეობს ტაძრამდე მისასვლელი გზის მშენებლობა და გარე განათების მოწყობა; ბოლნისის სიონამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა; შეკეთდა ბერთა კელიები ღვთაების მონასტერში. სრულად გარემონტდა მარნეულის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, სოფელ თამარისის და სოფელ ნორიოს კულტურის სახლები და რუსთავის სამხატვრო სკოლა; გადაიხურა რუსთავის თეატრი; კლასიკური მუსიკალური ინსტრუმენტებით აღიჭურვა რუსთავის 2 სამუსიკო სკოლა და სამუსიკო სასწავლებელი; საესტრადო მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცათ რუსთავისა და მარნეულის კულტურის ცენტრებს; მარნეულის კულტურის სახლი აღიჭურვა კინოჩვენებისთვის საჭირო აპარატურით; სამხატვრო ინვენტარი გადაეცა ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს სამხატვრო სკოლებს; კოდას დევნილთა კომპაქტური დასახლების სახელოვნებო სკოლის დევნილი ბავშვები უფასოდ ეუფლებიან ხელოვნების დარგებს. დაგეგმილია ბოლნისის ცენტრალური კინოთეატრის რეაბილიტაცია.
გარემოს დაცვის მიმართულებით, ტყის აღდგენის მიზნით შეიწამლა 1250 ჰა ტყის მასივი. მოეწყო 2,9 კმ ახალი, ხოლო რეაბილიტირებულ იქნა 5,2 კმ არსებული სატყეო-სამეურნეო გზა; ქვემო ქართლის რეგიონში მუშაობს ორი მყარი ნარჩენების გადამამუშავებული საწარმო; პრემიერ-მინისტრის ინიციატივა „მწვანე მომავალის" ფარგლებში ჯამში 40 269 ნერგი დაირგო; გაიხსნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოფისი რუსთავში; თეთრიწყაროში დამონტაჟდა ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური.
თითქოს წინა ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს. რეალურად კი, ის, რაც ბოლო ორ წელიწადში ამ რეგიონში გაკეთდა, შეიძლება ითქვა,ს უპრეცედენტოა. დასრულებულია გზების რეაბილიტაციის 772 პროექტი, აშენდა და რეაბილიტირდა 400-ზე მეტი ხიდი, გაკეთდა წყალმომარაგების 85 პროექტი, წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის 16 პროექტი, კეთილმოწყობის 359 პროექტი, ნაპირდაცვითი ღონისძიებების 142 პროექტი, სპორტული ობიექტების 100-ზე მეტი პროექტი, კულტურის ობიექტები - 8 პროექტი, სანიაღვრე სადრენაჟე სისტემის 127 პროექტი, გარე განათება მოეწყო 10 ობიექტზე, განხორციელდა ახალი შენობების მშენებლობის 8 პროექტი, მოეწყო დასვენების 4 ობიექტი, გაკეთდა ტროტუარების რეაბილიტაცია, დასრულდა სარწყავი არხების 6 პროექტი.
2014 წელს დაიწყო 100 მლნ ლარის ღირებულების თეთნულდის სათხილამურო ტრასებისა და მთის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი, სადაც დასაქმებულთა 70% ადგილობრივი მცხოვრებია. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაფინანსდა და ქონება გადაეცა 22 ახალ საწარმოს, გადაიარაღდა 31 საწარმო. შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტით ძირითადი და საბრუნავი საშუალებების კომპონენტების ფარგლებში გაცემულია 527 სესხი.
38 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა აბაშაში. კერძოდ, დაიწყო მეცხოველეობის ფერმისა და რძის შემკრებ-გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა. ფოთში მიმდინარეობს სავაჭრო ობიექტისა და მასთან არსებული კინოთეატრის მშენებლობა. ზუგდიდში შენდება მაკდონალდსის რესტორნი. მესტიის მიმართულებით ნატახტარის აეროდრომიდან ავიარეისების განხორციელება დაიწყო. 2015 წელს საგაზაფხულო სამუშაოებზე დახმარებას მიიღებს 100 237 ფერმერი. უკვე მოხნულია 36 903 ჰა მიწა. სამეგრელოს რეგიონში გაცემულია აგრო დაზღვევის 1169 პოლისი და დაზღვეულია 1554 მიწის ნაკვეთი.
ზუგდიდში გაიხსნა სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ოფისი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 220-ადგილიანი მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა დაიწყო. ზუგდიდში იწყება 34 მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა და ბინებს 2460 დევნილი ოჯახი მიიღებს.
