ჟურნალისტები და არასამთავრობოები კომუნიკაციების კომისიას 18 აპრილს  ერთიანი ფრონტით შეუტევენ

ჟურნალისტები და არასამთავრობოები კომუნიკაციების კომისიას 18 აპრილს ერთიანი ფრონტით შეუტევენ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, 18 აპრილს დანიშნულ სხდომაზე, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები ერთიანი ფრონტით შეუტევენ და შეეცდებიან იმას მიაღწიონ, რომ დღეს არსებული ტელევიზიები და რადიოები გასართობ-მუსიკალურ მაუწყებლებად არ გადააკეთონ. 

თუ ასე მოხდა და უარი თქვეს მათივე დაკვეთით, ”ბისიჯის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე, მომავალი ორი წლის მანძილზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ახალი სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემისას, უფლება აღარ ექნება პრიორიტეტი გასართობ პროგრამებზე ორიენტირებულ წინადადებებს მიანიჭოს.

ერთიან ფრონტში, რაზეც მასალის დასაწყისში აღვნიშნეთ, ახლადშექმნილი კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისთვის” ვიგულისხმეთ, რომელიც, დამფუძნებლების განმარტებით, მედია-გარემოს გაუმჯობესებაზე იმუშავებს და ამ კუთხით, მათი ნომერ პირველი ამოცანა ის იქნება, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, სატელევიზიო და რადიო ლიცენზიების გაცემის დროს, პრიორიტეტების განსაზღვრისას არ უნდა იხელმძღვანელოს ”ბისიჯის” მიერ დადებული კვლევის შედეგით, რომელსაც კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები უნდობლობას უცხადებენ.

მედიის ინტერესების დამცველი კოალიციის -”მედიის ადვოკატირებისთვის” წარდგინება მოეწყო კლუბში ”ფრონტლაინ ჯორჯია”. კოალიციაში შემდეგი 11 ორგანიზაცია გაერთიანდა: ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი”, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, ”სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი”, ”საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია”, არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო საზოგადოებისთვის”, ”საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია”, ”რეგიონული მაუწყებლების ქსელი”, ”ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია”, ”მედია-კლუბი” და ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო”. 

კოალიცია ”მედიის საზოგადოებრივი ადვოკატირებისათვის” დაფუძნების საფუძველი და მიზანი, კოალიციის კოორდინატორმა, თამარ კორძაიამ, რომელიც ამავდროულად ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, იგივე საია-ს წარმომადგენელია, ასე ახსნა:

”ამ კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების ერთობლივმა საქმიანობამ გარკვეული პოზიტიური შედეგი გამოიღო - მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით პარლამენტმა გასულ პარასკევს მნიშვნელოვანი ცვლილებები მიიღო, რომელიც უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩვენს ქვეყანაში მედია-გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით ჯერ კიდევ  ბევრია გასაკეთებელი და სამომავლოდ ამ პროცესში გაცილებით შედეგიანი იქნება ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება. კოალიციის მიზანია მედია-გარემოს გაუმჯებესების პროცესისთვის ხელშეწყობა, მედია-მფლობელებისა და ჟურნალისტების ინტერესების დაცვა და დემოკრატიის განვითარებაში მედიის როლის გაძლიერება”.

”ობიექტივი.ნეტ”-ის კითხვაზე - ახლადშექმნილი კოალიცია დაიცავს თუ არა სასამართლოში ამა თუ ჟურნალისტების უფლებას, ისე, როგორც ამას აკეთებს საია-სთან არსებული ”მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი”? თამარ კორძაიამ განაცხადა:

”კოალიციას აბსოლუტურად სხვა მიზნები აქვს - კოალიციას ზოგადი ადვოკატირების ფუნქცია აქვს აღებული. ის რასაც ”მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი” აკეთებს, ჟურნალისტებისთვის დამხმარე საქმიანობაა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლების ნება უნდა შეიცვალოს”.

