მაღალი რანგის სტუმრები

მაღალი რანგის სტუმრები

ახლახანს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქალაქში მისი დიდი ხნის მეგობრის, დონალდ ტრამპის სანახავად ჩამოვიდა. Trump Tower-ის ატრიუმში, ბანერთან წარწერით „ტრამპი საქართველოში ინვესტიციას დებს“, ამ ორმა ადამიანმა იმ გეგმის შესახებ განაცხადა, რომლის თანახმადაც ტრამპი საკუთარ სახელს და შესანიშნავ გამოცდილებას  საქართველოში ორი ნაგებობის მშენებლობისთვის გაიღებს – ერთი თბილისში, დედაქალაქში აშენდება, ხოლო მეორე - ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე და იქნება ყველაზე მაღალი შენობა საქართველოში

იმ საღამოს ქართული დელეგაციის წევრები, ახალგაზრდა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს სამოდელო სააგენტოში ჩატარებული კონკურსიდან მოვიდნენ, ამ ფაქტის აღსანიშნავად Four Seasons-ში ტრამპის ათიოდე თანამშრომელსა და მეგობარს შეუერთდნენ. თავად ტრამპი ღონისძიებაში აღარ მონაწილეობდა (გაუთვალისწინებელი ოჯახური გარემოებების გამო), თუმცა ურთიერთრევრანსების ის ატმოსფერო, რომელიც პრეს-კონფერენციაზე სუფევდა („მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პერსონა“, „მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი“) მაინც შენარჩუნდა. ბარში კოქტეილის დროს, სააკაშვილი რომლის სიმაღლეც ექვსი ფუტი და სამი დუიმია, ახლოს ჩამჯდარი თვალები აქვს და აწეწილი შავი თმა, ჰყვებოდა რომ 1990-იანის შუა წლებიდან ტრამპის თაყვანისმცემელია. კოლუმბიის უნივერსიტეტში მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ ის ნიუ-იორკის ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში მუშაობდა, რომელიც ოფისს ტრამპის შენობაში ქირაობდა. „მე მას ლიფტში შევხვდი – იხსენებდა პრეზიდენტი – მან მკითხა, მოგვწონს თუ არა შენობა. მე მას ვუპასუხე „უკეთესი იქნება თუ ჩვენს სართულზე შხაპს შეაკეთებთ“ და ეს დაახლოებით თორმეტ საათში გაკეთდა“.

ტრამპთან შეხებამ შთაბეჭდილება მოახდინა. „ნიუ-იორკში ყოველთვის ტრამპის სასტუმროებში ვჩერდები“ – თქვა სააკაშვილმა. ამჯერად ეს იყო International Hotel & Tower კოლუმბიის მოედანზე. საქართველო ასევე ცნობილია სტუმარ-მასპინძლობით. როდესაც სააკაშვილთან საუბრის ორგანიზება ვთხოვე, რაფაელ გლუქსმანმა, 31 წლის მრჩეველმა გულისხმიერად მიპასუხა: „ჩვენ თქვენ მოგიტაცებთ! ეს ძველი კავკასიური ტრადიციაა“. საიდან უნდა სცოდნოდა მას რეგიონის ადათები გაურკვეველია. ის ფრანგია, კავკასიიდან შორს დაიბადა და საქართველოში მხოლოდ 2008 წლის შემდეგ ცხოვრობს. (სააკაშვილი როგორც ჩანს უფრო ლმობიერია ისეთ საკითხებში, როგორიცაა პოლიტიკოსების დაბადების ადგილი, ვიდრე ტრამპი, რომელმაც მისი მუქარანარევი საპრეზიდენტო კამპანია  „დაბადების მოწმობის“ საქმით დაიწყო).

