„ჩემი პირველი და ყველაზე დიდი მტერი იყო მამუკა ხაზარაძე. მის გამო ვარ ამ მდგომარეობაში. ჩემი მეგობრები, ჩემი 19 წლის ფეხმძიმე საცოლე აწამეს, ჩემს სასტუმროში ლიმონკები შეყარეს. ფაქტები პროკურატურაშია. ვისაც გამარჯობა ვუთხარი, ყველას რაღაც დაუშავეს და ვინმეს სჯერა, რომ თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე არ მემუქრება? ყველამ ყველაფერი იცის. პატარა ბავშვები ხომ არ ვართ“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე შალვა აბულაძემ.
რაც შეეხება ორი პოლიციელის მკვლელობის ფაქტს, შალვა აბულაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ სასამართლოში პოზიცია ზეწოლის შედეგად დააფიქსირა. ბრალდებული გამოძიებას აღიარებით ჩვენებას მომავალ კვირას მისცემს, სადაც დეტალურად ისაუბრებს, რატომ დაუკავშირდა მისი სახელი ორი პოლიციელის მკვლელობის ფაქტს. დაკავებულის ადვოკატი, არჩილ ჩუბინიძე აცხადებს, რომ პოლიციელების გარდაცვალებამდე შალვა აბულაძეზე ზეწოლა ხორციელდებოდა მამუკა ხაზარაძის მიერ, მტკიცებულებას და კი გამოძიებას წარუდგენენ.
ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს მამუკა ხაზარაძეს დაკავებულთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
„ისეთი აბსურდული ლოგიკის მქონე ადამიანის განცხადებებზე, რომელმაც ორი პოლიციელი მოკლა და ორი დაჭრა, რომელიც ნასამართლევია და ძებნის შედეგად იქნა დაკავებული და, რომელიც ამ ყველაფრის მერე სასამართლოზე ამბობს, გარეთ არ გამიშვათ რადგან ხაზარაძის მეშენიაო, თითქოს, ვინმე გარეთ მის გაშვებას აპირებდა, პასუხის გაცემა რთულია. ამ შემთხვევაში პასუხი შეიძლება იყოს ერთადერთი – ეს არის მამუკა ხაზარაძის მიმართ აგორებული უარყოფითი კამპანიის ნაწილი, მით უმეტეს, რომ მას აბულაძესთან შეხება არასდროს არ ჰქონია“, – აცხადებს ზვიად კორძაძე.
რას ამბობს ბრალდებული, ვინ აწამა იგი დაკავებიდან იზოლატორში მოთავსებამდე, რა მტკიცებულება აქვს ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ და ვის ეკუთვნის შემთხვევის ადგილზე ამოღებული „გლოკის“ სისიტემის იარაღი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ბრალდებულის ადვოკატს, არჩილ ჩუბინიძეს ესაუბრა.
ბატონო არჩილ, წაყენებული ბრალდებიდან რა ნაწილში ცნობს თავს დამნაშავედ შალვა აბულაძე და რატომ დაუკავშირდა მისი სახელი ორი პოლიციელის მკვლელობას?
– შალვა აბულაძე მკვლელობის ნაწილში ბრალდებას არ აღიარებს. იგი მხოლოდ ბრალდების იმ ნაწილს აღიარებს, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებას ეხება. თუმცა, ამ ნაწილშიც თავს ნაწილობრივ მიიჩნევს დამნაშავედ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციელების გარდაცვალებამდე და მას შემდეგაც აცხადებდა, რომ მის მიმართ ზეწოლა მამუკა ხაზარაძის მხრიდან ხორციელდებოდა.
რა ინტერესი გააჩნდა ხაზარაძეს ბრალდებულის მიმართ?
– გამომდინარე იქიდან, რომ შალვა აბულაძემ ბორჯომში ხაზარაძის წინააღმდეგ მოაწყო საპროტესტო აქციები, ის იყო ამ კამპანიის ორგანიზატორი. ამ ზეწოლის შესახებ აბულაძემ არაერთი საჩივრით მიმართა პოლიციას, პროკურატურას და სახელმწიფო კანცელარიას, იმ მოთხოვნით, რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და შესაბამის სტრუქტურებს განეხორციელებინათ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები.
