მძღოლებმა აქციის გამართვა დაგეგმეს

მძღოლებმა აქციის გამართვა დაგეგმეს

“თბილისის მიკროავტობუსის” მძღოლები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. როგორც ჩანს, ლარის კურსის ვარდნამ და გადასახადის გაზრდამ მათი მოთმინება აავსო. ბოლო დროს მოიმატა საწვავის ფასმაც.

მძღოლები კომპანიის მიერ დაწესებულ ყოველდღიური მოსაკრებლის მინიმუმ 40 ლარიდან 45 ლარამდე ზრდას აპროტესტებენ. N45-ე და 135-ე სამარშრუტო ტაქსის მძღოლები აცხადებენ, რომ კომპანია მათ დღიურ გეგმას უზრდის, რის შემდეგაც მუშაობა ძალიან გართულდება. ბოლო პერიოდში ისედაც შემცირებულია მგზავრთა ნაკადი, რაც მათ ფინანსურად ძალიან აზარალებთ, გეგმის გაზრდა კი მძღოლებისთვის დამატებითი ტვირთი იქნება.

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსში” ადასტურებენ მძღოლებისთვის დღიური მოსაკრებლის ზრდას, თუმცა აცხადებენ, რომ ეს პროცესი დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო და გეგმის ზრდა სამარშრუტო ხაზებზე ეტაპობრივად ხდება.

“თბილისის მიკროავტობუსში” დღიური მოსაკრებლის ზრდას სამგზავრო ტარიფის შენარჩუნებით ხსნიან. კერძოდ, საწვავის გაიაფების გამო მძღოლებმა თანხები დაზოგეს. ლარის კურსის ვარდნის გამო კი, კომპანიას შეექმნა პრობლემები - დოლარში აღებული სესხის გამო ხარჯები გაეზარდა.

“კომერსანტის” ინფორმაციით, ამის გამო კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მძღოლების დღიური შემოსავლიდან 3-5 ლარი კომპანიის ანგარიშზე გადაირიცხოს.

“თბილისის მიკროავტობუსის” ინფორმაციით, დღეს დღიური მოსაკრებელი ტრაფიკის მიხედვით, ხაზის დატვირთვის მიხედვით განისაზღვრება და 40 ლარიდან იწყება.

მაღალი გადასახადის გამო მძღოლები პროტესტს მუდმივად გამოთქვამდნენ და რამდენჯერმე გაიფიცნენ კიდეც, რის შედეგადაც რამდენიმე დღით ქალაქში მოძრაობა პარალიზებული იყო.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, კომპანიის ბიუჯეტში შესატანი თანხა მძღოლებს კიდევ უფრო გაეზარდათ. ესეც ინდივიდუალურად მოხდა: ზოგიერთ მარშრუტზე გადასახადმა 7 ლარით იმატა, ზოგიერთზე - 10 ლარით, ზოგზე კი - 15-20 ლარით.

გადასახადს თითოეული სამარშრუტო ხაზისათვის “თბილისის მიკროავტობუსი” ინდივიდუალურად ადგენს იმის მიხედვით თუ რამდენად ბევრი ადამიანი სარგებლობს ამა თუ იმ ხაზით. ამ გადასახადს ემატება “მარშრუტკის” იჯარა - 43 ლარი ყოველდღირად, ცვეთის გადასახადი 25 ლარი და საწვავის თანხა. მძღოლს კი დღის ბოლოს ოჯახში იმ ოდენობის თანხა მიაქვს, რაც ამ ყველაფრის გადახდის შემდეგ დარჩება. მანვე საკუთარი ხარჯებით უნდა იზრუნოს მანქანის შეკეთებაზეც.

მძღოლები ამბობენ, რომ თითოეულ მათგანს მცირედ შემოსავალზე მუშაობას ვალები აიძულებს, რომლებიც დიდწილად მიკროავტობუსების მოვლა-პატრონობისა და შეკეთების გამო ედებათ.

“ყოველდღიურად წესით ცვეთის ფული უნდა გადავდოთ 25 ლარი, მაგრამ ვერ ვდებთ, რადგან საწვავის, იჯარისა და დღიური გეგმის ხარჯებს ეგეც რომ მივუმატოთ, სახლში მართლა ვეღარაფერს წავიღებთ. ამიტომაც მაგ თანხით ვარჩენთ ოჯახებს. მძღოლს ვერ ნახავთ ამ მანქანების გამო ბანკის ვალი რომ არ ჰქონდეს, რადგან თუკი გაფუჭდა, შეკეთება ძალიან ძვირი ჯდება. ამისთვის თანხის ნელ-ნელა გადადებას რომ ვერ ვახერხებთ, იძულებულები ვხდებით ბანკიდან სესხი გამოვიტანოთ და შევაკეთოთ”, - აცხადებენ მძღოლები.