ამასთან, 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართი გადაეცა 792 დევნილ ოჯახს; საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 1 581 დევნილ ოჯახს; „სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის შეძენილია 90 სახლი; სოციალური პაკეტით ისარგებლა 20 613-მა დევნილმა ოჯახმა. გაიხსნა ზუგდიდის იუსტიციის სახლი - პირველი იუსტიციის სახლი, ყველაზე ახლოს აფხაზეთთან. სოფელ ჯვარსა და ჭალადიდში გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრები. მოსახლეობა სოფლიდან გაუსვლელად სარგებლობს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. დაგეგმილია ორსანტიას და რუხის საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა.
მცირე პროექტების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება,მ ხოლო რაც შეეხება დიდ პროექტებს - აბაშაში გაიხსნა ადგილობრივი არქივი, დაიწყო სამეგრელოს რეგიონული არქივის მშენებლობა, ზაფხულში ფოთში იუსტიციის სახლი გაიხსნება, ფოთში გაიხსნა პოლიციის ახალი შენობა, მესტიაში გაიხსნა სამაშველო ქვეგანყოფილების შენობა, სამეგრელოში ფუნქციონირებს რაიონული პრობაციის 8 ოფისი, გარემონტდა და მოეწყო პრობაციის ბიუროს ოფისი ზუგდიდში, დასაქმდა 13 პირობით მსჯავრდებული, სენაკში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დასრულდა სასადილოსა და 10 ყაზარმის მშენებლობა, მარტვილში, ჩხოროწყუში და ზუგდიდში გაიხსნა ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრები, ჩატარდა მთიანი სამეგრელოს საფეხმავლო მარშრუტების კვლევა, საფეხმავლო მარშრუტების პოპულარიზაციისთვის ჩხოროწყუში გაიმართა ტობა ფესტივალი, მოეწყო სათავგადასავლო ყოველკვირეული ტურები, განხორციელდა სამეგრელოს რეგიონში კანიონინგის პოტენციალის კვლევა და მდ. ხობისწყლის ხეობაში შემუშავდა 3 რეკომენდირებული მარშრუტი, მომზადდა ტურისტულად მიმზიდველი ქალაქებისა და დაბების ბუკლეტები, 2015 წელს იგეგმება ზუგდიდში ტურისტული ობიექტების მიმართულების მანიშნებლების მონტაჟი და ზუგდიდსა და ანაკლიაში საორიენტაციო რუკის 8 „ლაით ბოქსის“ დაყენება, ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა 15 000 ოჯახს, მიმდინარეობს ზუგდიდის ორი საზღვრისპირა სოფლის გაზიფიცირება, ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდა 12 ათასზე მეტ ოჯახს, დაიწყო „ხობი ჰესი2-ს“ მშენებლობა, დასრულდა ელექტროგადამცემი ხაზების „სენაკი 1,2“, ასევე ქვესადგურის „მენჯი-220“ რეაბილიტაცია, დასრულდა ათამდე კოშკის რეაბილიტაცია მესტიაში, დაიწყო ძეგლთა ინვენტარიზაცია, განხორციელდა უშგულის, მულახის, ეცერის, ლატალის, ჰადიშის, იფარისა და ბეჩოს თემში - ძველი სახლების აღწერა და ფოტოფიქსაცია, კლასიკური მუსიკალური ინსტრუმენტებით აღიჭურვა სენაკის, ფოთის სამუსიკო სკოლები, საესტრადო მუსიკალური ინსტრუმენტებით აღიჭურვა სენაკის, ფოთის კულტურის ცენტრები, კინოჩვენებისათვის საჭირო აპარატურა გადაეცა ფოთს, სენაკსა და მარტვილს, სამხატვრო ინვენტარი გადაეცა სენაკისა და ფოთის სამხატვრო სკოლებს, ზუგდიდის და ფოთის ანიმაციურ სტუდიებს გადაეცა კომპიუტერები და ანიმაციურლაი ფილმების წარმოებისათვის საჭირო ტექნიკა, იგეგმება გოჭკადილის კანიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
ახლო მომავალში ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოეწყობა, დასრულდება ზუგდიდსა და ფოთში საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა. მიმდინარეობს ზუგდიდის ცენტრალური წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობა და ანაკლიის ნაპირდაცვითი ღონისძიებები. ზუგდიდში შენდება ყინულის სახლი. დაიწყო განადგურების პირას მყოფი ისტორიული ძეგლი - სქურის ეკლესიის რეაბილიტაცია; მიმდინარეობს ზემო სვანეთში სოფელ ჩაჟაშის (უშგული) რეაბილიტაცია. დაიწყო სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის პროგრამა.