მას ასევე დაუპირისპირდა ოჯახი, სანაცნობო წრე და პოლიცია. შემდეგ მოხდა პოლიციელების გარდაცვალების ფაქტი და იმ დღესვე გაცხადდა, რომ ეს მკვლელობა ჩაიდინა შალვა აბულაძემ. ამის შემდეგ იძულებული გახდა, რომ იგი მიმალულიყო, მორიდებოდა სიტუაცას მანამ, სანამ ამ მდგომარეობის გარკვევა არ მოხდებოდა. შემდგომ უკვე მოხდა ისანში პოლიციის მკვლელობა, რომელიც ასევე დაბრალდა შალვა აბულაძეს.
თქვენ საუბრობთ ხაზარაძის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე, მაგრამ ამას თავად ხაზარაძე არ ადასტურებს, ამბობს, რომ საერთოდ არ იცნობს მას, მეტიც, ზეწოლას არ ადასტურებს აბულაძის დაც. თუ გადმოგცათ დაკავებულმა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ხაზარაძის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა?
– ხაზარაძის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე შალვა აბულაძე აცხადებდა მანამ, სანამ პოლიციელებზე თავდასხმა მოხდებოდა. მტკიცებულებებს გამოძიების პროცესში წარვადგენთ.
დამიკონკრეტეთ, მტკიცებულება გაქვთ?
– როგორც ჩემთვის ცნობილია, არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ეს ზეწოლები. ეს არ იყო პიროვნული დაპირისპირება. შალვა აბულაძის საზოგადოებრივი აქტივობიდან გამომდინარე მოხდა მათი პოზიციების კვეთა.
დაკავებული ამბობს, რომ ხაზარაძის მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა, მაგრამ პოლიციელების მკვლელობა, რომ მისთვის დაებრალებინათ ეს ხაზარაძესთან რა კავშირშია, მითუმეტეს, რომ ბორჯომის შემთხვევაში გარდაცვლილმა პოლიციელმა აბულაძე ამოიცო და დაასახელა კიდევაც...
– ამ საკითხების ფესვები უფრო ღრმაა, შემდგომში ჩვენ გავაკეთებთ დასაბუთებულ კომენტარს - რა და როგორ ხდებოდა. მომდევნო კვირას შალვა მისცემს ჩვენებას, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი რა და როგორ მოხდა. მისი ვარაუდით შემიძლია განვაცხადო, რომ პოლიციელების მკვლელობა არის შალვა აბულაძის წინააღმდეგ მიმართული.
აბულაძე ამბობს, რომ მას პოლიციელები არ მოუკლავს?
– დიახ, შალვა აბულაძე ამბობს, რომ მას არ მოუკლავს პოლიციელები. მათი მკვლელები დღეს ისევ თავისუფლებაზე არიან. მეტიც, ეს მკვლელობები შესაძლოა გაგრძელდეს მანამ, სანამ რეალური მკვლელი არ იქნება დაკავებული.
თუ არა აბულაძე, მაშინ ვინ არის მკვლელი, ამ საკითხზე თუ ესაუბრეთ დაკავებულს?
– შალვა ორი–სამი თვეა დევნილობაში იმყოფება და მას ნაკლები ინფორმაცია აქვს ვინ შეიძლება იყოს მკვლელი. მინდა დავადასტურო, რომ შალვას აქვს გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი. ის აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, რაც გამოიხატება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვაში. რაც შეეხება პოლიციების მკვლელობას, ამ ნაწილში ის თავს დამანაშავედ არ ცნობს.
აბულაძე ამბობს, რომ ის არაა მკვლელი, მაგრამ მეორეს ამბობს გამოძიება, რომ ირაღი რომლითაც მოხდა გასროლა ბორჯომში, იგივე იარაღით მოხდა ისანში პოლიციელის მკვლელობა, გეგმავთ თუ არა ექსპერტიზის დანიშვნას, ვის ეკუთვნის იარაღი?
– უამრავი ფაქტი არსებობს იმისა, როდესაც ერთ საკითხზე მიდის გამოძიება და რეალურად არსებობს სხვა ჭეშმარიტება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არც ერთი მკვლელობა არ ჩაუდენია და არც ის შეესაბამება სიმართლეს, რომ პოლიციას დაკავების დროს წინააღმდეგობას უწევდა.
აბულაძემ იმ ადგილიდან, სადაც იმალებოდა, იარაღი და ხელმყუმბარა ფანჯრიდან გადმოყარა და პოლიციას ჩაბარდა. ეს ოქმებშიც არის დაფიქსირებული. მეტიც, იგი სასტიკად იყო ნაწამები.