ჩვენს შეკითხვაზე პასუხი ზვიად ქორიძემაც გასცა, რომელიც ახლადშექმნილ კოალიციაში ”ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას” წარმოადგენს - ”კოალიციის მთავარი ფუნქცია არის მედიის წინაშე არსებული პრობლემების საზოგადოებრივი ადვოკაცია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ პროცესების შესახებ და რაც შეიძლება მეტი ჩაერთოს ამ პრობლემების მოგვარებაში”.

ჟურნალ ”ლიბერალის” რედაქტორი, შორენა შავერდაშვილი, კოალიციაში ”მედიის ადვოკატირებისათვის”, წარმოადგენს ”მედიაკლუბს”. მისი განმარტებით, კოალიციის გეგმა 18 აპრილს დანიშნულ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომაზე, ასეთია:

”18 აპრილს სხდომას დავესწრებით, ამ პროცესს ძალიან აქტიურად დავაკვირდებით და ვეცდებით ყველა პრობლემური საკითხი საჯარო გავხადოთ და სადაც კონსტრუქციული ჩარევის საშუალება იქნება, ჩავერიოთ”. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით, ”ბისიჯის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი, რომელიც 2008-2010 წლებს მოიცავს და რომლის თანახმად მოსახლეობას თურმე მხოლოდ გასართობი და მუსიკალური გადაცემების ყურება სურს, 5 მარტს გამართულ სხდომაზე წარადგინეს.

თუ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ამ კვლევის შედეგით იხელმძღვანელებს,  ახალი სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემისას, პრიორიტეტი გასართობ პროგრამებზე ორიენტირებულ წინადადებებს მიენიჭება, რადგან, ”ბისიჯის” მიერ დადებულ კვლევის შედეგებში, საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებზე მოთხოვნა მერვე ადგილს იკავებს.

შორენა შავერდაშვილი: ”გარდა იმისა, რომ ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის ეს მოულოდნელი შედეგია და ინტუიტიურად ვხვდებით, რომ ეს ასე შეიძლება არ იყოს, მთავარი ისაა, რომ ”ბისიჯის” კვლევის შედეგები ეწინააღმდეგება ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებულ რამდენიმე საერთაშორისო კვლევას. მათ შორის ყველაზე საფუძვლიანია 2009 წელს, ევროკომისიის დაკვეთით, ”სიერარსის” მიერ ჩატარებული კვლევა, სადაც რადიკალურად განსხვავებული შედეგები დაიდო - საქართველოს მოსახლეობის 75%-ს აინტერესებს მრავალფეროვანი ინფორმაცია, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჯანდაცვა,  ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მედიის პრობლემები, განათლება, სასამართლო, არჩევნები და ასე შემდეგ.

”სიერარსის” კვლევის შედეგებში, ერთ-ერთი მაღალმოთხოვნადი მედია-პროდუქტი იყო ჟურნალისტური გამოძიება. გამოკითხულები თვლიდნენ, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ჟურნალისტური გამოძიება ყოფილიყო ნაციონალური მაუწყებლების ეთერში, რაც მოგეხსენებათ, რომ დღეს არ არის. მიმდინარე წელს ჩატარებული ”ენდიაის” კვლევის მიხედვითაც ჩანს, მოსახლეობის მხრიდან რამდენად მაღალია ინტერესი საინფორმაციო გამოშვებების მიმართ”.

”ბისიჯის” კვლევის შედეგების წარდგინება კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 5 აპრილს გამართულ სხდომაზე მოახდინა, რომელსაც ამ საკითხებით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ. მათ შორის ისინიც, ვინც კოალიცია შექმნა. ”ჩვენ ვეცადეთ დაგვეყენებინა შუამდგომლობა, რომ ”ბისიჯის” კვლევას ჰქონოდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი და რაღაცნაირად შეჯერებულიყო არა მხოლოდ ”ბისიჯის” კვლევის შედეგი, არამედ, თუნდაც ”სიერარსის”, ან ”ენდიაის” კვლევის შედეგები; ანუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლებიც უფრო მეტად სარწმუნო და მეთოდოლოგიურად გამართულია, მაგრამ მარეგულირებელმა კომისიას, 5 აპრილს გამართულ სხდომაზე ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა”.