რეგიონში აშენდა და მოეწყო 98 სპორტული მოედანი. ამჟამად ფოთში მიმდინარეობს 7 280 მაყურებელზე გათვლილი ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. ზუგდიდში იწყება 2 საფეხბურთო მოედნის მშენებლობა. სენაკში აშენდება რაგბის 3 სტადიონი. რეგიონში რეაბილიტირდა 218 სკოლა, 8 პროფესიული სასწავლებელი, აშენდა 9 ახალი და გარემონტდა 220-ზე მეტი საბავშვო ბაღი. მიმდინარეობს 8 ბაღის მშენებლობა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეაბილიტაცია. 2015 წელს დაგეგმილია 42 სკოლის რეაბილიტაცია, 4 პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია, სასკოლო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 201 სკოლის 13 894 მოსწავლე.
ქვემო ქართლის მსგავსად, რთულ რეგიონად ითვლება სამცხე ჯავახეთიც. რეგიონში შესრულებულია 600 ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის - განხორციელდა 93 გზის, 14 ხიდის, სასმელი წყლის სისტემების 142 ობიექტის და სარწყავი სისტემების 35 ობიექტის რეაბილიტაცია. გარე განათება მოეწყო 15 ობიექტზე. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საკანალიზაციო სისტემების 4 ობიექტს და სპორტული სტადიონების, საყოფაცხოვრებო, სანიაღვრე-სადრენაჟო, ნაპირსამაგრი და სხვა დანიშნულების 157 ობიექტს. 2015 წელს დაგეგმილია 726 -მდე ინფრასტრუქტურული პროექტი.
სოფლის მეურნოების მიმართულებით, რეგიონში გაიხსნა 5 ახალი საწარმო; გადაიარაღდა 33 საწარმო. დასაქმდა 345 ადამიანი და შეიქმნა 94 კოოპერატივი; ფუნქციონირებს მექანიზაციის სერვისცენტრი 70 ერთეული ტექნიკით; ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და წყლის/სურსათის შემოწმების ლაბორატორია; ვაჩიანის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; გაიხსნა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ცენტრი. 2013 -2014 წლებში გაიცა 90 562 სასოფლო-სამეურნეო ბარათი. 2015 წელს დაგეგმილია 9 სარწყავი არხის რეაბილიტაცია.
რაც შეეხება განათლების სფეროს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 60-მდე საჯარო სკოლას და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს; გაზიფიცირდა 40-მდე სკოლა; აშენდა ახალი სკოლა სოფელ ბუღაშენში. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 22 ბაგა-ბაღს; მიმდინარეობს 30 სკოლის რეაბილიტაცია; სკოლის მშენებლობა სოფელ არალში; ათობით სკოლაში სამედიცინო კაბინეტები მოეწყობა.
მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რეგიონში ჯანდაცვის მიმართულებით. სამცხე-ჯავახეთს სასწრაფო დახმარების 13 ახალი მანქანა გადაეცა; გაიხსნა 6 ახალი ამბულატორია; საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაზღვეულია 101 344 ადამიანი; 82 სოფლის ექიმსა და 141 ექთანს დაფინანსება გაეზარდა. C ჰეპატიტის სამკურნალო პროკრამის ფარგლებში 60%-იანი ფასდაკლებით შეძენილია 223 პეგილირებული ინტერფერონი; გაზრდილ სოციალურ დახმარებას იღებს 3 307 ოჯახი. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 92-მა ოჯახმა მიიღო დახმარება. შშმ პირებისთვის გაიცა 77 ერთეული დამხმარე საშუალება; დიპლომის შემდგომი განათლება ფინანსდება 4 ქალაქში.
სამცხე-ჯავახეთში არაერთი სიახლეა ენერგეტიკის სფეროში - ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟდა 9 897 აბონენტს. გაზიფიცირდა 3 520 აბონენტი. ელექტროფიცირდა 1 უშუქო სოფელი; პირველი მძლავრი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში ბოლო 35 წლის განმავლობაში - „ფარავან ჰესი“, ექსპლუატაციაში შევიდა; სამუშაოებზე დასაქმდა 1000-ზე მეტი ადამიანი, რომელთა 60% ადგილობრივი მცხოვრებია; ჰესის გახსნის შემდეგ 35 ადამიანი დასაქმდა; აშენდა თურქეთთან დამაკავშირებელი 400 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი და 500/400/220 კილოვოლტიანი ქვესადგური „ახალციხე“.