გითხრათ ვინ აწამა?
– მე სახელს და გვარებს ვერ დავასახელებ. შემიძლია გითხრათ, რომ დაკავების მომენტიდან იზოლატორში მოთავსებამდე ხდებოდა მისი წამება, ცემა და არადამიანური მოპყრობა. შალვა აბულაძეს როგორც სახის არეში, ასევე სხეულზე მნიშვნელოვანი დაზიანებები აღენიშნება.
დაკავების ოქმში დაფიქსირებულია, რომ ბრალდებულს დაზიანებები აღენიშნებოდა?
– არა. დაზიანებები აბულაძეს დაკავებიდან იზოლატორში მოთავსებამდე აქვს მიყენებული, თუმცა დაკავების ოქმში ეს აღნიშნული არ არის. მაშინ, როდესაც სასტიკად იყო ნაწამები, ვერ ლაპარაკობდა, ფეხზე ვერ იდგა, სახის მიდამიები სულ დასიებული ჰქონდა. ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით.
დაკავებული ამბობს, რომ ის უდანაშაულოა, მაგრამ სად იმყოფებოდა 4 აპრილს, როდესაც მოკლეს პოლიციელი ბექა მარგიშვილი? გამოძიების ინფორმაციით, მარგიშვილის მკვლელობის შემდეგ ქალის ფორმაში გადაცმულმა აბულაძემ ისევ ესროლა პოლიციელბს და მიმალვა მოახერხა...
– რასაკვირველია, ის არ ყოფილა ისანში მაშინ, როდესაც ეს დანაშაული მოხდა. ის კატეგორიულად უარყოფს ორივე შემთხვევაში მონაწილეობას. რაც შეეხება თითქოსდა ამოღებულ ნივთებს, გამოძიება გვეუბნება, რომ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის დღეს კვლავ მოხდა შეტაკება მკვლელობაში ბრალდებულსა და პოლიციას შორის. გამოძიება გვეუბნება ასევე, რომ ადგილზე იპოვეს ხელჩანთა, რომელშიც იდო ვითომდა პარიკი, რეალურად კი ჩანაწერში ჩანს, რომ ეს არის სპექტაკლი. კერძოდ, ასახულია, რომ ძებნილი და პოლიციელი ისვრიან სხვა მიმართულებით. გარდა პარიკისა, ვითომ აღმოაჩინეს ტანსაცმელი და წიგნები, მათ შორის ბიბლია.
ბორჯომში პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის შემდეგ მიმდინარეობს მისი სახლის ჩხრეკა, ამოიღეს სხვადასხვა ნივთები, ჩვენთვის უცნობია სად არის მისი ნივთები. ასევე, შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც დაკავებულს სცემეს, შესაძლოა მას ხელი დააჭერინეს „გლოკის“ სისტემის პისტოლეტზე, რომლითაც გამოძიების მტკიცებით მოხდა ორი პოლიციელის მკვლელობა. შალვა აბულაძე ამბობს, რომ ეკუთვნის აყვანის ადგილიდან ამოღებული მაკაროვის სისტემის იარაღი, ასევე ხელყუმბარა და არა „გლოკის“ სისიტემის იარაღი.
არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ აბულაძის მიერ პოლიციელის მკვლელობის ფაქტს ადასტურებს ერთ–ერთი ქალბატონი, რომელიც თვითდაზიანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში და რომელიც ადასტურებს, რომ აბულაძე მასთან ცხოვრობდა სახლში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ქალბატონის ჩვენების საფუძველზე მოხდა შალვა აბულაძეზე გასვლა, თქვენ თუ გაქვთ ეს ინფორმაცია?
– გამოძიების მიერ მე რა მასალებიც გადმომეცა, იქ ასეთი რამ არ წერია. ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს. შემიძლია გითხრათ, რომ შალვა აბულაძე არის მძიმე მდგომარეობაში, ამ დრომდე გრძელდება მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. მას არ გააჩნია ელემენტარული არსებობისთვის შესაბამისი პირობები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მის ახლობლებს კი არ აძლევენ ამანათის შეგზავნის შესაძლებობას. მივართავთ სახალხო დამცველს და პროკურატურას, რომ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ყურადღება მიექცეს შალვა აბულაძის მდგომარეობას.