გლუქსმანი ვერა ქობალიას მიუბრუნდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების 29 წლის მინისტრს და სიცილით ჰკითხა: „შეგიძლია რამე კარგი თქვა ჩვენს კულტურაზე?“

„თხუთმეტი წლის განმავლობაში კანადაში ვცხოვრობდი. ბედნიერი ვიყავი, მაგრამ მაინც დავბრუნდი საქართველოში“ – თქვა მან. ის მინისტრად შარშან ივლისში, ვანკუვერიდან დაბრუნების შემდეგ შვიდ თვეში დაინიშნა. სააკაშვილის მმართველობა (ის ხელისუფლებაში 2004 წელს მოვიდა, რაც ერთი წლით ადრე “ვარდების რევოლუციას“ ჩაუდგა სათავეში) დიასპორის იმედისმომცემი წარმომადგენლებისთვის „დამალობანას“ თამაშივით იყო (“გამოდით, გამოდით ნუ იმალებით”). ზოგიერთს გამოცდილებაზე მეტი ენთუზიაზმი აქვს. ქობალიას ოფიციალურ ბიოგრაფიაში უწერია, რომ კოლეჯი დაამთავრა (King George’s, ’99) და 2004-2006 წლებში გასართობი-იუმორისტული მიმართულების პროდიუსერად მუშაობდა.

სადილზე აუზთან, გლუქსმანი მოდის შვედი მარკეტოლოგის კამილა ოლსონის გვერდით იჯდა. „ზღაპრული ტრამპები ქართველებს მე გავაცანი“ – სთქვა მან. მამამისს უმცროსი დონალდ ტრამპი ცვლიდა, რომელიც მანამდე შოტლანდიიდან ჩამოფრინდა, სადაც ტრამპის გოლფის მოედანზე მუშაობას შეუდგა. უმცროსმა დონალდმა, რომელიც წითელზოლიან თეთრ მაისურსა და ასეთივე ჰალსტუხში იყო გამოწყობილი აგვიხსნა, რომ ის და მისი ოჯახი უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ ქართული პროექტები „ტრამპის სტანდარტების“ სიმაღლეზე იქნება.

ოლსონის გვერდით „ახალი ბრენდი“, 43 წლის საქართველოს ელჩი აშშ-ში, თემურ იაკობაშვილი კეროლ ალტს უსმენდა, 80-იანი წლების სუპერ-მოდელს, რომელიც რეკლამას უკეთებდა საკუთარი უმი-სურსათის დიეტას და ხელს არ კიდებდა შემწვარ კერძს რომელიც მის წინ იდო. ტრამპის მსგავსად ალტი ცდილობდა იმ ქვეყნის ტანჯვის შემსუბუქებას, რომელსაც ფუფუნება სწყუროდა. მან თქვა, რომ შეიძლება საქართველოში თავისი ნატურალური კოსმეტიკის ხაზი Raw Essentials გახსნას.

„ბიჭებო, თქვენ შეგიძლიათ ის Duane Reade-ში შეიძინოთ, მაგრამ საქართველოში ეს ნამდვილი ექსკლუზივი იქნება“ – თქვა მან. როგორც სჩანს ბაზარი არსებობს: კვირის დასაწყისში, ქართული დელეგაციის წევრი Century 21-ში ქურდობისთვის დაიჭირეს, თუმცა დიპლომატიურმა იმუნიტეტმა ის დაპატიმრებისგან იხსნა. ალტი საქართველოში თავად არასდროს ყოფილა, მაგრამ ამ ქვეყანაზე კარგი რაღაცეები სმენია: „ჩემი მეგობარი გოგონა ამბობს, რომ ეს კარგი ადგილია“.

სტუმრებიდან საქართველოში ცოტა თუ იყო ნამყოფი, ხოლო მათი ძალისხმევა ვინც იქ ნამყოფი იყო და მისი ხიბლის აღწერას ცდილობდა საოცრად ჰიბრიდულ სურათს ქმნიდა. მაგალითად ბათუმი: „მონტე კარლოს და ლას ვეგასის ნაზავი“. საქართველო: „ყველაფერი საუკეთესო რაც აქვს იტალიას კომბინირებული ყველაფერ საუკეთესოსთან რაც საფრანგეთშია“. ქართული სამზარეულო: „სადღაც ინდურ სამზარეულოს გაგონებს, მაგრამ გარკვეული დოზით, ის ხმელთაშუა ზღვისპირულია“.

დაახლოებით 22 საათისთვის, პრეზიდენტმა ალტთან ერთად სურათები გადაიღო და შემდეგ მოკურცხლა. ტრამპის არყოფნა თითქოს არავის სწყენია. მანამდე სააკაშვილმა თქვა, რომ ტრამპს ყოველთვის შეუძლია ემიგრირება: „თუკი ის გადაწყვეტს საქართველოს პრეზიდენტად კენჭისყრას, მან შეიძლება გაიმარჯვოს“.

[foreignpress.ge]