რეგიონში აქტიურად ახორციელებს პროექტებს დევნილთა სამინისტრო. უწყებამ მენაშენეებისგან 33 ბინა შეისყიდა, რომლებიც დასრულების შემდეგ დევნილებს გადაეცემათ; გარემონტებული ბინები უკვე გადაეცა 18 ოჯახს. ბინა გადაეცემა ახალციხეში - 66 ოჯახს, ბორჯომში - 63 ოჯახს. ბინები დაუკანონდა 50-მდე დევნილ ოჯახს, ხოლო 2015 წელს კიდევ 170-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება.
რეგიონში გაიხსნა პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი, პრობაციონერთა სარეგისტრაციო და ინდივიდუალური გასაუბრების ოთახები, ოფიცერთა, სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგის კაბინეტები; დაინერგა ვიდეოპაემნის ტექნოლოგია; მიმდინარეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამები, მათ შორის ქართული ენის შემსწავლელი კურსები.
რაც შეეხება ძალოვანი უწყებების მიერ განხორციელებულ პროექტებს, აღსანიშნავია, რომ 2014 წელს აშენდა შსს-ს სამმართველოს 2 სასაზღვრო სექტორი დამხმარე შენობა-ნაგებობებით - კარწახსა (საქართველო-თურქეთის საზღვარი) და სამებაში, (საქართველო-სომხეთის საზღვარი); ასპინძაში გაიხსნა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამედროვე სტანდარტების შენობა. ახალქალაქში დაიწყო სამხედრო ბაზის მშენებლობა. იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით, გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ ფოკაში; მოსახლეობა სარგებლობს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. 2016 წელს ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნება.
აგვისტოს ომის დროს ხანძრით გადამწვარი ბორჯომის ტყის აღდგენის მიმართულებით აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და ბუნებივი რესურსების სამინისტრო; პროექტ „მწვანე მომავლის“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში დაირგო ხის 18 500 ნერგი.
რაც შეეხება კულტურის სფეროს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაიწყო ვარძიის უნიკალური კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის 4-წლიანი პროექტი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 29 კულტურის სახლს. სამხატვრო ინვენტარი სამხატვრო სკოლებს გადაეცათ; კლასიკური მუსიკალური ინსტრუმენტებით აღიჭურვა მუსიკალური სკოლები. საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ტოლერანტობის ტური ახალციხეში. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ზარზმის მონასტერთან. აბასთუმნის ურბანული აღდგენა. აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაცია. აღმოსავლეთ კავკასიაში სამოგზაურო მარშრუტის მოწყობა.
ხერთვისის კომპლექსის რეაბილიტაცია და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა; ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ახალქალაქის ციხე-სიმაგრეში; ახალქალაქის ციხე-სიმაგრის განათების მოწყობა; სოფელ გოგაშენში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და უსაფრთხოების ზომები; ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ვანის ქვაბებისათვის; ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ხიდის რეაბილიტაცია თმოგვის ციხე-სიმაგრისთვის.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა რეგიონის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით - მიმდინარეობს ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა. ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე სატესტო მატარებელმა უკვე გაიარა. ლიკანში გაიხსნა „რიქსოს ბორჯომის' 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო. მშენებლობის დროს ობიექტზე 600-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა. ბაკურიანში, დიდველზე დამონტაჟდა ხელონვური გათოვლიანების სისტემა; სათხილამურო სეზონი 5 თვემდე გახანგრძლივდება; დამონტაჟდა სათხილამურო ტრასის ღამის განათება. აშენდა ბავშვთა გასართობი პარკი; მოეწყო 350 ადგილიანი ავტოსადგომი. შეკეთდა საბაგიროს ტიპის „ფუნიკულიორი“, შემუშავდა ერთიანი სააბონემენტო სისტემა გუდაურსა და დიდველზე. ამჟამად მიმდინარეობს გათოვლიანების მეორე ეტაპი, წყლის რეზერვუარების მშენებლობა დიდველსა და გუდაურში და კოხტას საბაგიროს პროექტირება-მშენებლობა. ასევე, დაგეგმილია მიტარბის საბაგიროს მშენებლობა. ყინულის მოედნის მშენებლობა. ბიატლონის ტრასის მშენებლობა და ტობოგანის მშენებლობა.
ეს არის არასრული ჩამონათვალი იმისა, რაც რეგიონებში გაკეთდა და კიდევ უნდა გაკეთდეს. პროექტი „ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის“ არათუ ხორციელდება, არამედ მისი შედეგი მოსალოდნელზე მეტია. ის, ვინც ამბობს, რომ არაფერი კეთდება, მარტივად შეუძლია უკვე განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალს უშუალოდ რეგიონებში გაეცნოს.